ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით შეხვედრები გრძელდება. რა ეტაპზეა პროცესი, რაზე შეჯერდნენ მხარეები, როგორია მოლოდინი და რა კრიტიკული შენიშვნები აქვს მთავრობის მოქმედებებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მედიაციის პროცესში ჩასართავად მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ რიგ წინაპირობებს აყენებდა – რკინის ბარიკადების მოხსნა; პოლიციის გასვლა ხეობიდან; პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში; რეპრესიის შეწყვეტა (მოძრაობის დაკავებული წევრების გათავისუფლება); ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება, ჰესის საკითხის გადაწყვეტამდე.
პირველი შეხვედრის შემდეგ (12 ივნისს) ცნობილი გახდა, რომ მხარეები 3 საკითხზე შეთანხმდნენ, სადაც ზემოთ აღნიშნული წინაპირობები ხეობაში დეესკალაციის სახელწოდებით მოინიშნა და დანარჩენ საკითხებზე გადასვლის წინაპირობად მიიჩნეოდა.
რაც შეეხება მათ შესრულებას, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობამ წინაპირობებად წამოყენებული საკითხების ნაწილი და ისიც მხოლოდ ფორმალურად შეასრულა. კერძოდ, შსს-მ გუმათჰესთან აიღო რკინის ღობე და ამ ეტაპისთვის ადგილზე პოლიციის შემცირებული რაოდენობა რჩება, თუმცა ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში პროტესტის შესაძლებლობა კვლავაც არ აქვთ. ასევე, კვლავ მიმდინარეობს საქმისწარმოება დაკავებული პირების მიმართ. არ მიღებულა ხეობაში მიმდინარე სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილებაც. „რიონის ხეობის მცველები“ ყოველდღიურ მორიგეობას ხეობისკენ მიმავალ სამ ლოკაციაზე აგრძელებენ.
შესაბამისად, მოლაპარაკების პარალელურად, რომელიც ამ ეტაპზე უკვე დანარჩენ 2 საკითხს ეთმობა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კვლავ მოუწოდებენ მთავრობას, დაუყოვნებლივ მოხსნას ხეობაში გადაადგილების დაუსაბუთებელი და არაკანონიერი შეზღუდვა, ასევე, ხეობაში ბუნებრივ გარემოზე მიყენებული შესაძლო ზიანისა და ვითარების ხელახალი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, დროებით ღონისძიებად წარმოადგინოს ნამახვანჰესის მშენებლობების შეჩერების გეგმა.
რა საკითხები განიხილება მოლაპარაკების პროცესში და რაზე შეჯერდნენ ამ დროისთვის მხარეები
ხეობაში დეესკალაციის საკითხის გარდა, ცნობილი იყო, რომ შეხვედრები შეეხებოდა კიდევ 2 საკითხს. I – გარემოსდაცვით საკითხებს: გარემოზე ზემოქმედების შეფასება(გზშ), ასევე, ხელშეკრულების რევიზია; II – ქვეყნის ენერგოსტრატეგიას.
ამ მეორე საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. რაც შეეხება გარემოსდაცვით საკითხებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები. კერძოდ, შეფასების მიმართულებები დაიყო შემდეგნაირად:
I – ე.წ. კომერციული შეფასება – ხელშეკრულებისა და ინვესტორის შერჩევის საკითხები. ძირითადი მიმართულებებია – კომპანიის შერჩევის პროცესის, ასევე, გაფორმებული ხელშეკრულებისა და მასში სახელმწიფო დახმარების (მათ შორის, საშეღავათო პირობების) კომპონენტის შეფასება. ამ შეფასებას ევროკავშირის ენერგოგაერთიანება ადამიანური და ფინანსური რესურსით თავად უზრუნველყოფს. მხარეებთან წინასწარვე შეთანხმდა ტექნიკური დავალება, ანუ ჩარჩო-მიმართულებები, რის საფუძველზეც მომზადდება რევიზია. პროცესი დაწყებულია.
II – გარემოსდაცვითი შეფასება: ესაა მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი – გზშ-ის, საპროექტო დოკუმენტაციის შეფასება. შეთანხმებულია ტექნიკური დავალება – რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რა სტანდარტების შესაბამისობა უნდა იყოს დადგენილი. ძირითადად, ეს არის ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივასა და მის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ასევე – ეროვნულ კანონმდებლობასთან.
ამ ეტაპზე მსჯელობის მთავარი საკითხია, კონკრეტულად როგორ უნდა შეარჩიონ დამოუკიდებელი ექსპერტები/კომპანია, როგორი უნდა იყოს შერჩევის კრიტერიუმი, პროცედურა, დაფინანსების წყაროები და ა.შ.
► ე.წ. წითელი ალმების ანგარიში – გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტის ფარგლებში პირველ დოკუმენტად უნდა მომზადდეს ე.წ. წითელი ალმების ანგარიში, რომელშიც გამოვლენილი უნდა იყოს ყველაზე კრიტიკული და პრობლემური საკითხი, რის მიხედვითაც შესაძლოა დადგეს პროექტის მშენებლობის შეჩერებისა თუ შეწყვეტის საკითხი.
შეხვედრის მონაწილეთა ცნობით, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ შეფასებების შედეგად გამოვლენილ რეკომენდაციებსა თუ მითითებებს შეასრულებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, როგორც ზოგადად ამ პროექტისთვის, ასევე მთლიანად ჰიდროელექტრო სექტორისთვის, ვინაიდან ამ დასკვნით რეალურად უნდა გამოიკვეთოს ის სისტემური პრობლემები, რაც ქვეყანაში გვაქვს. ამის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს მიდგომა ზოგადად ახალი ჰოდროელექტროსაგდურების მიმართ. ეს მხოლოდ ნამახვანს არ ეხება და ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამბობს ჭიპაშვილი.
ვინ შეაფასებს და ვინ გადაიხდის? – რა რისკებია დასაზღვევი ამ პროცესში
ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჯერ არ შეთანხმებულან. ივლისში ნამახვანჰესის საკითხზე ენერგოგაერთიანების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში ჩართულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მთავრობას აქვს მცდელობა, მიმდინარე მოლაპარაკებებიდან და მომავალში დოკუმენტების რევიზიის პროცესიდან გამოირიცხოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია.
აღნიშნულ განცხადებაში მათ ორგანიზაციის სახელი არ დაუსახელებიათ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ კვალიფიციური და მიუკერძოებელი შეფასებების შესასრულებლად ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილება სფეროში უდიდესი გამოცდილებისა და რეპუტაციის მქონე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ინსტიტუცია ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან. პროცესში ამ ორგანიზაციის ჩართულობა სრულად მისაღებია როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე თავად ენერგოგაერთიანებისთვისაც.
ისინი მიიჩნევდნენ, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის ერთპიროვნულად და დაუსაბუთებლად „გამორიცხვა” პროცესისადმი საზოგადოების ნდობას ასუსტებს და მხარეებს უთანასწორო პირობებში აყენებს.
ისინი მოუწოდებდნენ მთავრობას, წარმოედგინათ არგუმენტები, თუ რატომაა ამ ევროპული ორგანიზაციის ჩართვა პროცესში მათთვის მიუღებელი.
განცხადებიდან ერთი თვის თავზე სამოქალაქო ორგანიზაციებს ამ შეკითხვაზე პასუხი კვლავაც არ აქვთ. ეკონომიკის სამინისტროს „პუბლიკამაც“ მიმართა იმავე შეკითხვით, თუმცა პასუხი არც ჩვენ მიგვიღია.
როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას „მწვანე ალტერნატივის“ წევრი დათო ჭიპაშვილი და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი თათული ჭუბაბრია ამბობენ, მთავრობისგან კვლავ ცდილობენ, მიიღონ არგუმენტები და ამ ორგანიზაციის პროცესში ჩართვის საკითხი მათთვის დახურული არაა.
საუბარია ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიაზე, რომელიც „პუბლიკასთან“ საუბრისას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დაასახელა და აღნიშნა, რომ მთავრობის დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის მონაწილეობაზე და უპასუხოდ დატოვებული შეკითხვები მას პროცესისადმი ნდობას უკარგავს.
ამ ეტაპზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს დამოუკიდებელი ექსპერტის/ორგანიზაციის შერჩევის პროცესსა და თანმდევ საკითხებზე. საუბარია იმაზეც, რომ შეიქმნას კომისია, სხვადასხვა მხარის მონაწილეობით, რომელიც შეარჩევს ენერგოგაერთიანების მიერ წამოყენებულ კანდიდატთაგან ერთს, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„პროცესში პრობლემა შეიქმნა თავად დაფინანსებასთან დაკავშირებითაც. სახელმწიფომ თქვა, რომ ჩვენ დავაფინანსებთ ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) საშუალებით, რაც ჩვენთვის კრიტიკული საკითხი იყო [სააქციო საზოგადოება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” აქციების 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა]. გარანტიები იყო თითქოს წარმოდგენილი, რომ ის მხოლოდ ფულს მისცემს და მთავრობის მიმართ არავინ იქნება ანგარიშვალდებული, არამედ ის, ვინც შეაფასებს ამ დოკუმენტაციას, იქნება ანგარიშვალდებული შემრჩევ კომისიასთან, თუმცა ეს საკითხი გადაწყვეტილი და ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა. ჯერ არც იმაზე შევთანხმებულვართ, ვინ შეარჩევს და რა კრიტერიუმებით“, – ამბობს დათო ჭიპაშვილი.
„პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ვერ ვიტყვით, ვინ გამოირიცხა და ვინ არა, მაგრამ ნათელი არის ის, რომ სახელმწიფო ავლებს წითელ ხაზებს. სახელმწიფო თითქოს რაღაც ვეტოს უფლებით სარგებლობს და ზღუდავს გარკვეული კომპანიების მონაწილეობას, რის გამოც, რა თქმა უნდა, სუსტდება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი შეფასების უზრუნველყოფის შესაძლებლობები. თუმცა ეს საკითხი არ დასრულებულა. ისევ მიდის მუშაობა. პრობლემური ნამდვილად არის ის, რომ სახელმწიფომ რაღაც პირობებით შეიზღუდა შერჩევის კრიტერიუმი, დაფინანსების, ასევე გარკვეული კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობა და თუმცა საბოლოო [გადაწვეტილება რომ არაა],შანსები არის შემობრუნების“, – ამბობს თათული ჭუბაბრია.
გარდა იმისა, რომ მხარეებს დაფინანსების პროცესში სახელმწიფო ბიუჯეტისა თუ სახელმწიფო კომპანიის ფაქტორი დამატებით ეჭვებს უჩენს, მათ რისკისშემცველად მიაჩნიათ თავად პროცესიც, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების გზაზე გავიდა.
ჭუბაბრიას ცნობით, მთავრობის წარმომადგენლები ახლა ცდილობენ, გარემოსდაცვითი შეფასება გამარტივებული შესყიდვის წესით იყოს შესყიდული, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
მისი თქმით, გამარტივებული შესყიდვის პროცედურა შეიცავს რისკს, რომ შემფასებელი სუბიექტების შერჩევისა და შესყიდვის სტანდარტი იყოს ბუნდოვანი, მყიფე და სუსტი, რაც საბოლოო ჯამში დამოუკიდებელი შეფასების პროცესს საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ სამოქალაქო სექტორი მოითხოვს, შესყიდვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რითაც ამ რისკის დაზღვევას ცდილობს. მისივე თქმით, საერთაშორისო სტანდარტის გამოყენება წინარე, ანუ შერჩევის ფაზასაც აზღვევს.
„სამოქალაქო საზოგადოების შეთავაზებაა, რომ, თუკი შეფასებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვა უნდა მოხდეს, შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების კანონის დაცვით განხორციელდეს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ საერთაშორისო შესყიდვების სტანდარტი იქნეს გამოყენებული. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და სხვათა სტანდარტებით ოპერირებაზე, რის საშუალებასაც საქართველოს კანონმდებლობა იძლევა“, – განმარტავს ის.
რა ხდება ხეობაში და როგორია დამოკიდებულება მოლაპარაკების პროცესისადმი
მედიაციის პროცესში ჩასართავად წამოყენებული წინაპირობების გაუთვალისწინებლობა, საუბრები მშენებლობის შეფერხების შეწყვეტაზე, ჰოლანდიური კომპანიის პროცესიდან გამორიცხვის მცდელობები – ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ეს ის საკითხებია, რაც მას მოლაპარაკების პროცესისადმი ნდობას უკარგავს. მეტიც, მისივე თქმით, ბოლო შეხვედრებში მათ მონაწილეობა აღარ მიუღიათ.
„წინაპირობები, რომელიც ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაყენებული, რათა შევსულიყავით მედიაციის პროცესში, არ შესრულდა. ეს მნიშვნელოვანი იყო იმისთვისაც, რომ ნდობა გამოგვეცხადებინა ამ პროცესის მიმართ. ეს იქნებოდა ძირითადი საზომი – ანუ პირობების უპირობოდ შესრულება. ამის შემდეგ მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო უარი ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიაზე. ეს იყო დასახელებული ჩვენგან კომპანიად, რომელიც უნდა შემოსულიყო და ჩაეტარებინა შეფასება, ამაზე ხელისუფლებამ თქვა უარი და არც დაასაბუთა… იციან, რომ ესენი დაწერენ ობიექტურ დასკვნას.
აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იხდის ფულს გზშ-ის შესაფასებლად. ეს ჰოლანდიური კომპანია არავისგან არ იღებს თანხას. ფინანსდება თავისივე მთავრობისგან. მათთვის ეს რეპუტაციულად მნიშვნელოვანია, რათა მერე არ ითქვას, რომ პროცესი მიკერძოებული იყო. ხელისუფლებამ ეს Dutch Commission გამორიცხა და მერე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თანხა უნდა მოძიებულიყო. ანუ უნდა დასახელებულიყო სხვა კომპანიები, ვისგანაც უნდა ამორჩეულიყო ერთი. საუბარი იყო, რომ ფულს გადაიხდის GEDF – საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, გიორგი აბრამიშვილი და ეგ ხალხი. შესაბამისად, სანდოობა ამ პროცესის მიმართ შემცირდა. სინამდვილეში ეს იგივე ბიუჯეტის ფულია, მთავრობისგან ირიბად გადახდილი“, – ამბობს გოლეთიანი.
აქედან გამომდინარე, გოლეთიანის თქმით, მას უჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომლებზეც პასუხს მთავრობა არ იძლევა – როცა არის ავტორიტეტული კომპანია, როდესაც მის შემთხვევაში არც თანხაა მოსაძიებელი, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შემოვიდეს და შეგიფასოს პროექტი, რატომ ვეუბნებით უარს ამ ხალხს.
„ჩემთვის ეს საკითხები კითხვის ნიშნებს ბადებს და არ შემიძლია, რომ ამას მოვუყრუო… როცა ამ კითხვაზე პასუხს ვერ გცემენ, უკვე ავტომატურად აღძრავს ეჭვებს. ამიტომ ეს იმდენად პრობლემური საკითხი იყო ჩვენთვის, გადავწყვიტეთ, გვეთქვა, რომ ამ პროცესებს ნდობას ვერ გამოვუცხადებთ და შესაბამისად, ჩვენთვის ეს მიმდინარე თემა არის კითხვის ნიშნის ქვეშ“, – ამბობს გოლეთიანი.
მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში სამუშაოების ოფიციალურად შეჩერების პრინციპული მოთხოვნის ნიველირება არასამართლიანი და არალოგიკურიც იყო.
„[გამოდის, რომ] კომპანიამ ამასობაში უნდა იმუშაოს და მერე, თუ რამე ხარვეზი აღმოჩნდა, შემდგომ მოვთხოვოთ მათ სამუშაოების შეჩერება?! აქ კი ისეთი ამბავია, რომ „ენკა“ ყოველდღე მოდის და მათ რომ მივცეთ საშუალება და იქით ვუყუროთ მიმდინარე პროცესს, რომელიც დროშიც იწელება, შეიძლება, 1 წელი გაგრძელდეს, 1 წელიწადში „ენკა“ დაანგრევს ამ ხეობას და ჰესსაც დადგამს და მერე, ლოგიკურიც აღარ არის, რომ უთხრა, რომ გეშლება აქ და შეაჩერე ან რაღაც. ანუ წინაპირობების შესრულების საკითხი სხვანაირად დადგა, ვიდრე თავიდან იყო დაყენებული“, – ამბობს გოლეთიანი.
მისი თქმით, ამ მიზეზების გამო ტექნიკური დავალების შემუშავებისა და მოლაპარაკების შემდგომ ეტაპში ჩართულები აღარ არიან.
„რაღაც წინაპირობები რომ ასე ფორმალურად შესრულდა, მედიატორმა ეს შესრულებულად მიიჩნია და დახურა ეს პირველი ნაწილი, ანუ თქვა, რომ ამაზე ლაპარაკი აღარ იქნება…
თუმცა ვითვალისწინებდით იმ გარემოებას, რომ ჩვენ რეალურად კომპანიას მაინც არ ვამუშავებდით და სამუშაო პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, თუმცა ეგენი გვთხოვდნენ, რომ კომპანიას განეახლებინა მუშა პროცესი და ჩვენ უნდა გადავსულიყავით მეორე ეტაპზე და გაგვეგრძელებინა ტექნიკური დავალებისა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა.
შემდეგ შეხვედრაზე ამ Dutch Commission-ზეც უარი თქვეს. ანუ ეს პირობების ნაწილი ჩვენთვის არასასურველად დაიხურა და როგორც კი დაიწყო მეორე ნაწილი, ეგრევე Dutch Commission-ზე თქვა ხელისუფლებამ არა და უკვე მივხვდით, რომ ეს პროცესი ისე მიდის, ამას ნამდვილად ვეღარ ვენდობით.
ბოლოს და ბოლოს, რომც მივცეთ სამუშაოების განახლების უფლება, აღარ გადავუდგეთ „ენკას“ წინ, ცალკე მოლაპარაკების პროცესიც არ მოგვწონს – ხელისუფლებამ თქვა უარი ავტორიტეტულ კომპანიაზე, მერე ფინანსების მოძიებაზე საუბრისას ახსენეს GEDF- აქედან გამომდინარე, რთულია, პროცესს ენდო… ამიტომ ჩვენ აღარ მივიღეთ მონაწილეობა შემდგომ პროცესებში, რადგან გამოდის, რომ თუ მონაწილეობ, მაშინ ლეგიტიმაციას აძლევ ყველაფერს“, – ამბობს გოლეთიანი.
რა ხდება ხეობაში
ვარლამ გოლეთიანის თქმით, ჰესის მოწინააღმდეგეებს საპროექტო ტერიტორიამდე მისასვლელი 3 ლოკაცია აქვთ დაკავებული და საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
„ვართ გუმათში, ზარათსა და კირში. ერთი რაჭის მხრიდან შემოსასვლელი გვაქვს ჩაკეტილი, ქუთაისიდან და პარალელური გზაა კიდევ ზარათიდან, იქიდან რომ არ იაროს „ენკას“ კუთვნილმა სპეცტექნიკამ.
ყოველდღე მოდიან. ჩვენ გზას ვკეტავთ და აბრუნებენ თავიანთ ტრაილერებს უკან, თან იღებენ ამ პროცესს და ბრუნდებიან უკან. ეს არის მაგათი ყოველდღიურობა. დღეს არ აგდებენ“, – ამბობს გოლეთიანი და არჩევნების შემდეგ ხეობაში ვითარების გამწვავებას არ გამორიცხავს.
„დღესაც გვაწვებიან იმაზე, რომ სამუშაოები უნდა განახლდეს, თუმცა ამ ყველაფერს დაემთხვა საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის წინ აქ არ აწყობთ საპოლიციო ძალებით აქტივობები, რომ დარბევები წავიდეს და ა.შ. და არის გაჩერებული. ანუ პოლიცია არ ერევა, თორემ „ენკას“ ჩვეულებრივ სამუშაო პროცესის გაგრძელება უნდა. არჩევნების შემდგომ შესაძლოა, სურათი საერთოდ შეიცვალოს და სხვანაირად წავიდეს პროცესი. პოლიციაც ჩაერთოს, გაუკეთონ კორიდორები ა.შ.“…
„საერთოდ, ჩვენ ერთადერთი იმედი, რაც გვქონდა, გვაქვს და გვექნება, ალბათ არის ეს ისევ სახალხო პროტესტი, აქციები. ეს პროცესი აქამდე როა მოსული, ამ აქციების დამსახურებაა, თუნდაც ეს შეჩერებული სამუშაოები, თუნდაც ის, ახლა რაც ხდება – აბსოლუტურად ამაზეა დაფუძნებული. ცალკე აღებული, არავინ არც არავის მომწვევი იყო და არც მომლაპარაკე“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.