დღეს, ისტორიაში შემოვარდნილი კათარსისის შემდეგ (უკვე წამომცდა “შემდეგ”) – მას შემდეგ, რაც რუსეთმა უტყუარად მამტკიცებელი ქმედებებით თავისი ჯალათის ცნობიერება სრულიად გამოამჟღავნა, ჩვენთვის, გადამწყვეტი ერთი რამეა მხოლოდ: – ჩვენი, ქართველების სრული გაერთიანება ერთ ვექტორში – ძლიერი, ერთიანი სულისკვეთება მიმართული დასავლეთზე! ჰუმანურ ღირებულებებზე!
ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი, ნ ი შ ა ს თავად გამოძებნის ჩვენთვის! (ნატო იქნება თუ სხვა რამე.) და ახლა, თუ ამ ომმაც არ გამოაფხიზლა ქართველები და ისევ მათხოვარი/კუდის მჭერლების როლში ჩადგნენ, დასავლეთისთვის უცხადესი გახდება, რომ ჩვენ არა თუ არა ვართ მზად, არამედ ჩვენ უბრალოდ არ ვვარგივართ და ჩვენი პრიმიტიული შეხედულებები არანაირად არ შეესაბამება იმას რითაც ხდება დღეს ამოვსება ისეთი აღმნიშვნელების როგორიცაა: თავისუფლება, ჰუმანიზმი, თანაზიარება, ტოლერანტობა.
ჩვენ უბრალოდ არ გვესმის, თუ რით ტვირთავს ამ ცნებებს დღეს თანამედროვე ადამიანი. რახან ჩვენს სულიერებაში თავისუფლების იდეა უბრალოდ არ არის დაბადებული იმ სახით რომლითაც ის მომავალს აშენებს!
და ეს ნამდვილად ასეა! თავისუფლება, უფლებები ჩვენთვის – იარაღის ტარება, პლანის, სიგარეტის ან კიდევ რაიმეს მოწევაა, ასევე უთავბოლო “თვითგამოხატვის” ყაყანია (ასევე: მე-18-ე საუკუნის თრიაქი, ხმალი, ჩემი ეზოს დაცვა და ა.შ. კვლავაც აქტუალურია) – არავინ ზრუნავს საკუთარი თავის აღმოჩენაზე და მერე გაღრმავება/განვითარებაზე.
თავისუფლება ქართულად: „მე ვარ და მე მინდა“! და არა – „შეგნება არის ჩემი თავისუფლება“! ამ პრიმიტიული „მე მინდადან“ წამოსულ სურვილთა რიგი დისკრედიტაციას უკეთებს ჩვენში ყველა ზემოთნახსენებ ცნება/ღირებულებებს – აფუჭებს, აკნინებს მათ და დასავლური „თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა“ ასეთ სიმწირედ აღიქმება.
დღეს, როგორც ბევრჯერ დამიწერია, ყველა სერიოზული ომი ლინგვისტურია — ანუ, ან ცნებების კლასიკური გაგებები შენარჩუნდება, ან ცნებების რეკონცეფტუალიზაცია მოხდება! ეს ღირებულებრივი ომებია და(!) კიდევ ერთხელ: არავის გეგონოთ, რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ტოლერანტობა დღეს ისე იტვირთება შინაარსებით როგორც ვთქვათ ფრანგული რევოლუციის დროს. არა! და ამის გააზრება – ინტუიციის ხარჯზეც კი, უკვე დღევანდელი დღის და მომავლის ვექტორის ძიება და პოვნაა.
ეს ის ერთადერთია რაც გამართავს საქართველოს.
ზელენსკი მაგარ პოპულისტურ (კარგი გაგებით) მოტო/სლოგანებს ჩითავს – ამერიკის სენატს ასე განუცხადა: “მე მინდა ბატონი ბაიდენი იყოს მსოფლიოს ლიდერი, რაც დღეს მშვიდობის ლიდერს ნიშნავს”!
ამ გამონათქვამს ახლა გაუთავებლად იმეორებენ მედიის ყველა საშუალებით! რატომ? თავადაც არ იციან, ისე, უბრალოდ მოსწონთ, დაცულად გრძნობს ყველა თავს. არადა ვისაც ესმის, ეს დიდად ნანატრი და ფეხშემოდგმული მომავალია და ახლავე გეტყვით რატომ: უამრავჯერ დავწერე 7 წლის განმავლობაში (ანუ მას შემდეგ რაც საქართველოში პუბლიცისტური ტექსტების წერა ჩავთვალე საჭიროდ): მორჩა “საქმენი საგმირონი…”-ს დრო! ლომების, ყვერებიანი ბიჭების, არწივის მზერის და ა.შ. გათავდა! მორჩა ნესტან-დარეჯანის განთავისუფლების გმირობა ქაჯებისგან! და იცით რატომ? იმიტომ, რომ – ყველას თავისი ნესტან დარეჯანი აღმოაჩნდა და ყველა თავის ნესტან-დარეჯანისთვის იბრძვის თურმე და ათავისუფლებს! ანუ პუტინსაც თავისი ნესტანი ჰყავს ცნობიერებაში ომს რომ იწყებს და ექსტრემისტსაც, ბომბს რომ აფეთქებს და… ავტომატიან თინეიჯერსაც „მასაკას“ რომ აწყობს სკოლაში! – ანუ ნესტან-დარეჯანი (ჭეშმარიტება, მაღალი და კეთილშობილებით სავსე მიზანი) ჰიტლერის მიჯნურიც არის და სტალინისაც! აი ასეთი მეძავია ეს პატრონ მოშლილი ნესტან-დარეჯანი თურმე!
ფილოსოფიაში ამ მეძავებს “გრანდნარატივების“ გამომუშავებულ იდეალს ეძახიან და მაგ ნესტანმა მოიტანა სწორედ აურაცხელი უბედურება სამყაროში! ამიტომაც მოაზროვნე ადამიანები მიხვდნენ – „საქმენი საგმირონი“ მორალურად ჩასვრილი მოწოდებაა და სრულიად განსხვავებული განყენებული ცნობიერებაა საჭირო კაცობრიობისთვის რომელსაც ექნება შანსი სამყაროში შემოქმედება და სიმშვიდის მგზნებარება მოიტანოს და არა ალექსანდრე მაკედონელის პარანოიული სიშმაგის ვნება „საქმეთა საგმიროთა“… ისე რასაც პუტინი აკეთებს – „ლომგულად“ იღვწის თავისი ერის და თავისი სახელის განსადიდებლად არამარტო ანაქრონიზმია, არამედ დღევანდელობაში ასეთი მწვერვალებისთვის ბრძოლა ნამდვილი კრიმინალია.
ამ იდეოლოგიის და ასეთი ამბიციის კრიმინალური ბუნება დღევანდელობაში უპირველესად ვასაძეს, გედევანიშვილს, ბრეგაძეს და “მუტრუკების” მთელ კლანს უნდა შეაგნებინონ… ვინ შეაგნებინოს? ქალებმა! – როგორ? ქალებმა უნდა გააცნობიერონ და შეიზიზღონ ეს ცნობიერება და არათუ ბავშვები არ დაზარდონ ასეთი ცნობიერების მოდუსში, არამედ ეს დრომოჭმულ კაცთა მოდგმა მამრად საერთოდ აღარ დაინახონ, როგორც მაიმუნს ვერ ხედავენ მამრად რახან მასაც ჰკიდია ფეხებს შორის რაღაც.
მხოლოდ ამ გზით გაიწმინდება საქართველო მუტრუკებისგან. ასე გადაარჩენთ თქვენს შვილებს ასევე ქუჩის გავლენისგან – სადაც იგივე “საქმენი საგმირონის” იდეაა რაც ატერორებს ქუჩას! და ის, რაც საბოლოოდ უნდა მოხდეს არის ერთი რამ — ქართველმა ბოლოს და ბოლოს უნდა შეძლოს და დაიწყოს მომავლის ადამიანის ფსიქოლოგიის წარმოდგენა, გააზრება, მასზე ოცნება და მისი განხორციელება. არ გაზარდოთ ბავშვები გიორგი სააკაძის და ამგვარი ხმალ-ფარიანი გმირების მაგალითზე. ნუ გაუჩანაგებთ ბავშვების მომავალს!
ყველა რუსს ვინც კი მთავრობაში მოდის, იმპერიული ხატ-სახეები უფრიალებს თვალწინ, ეს არის მისთვის წარმატებული მმართველის იდეალი. დღეს კი წარმატებული მმართველი ადამიანებისთვის უალტერნატივო მშვიდობის მომპოვებელი, შემოქმედებითი იდეალების დამამკვიდრებელი და სულიერი სიმშვიდის მომტანი ადამიანია! კი, გარშემო ჯერ კიდევ ბრძოლის და მტკიცების ეპოქაა და ჩვენ გვიწევს ბრძოლაც და მტკიცებაც, მაგრამ ეს სიამაყის და გამარჯვების ცნობიერებით კი არ უნდა ვაკეთოთ, არამედ ვალდებულების სისავსით, სწორედ მომავლის ადამიანის შექმნისთვის, ვინც სრულფასოვნად ჩაანაცვლებს ადამიან – დამპყრობს, ადამიან-შთამნთქმელს, „საგმირო საქმეთა“ ადამიანს და მის განმადიდებლებს! …
ჩემი შვილი ანნა და მისი ბოიფრენდი, ბერლინში, რაღაც VR ნამუშევარზე მუშაობდნენ დაჩქარებული ტემპით და ორი სულ ახალგაზრდა მოჰიპსტერო პროგრამისტის დახმარება დასჭირდათ.
ანნა მიყვება: „სამი დღე 6-7 საათი ვიმუშავეთ. მე და ფლორიანი შემოქმედებით მხარეს ვაკონტროლებდით, პროგრამისტი ბიჭები კი ალგორითმზე და ტექნიკურ მხარეზე მუშაობდნენ. დიდი დაძაბულობა იდგა, ათას ერთ ვარიანტს ვსინჯავდით და დროის და ნერვების წამღებ/გამაწვალებელი მუშაობის შემდეგ ყოველ ჯერზე პროგრამა გვაჩვენებდა — failure (წარუმატებლობა)!
მე და ფლორიანს ნერვები დაგვეძენძა. ამ სიტყვის ყოველ დანახვაზე სასოწარკვეთილება გვეუფლებოდა, რაც ნერვიულ ჟესტიკულაციაში, ოხვრებში, შეძახილებში და წიკებში იჩენდა თავს. ეს ორი ახალგაზრდა ბიჭი კი ყოველი failure-ს შემდეგ სრულიად უდრტვინველად იწყებდნენ მთელ საქმეს თავიდან, სანამ საბოლოოდ არ გაასრულეს ის რაც დასახული გვქონდა. მივხვდით: ეს სხვა ხალხია, ჩვენგან ხარისხობრივად განსხვავებული.“
– კი სხვა ცნობიერება უკვე შემოვიდა და აქ არის! ჩვენც უნდა მივხვდეთ, დღეს გიორგი სააკაძეები, ერეკლე მეფეები, ძენის ბერები და ჰერმიტები – ეს ბიჭები არიან, რომლებიც წარმატების და წარუმატებლობის მ ი ღ მ ა ონტოლოგიური ხარისხის დინამიკაში ქმედებენ და იმყოფებიან, რადგან უშუალოდ არიან ჩაზრდილ/ჩაქსოვილი ბინარულობის მიღმა — ყოფიერების დ ი ნ ე ბ ა შ ი. გამოყოფილი ეგო-ინდივიდის „საქმენი საგმირონი“ ასეთ ახალგაზრდებში ზოოპარკის მონახულების ეფექტს იწვევს – მხეც/ნადირს რომ ხედავ ჩაკეტილს თავისი ეგოს განდიდების გალიაში დამწყვდეულს და ეს ნადირი უფრო და უფრო ხელდება და წრეზე ბორიალობს.
ეს ახალი ადამიანები ასეთ სურათს სიუცხოვის და ემპათია მოკლებული უდრტვინველობის მზერით შეჰყურებენ, რადგან ის რაც წარსულია ის არც არსებობს – ზომბია, მოსიარულე ცხედარი, რანაირადაც არ უნდა ზემოქმედებდეს კვლავაც სამყაროზე დღეს (პუტინივით)! ეს ორი მოჰიპსტერო პროგრამისტი ბიჭი მომავლის ადამიანის ათინათია, რომელიც უნდა დავინახოთ, დავაფასოთ და შევიყვაროთ. თავს მათ ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ – მაგრამ ჩვენი პატივისცემა ამ მომავლის ათინათის მიმართ იმ შანსს მაინც გაგვიჩენს, რომ ჩვენს შვილებს ხელი არ შევუშალოთ ახალ, ჩვენგან ხარისხობრივად განსხვავებულ ადამიანებად იცხოვრონ და აცხოვრონ სამყარო.