რუსული ოკუპაცია სხვა ყველაფერთან ერთად, ქართულ მევენახეობა–მეღვინეობასაც შეეხო. ოკუპაციის შემდეგ მთლიანად განადგურდა დიდი და პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობის ზემო წელის სოფლების აყვავებული ბაღ–ვენახები. გადაიწვა და გადახმა როგორც დასავლეთ, ისევე აღმოსავლეთ ფრონის ხეობის ზემო წელის ხილის ბაღები და ვაზი. ამ მხარეში ყოველთვის არსებობდა და განვითარებულიც იყო მევენახეობა და არც ღვინო დაიწუნებოდა. ქართლის ცნობილი ვაზის ჯიშები: გორული მწვანე, შავკაპიტო, ჩინური და თავკვერი ამ ხეობებშიც ძალიან კარგად მოდიოდა. გარდა ამისა, ქსნის ხეობაში, სოფლ ცხავათში (ახალგორის მუნიციპალიტეტში) მაღალ დონეზე იყო განვითარებული მექვევრეობა.
რუსული ოკუპაციის შედეგები ქართლისა და აფხაზეთის ვენახებში
როგორც ჩემი მეგობარი მეღვინე, მეთუნეობაზე დიდად შეყვარებული კაცი, გიორგი ბარისაშვილი ამბობს, ცხავათში განვითარებული იყო ტერუარული მევენახეობა. არსებობს იქაური უძველესი ტერმინი „ოთარული ღვინო“, რომლის წარმომავლობაც დასადგენია. ხოლო ცხავათური ქვევრი არის ფენომენი, რადგან არის ბევრად თხელი, ვიდრე კახური ან იმერული ქვევრი, აქვს ამოტრიალებული ტრადიციული ქვევრის ფორმა (წვრილი ნაწილით ქვემოთ) . მას არ სჭირდებოდა არც ცვილით და არც კირით დამუშავება. ცხვათური ქვევრი და განსაკუთრებით ქოცო იმდენად განთქმული იყო, რომ ადრე კახეთში მასობრივად შეჰქონდათ.
მევენახეობა-მეღვინეობა ასევე არსებობდა საქართველოს მეორე ოკუპირებულ კუთხეში – აფხაზეთში. გალის, ოჩამჩირის, გუდაუთისა და გაგრის ფერდობებზე ვაზი უხსოვარი დროიდან ხარობდა და როგორც მევენახეობის სპეციალისტები ამბობენ, ის აფხაზეთში 400-დან 800 მეტრ სიმაღლემდე ყველაზე კარგად მოდიოდა. მე-19 საუკუნეში როგორც საქართველოს სხვა კუთხეებს, აფხაზეთსაც დიდი პრობლემები შეუქმმა ვაზის მავნებელმა – ფილოქსერამ. ასევე, დაუძლეველ პრობლემად იქცა ვაზის დაავადებებთან: ჭრაქსა და ნაცართან გამკლავება. აფხაზური ცნობილი ვაზის ჯიშებიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ: ავასირხვა, ამლახუ, აბსუაჟი, კაჭიჭი, აღბიჟი, ხაფშირა, აკაბილი, ლაკოაჟი, ხუნალიჟი და სხვა.
ამ ჩამოთვლილი ვაზის ჯიშების გარდა, აფხაზეთში ყოველთვის იყო გაშენებული დასავლურქართული მთავარი ვაზის ჯიშები: ოჯალეში, კრახუნა, ცოლიკოური, ჩხავერი და ციცქა. მეოცე საუკუნეში, მთელი საქართველოს მსგავსად, აფხაზეთშიც მასობრივად დაიწყეს ჰიბრიდული ვაზის – იზაბელას (ადესას) გაშენება და სოხუმის ღვინის ქარხანა, ალბათ, ერთდერთი იყო მთელ საქართველოში, რომელიც ჰიბრიდული ადესასგან დამზადებულ ღვინოს ბოთლში ასხამდა.
დღეს აფხაზური მეღვინეობა, ფაქტობრივად, გამქრალია, ხოლო ის სითხე, რაც რუსეთში აფხაზური ღვინის სახელით იყიდება, საუკეთესო შემთხვევაში გაყალბებული ქართული ღვინოა და მას აფხაზეთის მევენახეობა-მეღვინეობასთან არაფერი აკავშირებს. აფხაზეთში ნამდვილი იქაური ღვინის გასინჯვა, ძირითადად, მხოლოდ ოჯახებშია შესაძლებელი ისიც იმ შემთხვევაში, ჰიბრიდული ადესა-იზაბელა „ძველ აფხაზურ ჯიშად“ თუ არ ცნეს.
უკრაინელი მევენახეების სადარდებელი
საქართველოს მსგავსად უკრაინული მევენახეობა-მეღვინეობისთვისაც რუსულმა ოკუპაციამ მძიმე და გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა. საქართველომ აფხაზეთსა და შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული ვენახები დაკარგა. შესაბამისად, ღვინის მოყვარულებს აღარ ეძლევათ საშუალება, ამ ტერიტორიებზე მოწეული ყურძნისგან დაყენებული ხარისხოვანი ღვინოები დააგემოვნონ, უკრაინელებმა კი ყირიმის ანექსიით დაკარგეს მათთვის უმთავრესი და შეიძლება ითქვას, ერთადერთი ტერიტორია, სადაც ტრადიციულად არსებობდა მევენახეობა-მეღვინეობა.
ჯერ კიდევ 2015 წელს, ყირიმის ოკუპაციიდან სულ მცირე ხანში, უკრაინის – „ყირიმის პროკურატურამ“ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რუსეთის პრეზიდენტისა და იტალიის ექსპრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის ყირიმში შეხვედრისას ღვინის ქარხნის „მასსანდრას“ დირექტორის მიერ 240-წლიანი ხერესის ბოთლის გახსნასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია დიდი რაოდენობით საკუთრების მითვისების ფაქტზე. ზარალი შეფასებულია 2 მილიონზე მეტ უკრაინულ გრივენად.
„მასსანდრას“ გენერალურმა დირექტორმა, იანინა პავლენკომ, რუსეთის პრეზიდენტსა და იტალიის ექსპრემიერს თავისი ხელით გაუხსნა უნიკალური საკოლექციო ღვინის: „ხერეს დელა ფრონტერას“ ბოთლი. ღვინო 1775 წლის მოსავლისგან იყო დამზადებული და ესპანეთიდან ყირიმში თვით „მასსანდრას“ დამაარსებელმა, გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა ჩაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ღვინის ერთი ბოთლის ფასი 100-დან 200 ათას დოლარამდე მერყეობს. მაშინ იტალიის ექსპრემიერი სილვიო ბერლუსკონი ყირიმში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და იქ ორი დღე დაჰყო.
უკრაინა დღემდე იბრძვის ყირიმის ვენახებისა და უძველესი მარნების დასაბრუნებლად, თუმცა ოკუპაცია წლიდან-წლამდე შეუქცევად ხასიათს იღებს. არადა, ყირიმის ტერიტორიაზე მეღვინეობა სათავეს ჯერ კიდევ ელინური ეპოქიდან იღებს და დღემდე გრძელდება. XIX ს-ის მეორე ნახევრიდან, როდესაც ყირიმში ვაზის სოკოვანი დაავადებები და ფილოქსერა შეიჭრა, ადგილობრივი მევენახეობა ყოფნა-არყოფნის წინაშე დადგა. ეს გახლდათ პერიოდი, როდესაც მეფის რუსეთის მერკანტილური ხელისუფლება დარწმუნდა, რომ, თუ საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილებას გაითვალისწინებდნენ, კავკასიასა და ყირიმში ვაზს გადაარჩენდნენ, ამით უცხოური ღვინოების ძვირად ღირებულ ექსპორტს თავს დააღწევდნენ და ამ ღვინოების ფართოდ გამოყენებით მნიშვნელოვან მოგებას მიიღებდნენ.
ამ მიზნით მაშინ, მართლაც, ყოველივე შესაძლებელი გაკეთდა. მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა თითქმის ყველა სოფელში შეაღწიეს და ვენახების ნამყენი ვაზით გასაშენებლად ადგილობრივი მევენახეები მოამზადეს, თან ყირიმისა და საქართველოს მევენახეობის თითოეული მხარე მეცნიერულად შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ როგორც ყირიმის, ასევე ქართული მევენახეობა-მეღვინეობა, როგორც ამპელოგრაფიული, ისე ღვინის ტექნოლოგიის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი თვალსაჩინო იყო.
მკვლევარ ლევან ფრუიძეს თუ დავესეხებით, მეურნენი შთამომავლობით გადმოცემული, მამაპაპური ცოდნა-გამოცდილებით უაღრესად განსწავლულნი, შეუდარებლები იყვნენ. თითოეულ მხარეს საკუთარი ვაზის ჯიშები და ღვინის დაყენების შესაბამისი ტექნოლოგია ჰქონდა, რომელიც ტოლს არ უდებდა საფრანგეთისა და სხვა მოწინავე ევროპული ქვეყნების ვაზის კულტურას. მიუხედავად ამისა, რუსის ჩინოვნიკები ცდილობდნენ, სამამულო ისტორიული მიღწევები მიეჩქმალათ და ეროვნული გზის ნაცვლად მევენახეობა-მეღვინეობა ე.წ. „ევროპეიზაციის“ გზით წაეყვანათ.
საბჭოთა კავშირის ეპოქაში ყირიმის მეღვინეობა, ძირითადად, ცქრიალა ღვინის წარმოებაზე გადაერთო და „ყირიმული შამპანური“ ერთ-ერთი ცნობილი საბჭოური ბრენდი გახდა. ეს ტენდენცია უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგაც გაგრძელდა. ყირიმის ოკუპაციამდე სწორედ უკრაინა ამარაგებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთ ქვეყანას როგორც წითელი, ასევე თეთრი ცქრიალა ღვინით. რუსული ოკუპაციის შემდეგ ყირიმის ღვინოს ევროპისა და მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ემბარგო დაუწესა და ამის გამო ყირიმის არაერთი ღვინის ქარხანა გაჩერდა. ფაქტია, რომ მხოლოდ რუსეთის ბაზარი არაა საკმარისი ყირიმული ღვინის მასშტაბისათვის. აქედან გამომდინარე, მომავალი ყირიმულ მეღვინეობას, სამწუხაროდ, არც ისე ნათელი აქვს.