რა ისტორიული წანამძღვრები აქვს "შერიგებას" | ბექა კობახიძე

ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ეხმაურება შერიგებისა და ეროვნული თანხმობის საკითხს.

„შერიგებისა და ეროვნული თანხმობის თემა დადგა დღის წესრიგში. ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება უცხოენოვანი (!) პუბლიკისთვის.

მოდი ვნახოთ რა ისტორიული წანამძღვრები აქვს “შერიგებას” პოსტსაბჭოთა საქართველოში. პოსტსაბჭოთათქო იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენში პოლიტიკური კულტურა ზედმიწევნით საბჭოთაა.

რას ვგულისხმობ?

მაგალითად, პრესაბჭოთა საქართველოში, ანუ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძალაუფლების გაყოფა და ეროვნული კონსენსუსის რიგი პუნქტები პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

კერძოდ:

ყველა პარტია თანხმდებოდა, რომ ქვეყანა არ დაბრუნდებოდა რუსეთში და ყველა იბრძოლებდა დამოუკიდებლობისთვის.
ყველა თანხმდებოდა არჩევნების წესებზე და მის პირნათლად ჩატარებაზე.
ყველა თანხმდებოდა კეთილსინდისიერ მმართველობაზე.
ყველა თანხმდებოდა კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობის აქტზე.
ყველა თანხმდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.
ყველა თანხმდებოდა სეკულარულ სახელმწიფოზე.

რაში გამოიხატა ეს?

– მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში ხმათა 84% და 130 კაციან დამფუძნებელ კრებაში 109 ადგილი მიიღო, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ნახევარი მაინც ოპოზიციონერებით იყო დაკომპლექტებული. არც ერთი ქართული დელეგაცია არ ყოფილა ერთპარტიული და უოპოზიციო. უფრო მეტიც, ყველა დიპლომატიური ნოტა და წერილი მემარჯვენე დიპლომატის – ზურაბ ავალიშვილის შედგენილი იყო;

– არჩევნებამდე ქვეყანას მართავდა კოალიციური, ოთხპარტიული მთავრობა. არჩევნების შემდეგ, ოპოზიციონერმა მინისტრებმა სამუშაო გარემოში გადააბარეს პორტფელები ახალ მინისტრებს. ამ ფაქტს სამინისტროებში არ მოჰყოლია საკადრო წმენდები.

უფრო მეტიც, კოალიციური მმართველობები გრძელდებოდა მთელი სამი წლის მანძილზე მუნიციპალურ დონეებზე;

– ჩატარებული არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყო ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ორივე მხარე ოპოზიციის მიერ ნაჩვენები დაბალი შედეგით იყო იმედგაცრუებული. ალექსანდრე ლომთათიძე (პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე) სწერდა თავმჯდომარე კარლო ჩხეიძეს, რომ ოპოზიციის სისუსტე ჩვენს მუშაობას ადუნებსო და იმედს გამოთქვამდა მომავალში ოპოზიციას უკეთესი შედეგი ექნებაო.

მიუხედავად ამ უკმაყოფილებისა, არავის მისცემია საფუძველი და არც გაუპროტესტებია არჩევნების შედეგები;

– მმართველმა პარტიამ სახელმწიფო კონტროლიორად, დღევანდელი ტერმინით – გენერალურ აუდიტორად, ანუ ფინანსების ხარჯვის მაკონტროლებლად, ოპოზიციონერი ფილიპე გოგიჩაიშვილი დანიშნა.
ოპოზიციასთან დაახლოებული, მეფის რუსეთის დროინდელი პოლიციელი – მელქისედეკ კედია (სალომე ზურაბიშვილის ბაბუა) დანიშნეს საგანგებო რაზმის (მაშინდელი სუს-ი) უფროსად. ოპოზიციონერი აპოლონ ურუშაძე იყო ტფილისის პოლიციის უფროსი;

– დამოუკიდებლობის აქტი დაწერა ოპოზიციონერმა გიორგი გვაზავამ. კონსტიტუციის რიგი თავები დაწერეს და საკონსტიტუციო ქვეკომიტეტებს ხელმძღვანელობდნენ ოპოზიციონერები. ასევე, რიგ საპარლამენტო კომიტეტებს (მაშინ კომისიები ერქვა) სათავეში ედგნენ ოპოზიციონერები;

– კონსტიტუციაში ჩაიწერა რომ არც ერთ რელიგიას არ ჰქონდა უპირატესობა, რომ რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფოსგან ვერ მიიღებდნენ ფულს, რომ სკოლაში რომელიმე რელიგიას არ ასწავლიდნენ, მაგრამ რელიგიური აღმსარებლობა მთლიანად იყო თავისუფალი;

– უზენაესი სასამართლოს (მაშინ “სენატი” ერქვა) თავმჯდომარედ დაინიშნა პოლიტიკასა და ხელისუფლებასთან კავშირში არ მყოფი პროფესიონალი. ამავე სასამართლოს წევრი იყო მემარჯვენე ოპოზიციონერი – ივანე ზურაბიშვილი (სალომე ზურაბიშვილის მეორე ბაბუა).

ამის იქით, იყო შეუპოვარი დებატები და დაუნდობელი კრიტიკა ყველა კანონის გარშემო. დამფუძნებელი კრების დებატები რვა ტომად არის გამოქვეყნებული და პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით თუ რამეს უნდა ვასწავლიდეთ, ეს არის.

რა მოხდა შემდეგ?

ეს პოლიტიკური კლასი ფიზიკურად გაანადგურა და ქვეყნიდან გააძევა ბოლშევიკურმა რეჟიმმა. დაიწყო სოციალური ინჟინერია – საბჭოთა ადამიანის შექმნა.

შედეგად, ჩვენში 1980-იანი წლების ნაციონალისტი ანტიკომუნისტი დისიდენტების უმრავლესობაც და ნაციონალისტი კომუნისტებიც საბჭოთა ადამიანები იყვნენ თავიანთი კატეგორიული, რადიკალური აზროვნებით – “ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია”.

ბოლო 30 წლის მანძილზე წითელ ხაზად გასდევს ქართულ პოლიტიკას შემდეგი მოცემულობა: ხელისუფლება ოპოზიციის სრულ განადგურებას ცდილობს, ხოლო ოპოზიცია არა პოზიტიურ დღის წესრიგს (მაგალითად განგრძობითობას, ნაშენებზე დაშენებას), არამედ რევანშს და არსებულის სრულ დემონტაჟს სთავაზობს საზოგადოებას.

იცვლებოდა ფორმები, მაგრამ არ იცვლება შინაარსი. ხელისუფლების პირველი ცვლილება სამოქალაქო ომის შედეგად მოხდა, მეორე რევოლუციით, ხოლო მესამე არჩევნებით, მაგრამ ერთმანეთის დასრულებისთვის ბრძოლა უცვლელია.

განსხვავებით ბალტიელებისგან, გამსახურდიამ არ ითანამშრომლა ნაციონალისტურად განწყობილ კომუნისტურ ელიტასთან, ეძახდნენ მათ სუკის აგენტებს, წითელ ინტელიგენციას, იუდებს და ა.შ.

შევარდნაძის ხელისუფლებამ ტყე-ტყე სდია გამსახურდიას, სანამ სიკვდილამდე არ მიიყვანა. დაიჭირეს მისი მომხრეები და დაასრულეს ზვიადიზმი, როგორც პოლიტიკური ძალა.

ამის შემდეგ, გაქრა რა ზვიადიზმი, შევარდნაძემ ზვიადისტები შეიწყალა, დაიწყო საუბარი შერიგებაზე, რადგან ისინი პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ.

96%-ით ხელისუფლებაში მოსულმა სააკაშვილმა დააპატიმრა შევარდნაძის ხელისუფლების საკვანძო ფიგურები. თუმცა, მოქკავშირი მაშინვე დაიშალა და მყისიერად შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა საფრთხემ.

ამიტომ, სააკაშვილმა ამ ჩინოვნიკებს ფულები მოატანინა და გამოუშვა, მაგრამ მმართველობის ბოლომდე ახსენებდა შევარდნაძის ცოდვებს და არ მახსოვს აღენიშნა მისი როლი საგარეო პოლიტიკის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

სააკაშვილის უდიდესი შეცდომა იყო, რომ მას 150 თანაპარტიელი სურდა პარლამენტში, სასუნთქ სივრცეს არ უტოვებდა ოპოზიციას, რაც რადიკალიზაციას და სრულ შეუგუებლობას იწვევდა. ეს პოლიტიკა მართლდებოდა რუსეთის საფრთხით, პატარკაციშვილის ფაქტორით, ოპოზიციის დესტრუქციულობით, მაგრამ ამას გამართლება არ აქვს. ახლა ასეთი პოლიტიკური კულტურის გაგრძელების შედეგებს სააკაშვილი საკუთარ ტყავზე გამოსცდის.

ხელისუფლებაში 2012 წელს მოსულთაგან არავინ მეგულება უფრო გაწონასწორებული, ვიდრე დავით უსუფაშვილი იყო, მაგრამ 2012 წლის სექტემბრის ბოლო დღეებში მახსოვს მისი განცხადება ტვ კავკასიას ეთერში: თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოვიპოვეთ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შევძელით, რა გვინდა პარლამენტშიო?

ამას შედეგად მოყვა ის, რომ პოლიტიკის სუსხი რიგით საჯარო მოხელეებსაც შეეხოთ, ვინც ნაცობაში იყო ეჭვმიტანილი. დემონტაჟის გარეშე არ დატოვეს არაფერი. უფრო მეტიც, კოალიციური მმართველობასაც ვერ გაუძლო ქართულმა პოლიტიკამ და თავად ბნ. უსუფაშვილსა და ალასანიას მოუწიათ ხელისუფლების დატოვება.

გავიდა ცხრა წელი და ხელისუფლება ისევ წარსულს ებრძვის.

თუმცა ახლა გვაქვს უნიკალური მომენტი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ეპიზოდი, როცა ხელისუფლება შეცვლილიყოს და დამარცხებულს არსებობა, პოლიტიკური საფრთხის შექმნა გაეგრძელებინოს. ეს პირველად მოახერხა ნაციონალურმა მოძრაობამ.

სწორედ ამიტომ, შერიგებაზე საუბარი არის საგარეო მოხმარებისთვის მოგონილი ბელეტრისტიკა. სანამ ენმ იარსებებს და პოლიტიკურ საფრთხეს შექმნის, მანამდე ქართული ოცნება არავისთან შერიგდება. ბევრჯერ მოვისმინეთ ენმ-ის დასრულების დაპირება. ორიოდ დღის წინ ირაკლი კობახიძემ პირდაპირ განაცხადა: აღიარონ დანაშაულებიო, თქვან რომ აღარ აქვთ პოლიტიკაში ყოფნის უფლება და მერე შევრიგდეთო.

ანუ, არავითარ სამართლებრივ პროცესზე საუბარი არ არისო, მოხსნან პოლიტიკური საფრთხე და შევეშვებითო. ესე იგი, იგივე წრეზე ტრიალი შემოგვთავაზა, რასაც ბოლო 30 წლის მანძილზე მივდევდით.

სწორედ ამიტომ, რამდენადაც არ უნდა გძაგდეთ ენმ, უნდა იცოდეთ, რომ მას მხარს ქვეყნის ლამის ნახევარი უჭერს და ენმ-ს არსებობა არის ამ წრიდან გამოსვლის ერთადერთი გზა. უპირველესად ამიტომ, მე არც სააკაშვილის ციხეში ყოფნა მომწონს და არც ენმ-ს განადგურებას ვუჭერ მხარს.

თუ ენმ მოვა ხელისუფლებაში, შემდეგ მის ოპოზიციაში ვიქნები თუ მან ქართული ოცნების განადგურება და ფიზიკური ხელყოფა გადაწყვიტა.
დღევანდელ დღეს კი ოპოზიციის მხარდაჭერით ჩვენ მხარს ვუჭერთ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას და პოლიტიკური კულტურის განვითარებას.
რატომ გვაქვს დესტრუქციული პოლიტიკური კულტურა ეს უკვე ვთქვი, მაგრამ ვის კისერზეა პასუხისმგებლობა?

პირველ რიგში პოსტსაბჭოთა საზოგადოების, რომელიც პოლიტიკოსებს რადიკალიზმის დაკვეთას აძლევს. შეხედეთ შედეგებს, ე.წ. მესამე ძალებს და ზომიერებას არანაირი გასავალი არ აქვს. ხმა ეძლევათ რადიკალურად დაპირისპირებულ პოლუსებს.

ეს ასევე არის ხელისუფლების ბრალი. სწორედ მისი პასუხისმგებლობაა პოლიტიკური კლიმატის შეცვლა. ყველა სხვა ცოდვასთან ერთად, დღეს, ხელისუფლება ყოველდღიურად სთესავს ზიზღს და დაპირისპირებას. ასეთ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნა ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.
ასეა არამხოლოდ ერში, არამედ ბერშიც. ილია მეორემ გაანადგურა გაიოზ კერატიშვილი, მიტროპოლიტი ილარიონი, სამოქალაქო ომის დროს მხარი დაუჭირა პუტჩისტებს, მაგრამ სამივე მათგანის გარდაცვალების და საფრთხის გაქრობის შემდეგ იყო წესის აგებები, სამძიმრები და შერიგებები.

სხვათაშორის, ერთხელ ნავალნიმ შენიშნა, პუტინი კარგ ადამიანებს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აჯილდოვებსო, რადგან ამით ისტორიაში საკუთარ თავს მათ რეპუტაციას მიაბამს და მკვდარს ამის შესახებ თავისი აზრის გამოთქმის საშუალება აღარ აქვსო.

როგორი მსგავსებაა!

კიდევ რატომ არის ეროვნული თანხმობა შეუძლებელი?

ეს გულისხმობს იმ პუნქტებზე, თამაშის წესებზე შეთანხმებას, რაც პირველი რესპუბლიკის დროს შეძლეს. ამის პოლიტიკური კულტურა არც საზოგადოებაში არსებობს, არც პოლიტიკურ კლასში და, რაც მთავარია, ასეთ დიდ შეთანხმებებს სჭირდება დიდი ურთიერთნდობა. ეს ნდობა კი ნოლზე ქვემოთ არის.

ამ ნდობის სადარაჯოზე არც საზოგადოება დგას. ხელისუფლებამ დახია შარლ მიშელის დოკუმენტი, მაგრამ საზოგადოებამ მას ეს აპატია და ხმა მისცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ ხელისუფლება უარესს გააკეთებს. ეს, ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენი ბრალიც არის, მეგობრებო.

უნდა გავიზარდოთ, როგორც საზოგადოება. გვჭირდება მეტი განათლება და მოზრდილი საშუალო კლასი. ეს ხალხი, უმეტესწილად, ემიგრაციაშია. გარბის და კვლავ გაიქცევა.

რა გვეშველება და რა შევცვალოთ? ამაზე პასუხი ცალკე ძალიან ვრცელ პუბლიკაციას მოითხოვს. ამ ეტაპზე და მოკლედ, პირველ რიგში, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება”. – წერს ისტორიკოსი.