დემონსტრაციებზე პირადი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მკაფიოდ გაწერილი გაიდლაინი არ არსებობს. ხშირად ამგვარი ინფორმაცია სპორადულ და ქაოსურ ხასიათს ატარებს, რის გამოც სიმართლე და ფსევდომეცნიერება ერთმანეთში ირევა. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები აღმოჩნდებიან, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულება ყველაზე ცხელ წერტილში, საპოლიციო შენაერთების სიახლოვეს უწევთ. დაზარალებულთა სიმრავლისა და დაზიანებათა სიმძიმის გამო, ზოგჯერ მათ პირველადი დახმარების გამწევის როლის შესრულებაც უწევთ – განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მათივე კოლეგაა.
ამ სტატიაში მეტ-ნაკლებად ამომწურავად და ლაკონიურად განვიხილავთ პერსონალური დაცვის საშუალებებსა და ზოგადი თუ სპეციფიკური ტრავმების დროს საველე პირველად დახმარებას.
პერსონალური დაცვა
ტანსაცმელი
- უმჯობესია თუ გრძელმკლავიან, სქელი ქსოვილით შეკერილ ტანსაცმელს ჩაიცვამთ – ამგვარად მეტ-ნაკლებად დაცული იქნებით მექანიკური ტრავმებისგან;
- სასურველია, თუ ტანსაცმლის შიგნით, შიშველ ტანზე თეთრ მაისურს გეცმევათ – ამგვარად დაზიანებული არიდან სისხლდენას ყველაზე ადვილად შეამჩნევთ;
- სასურველია, თუ პოლიეთილენის პარკში გახვეული ერთი ხელი ტანსაცმელი ჩანთაში გექნებათ – წიწაკის სპრეით ან ცრემლსადენი აირით კონტამინაციის შემთხვევაში ტანსაცმლის გამოცვლა მოგიწევთ;
- თავი შეიკავეთ ყელსაბამებისა და დიდი ზომის საყურეების ტარებისგან – ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ რამეს გამოედოთ და დაზიანდეთ. ასევე უმჯობესი იქნება, თუ ბეჭდებსაც მოიხსნით – ხელის ტრავმის შემთხვევაში შეიძლება თითები შესივდეს, რაც ბეჭდის მოხსნას მნიშვნელოვნად გაართულებს.
ფეხსაცმელი
- ჩაიცვით კარგად მორგებული ფეხსაცმელი, რომელში სირბილიც არ გაგიჭირდებათ. უმჯობესია, თუ ამ სპორტულ ფეხსაცმელს მაღალი ყელი ექნება – ეს კოჭის გადატრიალებისგან დაგიცავთ;
- პრაქტიკამ აჩვენა, რომ წყლის ჭავლით დასველებულ ასფალტზე ფეხი ადვილად სრიალებს – ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხსაცმლის ლანჩას კარგი მოჭიდება ჰქონდეს.
ხელთათმანი
- ტაქტიკური ხელთათმანი ჭრილობებისა და მექანიკური ტრავმებისგან დაგიცავთ;
- ცეცხლგამძლე ხელთათმანი კარგი მაღალი ტემპერატურის მქონე ნივთებთან კონტაქტისას დამწვრობისგან თავის დასაცავად.
თმა
- გრძელი თმა მჭიდროდ უნდა შეიკრათ.
თავის დაცვა
- ჩაფხუტი თავის ტრავმისგან თავდასაცავად იდეალური საშუალებაა;
- ჩაფხუტის არქონის შემთხვევაში, უნდა გეხუროთ ქუდი – არ აქვს მნიშვნელობა, ეს თბილი, ნაქსოვი ქუდი იქნება თუ კეპი (პირველად მექანიკურ დარტყმას ეს უკანასკნელი საკუთარ თავზე აიღებს).
კანის დაცვა
- წინასწარ მოიშორეთ მაკიაჟი, ზეთოვან ფუძეზე დამზადებული სახის დამცავი ლოსიონი, მინერალური ზეთი – ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ უკანასკნელთ კანზე ქიმიური ნივთიერებების (წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი) მექანიკური დამაგრება შეუძლიათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ თემაზე სამეცნიერო კვლევა ჩატარებული არ არის და რეკომენდაცია ანეკდოტურ მტკიცებულებას ემყარება.
თვალების დაცვა
- აუცილებლად მოიხსენით საკონტაქტო ლინზები;
- თავი აარიდეთ ჩვეულებრივი სათვალის ტარებას, თუ იგი სპეციალურ, დამცავ ჩარჩოში არ არის მოთავსებული – პოტენციური ტრავმის შემთხვევაში, გატეხილმა ლინზამ შეიძლება თვალები დაგიზიანოთ.
- თუ შესაძლებელია, ატარეთ ბალისტიკური ხარისხის სათვალე – იგი იმისთვის არის შექმნილი, რომ მძიმე დარტყმას გაუძლოს (სასრიალო/საცურაო სათვალეები ასეთ დროს შეიძლება დაზიანდეს).
სასუნთქი გზების დაცვა
- პირბადე სასუნთქი სისტემის დასაცავად ყველაზე მარტივი (მაგრამ პრიმიტიული) საშუალებაა. წიწაკის სპრეის შესხურების შემთხვევაში, იგი მაშინვე უნდა მოიხსნათ და ახალი გაიკეთოთ;
- იდეალური დაცვის გარანტი სპეციალური რესპირატორებია.
ზოგადი სახის რეკომენდაციები
- ზურგჩანთა ორმაგი დანიშნულებით გამოგადგებათ: თქვენთვის საჭირო ნივთების შესანახად და ზურგის მექანიკური დაცვისათვის. ზურგჩანთაში მხოლოდ აუცილებელი საჭიროების ნივთები და პირველადი დახმარების საშუალებები უნდა გქონდეთ;
- ყველაზე ცუდი სცენარის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, რომ სხეულზე მარკერით დაიწეროთ თქვენი ახლობლების საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.
კუსტარული პირველადი დახმარების ჩანთა
სამედიცინო აღჭურვილობის (ბინტი, ელასტიკური სახვევები და მზა ყინულის შეკვრები) ქონა იდეალური ვარიანტია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათი კუსტარული ალტერნატივების მოძიებაც მარტივად მოსახერხებელია.
- სუფთა ქსოვილის თეთრი ნაჭრები – ადვილად ანაცვლებს ბინტს და დოლბანდს;
- ჰიგიენური საფენები და ტამპონები – შეიძლება სისხლდენის დროებით შესაჩერებლად იქნეს გამოყენებული;
- წებოვანი ლენტი (ე.წ. სკოჩი) – მათი დახმარებით შესაძლებელია სხეულზე დოლბანდის სახვევის დამაგრება;
- მარკერი – მათი დახმარებით საშუალება გვეძლევა დაშავებულთა შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩავწეროთ (პერსონალური ინფორმაცია, საკონტაქტო ნომრები, დაზიანების მიღების დრო და ა.შ).
სასურველია, თუ თან იქონიებთ პირველადი დახმარების ისეთ ნივთებს, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს დაეხმარებით.
- სადეზინფექციო საშუალებები
- სტერილური ბინტი და ელასტიკური სახვევები
- ჭრილობის სტერილური საფენები
- სამედიცინო წებოვანი ლენტი
- თვალის სპეციალური საფენები
- ყინულის მზა პაკეტები
ზოგადი ტრავმები
სისხლდენის კონტროლი
სისხლდენის შეჩერების ძირითადი არსი ის გახლავთ, რომ ორგანიზმს მის შედედებაში მექანიკურად დავეხმაროთ. მანიპულაცია არსობრივად ერთნაირია დიდი და მცირე სისხლდენების დროს.
მცირე ჭრილობები (ნაკვეთი და ნაკაწრი ჭრილობები)
ასეთ დროს სისხლდენა კაპილარულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზიანებულია კანის ზედაპირში არსებული მცირე ზომის სისხლძარღვები. მსგავსი ჭრილობები არსობრივად საშიში არ არის და მათთან გამკლავება მარტივია. ამისათვის მათზე ზეწოლა და შემდეგ შეხვევაც კმარა – სისხლი რამდენიმე წუთში შედედდება, რაც საკმარის დროს მოგცემთ, რომ დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამდე მიიყვანოთ – ისინი ჭრილობას კარგად დაათვალიერებენ, დაამუშავებენ და სტერილურად შეახვევენ, რაც დაშავებულს შემდგომი ინფექციის განვითარებისგან დაიცავს.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ: თავისა და სახის ნახეთქი ჭრილობებიდან სისხლი ერთი შეხედვით დიდი რაოდენობით იკარგება. ამის მიზეზი ამ უბნებში სისხლმომარაგების თავისებურებაა, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს – ადგილზე აღმოჩენილი ადეკვატური და დროული პირველადი დახმარება დროს მოგცემთ, რომ დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე მიიყვანოთ.
დიდი ჭრილობები
ასეთ დროს მსხვილი კალიბრის სისხლძარღვები ზიანდება, რის შედეგადაც შეიძლება არტერიული ან ვენური სისხლდენა განვითარდეს. არტერიული სისხლდენისას სისხლის შეფერილობა ალისფერია და იგი დაზიანებული უბნიდან პულსურად ასხამს. ვენური სისხლი უფრო მუქი წითელი შეფერილობისაა და იგი უწყვეტ რეჟიმში, არაპულსურად მოედინება. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რის გამოც, ძვირფასი დრო არ უნდა დაიკარგოს: აუცილებელია ჭრილობაზე ბინტით მექანიკური ზეწოლა და დაზარალებულის სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან დაუყოვნებლივ (!) გადაყვანა
ტვინის შერყევა
თავის ტვინის შერყევა თავის ტვინის შედარებით მსუბუქ ტრავმულ დაზიანებათა რიგს მიეკუთვნება. იგი თავში მძიმე საგნის დარტყმით ან რაიმესთან დაჯახების შედეგად ვითარდება. ამ დროს შეიძლება აღინიშნოს გონების მცირეხნიანი დაკარგვაც. მსგავსი დაზიანება შეიძლება განვითარდეს თავში ხელკეტის მოხვედრის, ან ასფალტზე ძლიერი დაცემის შედეგად.
უპირველესად, დაზარალებულს, ან მასთან მყოფ პირს უნდა ჰკითხოთ, ხომ არ მიუღია მას თავის ტრავმა. იგი მაშინვე უნდა გაარიდოთ მოვლენათა ეპიცენტრს, აუცილებლად წამოაწვინოთ და თუ თავის ზედაპირზე შესივებას ამჩნევთ, დაადოთ ყინული. უნდა დააკვირდეთ ტვინის შერყევის სიმპტომების განვითარებას: გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, სისუსტე, გონების არევა (კარგად ვერ იხსენებს, რა დაემართა), კოორდინაციის დარღვევა. ასეთ დროს ადამიანს უჭირს წონასწორობის დაცვა, ამიტომაც, რეკომენდებულია, რომ იგი წამოწოლილ პოზიციაში ამყოფოთ, სანამ თქვენამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვა.
სპეციფიკური ტრავმები
ცრემლსადენი აირი
დემონსტრაციების დასაშლელად ყველაზე ხშირად ცრემლსადენი აირი გამოიყენება. მისი გაფრქვევის შედეგად ერთგვარი ღრუბელი იქმნება, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია, რადგანაც ქარმა იგი ერთი შეხედვით დაცულ ტერიტორიაზეც შეიძლება გაავრცელოს. ცრემლსადენი აირი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ტკივილის რეცეპტორებზე ახდენს გავლენას და სწორედ ამიტომ არის, რომ ერთნაირად დამაზიანებლად მოქმედებს თვალებზე, სასუნთქ სისტემასა და კანზე.
კლინიკური სიმპტომები დაუყოვნებლივ იწყება: თვალების წვა, მხედველობის დაბინდვა, დეზორიენტაცია, ემოციური და ფსიქოლოგიური დისტრესი, სუნთქვის გაძნელება, სულის შეხუთვა, ნერწყვდენა და ძლიერი ხველა.
ცრემლსადენი აირისგან თავის დაცვა
- კარგად დაიფარეთ სახე პირბადით, ან ისეთი აირწინაღით, რომელიც ფარავს ცხვირს, პირს და თვალებს;
- თავი დაიცავით ქუდით;
- აირწინაღის არ ქონის შემთხვევაში, თვალები დაიცავით მჭიდრო, ჰერმეტულად მორგებული სათვალეებით;
- მაქსიმალურად დაიფარეთ კანის შიშველი უბნები;
- მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ: წყლით დასველებული ნაჭრის პირბადის გაკეთება რეკომენდებული არ არის!
ცრემლსადენი აირისგან მიყენებული დაზიანების მართვა
- რაც შეიძლება სწრაფად დატოვეთ კონტამინაციის არე და თავი აარიდეთ აირის ღრუბელს;
- ძლიერი ნერწყვდენის შემთხვევაში ეცადეთ, რომ უწყვეტ რეჟიმში აფურთხოთ და ამოახველოთ;
- დაზარალებულს უთხარით, რომ არ დაიწყოს თვალების მოსრესა;
- დაშავებულს ურჩიეთ, თვალები სწრაფად ახამხამოს, რათა გაძლიერდეს ცრემლდენა – ეს ხელს შეუწყობს ცრემლსადენი აირის ნაწილაკების გამორეცხვას;
- თვალები იმავენაირად უნდა ამოირეცხოს, როგორც ამას წიწაკის სპრეის შემთხვევაში გააკეთებდით. პირი და ცხვირი წყლით კარგად გამოირეცხეთ;
- კანი ჩამოირეცხეთ გამდინარე წყლით და პირველივე შესაძლებლობისთანავე მიიღეთ ხანგრძლივი შხაპი;
- სასწრაფოდ გამოიცვალეთ ტანსაცმელი.
წიწაკის სპრეი
წიწაკის სპრეი მძლავრი, მაგრამ ხანმოკლე ეფექტის მქონე საშუალებაა. თვალში მოხვედრის შემთხვევაში იწვევს ძლიერ ცრემლდენას და დროებით მხედველობის დაკარგვას. სასუნთქ სისტემაში მოხვედრის შემთხვევაში იწვევს ძლიერ ხველას და სუნთქვის შეკვრას.
წიწაკის სპრეისგან თავის დაცვა
- სახე კარგად უნდა გქონდეთ დაფარული პირბადით – მასზე წიწაკის სპრეის ნაწილაკების მოხვედრისას, სასწრაფოდ მოიხსენით და ახალი გაიკეთეთ;
- თვალები დაცული უნდა გქონდეთ მჭიდროდ მორგებული (სასურველია ჰერმეტული) სათვალით;
- მაქსიმალურად უნდა დაიფაროთ კანის შიშველი უბნები.
წიწაკის სპრეისგან მიყენებული დაზიანების მართვა
- დაზარალებული სასწრაფოდ გაარიდეთ კონტამინაციის არეს;
- უთხარით, რომ არ დაიწყოს თვალების მოსრესა;
- ურჩიეთ, თვალები სწრაფად ახამხამოს, რათა გაძლიერდეს ცრემლდენა – ეს ხელს შეუწყობს წიწაკის სპრეის ნაწილაკების გამორეცხვას;
- თვალები და სახე ჩამობანეთ დიდი რაოდენობით წყლით – თავი გადაუწიეთ გვერდზე იმგვარად, რომ წყლის ნაკადი ცხვირიდან გარეთ იყო მიმართული და არა პირიქით (ასეთ დროს წყლის ნაკადი ცხვირის ძგიდეს ეჯახება და თვალში ბრუნდება, რაც წიწაკის სპრეის ნაწილაკებს ვერ გამორეცხავს);
- გახსოვდეთ: რძის გამოყენება ეფექტიანი არ არის! ამ საკითხზე ჩატარებულმა მცირე კლინიკურმა კვლევამ მისი უპირატესობა ვერ გამოკვეთა;
- მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ: წყლის შუბლზე დასხმისას წიწაკის სპრეის ნაწილაკები შეიძლება თვალებში „ჩაირეცხოს” – ასეთ დროს თავი უკან უნდა იყოს გადაწეული;
- თვალების ირგვლივ კანი და სახე შეგიძლიათ ბავშვის შამპუნით ჩამოიბანოთ;
- გამდინარე წყლის ნაკადით დაზარალებულს წიწაკის სპრეის ნაწილაკები კანიდან ჩამოარეცხეთ;
- წიწაკის სპრეის ნაწილაკების პირში მოხვედრის შემთხვევაში უთხარით დაზარალებულს, რომ ნერწყვი არ გადაყლაპოს და უწყვეტად გადმოაფურთხოს;
- რეკომენდებულია წიწაკის სპრეით დასვრილი ტანსაცმლის მაშინვე გამოცვლა.
რეზინის ტყვიები
რეზინის ტყვიები დემონსტრაციების დასაშლელად ხშირად გამოიყენება. მიუხედავად მათი „არა ლეტალური” ბუნებისა, ამ უკანასკნელთ მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ. შორი მანძილიდან ნასროლი რეზინის ტყვიები მცირე ტრავმულ დაზიანებას იწვევს, მაგრამ ახლო მანძილიდან მოხვედრის შემთხვევაში, მათ ძვლოვანი მოტეხილობის, შინაგანი ორგანოების, სასუნთქი გზების დაზიანების გამოწვევაც შეუძლიათ.
რეზინის ტყვიებისგან თავის დაცვა
- საუკეთესო საშუალება საპოლიციო ძალებისგან დისტანციის დაცვაში და სქელი ტანსაცმლის (ჯინსის, ტყავის ქსოვილი) ტარებაშია;
- მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს სხეულისა და ფეხების სპეციალური, პლასტმასის დამცავი საშუალებების გამოყენება – აღნიშნულ აღჭურვილობას ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისას იყენებენ ხოლმე.
თვალების დაცვა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვალების დაცვაა, რადგანაც ასეთ დროს მისი ტრავმული, შეუქცევადი დაზიანების მაღალი რისკი არსებობს.
- ატარეთ სპეციალური, დარტყმა-გამძლე სათვალე;
- აუცილებლად მოიხსენით ჩვეულებრივი და მზისგან დამცავი სათვალე – დაზიანებულმა მინამ შეიძლება თვალის მექანიკური დაზიანება გამოიწვიოს.
რეზინის ტყვიებისგან მიღებული დაზიანების მართვა
რეზინის ტყვიის მოხვედრის შემთხვევაში, მოვლენათა განვითარების ორი სცენარია მოსალოდნელი:
- კანის მთლიანობა დარღვეული არ არის – ასეთ დროს ყინულის კომპრესის დადება საკმარისია;
- კანის მთლიანობა დარღვეულია – უპირველესად, აუცილებელია სისხლდენის გაჩერება, შემდეგ ჭრილობის დეზინფექცია (უმჯობესია ბეტადინის/პოვიდონ იოდის ხსნარი, რადგანაც იგი ალკოჰოლს არ შეიცავს და დამატებით ტკივილს არ იწვევს) და შეხვევა. შემდეგ აუცილებელია დაზარალებულის კლინიკაში გადაყვანა და სრულყოფილი სამედიცინო დახმარების გაწევა.
თუ რეზინის ტყვიით მიყენებული ჭრილობა ღრმაა, სახეზეა სისხლდენის ნიშნები, მაშინ ვიქცევით ისე, როგორც სისხლდენის კონტროლის დროს და დაზარალებული დაუყოვნებლივ გადაგვყავს სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან.
რეზინის ტყვიის თვალში მოხვედრის შემთხვევაში
- არ შეეხოთ თვალს;
- უთხარით დაზარალებულს, რომ არ დაიწყოს თვალის მოსრესა;
- თავი არ უნდა იყოს წინ გადმოხრილი – ეცადეთ, დაიჭიროთ მაღლა;
- თვალის ირგვლივ საჭიროა მყარი, დამცავი ფარის დამაგრება. ამისთვის უბრალო პლასტმასის ჭიქაც გამოდგება. დაზარალებულს ჭიქა მჭიდროდ მიადეთ სახეზე ისე, რომ თვალის შიგთავსის ჩამოშლის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ჭიქაში მოხვდეს. ეცადეთ, რომ ჭიქის კიდები უშუალოდ დაზიანებულ თვალს არ შეეხოს;
- თვალის ირგვლივ დაფიქსირებული ჭიქით დაზარალებული სასწრაფოდ გადაიყვანეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან.
ხმოვან-მანათობელი ხელყუმბარები
ხმოვან-მანათობელი ხელყუმბარები (Flashbang) არალეტალური, ასაფეთქებელი მოწყობილობაა. ძლიერი ხმამაღალი აფეთქების პარალელურად, იგი მომენტალურ, მანათობელ ეფექტს ქმნის, რაც რადიუსში მყოფ ადამიანებს წამიერად მხედველობას, სმენას და წონასწორობას აკარგვინებს. აღნიშნული განსაკუთრებით საშიში სხვა საშუალებებთან (მაგ. ცრემლსადენ აირთან) კომბინაციაში არის, რადგანაც დაზარალებული კონტამინაციის არეს ფიზიკურად ვერ ტოვებს.
ხმოვან-მანათობელი ხელყუმბარისგან მიყენებული დაზიანების მართვა
- სწრაფად გაიყვანეთ დეზორიენტირებული დაზარალებული უსაფრთხო სივრცეში
- არ გაგიკვირდეთ, თუ ის ვერ დაგინახავთ, ან თქვენს ხმას ვერ გაიგონებს;
- დარჩით მასთან, სანამ თვითშეგრძნება გაუმჯობესდება – როგორც წესი, ეს რამდენიმე წუთში ხდება.