„რაც უფრო მეტადაა საქართველო დაყოფილი, მით უფრო მეტად შეუძლია რუსეთს ამ შესაძლებლობების გამოყენება. სწორედ ამიტომაა ასე არსებითად მნიშვნელოვანი ამ ორი პარტიისთვის იმის გაგება, თუ რა დევს სასწორზე – საქართველოს უსაფრთხოება, მომავალი კეთილდღეობა – და რომ ერთობლივი მუშაობა და ქვეყანა უპირველეს ადგილას დგას“, – ამბობს ჰედერ კონლი, „საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი.
კონლი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო და ორგანიზაციაშიც ევროპის, ევრაზიისა და რუსეთის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ 13 წლის შემდეგაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მცირე დიპლომატიური პროგრესის პარალელურად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები კრემლს განგრძობითი აგრესიის დამატებით ასპარეზს უხსნის.
„მოსკოვს იმაზე მეტად ნამდვილად არაფრის ნახვა არ სურს, თუ როგორ იბრძოლებს ეს ორი პარტია ერთმანეთში. ქართველი ხალხს კი შეზიზღდება დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები და განსხვავებულ მიდგომას მოძებნის, მოსკოვთან უფრო ახლო ურთიერთობას მოისურვებს, რაც გულისხმობს რუსეთის მიერ კონტროლს და ოკუპირებული 20 პროცენტის გამოყენებას სრული უპირატესობის დასამყარებლად. ჩვენ ვიცით, როგორ მოქმედებს რუსეთის მავნე გავლენა: ის არ ქმნის სისუსტეებს, ის იყენებს უკვე არსებულ სისუსტეებს. ახლა რუსეთი საქართველოში ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიას შორის ღრმა პოლიტიკურ დაყოფა-დაპირისპირებას იყენებს“, – ამბობს კონლი.
პოლარიზებული, ურთიერთდაპირისპირებული საზოგადოება რომ მხოლოდ კრემლის ინტერესებს შეესაბამება, ამავე აზრისაა დენიელ ფრიდიც, უდიდესი სტაჟის მქონე ამერიკელი ყოფილი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი. „მათ სურთ დასუსტებული, დაყოფილი საქართველო. მათ მიერ ასეთი საქართველოს მართვა და კონტროლი უფრო ადვილია. მათ უნდათ, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნიოს საქართველოსთან დაკავშირებით და თქვას, რომ ის ზედმეტად შორეული, უცხო და რთულია. არ მგონია, ეს საქართველოს ინტერესებს შეესაბამებოდეს და ქართველებს სურდეთ რუსეთისა და კრემლის კონტროლქვეშ მოქცევა“, – განმარტავს ყოფილი დიპლომატი და ამბობს, რომ დასავლეთს აქვს მოლოდინი, იმედი საქართველოსგან, რომ ის გააზრებულად დაუპირისპირდება კრემლს და მისი სისუსტეების გამოყენების შესაძლებლობას არ მისცემს.
„ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც სერიოზულ ქვეყანას და არა როგორც მხოლოდ გულდასწაყვეტ წარუმატებლობას და როგორც სერიოზული ქვეყნისგან, მოველით და იმედი გვაქვს, რომ საქართველო გაიაზრებს მის საუკეთესო პეტენციალს. მისი უსაფრთხოება და შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ვლადიმირ პუტინს, საბოლოოდ შიგნიდან მოდის“, – ამბობს დენ ფრიდი.
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა. ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საქართველო ამერიკისგან წლების განმავლობაში იღებდა და იღებს პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა არაერთი ტიპის დახმარებას. დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ომი არა გარდატეხის, არამედ „გამოცდის მომენტი იყო“ და ამერიკა და მისი პოლიტიკური ლიდერები ორივე პარტიიდან, დადგნენ საქართველოს გვერდით.
როგორ იყენებს თბილისი ვაშინგტონში დაგროვილ პოლიტიკურ კაპიტალს? ანალიტიკოსები შიშობენ, რომ არასაკმარისად, ზოგჯერ არამართებულად და არაგონივრულადაც კი.
„შეკითხვა ახლა სწორედ ისაა, იყენებს თუ არა ამას საქართველო ბოლო წლებში ისე, როგორც ამას უნდა აკეთებდეს. პოლიტიკური კაპიტალი საქართველოს ევროპული მომავლისთვის შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ქართველების მიერვე. ამ პოლიტიკურ კაპიტალს წარმოქმნის საქართველოს მიღწევები ქვეყნის ევროპეიზაციისკენ. შეკითხვა ქართველებისთვის ასეთია: აკეთებენ კი ისინი იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ ქვეყნის გარდასაქმნელად? არა ამერიკისთვის, არამედ მათი საკუთარი თავისთვის? აკეთებს საქართველო საკმარისს? ვშიშობ, რომ პასუხია – არა“, – ამბობს ფრიდი.
ჰედერ კონლიც მიიჩნევს, რომ ამერიკის დახმარება და ძალისხმევა „გონივრულად“ უნდა იყოს გამოყენებული და მაშინ, როდესაც ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები საკუთარ პიროვნულ ინტერესებს ქვეყნისაზე წინ აყენებენ, შესაძლოა დასავლეთის მხარდაჭერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამ კუთხით უდიდესი გამოწვევა კი ევროკავშირის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების ჩაშლაა, რომელიც დასავლეთშიც იმედგაცრუებას იწვევს. კონლი საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების პირობებთან დაბრუნებას, ოპოზიციის ლიდერებს კი ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ დემოკრატიული განვითარებისთვისაა აუცილებელი, არამედ სწორედ რუსეთისგან არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლადაც.
„ეს [შეთანხმება] იყო ევროკავშირისა და ამერიკის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომლებიც ასე გულმოდგინედ მუშაობდნენ. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიაღწია შეთანხმებას და ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ პარტიების პოზიციები დაეახლოვებინა. ახლა ეს ჩაიშალა. ეს არის შესაძლებლობა, რომლის დაკარგვაც არ შეიძლება, რადგან ის მხოლოდ ამკვიდრებს, აძლიერებს იმედგაცრუებას ევროპულ დედაქალაქებში. ისინი ცდილობენ დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს, მაგრამ თუ კი პარტიებს არ აქვთ სურვილი, რომ მიიღონ ეს დახმარება მაშინ ეს იწვევს იმედგაცრუებას“, – ამბობს კონლი და დასძენს, რომ ამერიკისთვისაც, რომელიც უდიდეს ეკონომიკურ რესურსს ხარჯავს საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მოვლენების ამგვარი განვითარება გულდასაწყვეტია:
„ამერიკისთვისაც იმედის გამაცრუებელი იქნება იმის დანახვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ენერგია დაცლილი, დაწრეტილია ამ პოლიტიკური უთანხმოების გამო. რომ ორი პოლიტიკური პარტია ხარჯავს თავის დროსა და ენერგიას ერთმანეთის წინააღმდეგ და ეს არც ეკონომიკურ კეთილდღეობას აუმჯობესებს, არც რეფორმების დღის წესრიგს და არც ქვეყნის უსაფრთხოებას რეგიონში. ვფიქრობ, ყველაფერი ამის მსგავსი, არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და ვშიშობ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეს შესაძლებლობები დაკარგოს. ამერიკის პერსპექტივიდან ძალიან ძნელია, რომ სრულად მხარდამჭერი იყო საქართველოს მომავლის… როცა საქართველოს ლიდერები არ ჩანან დიდად შეშფოთებულნი იმით, რა არის ქვეყნის მომავალი და ისინი დროს პოლიტიკურ უთანხმოებაში ხარჯავენ“, – განმარტავს ჰედერ კონლი.
მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად ადანაშაულებენ ყოფილ ხელისუფლებას ტერიტორიების დაკარგვაში და ზოგჯერ ომის დაწყებაშიც კი, ჰედერ კონლი განმარტავს, რომ ვაშინგტონის პერსპექტივიდან კონფლიქტის დაწყების ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს: მით უფრო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის განგრძობითი ოკუპაცია, ე.წ. საზღვრების გამუდმებული გადმოწევა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყოველდღიური დარღვევები ეჭვებს არავის უტოვებს. რუსეთი კი აქტიურად ცდილობს დეზინფორმაციის გამოყენებით გაურკვევლობა და დაბნეულობა შექმნას. ისევე, როგორც ბრიტანეთში ყოფილი ორმაგი აგენტის და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის ვერსიებს ავრცელებდა:
„იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც 2008 წლის ომს უძღოდა წინ, არსებობს სიცხადე, და ვფიქრობ, უნდა არსებობდეს უფრო ძლიერი მიზანი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ირღვეოდეს და არც დიპლომატიური ძალისხმევა იყოს სტაგნაციაში. უნდა ვიმუშაოთ უფრო აქტიურად იმისთვის, რომ ვიპოვოთ გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდასთან“, – ამბობს ის.
კონლი მიიჩნევს, რომ ომის დაწყების თუ ზოგადად მის შესახებ კითხვების გაჩენა, საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზეც საზიანოა, რადგან ის მხოლოდ საბაბს აძლევს ზოგიერთ დასავლელ ლიდერს, არ იყოს საკმარისად მკაცრი რუსეთის მიმართ:
„ზოგიერთ დედაქალაქში, ზოგიერთ მთავრობას დასავლეთში თავად არ სურს ეს სიცხადე, რადგან მათ არ სურთ სიტუაციის დანახვა ისე, როგორც არის. იმ პოლიტიკის გატარება, იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელთა გადადგმაც ძნელია. ასე რომ, ამ სიცხადის ნაკლებობა ხშირად ეხმარება ამ მთავრობებს, რომლებსაც არ სურთ, რომ იყვნენ ისეთი მკაცრი რუსეთის ქცევებისა და ქმედებების მიმართ, როგორც უნდა იყვნენ“.
ჰედერ კონლი ამბობს, რომ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი 2008 წლის შესახებ დასმული კითხვები კი არა, 2021 წლის მოვლენების შესახებ არსებული კითხვებია: „საუკეთესო ანტიდოტი რეგიონში რუსული გავლენის წინააღმდეგ, არის დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, უსაფრთხო საქართველო“.
რუსეთს რომ საქართველოს არასტაბილურობა ყველაზე მეტად აძლევს ხელს, ამაზე საუბრობს მეთიუ ბრაიზაც, ამერიკელი დიპლომატი და ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი. ბრაიზა ომის დროს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე და კავკასიის საკითხებში ვაშინგტონის წამყვანი დიპლომატი იყო. ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოში გატარებული პერიოდი და ომის შემდგომ გაწეული სამუშაო მისი ცხოვრებისა და კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო. ახსოვს, რომ გორში ყოფნისას იმასაც კი ფიქრობდა, რომ შესაძლოა ამერიკაში ცოცხალი ვეღარასდროს დაბრუნებულიყო. ამერიკის ფინანსური თუ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება კი იყო გზავნილი რუსეთისთვის, რომ მას არ გაუმარჯვია და პირიქით, საქართველოს შევიწროვების პასუხად, ამერიკა უფრო მეტად ჩაერთო რეგიონში მიმდინარე საკითხებში.
რუს დიპლომატებთან კვირების განმავლობაში მიმდინარე საუბრების დროს კი ის კიდევ ერთხელ სავსებით დარწმუნდა, რომ რუსული და ოსური მხარე სამხედრო პროვოკაციებს აწყობდა, კონფლიქტი სწორედ მათ დაიწყეს და შემდეგ ევროპელების წინაშე საქართველოს დადანაშაულების ჭკვიანურ მეთოდებს იყენებდნენ.
“ახლა კი საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია ფლანგავს ამერიკის მიერ საქართველოში წლების განმავლობაში ჩადებულ ინვესტიციას, პოლიტიკურ კაპიტალს. ძალიან ძნელია სხვაგვარად გაიგო, მთავრობის მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვება გარდა იმისა, რომ ალბათ ფიქრობენ, რომ შესაძლოა ვერ მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში 43 % და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამხდარიყო საჭირო. მაგრამ ვაშინგტონში იმის გაგებაც უჭირთ, რომ ოთხმა უმთავრესმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას. და ეს ვაშინგტონში ბევრისთვის ძალიან დამაბნეველი და ძნელი გასაგებია”, – ამბობს ბრაიზა.
დიპლომატსა და მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს “ქართული ოცნებისთვის” დამაზიანებელი და “თვითგამანადგურებელი” ნაბიჯი იყო, რადგან ოპოზიციის ქმედებით იმედგაცრუების მიუხედავად, მმართველ პარტიას არ უნდა დაეტოვებინა ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ მიღწეული შეთანხმება. ბრაიზა 2003 წლის მოვლენებსაც იხსენებს, და ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სულაც არ უჭერდა მხარს “ვარდების რევოლუციას”. მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა კი პრეზიდენტ შევარდნაძესა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, ვისაც არ უნდა გაემარჯვა, საარჩევნო და სხვა ტიპის რეფორმების დაპირება უნდა შესრულებულიყო, შევარდნაძეს ეღიარებინა არჩევნების შედეგები, ოპოზიციას კი არ ეძია შური ყოფილ მმართველ პარტიაზე. ბრაიზა ამბობს, რომ ედუარდ შევარდნაძემ შეთანხმებას პატივი სცა და საბოლოოდ დაემორჩილა კიდეც, ახლა კი საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია უარს ამბობენ პირობების შესრულებაზე, რაც ქვეყანას დასავლეთის “კეთილი ნების დაკარგვის” რისკს უქმნის.
ბრაიზა ამბობს, რომ ე.წ. სასაზღვრო ხაზის გამუდმებული ცვლილება და ბორდერიზაციის პროცესი, საქართველოს მოქალაქეების გატაცება და სხვა დარღვევები სწორედ იმ ძალისხმევის ნაწილია, რომ დასავლეთში ქვეყნის დემოკრატიის სიჯანსაღესთან დაკავშირებით შეკითხვები გაძლიერდეს. ამავე დროს არსებული პოლიტიკური დაძაბულობით კი, მისი აზრით, საქართველომ ევროპულ სახელმწიფოებს არ უნდა მისცეს საბაბი იმისა, რომ მასზე ხელი ჩაიქნიონ, და ის „უპასუხისმგებლო მოთამაშედ“ მიიჩნიონ.
„ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრებმა შეიძლება თქვან, რომ საქართველოს დემოკრატიული სისტემა არ არის ჯანსაღი და მათთვის ეს ძალიან მარტივს გახდის იმ არგუმენტის წამოყენებას, რომ საქართველო არაა პასუხისმგებლიანი მოთამაშე და ნატოს შესაძლოა მოუტანოს სამხედრო კონფლიქტი იმ შემთხვევაში თუკი ალიანსი მას მეხუთე მუხლით დაცულ გარანტიებს შესთავაზებს“, – ბრაიზა ამბობს, რომ განგრძობითი პოლიტიკური აურზაური, ჩიხი იმ პრობლემებთან ერთად, რაც ოკუპაციას უკავშირდება, დამატებითი ფაქტორი და ბარიერია საქართველოსთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
„რაც უფრო დიდხანს რჩება ქართული პოლიტიკური ელიტა ამ ჩიხის ჭაობში ჩაფლული, უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა რუსეთს. ეს არამხოლოდ ხდის საქართველოს მეტად მოწყვლადსა და არასტაბილურს ახლა, არამედ უფრო ნაკლებ მოსალოდნელს ხდის იმას, რომ ნატო მივა იმ ეტაპამდე, როცა მას შეეძლება ყველა წევრის დარწმუნება, რომ საქართველოს გაწევრიანება მათ კოლექტიურ ინტერესებს შეესაბამება. მით უმეტეს, საქართველოსი, ამ არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციით და რუსეთის მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციით იმისთვის, რომ საქართველო იყოს ნატოსთვის მიუღებელი. ესაა გათვლა“, – ამბობს ბრაიზა და განმარტავს, რომ ამერიკა ყოველთვის მეტად იქნება მზად, რომ „საქართველოს სასარგებლოდ დაეჭვდეს“, მაგრამ „სხვა ქვეყნები მხოლოდ საბაბს ეძებენ იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ რუსეთთან კონფრონტაცია. საქართველომ მათ ასეთი მიზეზი არ უნდა მისცეს“.