რატომ ჭირს ქართულ კურორტებზე კარგი ღვინის შოვნა
საქართველოში კურორტებზე ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ. თუმცა, ცხადია, ამ მხრივ ზაფხულის კურორტები უნდა გამოვარჩიოთ, რადგან კარგად იცით, რომ ზამთრის კურორტებზე უმეტესად არაყს და ზოგადად მაგარ სასმელებს ენიჭება უპირატესობა.
სწორედ ამიტომ, საინტერესოა, რა მდგომარეობაა ცნობილ ქართულ კურორტებზე ღვინის მოხმარების კუთხით და აქვთ თუ არა ღვინის მოყვარულებს საშუალება, მათთვის სასურველი ღვინო უპრობლემოდ დააგემოვნონ. ჩვენ ამჯერად მიმოვიხილავთ მხოლოდ ყველაზე ცნობილ ქართულ კურორტებს, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ სიტუაცია ზოგადად მთელ ქვეყანაში იდენტურია.
დავიწყოთ იმით, რომ ქალაქი ბათუმი ალბათ ერთადერთი დიდი კურორტია, სადაც ღვინის მოყვარულ ადამიანებს ნებისმიერი ხარისხის, ფასისა და სტილის ღვინის შეძენა უპრობლემოდ შეუძლიათ. ეს მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში, ბათუმშიც ჭირს, ე.წ. ბუნებრივი ღვინის შოვნა. ასეა თუ ისე, თბილისის შემდეგ ბათუმი ის ადგილია, სადაც მონდომებული კაცი ყველანაირ ღვინოს იშოვის.
შედარებით რთული მდგომარეობაა შავი ზღვის სხვა კურორტებზე – ქობულეთში, ჩაქვში, გონიოში, ურეკსა თუ შეკვეთილში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დასახლებაში არის ცნობილი მაღაზიათა ქსელები, სადაც სტანდარტული ასორტიმენტის ღვინოების შეძენა ყველას შეუძლია, მაგრამ რაც შეეხება ექსკლუზიურ, გამორჩეულ და თუნდაც ადგილობრივ ხარისხიან ღვინოებს – ამ კუთხით მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც, მაგალითად, გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო.
მაგალითად, ქობულეთში ადამიანმა რამდენიც არ უნდა მოინდომოს, ვერაფრით იშოვის ცნობილი გურულ-აჭარული ვაზის ჯიშისგან – ჩხავერისგან დაყენებულ ხარისხიან ღვინოს. ადგილობრივ მოსახლეობაში იშოვება, ე.წ. ჩამოსახმელი ღვინო, რომელსაც, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კახეთიდან ჩატანილი რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან აყენებენ, ადგილობრივი (აჭარულ-გურული) ვაზის ჯიშების რაობაზე კი ბევრ ადამიანს უბრალოდ არც კი სმენია.
არანაკლებ რთული მდგომარეობაა საქართველოს სამ ყველაზე ცნობილ სამთო კურორტში (აღარაფერს ვამბობთ მესტიაზე) – გუდაურში, ბორჯომსა და ბაკურიანში (სადაც დამსვენებლები ზაფხულშიც ჩადიან და ზამთარშიც). აქაც იშოვით ბოთლირებული სახით, დიდი კომპანიების მიერ წარმოებულ ძირითადად ორდინალურ ღვინოებს, თუმცა როდესაც საქმე მცირე მარნების ანდა ხარისხიან, ე.წ. საოჯახო ღვინოზე მიდგება, ძალიანაც რომ ეცადოთ, ასეთ ღვინოს უბრალოდ ვერ იშოვით.
აუცილებლად უნდა შევეხოთ რაჭას და რაჭის ლეგენდარულ კურორტ შოვს, სადაც ამ მხრივ სიტუაცია შედარებით დადებითია, რადგან რაჭის ქვემო სოფლებში ჯერ კიდევ შეიძლება ნორმალური რაჭული ღვინის საკმაოდ იაფად შეძენა და მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში წარმოებული ღვინის საერთო რაოდენობა საკმაოდ მცირეა, შოვი ალბათ ერთადერთი ქართული კურორტია, სადაც ჩასულმა ადამიანმა თუ მოინდომა, ბუნებრივ ღვინოსაც იშოვის.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არსებულ შატოებსა და ღვინის მარნებს – იქ, ცხადია, არანაირი პრობლემა არაა ღვინის, არყის თუ გემრიელი კერძების დაგემოვნება, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა, ეს სფერო უმეტესად უცხოელ ტურისტზეა ორიენტირებული.
რა დავლიოთ ზაფხულში
ზაფხულის სიცხეში ალკოჰოლური სასმელებიდან ქართველები, ძირითადად, ადგილობრივი წარმოების ლუდს ვეტანებით და ზედ, მარილში გამოყვანილ „ლეშა” თევზს ვაყოლებთ. სწორედ, ამ დროსაა მასზე ყველაზე დიდი მოთხოვნა. ლუდის მოყვარულებს იშვიათად ახსენდებათ კარგად ჩაციებული ღვინო, რომელსაც სიცხე-პაპანაქებაში ლუდზე უფრო მეტი ეფექტი აქვს. უბრალოდ, ცოდნაა საჭირო, როგორი ღვინო უნდა ჩავაციოთ, რომ წყურვილიც მოგვიკლას და სიცხისგან გამოფიტული ორგანიზმიც დაგვიამოს.
საზაფხულო ღვინო – ეს რეალობაა. ასეთი ღვინოები, უპირველეს ყოვლისა, სასიამოვნოდ მაღალმჟავიანია. სწორედ ეს სიმჟავე გვაგრძნობინებს „ღვინის მადლს” სიცხეში. გარდა ამისა, სასურველია: სინაზე, მსუბუქი ტანინები, კენკრისა და ხილის ტონები, ყვავილების არომატი და სიხალისე, რაც ყველა ღვინისთვის დამახასიათებელი სულაც არ არის. ამდენად, როცა საქმე არჩევანზე მიდგება, გარკვეული ინფორმაცია უნდა გქონდეთ, როგორი ხასიათის ღვინით უნდა დაუპირისპირდეთ ზაფხულის სიცხეს.
როგორც წესი, საზაფხულო ღვინო უნდა იყოს მსუბუქი, მაღალმჟავიანი, ხალისიანი და ჩაციებული, რათა მისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. ამიტომ, როცა საქმე არჩევანზე მიდგება, პირველ რიგში, დასავლეთ საქართველოში დაყენებული ღვინოები უნდა მოვიკითხოთ ხოლმე: „ციცქა“, „ცოლიკოური“, „კრახუნა“, „ჩხავერი“, „ალადასტური“ და ა.შ. სასიხარულოა, რომ თბილისში დასავლეთის ღვინოები უკვე დეფიციტური აღარაა, როგორც ეს 5-10 წლის წინ იყო, როცა ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშის – ცოლიკოურის ღვინოც კი სანთლით საძებარი იყო.
არც აღმოსავლეთ საქართველოს ღვინოები უნდა დავივიწყოთ, განსაკუთრებით – ქართლში დაყენებული „თავკვერი“, „გორული მწვანე“, „ჩინური“, ასევე დიდი ისტორიის მქონე – „ატენური“, რომელსაც ატენის ხეობაში ჩინურისგან და გორული მწვანესგან აყენებენ. კახეთიდან კი, პირველ რიგში, ევროპული წესით დაყენებული ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები – „წინანდალი“ და „მანავის მწვანე“ უნდა მოვიკითხოთ.
ძალიან კარგია, რომ როგორც მსხვილი კომპანიები, ისე მცირე და ოჯახური მარნები ბოლო წლებში დიდ ყურადღებას აქცევენ ვარდისფერ ღვინოებს (ე.წ. როზეს). ამ მხრივ, ზოგიერთმა მარანმა ტრადიციული ტექნოლოგიებიც გაიხსენა. მაგალითად, ასეთია ქართლის ღვინო – „ხიდისთაური”, რომელიც ფესტივალებზე ბევრს მოსწონს. კარგია, რომ ვარდისფერი ღვინოების დაყენებისას მეღვინეები ითვალისწინებენ უსამართლოდ მივიწყებული ვაზის ჯიშების პოტენციალს, როგორიცაა: ჩხავერი, ალადასტური და თავკვერი.
ბევრისთვის სასიამოვნო აღმოჩენაა რამდენიმე მცირე მარნის წითელი ღვინო „ჟღია”, რომელიც ამავე სახელწოდების ვაზის იშვიათი ქართული ჯიშისგან არის დაყენებული. თუკი თბილისურ სიცხეებს თავს ღვინის ბარებში შეაფარებთ, იქვე ნახავთ სხვა საუკეთესო საზაფხულო ღვინოებს: „ალადასტურს“,„ჩხავერს“, ძალიან სასიამოვნო ღვინოს ლეჩხუმიდან – „ორხვის ცოლიკოურს“, ორნაირ „ატენურს“ და ა.შ.