პარაფინის პატრიოტიზმი და საქართველოს ხელისუფლების „სტრატეგიული მორჩილება“

პუბლიკა

გაგა თუთარაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

ბერლინის თავისუფალი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტების დოქტორანტი

ჩემი მეხსიერების პირველი ეპიზოდები ღრმა ბავშვობიდან იწყება. 2000-იანების შავ-ბნელი დღეები და დიზელის ჭვარტლისგან გაშავებული კედლები დღემდე სილუეტებად დამყვება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა, ჯერჯერობით მაინც, არ ვწუწუნებთ ელექტროენერგიაზე, წყალსა თუ ბუნებრივ აირზე, 2000-იანებში ეს კომუნალური სიმდიდრეები კითხვაზე, თუ რა გვეშველებოდა, პასუხის აუცილებელი ატრიბუტები იყო. გვეშველებოდა, თუ მინიმალურ მოთხოვნილებებს მაინც დავიკმაყოფილებდით, მაგრამ 2002-ში ან 2003-ში რიგითი მოქალაქისათვის მიცემული იმედი, რომ ნათურა ყოველთვის გაანათებდა, მსმენელისათვის უკბილო ხუმრობაც კი აღარ იყო. ნიჰილიზმი, უნდობლობა და დიდი ჭაობი, რომლიდანაც გამოსასვლელ გზებზე ან კრიმინალები გხვდებოდნენ, ან „გაიშნიკები“. მეორე ჯობდა – მოისყიდდი, მოქრთამავდი და მცირეხნიან შვებას იგრძნობდი, სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ იტყოდი უარს წესიერ მოქალაქეობაზე.

2003 წლის შემდეგ კი, კომუნალური საჭიროებების დიდი ნაწილი მოკლე დროში მოწესრიგდა. გაჩნდა ფუნქციური ადმინისტრაციისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ამ ნიშნებისა და შედეგების გაჩენას, ბუნებრივია, თავისი ფასი აქვს. რევოლუციური ხელისუფლებები თავიანთ მომავალს აწმყოზე ყიდიან, ზოგჯერ განზრახ, უფრო ხშირად კი – გაუაზრებლად. რევოლუციურმა ხელისუფლებამ მოდერნიზაციის უზრუნველსაყოფად დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ გადადგმულ ნაბიჯს თან ვერ გაჰყვა დემოკრატიული ინსტიტუტების ჯარი, რომელმაც მისივე შემქმნელი უნდა აკონტროლოს. შესაბამისად, უკვე 2012-ში, ახალ ხელისუფლებას სახელმწიფოს განვითარებისათვის უკეთესი ნიადაგი დახვდა, მაგრამ რყვნისათვის იდეალური პირობებიც უნდა ვახსენოთ. შესაბამისად, გავიზარდეთ, როგორც საზოგადოება, მაგრამ ვერ შევძელით დემოკრატიის გამყარება. ხელმოცარულმა მცდელობამ – დაგვემყარებინა დემოკრატია, კვლავ ნიჰილიზმსა და ჭაობში ჩაგვაგდო. ოღონდ, მცდელობას, როგორც წესი, ხელისუფლება უნდა ქომაგობდეს, თუ ასე არ ხდება, ე.ი. ვიღაც ურევს.

ბავშვობის მწარე მოგონებები დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო მტკივნეულად მოჩანს. 2002-ში მტკივნეული იყო, რომ ვერ ვუყურებდი კორეა-იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს, ახლა კი, მტკივნეულია საქართველოს ტოტალური ჩავარდნა იმ ჩემპიონატზე, სადაც უკრაინელი ერი თავისუფლებისა და ღირსების დაცვას ცდილობს.

რა გვჭირს?

როგორც უკვე ორი ათწლეულია, საქართველოს მოქალაქეთა მყარი უმრავლესობა მხარს უჭერს როგორც ევროპის კავშირში, ისე ნატოში გაწევრებას. მოქალაქეთა უმრავლესობისათვის საკვანძო საკითხებს განეკუთვნება იმგვარი მნიშვნელობის სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინისადმი სოლიდარობა და სხვა. ხელისუფლება კი, საუბრობს და იქცევა პირიქით.

გასაგებია, რომ ხელისუფლების მიზანი არც ახლა და არც 11 წლის წინ დემოკრატიის დამკვიდრება არ ყოფილა, მაგრამ რატომაა ამხელა კონტრასტი მოქალაქეებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის? 2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე მატრიოშკები – მზარდი სვლით მიგვაქანებდნენ დასავლეთისგან შორს. თუ თავდაპირველ ეტაპზე დასავლეთთან მეტი კომუნიკაცია და მათი პარტნიორობის დადასტურება ხელისუფლების განსამტკიცებლად მნიშვნელოვანი იყო, უკვე 7-8 წლის შემდეგ ტანზე შემოტკეცილი ძალაუფლება ნამდვილად იძლევა მეტ თავისუფლებას საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრა უკრაინელების შემდეგ ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ ბოსსა და მის მატრიოშკებს „ეწყინათ“, რადგანაც დადგა მომენტი, როდესაც მათ უნდა აერჩიათ, თუ სად ხედავენ საქართველოს მომავალს – დემოკრატიულ, თავისუფალ დასავლეთში თუ ბავშვების მკვლელ რუსეთთან. „ქართულმა ოცნებამ“ პაპზე მეტი კათოლიკობა სცადა და ჩინეთივით ომის შეწყვეტისაკენ მოწოდებას დასჯერდა.

მას შემდეგ კი, რაც ყველა თავისუფალი სამყარო რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდა და ამ შეერთებას თავიანთი ნაბიჯებით ამყარებენ დიდი თუ პატარა სახელმწიფოები, „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ გაურკვეველი რიტორიკიდან პირდაპირ რუსულ შინაარსზე გადასკუპებულიყო. ამან უამრავი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც არაერთი სოლიდარობის აქცია და სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივაზე მოქალაქეთა მკაცრი პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, რეგიონში საქართველო დღეს ყველაზე უფრო მიმზიდველია რუსეთისათვის – განაწყენებული სატრფოს საჩუქრებით მოქრთამვის გზა უკვე ხსნილია. 17 მაისიდან, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს ჩრდილოეთით გამგზავრებისას ვიზას აღარ სთხოვენ. ვლადიმერ პუტინის სისხლიანმა რეჟიმმა „ქართული ოცნება“ წვრილკალიბრიანი მიღწევით დაასაჩუქრა, რითაც საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ პირდაპირ ტკბილ-მწარე გემოებით გვანიშნა, რომ ისინი დათბებიან, თუკი ჩვენ, უბრალოდ, აღარავის დავაინტერესებთ.

ოღონდ, როგორც ამ დათბობას მოჰყვება ხოლმე, სინამდვილეში სავიზო თუ საექსპორტო პოლიტიკა არაფერია, თუ არა „ღრმად“ დამოკიდებულების გზა – დამოკიდებულების, რომელმაც 2006 წელს ასობით ქართველი სატვირთო თვითმფრინავში გამოკეტა და პირუტყვივით გამოყარა რუსეთიდან. არ გაგვიკვირდეს, თუ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგი შემოგვთავაზეს. ოღონდ ისე, რომ იქაური მარიონეტებიც გულთბილად შემოგვხვდებიან; პარაფინის პატრიოტიზმით ჩამოსხმული ადგილობრივი პოლიტიკოსები კი, ისტორიაში ჩაწერას ეცდებიან და საბოლოოდ ყველაზე ბევრი – მოსკოვის გარეუბანში „ხრუშჩოვკები“ მიიღონ. მაგრამ რა დაშავდება, თუკი მაინც ვცდით? საქართველომ მრავალჯერ სცადა რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, იქნებოდა ეს 90-იან თუ 2000-იან წლებში, მაგრამ, როდესაც მხოლოდ შენი სურვილია, დაიცვა შენივე სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო რუსეთი შეთანხმებებს მხოლოდ იმიტომ დებს, შემდეგ რომ დაგირღვიოს – უნარების გამოცდაც კი უფრო რთულია, ვიდრე იმის გააზრება, რომ, სანამ საქართველო იმდენად ძლიერი არ იქნება, რომ მის წინააღმდეგ წასვლა ვნუკოვო(მოსკოვი)-თბილისის რეისზე ძვირი მაინც ჯდებოდეს – რუსეთთან ყველანაირი დიალოგი, შეთანხმება და დაახლოება – მკვდრადშობილია.

რატომ?

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების არცერთ ეპიზოდში რუსეთის არცერთ პოლიტიკურ ელიტას, რა კეთილი და პროგრესულიც არ უნდა ყოფილიყო იგი, არ სურდა, საქართველოც ისე განვითარებულიყო, როგორც რუსეთის რომელიმე მხარე, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი განვითარებულა და არც მეორე. არცერთ ეპიზოდში, რუსეთის მმართველ ელიტებს არც კი დაუშვიათ, რომ შესაძლებელია, არსებობდეს სახელმწიფო საქართველო, რომელიც აზრს მოსკოვს არ დაეკითხება. არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ნატო და არც ევროპის კავშირი აქ არაფერ შუაშია. რუსეთს არც ირანთან ძმურ ურთიერთობაში მყოფი საქართველო სჭირდება, არც ჩინეთთან და არც მავრიტანიასთან (თუ ეს უკანასკნელი რეგიონული ან გლობალური მოთამაშე გახდება). რუსეთის ერთადერთი ინტერესი ბელორუსიზაციაა, სადაც რუსეთი, როგორც ახლახან გაირკვა, ბირთვული იარაღის გადატანას გეგმავს. კი ბატონო, განვითარდი, ოღონდ – რუსეთზე მეტად არა, კი ბატონო, გაძლიერდი და დაიცავი, რაც გინდა, ოღონდ ისე, რომ ამით დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა არ გამოგივიდეს.

ამავდროულად, ბრატისლავის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერ ღარიბაშვილის მიერ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ნათქვამი წინადადებები, კიდევ ერთხელ და მათთვის, ვინც „ქართულ ოცნებაში“ დღემდე დარწმუნებული იყო, პირველად, ნათლად წარმოაჩენს მმართველი პარტიისა და მისი ზენონის „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკას. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნატოს გაფართოების გამო გადაწყვიტა. მან ცხადად და დაუმალავად თქვა ის, რაც ვლადიმერ პუტინმა – 2022 წლის 24 თებერვლის ღამეს. ღარიბაშვილის ნათქვამით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინას 2022 წლის შემოდგომაზე მიიღებდნენ ნატოში, ხოლო საქართველოს 2008 წლის ზაფხულში, სწორედ ამას დაასწრო პუტინმა და აირიდა ნატოს გაფართოება მის საზღვრებთან. ამ სამარცხვინო განცხადების მთავარი დედააზრი კი ისაა, რომ თუ ომი არ გვსურს, ნატოსა და ევროპის კავშირზე უარი უნდა ვთქვათ.

რა გვეშველება?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომმა უკრაინის დამარცხების შიშმა გადაიარა და დღეს უკვე გადაწყვეტილია, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, მაგრამ ნიშნავს კი ეს საქართველოს წარმატებას? ბუნებრივია – არა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ (თუ ცვლილება შესაძლებელი იქნება), თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება ვერ შეძლებს ჩვენი დასავლელი, ალბათ იმ დროისთვის ყოფილი, პარტნიორების დარწმუნებას, რომ საქართველო კვლავაც მნიშვნელოვანია და დასაჯერებელია, რომ ამ ეტაპზე მაინც შევძლებთ ნორმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას – საქართველო, უბრალოდ, დაუბრუნდება მისთვის კარგად ნაცნობ და დამსახურებულ წარსულს. გაფეილებული სახელმწიფო შეიძლება ჰუმანიტარული მიზნებისთვის იყოს მნიშვნელოვანი და არა სტრატეგიული ამოცანების დასახვისთვის. ის, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდება, ათეულობით წელს აკარგვინებს, თუ საერთოდ მომავალს არა, ქვეყანას, რომელმაც უკრაინამდე გამოცადა, რას ნიშნავს, როდესაც თავისუფლებას გადაწყვეტ.

ბავშვობის შავ-ბნელი დღეებისა და დღევანდელი საქართველოს უფსკრულისაგან გამოწვეული შფოთვები ამ წინადადებებს ლანდად გაჰყვება იმ ქალაქიდანაც კი, სადაც ცხოვრება მილიონობით ადამიანისათვის ოცნებაა და იმ ქვეყნიდან, რომელმაც ყველასთვის გასაკვირად ათობით ტანკი გაგზავნა უკრაინის დასახმარებლად. გულდასაწყვეტია, რომ ბერლინის ქუჩებში უამრავი უკრაინული დროშის დანახვისას ის მახსენდება, თუ რამდენი ადამიანი აწყდება თბილისის აეროპორტს რუსეთისაკენ მიმავალი უკანასკნელი პურის ფულის საშოვნელად და რამდენი წელი დაიკარგება პარაფინის პატრიოტების მიერ დაპაუზებული საქართველოს გამოცოცხლებაში.