რა ხდება სოფელ სამებასთან?

პუბლიკა

მიუხედავად იმისა, რომ კავკასია სეისმურად აქტიური რეგიონია და მიწისძვრები უჩვეულო არაა, ბოლო პერიოდში სოფელი სამება ხშირად დაფიქსირდა, როგორც ეპიცენტრიდან ყველაზე ახლოს მდებარე პუნქტი და მედიისა თუ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ყურადღებაც ამ ტენდენციის გამო მიიპყრო.

ნინოწმინდის სოფელ სამებასთან ყველაზე ძლიერი – 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ, თბილისის დროით 22:25 საათზე დაფიქსირდა. მას ე.წ. მომყოლი ბიძგებიც მოჰყვა. წინა პერიოდში – მიმდინარე და გასულ წელსაც სოფელ სამებასთან 3-დან 5-მდე მაგნიტუდის მიწისძვრა არაერთხელ დაუფიქსირებია დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტს.

რა ხდება სოფელ სამებასთან – რა პროცესები მიმდინარეობს ჯავახეთის რეგიონში? – ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად „პუბლიკა”ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს ლაშა სუხიშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, სოფელი სამება ხშირად არის ხოლმე აღნიშნული, ვინაიდან ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს ეს სოფელია, დაახლოებით 10 კილომეტრში.

რაც შეეხება იქ მიმდინარე პროცესებს, მისივე განმარტებით, მიწისძვრის არეალი ჯავახეთის ქედია, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა. ამ ქედზე შედარებით სუსტი, თუმცა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქტივობები პერიოდულობით ხდება ხოლმე. როგორც ის იხსენებს, მაგალითად, 5-7 წლის წინ ამ ქედზე იყო მიწისძვრების საკმაოდ დიდი რაოდენობა.

სუხიშვილი გვიხსნის, რომ ჯავახეთის ქედზე ორი უბანი აქტიურდება ხოლმე. ამჯერად გააქტიურებულია სამხრეთი ნაწილი, საქართველო-სომხეთის საზღვართან, სადაც წუხელაც მოხდა 6-იანი მაგნიტუდის რიგის მიწისძვრა.

„ზოგადად, ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა მთელს კავკასიაში და არ არის მოულოდნელი, რომ აქ ამდენი მიწისძვრა ხდება. ამას ორი ფაქტორი განაპირობებს:

პირველი ეს არისვულკანური აქტივობა. მართალია, იქ დღეის მდგომარეობით ვულკანები არ იფრქვევა, თუმცა რეგიონში მაგნური აქტივობა მიმდინარეობს და ეს იწვევს მიწისძვრებს.

მეორერეგიონში არის ტექტონიკური დაძაბულობა, რომელიც რეგიონული ფაქტორებიდან არის გამოწვეული და არც ესაა გასაკვირი”, – ამბობს სუხიშვილი.

რას ნიშნავს ტექტონიკური დაძაბულობა? – როგორც გეომორფოლოგი გვიხსნის, ეს ნიშნავს იმას, რომ ფილაქანთა ტექტონიკის გამო არაბეთის საქანი მუდმივად გადაადგილდება ჩრდილოეთ მიმართულებით ანუ საქართველოს მიმართულებით. ევრაზიის ფილაქანი კი, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთითაა, უძრავ მდგომარეობაშია. ერთი ფილა უძრავად და მეორე ფილა მოძრავი ჩრდილოეთის მიმართულებით, შუაში სტრესის დაგროვებას განაპირობებს. შუა ნაწილს რასაც ვეძახით, ეს არის კავკასია, მათ შორის საქართველო – სადაც ამ სტრესის აკუმულაცია ხდება და შემდეგ ამ დაგროვებული სტრესის დეფორმაციით გამოთავისუფლება. ეს დეფორმაცია შეიძლება გამოიხატოს სეისმური დეფორმაციით – მაგალითად შეიძლება წარმოიქმნას მთები ან გამოთავისუფლდეს მიწისძვრით – ესაა ამ პროცესის ტექტონიკური ნაწილი.

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

როგორც სუხიშვილი ამბობს, თადარიგი შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ – ერთია სახელმწიფო პოლიტიკა კანონმდებლობის დონეზე, სეისმომედეგი მშენებლობის მიმართულება – რაც საკითხის უფრო გლობალური მხარეა. ლოკალურ დონეზე კი, ანუ ადამიანების დონეზე, შეგვიძლია, ამგვარად ვიმოქმედოთ:

„ყველაზე რთული რაც არის, სეისმურად მდგრად შენობაში ცხოვრება და საქმიანობაა, რაც ძვირიცაა და ფუფუნებაც ჩვენს რეალობაში.

ყველაზე მარტივი კი არის რეაქცია მიწისძვრაზე. რთული, მაგრამ ყველაზე ხელმისაწვდომი – ეს არის სიმშვიდე. უნდა ვიყოთ მშვიდად, ეს არის პირველი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ. და მეორე – სადაც ვართ, უნდა დავრჩეთ იქ. ის ტრადიცია, რომ მიწისძვრა ხდება და მთელი სამეზობლო ეზოში უნდა ჩავიდეს, სწორი არ არის. ასევე არაა სწორი, თუ გარეთ ხარ, შენობაში შესვლა. ვრჩებით იქ, სადაც ვართ, რადგან გადაადგილება გულისხმობს კიბისა და ლიფტის გამოყენებას, რაც ყველაზე ნაკლებად უსაფრთხოა ამ პერიოდში.

ამიტომ ყველაფერს სჯობს, ნაგებობაში უსაფრთხო ადგილის პოვნა – ეს არის საყრდენი კედლები, ეს არის ნაკლებად დატვირთული კედლები, ნახატებისა და კარადების გარეშე. კედელთან გაჩერება და სიმშვიდის შენარჩუნება, დაახლოებით 20-30 წამი, სანამ ბიძგები გრძელდება”, – გვირჩევს სუხიშვილი.