თბილისში ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი – OPERA CROWN მიმდინარეობს.
20 ნოემბრიდან, 25 ნოემბრის ჩათვლით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსი – OPERA CROWN გაიმართება.
ჟიურისა და პუბლიკის წინაშე (შესარჩევ ტურებში მსმენელიც დაიშვება) 45 ახალგაზრდა მომღერალი წარდგება მსოფლიოს 22 ქვეყნიდან (საქართველო, სამხრეთ კორეა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ისრაელი, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, სომხეთი).
თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის პრესტიჟულობას, პირველ რიგში, განსაზღვრავს ჟიურის შემადგენლობა, რომელშიც მსოფლიოში აღიარებული მომღერლები, საოპერო თეატრების დირექტორები, მენეჯერები და სამხატვრო ხელმძღვანელები შედიან: დიდი ბრიტანეთის სამეფო ოპერის, თეატრ „კოვენტ გარდენის“ კასტინგ- დირექტორი, პიტერ მარიო კატონა; ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის დირექტორი და სამხატვრო დაგეგმარების ხელმძღვანელი სამუელ გელბერი; ვენის სახელმწიფო ოპერის კასტინგ დირექტორი რობერტ კერნერი; უნგრეთის სახელმწიფო ოპერის გენერალური დირექტორი სილვესტერ კოვაჩი; შოტლანდიის ოპერის კასტინგ დირექტორი სარა-ჯეინ დევისი; დრეზდენის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პეტერ ტაილერი; გეტებორგის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ჰენინგ რუჰი; მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი ოლგა როსტროპოვიჩი; სააგენტო Atelier Musicale International-ის პროდიუსერი და მენეჯერი ვირჯინიო ფედელი. ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბადრი მაისურაძე.
თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი 2018 წელს დაარსდა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო მეორე კონკური 2021 წელს გაიმართა. ვოკალისტთა კონკურსი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გზას უხსნის ახალგაზრდა ქართველ მომღერლებს საერთაშორისო მუსიკალურ ბაზარზე და მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან საოპერო სცენებზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა ოპერის მომღერლებს 21-დან 32 წლამდე, რომელთა კარიერაში კონკურსს დიდი მნიშვნელობა აქვს და რომლებიც პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე არიან. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი, ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას საერთაშორისო მასშტაბით. თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი ასევე კარგი საშუალებაა ახალგაზრდა მომღერლებმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა მსოფლიოში ცნობილი საოპერო თეატრების დირექტორებისა და კასტინგ-დირექტორების წინაშე წარმოაჩინონ.
შესარჩევი მოსმენის შემდეგ, რომელიც ჩატარდა მსურველთა მიერ გამოგზავნილი ვიდეოჩანაწერის საფუძველზე, შეირჩა 45 მონაწილე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში. აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე ტურში მომღერლები შეასრულებენ ორ საოპერო არიას ფორტეპიანოს თანხლებით, მესამე – ფინალური ტური კი გაიმართება ორკესტრის თანხლებით. კონკურსანტებს ჟიური მოუსმენს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.
კონკურსის საპრიზო ფონდი ასეთია: I პრემია – 10 000 აშშ დოლარი, II პრემია – 7 000 აშშ დოლარი, III პრემია – 5 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, დაწესებულია თბილისის ოპერის თეატრის პრიზი: მონაწილეობა თბილისის საოპერო სპექტაკლში და 2 000 აშშ დოლარი ჰონორარი).
ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა 20 ნოემბერს, საზეიმო გალა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი მომღერლები: გიორგი ლომისელი (ბარიტონი), სოფია მჭედლიშვილი (სოპრანო), მარიამ ბარათაშვილი (მეცო-სოპრანო), გიორგი ჭელიძე (ბანი), ირინა შერაზადიშვილი (მეცო-სოპრანო), კონსტანტინე ყიფიანი (ტენორი), ოთარ შიშინაშვილი (ბარიტონი). კონცერტში მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი, რომელსაც მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა.
საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ დაიხურება 25 ნოემბერს, როდესაც გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოება და გალა-კონცერტი. ორი წლის წინ, 2021 წელს გამართული ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა რუსი მომღერალი ალექსეი კულაგინი (ბანი), მეორე პრემია დაიმსახურა ქართველმა ტენორმა კონსტანტინე ყიფიანმა, ხოლო მესამე პრემია სომეხ ბარიტონს, აქსელ დავეიანს გადაეცა.