ლიტერატურული პრემია „საბა“ მესამე ათწლეულში გადასაბიჯებლად ემზადება. 21-ე „საბას“ აღსანიშნავად პრემიის საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა, მკითხველები ლიტერატურული დღესასწაულის თანამონაწილეებად ექცია და მათ განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა.
„საბა“ 2023-ს ახალი ნომინაცია – „მკითხველის საბა“ დაემატა. მის მფლობელს მკითხველთა ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. ჟიური იმ ადამიანებისგან დაკომპლექტდება, რომლებმაც აპლიკაცია SABA Reader-ში ყველაზე მეტი დრო დაუთმეს კითხვას, ისინი გამარჯვებულს „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში გამოავლენენ.
შერჩევის პროცესი 8 მაისიდან აიღებს სტარტს. ყველაზე აქტიური მკითხველების სტატისტიკა აპლიკაცია SABA Reader-ში „მკითხველის საბას“ გვერდზე მოიყრის თავს. „მკითხველის საბას“ ჟიურის 5 წევრის ვინაობას 9 აგვისტოს გავიგებთ. ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად, „საბას“ ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები. მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, „საბა 2023-ის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს.
„პუბლიკა“ „საბას“ დირექტორს, ირინა ჯავახაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ვინაიდან მკითხველის როლი მნიშვნელოვანია ლიტერატურული პროცესების განვითარებაში, წელს გადაწყვიტეს მათთვის ძალიან საპასუხისმგებლო მისია მიენდოთ, რაც ბუნებრივია, მკითხველისთვის დიდი შესაძლებლობა და მოტივაციაა.
როგორც ჯავახაძე გვიხსნის, მკითხველის ჟიურის ვინაობა არ იქნება ანონიმური და ისინი ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“ მოკლე სიიდან შეარჩევენ გამარჯვებულს. ამის პარალელურად, „საბას“ ჟიური, რომელიც ტრადიციულად მწერლებისა და ლიტერატორებისგან შედგება, გამოავლენს გამარჯვებულებს ყველა ნომინაციაში, მათ შორის დებიუტის ნომინაციაშიც.
კითხვაზე – ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში მკითხველის გამოჩენა რაიმე საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება, თუ თავიდან ბოლომდე მათი იდეა იყო, – ჯავახაძე გვპასუხობს, რომ დაახლოებით მსგავსი გამოცდილება შეიძლება არსებობდეს, „მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ჟიურის წევრობის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ აპლიკაცია SABA Reader-ის მომხმარებლებს. ცოტა ხნის წინ საბას აპლიკაციაში ახალი ფუნქცია – „TOP 10 ყველაზე აქტიური მკითხველი“ შეიქმნა და ჩვენს ტექნიკურ გუნდს შეუძლია დაინახოს, რა დროს უთმობენ მომხმარებლები წიგნების კითხვასა და მოსმენას. ამას დაემატა ახალი განყოფილება „მკითხველის საბა“, სადაც თავს მოიყრის თითოეული მკითხველის სტატისტიკა, რომლებიც აპში 8 მაისიდან 9 აგვისტომდე წაიკითხავენ და მოუსმენენ წიგნებს. სწორედ ამ ფუნქციის დახმარებით გამოვავლენთ 5 ყველაზე აქტიურ მკითხველს. ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროცესებს, ჯერჯერობით ქალები უფრო აქტიურობენ.“
მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მკითხველის ჟიურიში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ლიტერატორები, მწერლები, საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლები და ნომინაცია „საუკეთესო დებიუტის“ ნომინანტების ოჯახის წევრები.
შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.