„საბოლოოდ, ქალაქმა დაკარგა ტერიტორია, ოქროს ფასი ტერიტორია. ოქროს ფასი აქვს მას ქალაქისთვის“, – ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი.
„ოქროს უბნის“ ერთი კვარტალი სახელმწიფომ გაყიდა. ეს არის ტერიტორია ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, ნინოშვილის ქუჩასა და კონსტიტუციის ქუჩის მიმდებარედ. წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა ქალამგეგმარებლებთან ერთად ამ სივრცეში პარკის მოწყობას ითხოვდა. არაერთხელ მისწერეს დედაქალაქის მერიას, საკრებულოს, შეაგროვეს ხელმოწერები, გამართეს აქციები, დაგეგმეს სხვადასხვა აქტივობა, რათა ქალაქის ხელისუფლებისთვის ხმა მიეწვდინათდა ეთქვათ, რომ მწვანე სივრცე სჭირდებოდათ.
ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე სხვა ქალაქმგეგმარებლებთან ერთად 2017 წლიდან მუშაობდა ამ უბნის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტზე. ეს იყო პროექტი, რომელიც განსაზღვრავდა, როგორ განვითარებულიყო სივრცე იმგვარად, რომ მას შეეთვისებინა საზოგადოებრივი-საქალაქო ადგილის, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის, დასასვენებელი და სპორტული აქტივობების როლი.
პროექტის მოსახლეობის გამოკითხვასაც გულისხმობდა. ჩატარდა ინტერვიუები და როგორც ზურაბ ბაქრაძე ამბობს, მოსახლეობის თითქმის 100% აცხადებდა, რომ მათ სჭირდებოდათ პარკი.
„ქალაგეგმარების რეალურმა ლაბორატორიამ“ განახორციელა ეს სასწავლო პროექტი. ჩვენ შევთავაზეთ ქალაქის მმართველობას ამ 4 კვარტლის, რომელიც 10 ჰექტარია, შენარჩუნებადი/განახლების პროექტი, როგორც საქალაქო ღონისძიება. ეს არის გამოსავალი ამ ჩიხიდან, რომელიც ამ ქალაქშია, ქალაქის მმართველობა ხედავს, რომ ეს გზაა მოსანახი და ეს ძნელია. რადგან ინვესტორი და მოსახლე მარტივად ვერ მორიგდება. მთელი პროგრამა შევადგინეთ, გავაკეთეთ განაშენიანების გეგმა, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს ინვესტორებისა და ქალაქის მმართველობის მონაწილეობით“, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.
როგორც ბაქრაძე გვიყვება, მწვანე საჯარო სივრცისთვის „ოქროს უბნელების“ ბრძოლა ქალაქმგეგმარებლების პროექტში ჩართვამდე დაიწყო. ისინი სწერდნენ და სთოხვდნენ ქალაქის მერიას, რომ ოქროს უბანში პარკი სჭირდებოდათ.
შემდეგ, თბილისის მერიამ შექმნა პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც პროექტზე მომუშავე ჯგუფმა ატვირთა პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერები შეგროვდა, თბილისის მერიამ პროექტი არ განიხილა.
„პლატფორმაზე ავტვირთეთ, იმისთვის, რომ არამარტო იმ უბნელებს, არამედ მთელ ქალაქს გამოეთქვა აზრი იქ გამწვანების აუცილებლობის შესახებ… თავისივე დათქმული წესი დაარღვიეს და განუხილველი დატოვეს“, – ამბობს ის.
რამდენიმე თვის წინ მუნიციპალიტეტმა ტერიტორია სახელმწიფოს გადასცა. მას უკვე ეკონომიკის სამინისტრო განკარგავდა. ზურაბ ბაქრაძე ფიქრობს, რომ ამით თბილისის მერიამ პრობლემა თავიდან მოიცილა და არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება ეკონომიკის სამინისტროს მიანდო.
ამჯერად წერილი თავისი ხელმოწერებით ეკონომიკის სამინისტროში გაიგზავნა. ისინი კვლავ მწვანე სივრცეს ითხოვდნენ. ბაქრაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ მათი წერილი უპასუხოდ დატოვა.
დეკემბრის შუა რიცხვებში ოქროს უბნის ერთი კვარტალი, 15913 კვ.მ სიმბოლურად ფასად, 1 ლარად გაიყიდა. ის არც მუნიციპალიტეტს და არც სახელმწიფოს აღარ ეკუთვნის. მისი მფლობელი შპს „სითი ლოფტია“, რომელიც თემურ უგულავას ეკუთვნის. თემურ უგულავა ბიზნესმენია, რომელიც ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში; ფლობს სასტუმროებს, რესტორნებსა და კულტურული დანიშნულების სივრცეებს (ფაბრიკა). ის ასევე ფლობს შპს „აჭარის“ 50%-ს.
როგორც „პუბლიკას“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მიწის ერთ ლარად გადმოცემის სანაცვლოდ, ინვესტორმა ვალდებულება აიღო, ერთი მხრივ, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების – 18,700,000 ლარის ოდენობით თანხის გადახდაზე (მერიის პროგრამა), ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა განსახლებისთვის 1,300,000 ლარის მერიის ანგარიშზე გადარიცხვაზე.
„კომპანია გეგმავს აღნიშნულ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობასა და სარეკრეაციო არეალის შექმნას (სავაჭრო ობიექტი, რეკრეაციული კუთხე, კვების ობიექტი და ა.შ.). დღეს ფაქტობრივად აღნიშნული ტერიტორია აღარ წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს (თუმცა ფორმალურად ეს სტატუსი შერჩა, რაც არ კრძალავს პრივატიზაციას)“, – განუცხადეს „პუბლიკას“ სასგენტოში.
„საქმე ის გახლავთ, რომ ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ყოფილი პურის ქარხანა თემურ უგულავამ იყიდა, ისევე, როგორც თავის დროზე – „ფაბრიკა“. პურის ქარხნის გადაღმა, მეორე მხარეს არის ეს ტერიტორია, რომელზეც ვლაპარაკობთ. ახლა უგულავას საკუთრება გაფართოვდა. ის პურის ქარხანაში იმ ესკიზის მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა, აკეთებს ღამის კლუბს, კულტურულ დაწესებულებებს, რესტორნებს და ა.შ. ჩვენ ამას ვიღებდით, როგორც მოცემულობას და მიგვაჩნდა, რომ მის მეორე მხარეს უნდა ყოფილიყო საქალაქო პარკი“, – ამბობს ბაქრაძე.
მისი თქმით, პარკი, როგორც საზოგადოებრივი სივრცე, ყველასთვის იქნებოდა და შესაძლებელი გახდებოდა კერძო და საქალაქო ტერიტორიის თანამშრომლობა. ის ამოავსებდა იმ უფსკრულს, რომელიც ადგილობრივებსა და ამ სივრცეებით მოსარგებლეებს შორის არის. ახლა კი ეს ნაპრალი კიდევ უფრო გაიზრდება და „ამ უბანში კიდევ ერთი უცხო სხეული გაჩნდება“.
ფიქრობს, რომ „ოქროს უბნის“ გაყიდვის გადაწყვეტილება კიდევ ერთი ანტისოციალური ნაბიჯი და იმის დემონსტრაცია იყო, რომ პოლიტიკური ელიტა ეკონომიკურ ელიტას ემსახურება და ხშირად ისინი ერთმანეთში შეზრდილნი არიან.
„თბილისის მერი, კახა კალაძე ისევე არის ეკონომიკური ელიტის წარმომადგენელი, როგორც პოლიტიკური ელიტის“, – თქვა მან.
ის ამბობს, რომ ემოციურად ეს გადაწყვეტილება მისთვის მძიმე აღმოჩნდა. წყალში ჩაიყარა წლების შრომა, მთელი უბნის განვითარების გეგმა.
„ეს იყო სრული ფრუსტრაცია. ძალიან რთულია, ამდენი წელია ვშრომობდით, ამ ხალხის გვერდით ვიდექით. ასე ერთი-ორმა ძალაუფლების მქონე კაცმა ამდენი ადამიანის სურვილი და ამდენი ადამიანის გაჭირვება უგულებელყო. თქვენ რომ იცოდეთ, როგორ უჭირთ ხალხს ამ უბანში. ყველაფერი ამისთვის გავაკეთეთ ეს, რომ ამ ხალხს ამოესუნთქა“, – ამბობს ის.