14 ოქტომბრის მისტიკა და ადამიანობის ტრიუმფი

ნიკოლას გელოვანი

14 ოქტომბერი – ესაა დღე დარჩენილთა (ნარჩენთა) დასჯისა და გამქრალთა მოხსენიებისა, დარჩენილთათვის „დანაშაულის“ შეხსენებისა, მწარე სიმართლის პირში მიხლისა, უტყვი პროტესტისა, უხმო ამბოხისა. დარჩენილთა (ნარჩენთა) სამყარო სავსეა უპასუხო კითხვებით, სევდით, კაეშნით, თვითგვემით, აუხსნელი, მისტიკური მოვლენებით, პირველყოფილ სიველურესთან ზიარებული იმ ძაღლებით, ულმობლად რომ ხოცავენ. მთავარი გმირი, კევინ გარვი, ხშირად ხედავს ძაღლებსაც და ირემსაც. ამ ორ ცხოველს უდავოდ დიდი სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვა აქვს ამ სამყაროში. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ირემი და ძაღლი კევინის იდენტობის ერთგვარი სიმბოლოა.

ადამიანმა დაიმორჩილა ბუნების უძლეველი ძალა და სტიქიებიც კი მოთოკა, მაგრამ გზააბნეული ირმები დარბიან ამ ცივილიზებულ, მოთვინიერებულ-დაურვებულ, უსახური შენობებით გადავსებულ, ბეტონისა და აგურის ტყვეობაში სულდალეულ სამყაროში, რომელსაც, ერთი შეხედვით, აღარ შერჩენია იდუმალებისა და მისტიციზმის ნატამალი. გარვის სახლშიც შეიჭრნენ ცხოველები და ყველაფერი დალეწეს. ზოგიერთის აზრით, დარჩენილთა (ნარჩენთა) სამკვიდრო სავსეა სასოწარკვეთით, ზოგის ფიქრით – შვებანარევი სიხარულით; ზოგი მეორედ მოსვლასა და ქვეყნიერების დასასრულს ელის; ზოგი ღვთისმოსაობაში ჰპოვებს ნუგეშსა და შვებას; ზოგმა მძიმე ტვირთი მოიშორა; ზოგი მჩაგვრელისა და ტირანისაგან გათავისუფლდა; ზოგი თავსაც კი ვერ უტყდება, რომ უსაზღვროდ ბედნიერია ადამიანთა გაქრობის გამო.

ბევრი დარჩენილი (ნარჩენი) ხვდება ყოველივეს, მაგრამ ჯიუტად დუმს; დუმს და დადუმებულთა ურიცხვ ამალას უერთდება; დუმილის აღთქმას დებს.

დამნაშავე დარჩენილებმა იციან, რომ სხვა დარჩენილებს (ნარჩენებს) სურდათ გამქრალთა გაქრობა, გაუჩინარება, გადაკარგვა, სხვა სამყაროში გარდასვლა, შთანთქმა, წარხოცვა. უცნობია, რატომ ნატრობდა ყველა დარჩენილი მოყვასად შერაცხულის თავიდან მოშორებას, თუმცა ის კი ცხადზე უცხადესია, რომ მაყურებლისათვის კარგად ნაცნობ რამდენიმე პერსონაჟს მთელი გულით ეწადა მარწუხებისაგან თავის დახსნა.

გაქრნენ მხოლოდ ისინი, ვისი გაქრობაც წამიერად მაინც უნატრიათ. სწორედ ასე გაუჩინარდა ლორი გარვის მუცლადმყოფი ბავშვი, რომლის დაბადებაც არ სურდა კევინს; ასე გაქრა ის ქალიც, რომელთან ერთადაც წუთიერი ეროტიკული თავგადასავლით დატკბა გარვი სასტუმროს ნომერში; მის თვალწინ გაქრა, რადგან სინდისი ქენჯნიდა, ნანობდა თავის საქციელს და სურდა იმ წუთების ცხოვრებიდან ამოშლა; ასე გაქრა ნორას ქმარი და ორი შვილი; ასე გაქრა იმ უსახელო ქალის ჩვილი, პირველი ეპიზოდის პირველივე წუთებში რომ გამოჩნდა.

ყოველივე ეს იცის იმ ზემოხსენებულმა უსახელო ქალმა, სამრეცხაოდან ცალი ხელით რომ გამოიყვანა ეტლში მწოლი, აჩხავლებული ბავშვი; მისტიროდა თავის ოდინდელ ცხოვრებას და საყვედურებით ავსებდა შვილს – ახალგაზრდა რომ ვიყავი, შენ არ მყავდი, ბედნიერი, სისხლსავსე ცხოვრება მქონდა, ახლა კი სამრეცხაოებში დავრბივარ და ერთ აპარატში ვაგდებ ფულს, რათა მეორე აპარატში ჩასაგდები ბარათი მოვიპოვოო. აშკარად უბედური და უკმაყოფილო იყო თავისი აწმყოთი და მომავალშიც არაფერი ესახებოდა გულგასახარი. სამრეცხაოდან გამოვიდა თუ არა, გათავისუფლდა კიდეც – ჩვილი უკვალოდ გაქრა და მიწყდა მისი ტირილი.

ეს იცის ლორი გარვიმაც, 14 ოქტომბერს რომ ეახლა გინეკოლოგს და ცრემლმორეული თვალები მიაპყრო ეკრანს. გარკვევით გამოჩნდა მის საშვილოსნოში მოფუთფუთე არსება. თვალის დახამხამებაში გაუქრა ჩანასახი. შეწყდა ეკრანზე გამოსახული, ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის ფუთფუთი და სიცარიელემ დაისადგურა.

ეს იცის ნორამაც, რომელიც შინ იყო 14 ოქტომბერს. ბავშვების ყურთასმენისწამღები ჭყივილით გულგაწყალებული, ათქვეფილ კვერცხში ავლებდა პურის დიდრონ ნაჭრებს, გავეშებით ყრიდა ზეთიან ტაფაზე და თან ელოდა, რომ სამსახურიდან დაურეკავდნენ და მნიშვნელოვან ამბავს აცნობებდნენ. აი, გაისმა ნანატრი წკრიალიც. გახარებულმა ნორამ მიატოვა გავარვარებული ტაფა და შურდულივით გაექანა, მისმა შვილმა კი იყოჩაღა და ხილის წვენი გადაავლო ტელეფონის აპარატს. გაცეცხლებული, ყვირილ-ყვირილით გავარდა ნიჟარისაკენ, გალუმპული მობილურის გასამშრალებლად. იმედი ჰქონდა, ეს ზარი იხსნიდა მოსაწყენი და უფერული ყოველდღიურობის მარწუხებისაგან, შვილის სიტლანქემ და მოუქნელობამ კი ცივი წყალი გადაასხა და დაასამარა მისი იმედი. ყელში ჰქონდა ამოსული დიასახლისის ყოფა და კარიერულ წინსვლას ესწრაფოდა. ნორა მორჩა ტელეფონის გამშრალებას, პირი იბრუნა მაგიდისაკენ და… მისი ქმარ-შვილი აღარსად იყო. დარჩა მხოლოდ დაპირქვავებული ჭიქა და მაგიდიდან იატაკზე გადმოღვრილი ხილის წვენი. თითოეული წვეთი გულისგამაწვრილებელი სიზანტით ეცემოდა იატაკს.

მეტისმეტად მწარე აღმოჩნდა იმის გაცნობიერება, რატომ გაქრნენ მათი ახლობლები, ანუ ისინი, ვინც უპირობოდ უნდა ჰყვარებოდათ (საზოგადოებრივი აზრის, დაუწერელი მორალური კანონებისა და რელიგიური მოძღვრების თანახმად). თვითგვემას მიეცნენ ნორაც და ლორიც. ეს უკანასკნელი დაშორდა კევინს, კავშირი გაწყვიტა ოჯახთან, თეთრების სექტას შეუერთდა და საუკუნო მდუმარების აღთქმა დადო. სინდისის ქენჯნით გატანჯული ნორა ხშირად ისჯიდა თავს – ჯავშანჟილეტს იცვამდა, რევოლვერს აძლევდა დაქირავებულ მეძავს და სთხოვდა, ესროლა მისთვის. რამდენიმე წუთით გათიშვა იყო მისი მიზანი. რატომ? იქნებ სურდა, წამიერი ტკივილით გამოესყიდა „შეცოდება“ და ყველასათვის გასაკიცხი და დასაძრახი წადილი? იქნებ, იმიტომ სჩადიოდა ამას, რომ უნდოდა, ცოტა ხნით მაინც მოსწყდომოდა გარესამყაროს და აღარ ეფიქრა არაფერზე? იქნებ, თავის დასჯა იყო მისი მისწრაფება?

ამ მოვლენამ, რომელიც საყოველთაო უბედურებად შეირაცხა, შვება მოუტანა მრავალს, რადგან ადამიანებმა ისე მოიშორეს თავიდან ისინი, ვისი მოშორებაც სურდათ, თითის განძრევა არ დასჭირვებიათ.

ვინც იცის ეს საიდუმლო, დუმს. მათ „თეთრების სექტას“ უწოდებენ, „დამნაშავე დარჩენილთ“. გამუდმებით ეწევიან სიგარეტს, ხმას არ იღებენ და თუკი რაღაცის თქმა მოუნდებათ ერთმანეთისთვის, საგანგებოდ გამოყოფილ ფურცლებზე წერენ ყველაფერს. იციან, რომ არც გამქრალები არ არიან გმირები და არც დარჩენილნი. ორივე მხარეს იკვეთება წმინდად ადამიანურ გრძნობათა და სისუსტეთა უსასრულო წყება. არც ერთი არაა უცოდველი, უნაკლო და უხინჯო. ამიტომაც, სულ ტყუილად უწოდეს იმ ცერემონიას „გმირთა დღე“. გამქრალთაგან ვიღაც შვილს სცემდა, ვიღაც – ცოლს, ვიღაც – დას, ვიღაც ტირანად და დესპოტად ქცეულიყო მოყვასისასთვის.

დარჩენილებმა დაკარგეს მხოლოდ ახლობლები, ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები და ა.შ.. ერთი შეხედვით, პარადოქსულია, მაგრამ სწორედ მოყვასი ქცეულიყო მათთვის უმძიმეს ტვირთად.

„თეთრების“ სექტამ იცის, სიყალბეა ეს ცერემონია; ყალბია ქალაქის მერის მაღალფარდოვანი ლაყბობაც, გულისამაჩუყებელი სიტყვებიც, ხელისუფლების წარმომადგენელთა სევდიანი ხმაც, დარჩენილთა საჯარო მოთქმა-გოდებაც, ცრემლებიც… სიყალბის მწვერვალია ამ დღისათვის მიძღვნილი ქანდაკება, რომლის დედაშვილური სიყვარულის სიმბოლოდ წარმოჩენაც სურთ. ერთობ ყალბი ჩანს ეს სკულპტურა იმ ფონზე, რომ მრავალმა მოიწადინა შვილისა თუ მშობლის გაქრობა.

თეთრების სექტა სწორედ ამ „დანაშაულს“ ახსენებს მათ და არ აძლევს ცხოვრების გაგრძელების საშუალებას; ახსენებს ამ იდუმალ, გაუმხელელ სურვილს. ამ გაერთიანების წევრები აკვირდებიან დარჩენილთ, გულდასმით სწავლობენ მათ ფსიქოტიპებს. შიშებით, ტრავმებით, წარსულის აჩრდილებით, სინანულით, ტკივილით, საზარელი გრძნობებით, შინაგან სამყაროში ჩასახლებული დემონებით სავსე ამ ლაბირინთებსა და სულის შავბნელ კუნჭულებში მომწყვდეულნი, ხვდებიან, რომ დარჩენილთა (ნარჩენთა) მისწრაფებები, ლტოლვები და ვნებები თითქმის პირველყოფილური სიუხეშითა და სიველურით იჩენს თავს. მათი ქცევისა და ქმედების მიღმა იმალება კვანძი, რომლის წყალობითაც ისინი ამოხსნიან და შეიცნობენ მთავარ საიდუმლოს.

თეთრები ფიქრობენ, რომ ზნეობრივად ამაღლებულნი არიან და რეალობის მამხილებელთა მისია აკისრიათ. დარჩენილთა სახლებში შეიტანეს გამქრალთა ცვილის ფიგურები: ნორას ქმრისა და ბავშვებისა, ერთი მოხუცი ცოლ-ქმრის იმ შვილისა, დაუნის სინდრომი რომ ჰქონდა… შეახსენეს, რომ მათთვის ტვირთად ქცეულიყვნენ გაუჩინარებულნი.

დარჩენილებმა გააცნობიერეს ყველაფერი და განრისხდნენ; სასტიკად გაუსწორდნენ თეთრ სამოსში გამოწყობილ სექტას; უმოწყალოდ სცემეს, დაასისხლიანეს ყველანი; დაარბიეს და გადაწვეს მათი საცხოვრებლები; სისხლის ზღვა დადგა ქუჩებში.

მთავარი გმირი, კევინ გარვი, ეკითხება მეგ ებოტს (რომლის როლსაც ლივ ტაილერი ასრულებს): „რატომ ჩაიდინეთ ეს?“ მეგი იღებს კალამს და წერს: „ჩვენ მათ შევახსენეთ“.

მეგი ამ სერიალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია. როგორც ვნახეთ, ადამიანების გაქრობამდე ერთი დღით ადრე, 13 ოქტომბერს, მეგ ებოტი რესტორანში იყო დედასთან ერთად. იძულებული გახდა, კოკაინი შეეყნოსა, რათა როგორმე აეტანა მტანჯველი ლანჩი. უმძიმდა იმ ქალის გვერდით ყოფნა, რომელიც მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა და გასაქანს არ აძლევდა. სული ეხუთებოდა ასეთ გარემოში და გაქცევა ეწადა. უნდოდა, ეხილა რაღაც განსხვავებული, რაღაც ახალი, რაღაც უცხო, რაღაც ისეთი, რასაც ვერ მიაგნო იმ უფერული ყოველდღიურობის მორევში.

მისი დედა უცაბედად გარდაიცვალა გულის შეტევით იმ რესტორანში, სწორედ მაშინ, როცა საპირფარეშოში იყო შესული ნარკოტიკის შესაყნოსად. მეგი დამნაშავედ გრძნობდა თავს დედის წინაშე, რადგან ეს უკანასკნელი რაღაცის თქმას ცდილობდა მისთვის, მან კი ყური არ ათხოვა, გაეცალა და ნარკოტიკის მიღება ამჯობინა მის მოსმენას. ისე დალია სული, მეგმა ვერ გაიგო, რისი თქმა სურდა. სრულიად უძლური იყო – არ შეეძლო, არ ეგრძნო სინანული და სინდისის ქენჯნა ამ საქციელის გამო. ქვეყნის დასალიერში წავიდა იმის გასაგებად, რის თქმას აპირებდა. ეახლა მედიუმს, სახელად ისააკს, რომელსაც უთუოდ შეეძლო მისთვის ამის გამხელა. ისააკის მტკიცებით, ამ საიდუმლოს გამჟღავნება ოდნავადაც კი ვერ მოჰგვრიდა შვებას, ვერ დაუამებდა ტკივილს, ვერ გაუქარვებდა დარდს, ვერ შეუმსუბუქებდა ტვირთს, თუმცა, მეგი გაჯიუტდა და ყველაფრის განდობა სთხოვა. მიუხედავად ამისა, იმედგაცრუებული და უკმაყოფილო დარჩა მისი პასუხით. ივი ეუბნება მეგს: „ვწუხვარ, რომ ვერ იპოვე ის, რასაც ეძებდი. ვერავინ იპოვის“.

მეგიმ პირველივე სერიაში განიცადა მოულოდნელი მეტამორფოზა. როცა იმ რესტორანში იჯდა საქმროსთან ერთად, სადაც დედამისი გარდაიცვალა, ნიშნობას გეგმავდა, ოჯახური ცხოვრებისათვის ემზადებოდა, თუმცაღა, შინაგანად დაცარიელებული, გამოფიტული, დაუძლურებული და გატეხილი ჩანდა. არ იყო დარწმუნებული, რომ ნამდვილად ასეთი იყო მისი სურვილი. ხვდებოდა, რომ ეს არ იყო ის ცხოვრება, მთელი არსებით რომ ესწრაფოდა.

 

თეთრების სექტა გამუდმებით ადევნებდა თვალს მეგის, რადგან ხვდებოდა, რომ დაკარგული იყო საკუთარ თავშიც, ცხოვრებაშიც და უცილობლად უნდა ეპოვა თავისი ჭეშმარიტი შინაგანი „მე”, დაეღწია თავი ძველი ყოფის მარწუხებისაგან, შეეცნო თავისი არსება, ემოგზაურა საკუთარი შინაგანი სამყაროს იდუმალებით მოცულ სიღრმეებში.

თავდაპირველად, მეგი საშინლად ცოფდება ამ თვალთვალისა და დაჟინებული დევნის გამო, ავტომობილიდან გადმოხტება და სილასაც კი გააწნავს ლორი გარვის, თუმცაღა, სერიის ბოლოს ვხედავთ, რომ უერთდება „Guilty Remnant“-ის სექტას, რომლის ერთ-ერთ წევრზეც ფიზიკურად იძალადა.

ლორი ნაჯახს აძლევს მეგს და ხის მოჭრას სთხოვს. ებოტი, თავდაპირველად, ვერ ხვდება, რა სიმბოლურ-ალეგორიული მნიშვნელობა აქვს ამ ქმედებას, მაგრამ შემდგომში გაიაზრებს ამ გარდამტეხი წუთის მთელ არსს: უნდა შეასრულოს ეს დავალება და მოჭრას ხე, რათა საბოლოოდ გაწყვიტოს ის ძაფი, წარსულსა და უწინდელ ყოფასთან რომ აკავშირებს; აღმოაჩინოს თავისი ძალა; გაიაზროს, რამოდენა რისხვა დაუგროვდა წლების განმავლობაში; საბოლოოდ გათავისუფლდეს ამ ბრაზისა და მძვინვარებისაგან; დადოს მდუმარების აღთქმა; გახდეს დამნაშავე დარჩენილთა, ანუ თეთრთა სექტის წევრი და შეახსენოს სხვებს, რატომ გაქრნენ ადამიანები.

სწორედ ამიტომ სთხოვს ლორი მეგს, შეელიოს ყველა იმ ნივთს, წარსულს რომ აგონებს, გრძნობებს უღვიძებს, გულს უჩვილებს და მძაფრ ემოციას აღუძრავს. თეთრებს უნდათ, ეს სენტიმენტალური ახალგაზრდა იქცეს შეუვალ, მედგარ, მტკიცე, ყველასა და ყველაფრისადმი გულგრილ ადამიანად და მოიშოროს წარსულის აჩრდილი.

თეთრების სექტამ მშვენივრად იცის, რომ სიყალბე და სიცრუეა ოჯახი. ფარსი და მასკარადია ეს სიყვარულობანა, ეს „მყარი“ და „წმინდა“ ოჯახები, სადაც ოდენ ვერაგობას, ორგულობას, ფარისევლობას, თვალთმაქცობასა და ღალატს ხედავენ; რომ ყალბია ცრემლები, ურვა, მოთქმა და მაღალფარდოვანი ლაპარაკი იმ კაცისა, 14 ოქტომბრის დილას სიყვარულს რომ ეფიცებოდა მეუღლეს, შუადღისას კი თითქმის უცნობ ქალთან ერთად იწვა ერთ-ერთი სასტუმროს ბინძურ ნომერში. სწორედ ამიტომ ამსხვრევენ იმ ჩარჩოებს, რომლებში ჩასმულ ფოტოებზეც ოჯახის წევრებთან ერთად არიან გამოსახულნი დარჩენილნი; სწორედ ამიტომ ხევენ და ყრიან იმ სურათებს, სიყალბისა და უტიფრობის მწვერვალად რომ ესახებათ. მათ სურთ, დარჩენილებმა გაუსაძლისი ტკივილი იგრძნონ და დაიტანჯონ საკუთარი ტყუილის, სიყალბისა და ცბიერების გამო.

როცა ნორამ სხვა განზომილებაში გადაინაცვლა და შეაღწია გამქრალთა სამყაროში, დარწმუნდა, რომ სწორი იყო მისი ვარაუდი: გამქრალნი ისევ იქ იყვნენ, იმ ქალაქში. არსად წასულან. ცხოვრება გააგრძელეს მათ გარეშე, ანუ დარჩენილების გარეშე. კვლავ ერთ ქალაქში, ერთ სივრცეში, ერთ სამყაროში იყვნენ, უბრალოდ, სხვადასხვა განზომილებაში გადაინაცვლეს და ვეღარ აღიქვამდნენ ერთმანეთს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთმანეთისთვის გაუჩინარდნენ. დარჩენილთათვის გამქრალნი გახდნენ უჩინონი, ხოლო გამქრალთათვის დარჩენილნი იქცნენ უხილავ არსებებად. გამქრალთა სამყაროში აჩრდილივით მოხეტიალე ნორამ საკუთარი ქმარ-შვილიც იხილა: სამივე ისევ იქ იყო, იმ ქალაქში, იმ სახლში. მიჰყვებოდნენ ცხოვრების დინებას, ჩაფლულიყვნენ ყოფიერების მორევში. ისიც ნახა, რომ მეუღლეს სხვა ქალით ჩაენაცვლებინა. აღმაშფოთებლად ჩვეულებრივი და ბანალური იყო ეს სურათი.

მეტად შთამბეჭდავია სერიალის ფინალური სცენა: კევინი და ნორა სხედან ავსტრალიურ, სოფლურ ყაიდაზე გაწყობილ სახლში და ხვდებიან, რომ საბოლოოდ იპოვეს ერთმანეთი. ყველაფერი დაკარგეს, მრავალჯერ გაიღეს მსხვერპლი, მაგრამ მიაკვლიეს ყველაზე მთავარს, ჭეშმარიტსა და არსებითს, ნამდვილ განძსა და საუნჯეს. არავინ ჰყავთ ერთმანეთის გარდა, მაგრამ ესეც საკმარისზე მეტია მათთვის. ბედნიერებისა და სიხარულის ცრემლი ადგებათ თვალს.

საღამოვდება. ქათქათა მტრედები ფრთხიალით სერავენ მწუხრის სოსანისფრად და ვარდისფრად დაფერილ ტალღებს, ფრთების მალი ფათქუნით მოფრინავენ ნორასა და კევინის სახლისაკენ და აუწყებენ კაცობრიობას, რომ აპოკალიფსი არ ემუქრება სამყაროს, რამეთუ გაიმარჯვა ადამიანმა, გაიმარჯვა სინათლემ, განიდევნა წყვდიადი, გაიმარჯვა სიყვარულმა და ქვეყნის აღსასრული არ დადგება მანამ, სანამ ადამიანთა გულებში ღვივის ეს ყოვლისმხსნელი, მარადიული და შეუბღალავი გრძნობა.