2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობის მინიჭებამ კიდევ ერთხელ ,,გაკრიფა შუა“ და ოპოზიციური განწყობის მქონე ამომრჩევლის ხმები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ კონცენტრირდა.
კერძოდ, ,,ქართულ ოცნებასთან“ არააფილირებულმა, პროდასავლურმა, პატარა პარტიებმა მნიშვნელოვან ელექტორალურ წარმატებას ვერ მიაღწიეს. სანაცვლოდ კი, 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით, 13.6 %-ით გაიზარდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. თუმცა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა მხოლოდ 30.68 % მიიღო, ,,ქართულმა ოცნებამ“ კი ხმათა 43%-ზე მეტის მიღება შეძლო.
ამ უკანასკნელმა მაჩვენებელმა კი, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევების მიუხედავად, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა, რაც შესაძლოა, გამაფრთხილებელი სიგნალი ყოფილიყო მმართველი პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის მესამე ვადის განმავლობაში დასავლელი პარტნიორებისა და დემოკრატიის ზოგადი პრინციპებისადმი ღია კონფრონტაციის გზას დაადგა.
იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის მის გარშემო მაქსიმალური მობილიზების მიუხედავად, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებში გარდატეხის შეტანა, საინტერესოა მსჯელობა, იყო თუ არა პოლარიზაციის მოჯადოებული წრე ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც 2 ოქტომბერს პატარა პარტიებმა ვერ მოახერხეს, თავის მხრივ გამხდარიყვნენ გამოწვევა ,,ქართული ოცნებისთვის“.
რატომ შეიძლება იყოს პრობლემა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პატარა პარტიების ამომრჩევლის მითვისება
ამომრჩევლის ხმათა რაოდენობით ,,ნაციონალური მოძრაობა“ ქართული ოპოზიციური ფლანგის ლიდერია და მას შეუძლია, მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნას არჩევნებში, თუნდაც ,,ქართული ოცნების“ საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად არჩევნების მეორე ტურების დანიშვნის აუცილებლობით, თუმცა, ამ ეტაპზე, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების შეცვლის ელექტორალური რესურსი არ აქვს.
ამის მანიშნებელია, არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობა. კერძოდ, 2021 წლის 2 ოქტომბრამდე, საპარლამენტო არჩევნებში აღნიშნული პარტიის მიღებული შედეგები სტაბილურად 27 % -იან ნიშნულს მოიცავდა, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. ხოლო, 2 ოქტომბრისთვის, პოლარიზაციის ყველაზე რადიკალურ პირობებშიც კი, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმათა მაქსიმალურმა რაოდენობამ მხოლოდ 30.68 % შეადგინა. ამ მოცემულობით კი, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ვერ პოზიციონირდა იმ პოლიტიკურ ძალად, რომელიც მმართველ პარტიას ხმათა 43 % ზე მეტის აღებას გაურთულებდა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობას შექმნიდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს ვეღარ ზრდის და მას მმართველი პარტიის არჩევნების გზით დამარცხება ამ ეტაპზე არ შეუძლია, მცირე პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლის ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მობილიზაცია პრობლემას წარმოადგენს.
იმ ფონზე, რომ ,,ქართული ოცნება“ უკვე ღიად აცხადებს უარს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე და საქართველოს ისედაც ხარვეზებით აღსავსე, არაკონსოლიდირებული დემოკრატია უფრო ჩიხში შეჰყავს, ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ალტერნატივის არ არსებობა, სავარაუდოა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს, რომ დააზიანოს შიდადემოკრატიული პროცესი და ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან.
ბრძოლა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დომეინისთვის
საქართველოს რეალობაში, პოლიტიკურ პოლარიზაცია უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს იმ მნიშვნელოვან გარემოებად, რომელიც პატარა პარტიების პოლიტიკაზე გავლენას ამცირებს. თუმცა, პოლიტიკური პოლარიზაცია არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც პროდასავლური, მცირე პარტიების ამომრჩევლის ისევ ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აკუმულირებას განაპირობებს და მათ უფუნქციოდ ტოვებს.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც იდეოლოგიური ჩარჩოები ბუნდოვანია, შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველი პოლიტიკურ პარტიებს ძირითადად პარტიული პოზიციების მიხედვით ასხვავებს. პარტიული პოზიციების შინაარსობრივი შეფასება კი, დაბალი პოლიტიკური კულტურის თუ სხვა ფაქტორების გამო, უფრო მეტად პარტიების წარმომადგენლების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული გზავნილებით ხდება, ვიდრე შესაბამისი პოლიტიკური პროგრამების მეშვეობით. ზოგადად, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ძირითად დაპირებებს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის შემცირება და ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მიუხედავად იმის, რომ პროდასავლური, მცირე პოლიტიკური პარტიების პროგრამული ხედვა ბევრ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, უკანასკნელ წლებში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, ძირითადად იდენტურ საკითხებზე აკეთებენ აქცენტს მედიასთან კომუნიკაციის დროს. ქვეყნის მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, პატარა პოლიტიკური პარტიების ამგვარი გადაწყვეტილება რაციონალური იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება – საარჩევნო ხმის მქონე მოქალაქეთა მონაწილეობა არჩევნებში არ იზრდება და ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მცირე პარტიების სამიზნე აუდიტორიას ოპოზიციური განწყობის მქონე ამომრჩევლის ერთი და იგივე სეგმენტი წარმოადგენს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი პარტიული პოზიციებით იმ დომეინში წარმატების მიღწევა, სადაც ,,ნაციონალურ მოძრაობას“ სტაბილურად მაღალი მხარდაჭერა აქვს, პატარა პარტიებისთვის განსაკუთრებით რთულია პოლარიზაციის პირობებში. როდესაც არჩევანი ოპოზიციურ და სახელისუფლებო კანდიდატამდე ვიწროვდება, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ პატარა პარტიებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, რადგან მას ამომრჩევლისთვის უკვე დამტკიცებული აქვს, რომ ქვეყნის წინსვლისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის მიღწევის თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, განსხვავებით მცირე პარტიებისგან, რომელთა უმრავლესობასაც ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს და ამ თვალსაზრისით, ამომრჩევლის თვალში ნაკლებად სანდო შეიძლება იყვნენ. მეორე მხრივ, კი როდესაც არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოლარიზაცია უფრო რადიკალურ სახეს იღებს, ამომრჩეველი სტრატეგიული ხმის მიცემის ლოგიკით მოქმედებს და მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არა მარტო ახლოსაა მის შეხედულებებთან, არამედ რომელსაც არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი აქვს.
რამდენად დაინახა ამომრჩეველმა განსხვავება პატარა პარტიებსა და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის 2021 წლის არჩევნებზე?
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე, პატარა პარტიების ამომრჩეველთან კომუნიკაციის ფორმა არ განსხვავდებოდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დისკურსისგან. პატარა პარტიებიც, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხაზს უსვამდნენ ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობასა და მთავრობის გადაყენების აუცილებლობას და არ უწარმოებიათ საგნობრივი და შინაარსობრივი დისკუსია, თუ რა დაპირებები და პროგრამები ჰქონდათ მათ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. უფრო მეტიც, უმეტესობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც კი არ გამოუქვეყნებია საარჩევნო პროგრამები. ეს გარემოება შეიძლება ჩაითვალოს პატარა პარტიების მნიშვნელოვან შეცდომად. მაშინ, როდესაც პოლარიზაციის პირობებში, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო, მხოლოდ ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობაზე გაეკეთებინა აქცენტი, რადგან მისმა ამომრჩეველმა უკვე იცის, თუ როგორ მოქმედებს ეს კონკრეტული პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მცირე პარტიებმა ამომრჩეველს არ მისცეს მათ გეგმებში, ღირებულებებში და შეხედულებებში ორიენტაციის საშუალება და შესაბამისად, დაკარგეს შესაძლებლობა, რომ ამომრჩეველს პატარა პარტიებსა და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შინაარსობრივი განსხვავება დაენახა.
ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც ოპოზიციური გამწყობის მქონე ამომრჩევლის მობილიზების ეფექტური საშუალება?
თბილისში მერობის საერთო კანდიდატის შესახებ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ზოგიერთი პატარა პარტიის მხრიდან დადებული შეთანხმება შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ ფაქტორად, რამაც 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე პატარა პარტიების ელექტორალური შედეგი უმნიშვნელო გახადა. პატარა პარტიების მხრიდან ,,ვიწროპარტიული ინტერესების გვერდზე გადადების“ სტრატეგიამ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მნიშვნელოვანი წარმატება ვერ მოუტანა, კერძოდ კი, ქვეყნის მასშტაბით მისი ტრადიციული ელექტორალური შედეგი მხოლოდ 4%-ით გაუმჯობესდა. სავარაუდოა, რომ პატარა პარტიების გადაწყვეტილებამ, პარტიულ ალიანსში შესულიყვნენ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“, მოქალაქეთა თვალში ტოლობის ნიშანი დასვა ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ პარტიებს შორის. იმ ამომრჩეველმა კი, რომლისთვისაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი პრინციპულად მიუღებელი იყო, მათ მიერ წარსულში მხარდაჭერილი, მცირე პარტიების სულისკვეთება საერთო ოპოზიციური მიზნის შესახებ არ გაიზიარეს. შეიძლება ითქვას, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში პატარა პარტიების ხმები დაიქსაქსა ერთი მხრივ, შეთანხმებულ კანდიდატისა და მეორე მხრივ, პატარა პარტიების ნაწილის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გამო.
რა შესაძლებლობები ჰქონდათ პატარა პარტიებს პოლარიზაციის კონტექსტში
2021 წლის 2 ოქტომბრის ,,რეფერენდუმისთვის“ პატარა პარტიებისთვის გარკვეულ პოზიტიურ გარემოს ქმნიდა ის მოცემულობა, რომ უკიდურესი პოლარიზაციის მიუხედავად, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება აღარ სურს და არც ,,ქართული ოცნება“ მიაჩნიათ თავიანთი შეხედულებების მხარდამჭერად. კერძოდ, სხვადასხვა წლებში ამომრჩეველთა არჩევნებზე აქტიურობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ელექტორატის მხოლოდ ნახევარი იღებს გადაწყვეტილებას ძირითადად დომინანტი პარტიების სასარგებლოდ, ხოლო საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა მეორე ნახევარი არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობს.
თუმცა, ამ მოცემულობის მიუხედავად, მცირე პარტიებს გაუჭირდათ იმის იდენტიფიცირება, რომ ქვეყანაში არსებობს ელექტორატის მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც პოლარიზებული პოლიტიკური დღის წესრიგისგან განსხვავებული ფასეულობები და საჭიროებები აქვს. მცირე პოლიტიკური პარტიებს შეეძლოთ, ქცეულიყვნენ ამ პოტენციური ამომრჩევლების წარმომადგენლად, თუ მათი საჭიროებების შესაბამის პარტიულ ნიშას დაიკავებდნენ და საჯარო სივრცეში გააქტიურებდნენ დისკუსიას ფრუსტრირებული მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომლებიც, შეიძლება, ოფიციალურად ეწეროთ პოლიტიკური პროგრამებში, მაგრამ ამაზე მსჯელობა პროფესიული წრეების მიღმა არ მიდის.
თუმცა, ისევ პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებში, სავარაუდოდ, მცირე პარტიები მხოლოდ გრძელვადიანი და თანამიმდევრული სტრატეგიის მეშვეობით შეძლებდნენ ამომრჩეველთა განხილული სეგმენტის მიმხრობას. ამავდროულად, პატარა პარტიების მიერ სტაბილურად კონკრეტული პოზიციური ნიშით პოზიციონირება, უფრო გაუადვილებდა არჩევანს იმ ოპოზიციური განწყობის ამომრჩეველსაც, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ არის და მორალური დილემის გამო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევნებში ან არ მიიღო მონაწილეობა, ან ,,ნაციონალურ მოძრაობასა“ და მცირე პარტიების პოზიციებს შორის ნიშანდობლივი განსხვავების არ არსებობის გამო, ისევ ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
დასკვნა
არსებულ დისკუსიაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში, პოლიტიკური პოლარიზაცია არ იყო ის მთავარი ფაქტორი, რამაც ოპოზიციური განწყობის ამომრჩევლის ხმათა უმეტესობის ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მობილიზაცია განაპირობა. არამედ ის ფაქტი, რომ პატარა პარტიები თავიანთივე გადაწყვეტილებით დარჩნენ ელექტორატის იმ დომეინზე, რომელზეც პოლარიზაცია მოქმედებს და მათ არ ჰქონდათ სტრატეგია, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის დღის წესრიგიდან განსხვავებული პრეფერენციების მქონე ამომრჩევლის ყურადღება მიეპყროთ.
მოკლევადიან პერსპექტივაში, მათი ეს გადაწყვეტილება დესტრუქციულად შეიძლება ჩაითვალოს საერთო ოპოზიციური მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, რადგან მათ ვერც ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდა შეძლეს და ვერც დამოუკიდებლად შეიტანეს კონტრიბუცია 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში. ასევე, პატარა პარტიების მიერ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მონოპოლიზებულ პოლიტიკურ ველზე დარჩენა შეიძლება დამაზიანებლად ჩაითვალოს გრძელვადიან პერსპექტივაშიც.
,,ნაციონალური მოძრაობისგან“ მკაფიოდ გამიჯნული პარტიული პოზიციებისა და სამოქმედო სტრატეგიის გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მცირე პარტიები ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშეებად პოზიციონირდნენ, რომლებიც ოპოზიციურ სპექტრში ,,მონოპოლისტი“ პარტიის სერიოზულ ალტერნატივას შექმნიან და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის ტრადიციულ საშიშროებას შეამცირებენ. მდგრადი მრავალპარტიული სისტემის არ არსებობა კი, დემოკრატიის უკუსვლის და დასავლელ პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, ვერ იძლევა დამაიმედებელ სიგნალს ქვეყნის სტაბილურობისა და შემდგომი განვითარებისთვის.
სტატია მომზადებულია თეონა ზურაბაშვილის მიერ, პოლიტიკის ანალიტიკოსი , “საქართველოს პოლიტიკის ინსტი