ელენე ქაიხოსროშვილისა და ესმა იმერლიშვილის პოდკასტი:
წინა პოდკასტებში ვრცლად ვისაუბრეთ იმ გავლენებზე, რაც პანდემიას აქვს ქალების ცხოვრების ხარისხზე. ამ პოდკასტში გვინდა, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული იმ ქალების ხმა მოვიტანოთ თქვენამდე, რომლებიც მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულთა 70%-ს ქალები წარმოადგენენ. მათი უმრავლესობა დაკისრებულ პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, საოჯახო არაანაზღაურებადი საშინაო საქმის შესრულებით არის დაკავებული. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალებსა და კაცებს შორის შრომის ანაზღაურების სხვაობა მსოფლიოში დაახლოებით 11%-ს შეადგენს. ანაზღაურებებს შორის სხვაობა ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დიდია. გაეროს სპეციალური ანგარიშის თანახმად, თვიური ხელფასის მიხედვით, გენდერული სახელფასო სხვაობა საქართველოში 2017 წელს 37,2 %-ს შეადგენდა.
სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ქალებსა და კაცებს შორის არსებული უთანასწორობა უფრო შესამჩნევი და დამაზიანებელი სწორედ პანდემიების დროს გახდა. დღეს საერთაშორისო პოლიტიკის დოკუმენტები ცალსახად აღიარებს, რომ სამედიცინო სექტორში აუცილებელია დასაქმებულთა უფლებების დაცვის საქმეში გენდერული საკითხების წინ წამოწევა. მიმდინარე პანდემიამ აჩვენა, რომ გენდერულად არასენსიტიურმა ჯანდაცვის სისტემებმა ვერ უზრუნველყვეს სამედიცინო სფეროში მომუშავე, ბრძოლის პირველ ხაზზე მყოფი ქალების პირადი დაცვისა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფაც კი.
სამწუხაროდ, ამ ქალების, ისევე როგორც ბევრი სხვა ქალის შრომა, ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება.
ამიტომ, პოდკასტის მომზადებისას, დავუკავშირდით საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელ რამდენიმე ქალს. ისინი სხვადასხვა სახის საქმიანობას ეწევიან და ყველა მათგანს უშუალო შეხება აქვს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. ჩვენთვის საინტერესო იყო, მათი სუბიექტური მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ის განცდები, რომელიც საქმიანობიდან გამომდინარე გახდა მათი ცხოვრების ნაწილი პანდემიის პირობებში.
რესპონდენტებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მათი ცხოვრება სრულად მოიცვა პანდემიამ. ამ მოვლენამ დღის წესრიგი შეუცვალა, როგორც პროფესიულ საქმიანობას, ასევე, პირად ცხოვრებას. მათი უპირველესი საზრუნავი, გახდა გარშემო მყოფი ადამიანების უსაფრთხოება. მომეტებული პასუხისმგბელობა და შიში ვრცელდება, როგორც მათ პაციენტებზე, ასევე, ახლობელ ადამიანებზე. ისინი მიიჩნევენ, რომ საფრთხეს წარმოადგენენ გარშემომყოფებისთვის, რადგან უშუალო შეხება აქვთ ინფიცირებულებთან და შესაბამისად, მაღალია მათი დაინფიცირების რისკიც. ასევე, მომეტებული პასუხისმგბელობისა და შფოთვის წყაროა ის გარემოება, რომ პანდემიის გამომწვევ დაავადებასთან გასამკლავებელ ხერხებთან დაკავშირებული ცოდნა ჯერჯერობით არ არსებობს და ექიმები მუშაობის პარალელურად ქმნიან ამ ცოდნას. ამიტომ, ისინი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ, როგორც პაციენტის, ასევე მთლიანად, საზოგადოების წინაშე.
აღსანიშნავია ისიც, რომ შფოთვასა და პასუხისმგებლობებთან ერთად, რესპონდენტები აღნიშნავდნენ ამ პროცესებში ჩართვისადმი განსაკუთრებულ პროფესიულ ინტერესს. ხშირად, სწორედ ეს ინტერესი აძლიერებს და აძლევს მათ პროფესიული საქმიანობის გაგრძელების უდიდეს მოტივაციას.
მათი თქმით, სტრესი ნაკლებად არის დაკავშირებული უშუალოდ შრომის მომატებულ მოცულობასთან; ისინი ამბობენ, რომ შფოთვის წყარო, უმეტესწილად მომეტებული მარტოობაა, რაც სხვა ადამიანებისადმი განსაკუთრებული მზურნველობითა და პასუხისმგებლობით არის განპირობებული. მათ მაქსიმალურად აქვთ შემცირებული კონტაქტი გარშემომყოფებთან: ხშირად უწევთ იზოლაციის განსაკუთრებული წესების დაცვა, რაც განაპირობებს ოჯახის წევრებისგან მათ განცალკევებით ცხოვრების საჭიროებას; გამონთავისუფლებულ მცირედ დროსაც კი, მათ შორის, შვებულებას მარტო ატარებენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ მათთვის რთულია ასეთ რეჟიმში მუშაობა და გაუჭირდებათ იგივე რეჟიმში კიდევ დიდხანს მუშაობის გაგრძელება. ასეთ ვითარებაში მათი გამაძლიერებელი ძირითადი ფაქტორი, საკუთარი პროფესიის დიდი სიყვარულია, რომელიც განპირობებულია პაციენტების დახმარების და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების სურვილიით. პროფესიისადმი მათი სიყვარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ასქეპტს პაციენტთან ურთიერთობა წარმოადგენს, რაც მათი თქმით, კოვიდ ინფიცირებულებთან კომუნიკაციის წესების დაცვის თანახმად, მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, რამაც მათთვის საყვარელი საქმის კეთება გაართულა.
მიუხედავად იმ პროფესიული ინტერესის დაკმაყოფილებისა, რასაც ისინი პანდემიის დროს განიცდიან, აღნიშნავენ, რომ ამ ვითარებაში მუშაობა ძალიან სტრესულია და თუ დიდხანს გაგრძელდა, ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ ამ ყველაფერთან გამკლავებას. მათი გაძლიერების ერთ-ერთ ფაქტორად, მეცნიერებისადმი ნდობას და იმის იმედს ასახელებენ რომ მალე შეიქმნება შესაბამისი ვაქცინა და სამკურნალო საშუალებები.
აქვე გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს რესპონდენტ ქალებს ჩვენთვის დათმობილი 10 წუთისთვის. ეს 10 წუთი ზოგმა მათგანმა ერთკვირიანი შვებულების დროს გამოგვიყო, რომელიც მათ ბოლო 7 თვის განმავლობაში 4 დღე-ღამიანი მორიგეობების რეჟიმით მუშაობის შემდეგ ძალების აღდგენაში უნდა დაეხმაროს და რომლებსაც, ისინი განმარტოებით ატარებენ სხვა ადამიანების უსაფრთხოების უზრუნვეყოფის მიზნით. ზოგმა მათგანმა, 10 წუთი ლაბორატორიაში მუშაობისას ცვლებს შორის გამოგვიყო. ზოგი მათგანი არ დაგვთანხმდა ინტერვიუზე იმ მიზეზით, რომ მათთვის ემოციურად ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის გავლენებზე საუბარი. ზოგი რესპონდენტი ცრემლების გარეშე ვერ პასუხობდა კითხვას, თუ რა აძლევთ მათ ძალას, გააგრძელონ მუშაობა იგივე რეჟიმში.
ჩვენ გვინდოდა, ამ ქალების ხმა მოგვეტანა თქვენამდე, რათა ცოტა უფრო მეტად ცხადი გამხდარიყო, როგორ ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომაზე დგას დღეს სტაბილურობა, რომ ეს რესურსი ამოწურვადია და სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. მხოლოდ ამით შევძლებთ მათი საქმიანობის დაფასებას და იმ უდიდესი შრომისთვის მადლიერების გამოხატვას, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანები, მთელი ამ დროის განმავლობაში, სწორედ, ჩვენი კეთილდღეობისთვის აკეთებენ.
პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.