ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Monde ოლიგარქ ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
მოამზადა დავით ბუხრიკიძემ
საფრანგეთში საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტმა, ოთარ ზურაბიშვილმა ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც საქართველოში მიღებული „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონის მოსალოდნელ შედეგებს ეხება. სტატია სათაურით „პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ნამდვილი პრორუსული სახე აჩვენა“, ცნობილი გამოცემის მთავარ გვერდზე – „ტრიბუნა“ – გამოქვეყნდა. გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით.
„ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში „ქართული ოცნება“, დემონსტრანტების ზეწოლისა და ქართული საზოგადოების კრიტიკის შემდეგ იძულებული გახდა, უკან წაეღო კანონი „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ, რომლის შემოღებაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს კანონი მიმართული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.
თუმცა ერთი წლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნება“ ისევ ცდილობს, „გამჭვირვალობის“ საფარქვეშ დააბრუნოს იგივე კანონი, იმავე მიზნით, რათა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ქვეყნის აგენტები“, რის შემდეგაც იძულებულნი გახდებიან, გაჩუმდნენ და კრიტიკული მოსაზრებები ან დასკვნები ხელისუფლების შესახებ არ გამოაქვეყნონ.
ქართული საზოგადოება შეშფოთებულია, იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“, რატომღაც, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოითხოვს გამჭვირვალობას, მაშინ, როდესაც სრულებით არ ინტერესდება არც ხელისუფლების ფინანსური სქემებით, არც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, არც ყოფილი პრემიერის, არც მოსამართლეების ფინანსური ინტერესებით.
ანალიტიკოსებისთვის აშკარა გახდა ხელისუფლებაში განხეთქილების დაწყების საგანგაშო ნიშნები. ამ ნიშნებს შორისაა, უზენაესი სასამართლოს მოწვევა უმრავლესობის მიერ, რომელიც მიზნად ისახავდა განეხილა პრეზიდენტის მოგზაურობები ევროპაში, რაც, „ოცნების“ აზრით, არაკონსტიტუციური იყო და რასაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა მოჰყოლოდა… მაგრამ ეს პროცესი შეწყდა, რამაც „ქართული ოცნების“ დიდი შეშფოთება გამოიწვია. შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების ფონზე მმართველი პარტიის გასაძლიერებლად სხვა კანონები იქნა მიღებული; ხოლო ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ რჩება მისაღები.
საუბარია თებერვალში საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებაზე, რომელიც ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის შემადგენლობის არჩევას; აღნიშნული კანონით უქმდება ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც ადრე ოპოზიციას ეკუთვნოდა.
19 აპრილს უმრავლესობამ დაჩქარებული წესით უყარა კენჭი საგადასახადო კოდექსის შეცვლას, რაც ამიერიდან იძლევა საზღვარგარეთ დეპონირებული თანხის რეპატრიაციისა და დასავლური სანქციებისაგან მათი დაცვის საშუალებას . ეს ცვლილება კი ბიძინა ივანიშვილს, დაიცავს დასავლური სანქციებისაგან.
ბოლო დღეებში განახლებულ დემონსტრაციებს, რომლებშიც ათიათასობით მოქალაქე, მათ შორის ახალგაზრდების დიდი ნაწილი მონაწილეობს, „ქართული ოცნების“ მხრიდან კონტრაქციები მოჰყვა. ეს საბჭოთა ეპოქის „საუკეთესო პერიოდს“ მოგაგონებდათ: ამ კონტრაქციის მონაწილეებს ხელისუფლება უნაზღაურებდა ტრანსპორტის თანხას, კვებას და რაც მთავარია, ახალისებდა სიძულვილის ენით.
პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, რეალურად, რუსეთის ხელისუფლების ნარატივის გამეორება იყო! ზუსტად იმავე სურათს ვხედავთ „ოცნების“ კანონპროექტთან დაკავშირებით; ის წარმოადგენს 2012 წელს რუსეთში გამოქვეყნებული კანონპროექტის ასლს, რომელსაც რუსეთში არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციების იძულებით დახურვა მოჰყვა.
იგივე მეთოდები, იგივე მიზანი! მათ კონსპირაციულ დისკურსში 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში ან რუსეთ–უკრაინის მიმდინარე ომში რუსეთის ნაცვლად პასუხისმგებლობა ეკისრება ე. წ. გლობალური ომის პარტიას, რითაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა. ის ცდილობდა, თავის დამსახურებად გამოეცხადებინა საქართველოს მიერ ევროპული კანდიდატის სტატუსის მოპოვება, თუმცა კარგად გამოჩნდა, რომ სინამდვილეში ცდილობს, მიიღოს „რუსული კანონი“ და მოამზადოს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობის პროცესი, რათა შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების წინ მთელი ოპოზიცია გააჩუმოს. ამასობაში კი გამოიყენოს ხელისუფლების ყველა ბერკეტი, ფული, სასამართლო და საკუთარი მედია, რათა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.
მომდევნო დღეებიც, სავარაუდოდ, რისკებით სავსე იქნება. „ქართულ ოცნებას“ არ სურს უკან დახევა და ძალაუფლების დაკარგვა. ამიტომ აძლიერებს რეპრესიებს სანიმუშო დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც აქციის დასრულების შემდეგ ქუჩებს ასუფთავებენ და აწესრიგებენ.
მოქალაქეებს, რომლებიც დემონსტრაციების მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად არიან მობილიზებულნი, არ სურთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და მისი მომავალი წევრობის დათმობა!
საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მიისწრაფვის ევროპისკენ და უკან არ აპირებს დახევას! საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ნებისმიერი მიდგომა, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროპისგან დისტანცირებაზე, არაკონსტიტუციურია. ნიღაბი ჩამოხსნილია! . „ქართული ოცნება“ უბრალოდ რუსულ კოშმარად იქცა, რასაც ქართველები არ მიიღებენ და არ შეეგუებიან!