წინა კვირას განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების შედეგები გამოაქვეყნა. გასაუბრებაზე გასული 755 აპლიკანტიდან 162-მა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა.
შედეგების გამოცხადებას სოციალურ ქსელებში, პედაგოგების პროფესიულ ჯგუფებში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აპლიკანტთა ნაწილი, რომელთაც გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარეს ამბობენ, რომ სერტიფიკატზე უარის მიზეზი მათი არაპროფესიონალიზმი არ უნდა გამხდარიყო და, სავარაუდოდ, „სხვა ნიშნით“ დაიწუნეს.
„პუბლიკა“ 10-მდე „ჩაჭრილ“ აპლიკანტს ესაუბრა. მათმა უმრავლესობამ გამოცდის ეტაპზე, რომელზეც დირექტორობის მსურველთა აკადემიური ცოდნა მოწმდებოდა, მაღალი ქულები მიიღეს. ასევე, თითქმის ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ გასაუბრებამ კარგად ჩაიარა – 10 მაქსიმუმ 15 წუთი გაგრძელდა და აპლიკანტებისთვის 2-3 კითხვის დასმით შემოიფარგლნენ კომისიის წევრები.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მასალაზე მუშაობის პროცესში დირექტორობის მსურველი კანდიდატების დათანხმება ინტერვიუზე გაჭირდა. არაერთმა უარი თქვა ღია ინტერვიუზე – „ადრე მივეცი ინტერვიუ და ცუდი შედეგები მოჰყვა“; „ისედაც ამოჩემებული ვყავარ, განსხვავებული აზრისა და პრინციპულობის გამო და მეტი არ მინდა,“ – მსგავსი ახსნა- განმარტებებით გვიხსნიდნენ ჩვენთან პირისპირ ინტერვიუზე უარის მიზეზებს რესპონდენტები. იყო შემთხვევები, როდესაც უკვე ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნებაზე გვითხრეს უარი.
გამოცდების შედეგების მიმართ დირექტორობის მსურველთა სკეპტიციზმს ამყარებს გასულ წელს გავრცელებული ინფორმაციაც, რომელიც აჩვენებდა, რომ დირექტორთა მსურველთა სიების დაზუსტებაში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობს და გამოცდაგავლილ კანდიდატებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნიშნით „სუსი“ ამოწმებს.
სკოლის პოლიტიზება და პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნიშნით კანდიდატების შერჩევა/ დანიშვნის პრობლემა საგანმანათლებლო სისტემაში კვლავ მწვავედ დგას. ამას არაერთი ადგილობრივი კვლევა და შემთხვევა ადასტურებს.
თამარ ფაჩულია 21-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მენტორის სტატუსის მქონე ერთადერთი პედაგოგია ქალაქ ფოთში. ის კერძო სკოლის დამფუძნებელი და ამავე სკოლის დირექტორი იყო წლების განმავლობაში. 2020 წელს საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდაზე დარეგისტრირდა. სერტიფიცირების პროცესი ორეტაპიანია – გამოცდისა და გასაუბრების. გამოცდაზე 80-დან 60 ქულა მიიღო, გასაუბრება კი ბათუმში 4-კაციანი კომისიის წინაშე გაიარა. ამბობს, რომ გასაუბრებაზე არაფერი განსაკუთრებული არ უკითხავთ და მიაჩნია, რომ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა კომისიის წევრებზე.
„80 ქულიდან მივიღე 60 ქულა. რო გადავხედე, 10 ქულა დაკლებული იყო – იქ 70 ქულის მიღება შესაძლებელი იყო, მაგრამ არ გამისაჩივრებია იქიდან გამომდინარე, რომ ერთი სასამართლო დავა უკვე მქონდა და ამდენი გასაჩივრებისთვის შინაგანი ძალა არ მქონდა, აღარ ჩავთვალე საჭიროდ.
გასაუბრებაზე კითხვები დამისვეს სკოლის განვითარებაზე, მოსწავლეთა საჭიროებებზე, მასწავლებელთა მხარდაჭერის სისტემასა და სასწავლო პროცესზე. რა კითხვა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ 60-ქულიან კანდიდატს ვერ გაევლო?
ბოლოს მკითხეს, თქვენი რაიონის გარდა, თუ ისურვებდით სხვაგან დირექტორობასო – მე ვუპასუხე, რომ პირველ რიგში მე მჭირდება ჩემი ქალაქის წინსვლა და განვითარება. თუ აქ არ იქნებოდა ადგილი, ამის შემდეგ წავიდოდი სხვაგან.
სამინისტროსგან ვითხოვ დასაბუთებულ მიზეზს, რატომ მეთქვა უარი – ხომ აქვთ ოქმები? ჩახედონ ოქმებს.
მაშინ რა საჭიროა ეს ტესტი – 60 ქულაზე ჩავაბარე, ზოგმა კიდევ უფრო მეტ ქულაზე ჩააბარა. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ, როდესაც შენ, მაღალქულიანს გზა გეღობება და კარებს გიხურავენ, მაშინ რა საჭიროა ეს ტესტირება – რატომ მახარჯვინებ ამდენს ენერგიას? მე ხომ ვიშრომე…
21-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მენტორი მასწავლებელი ვარ. რა საჭიროა მაშინ ეს სტატუსები?
თუ ეს დამოკიდებულება გაგრძელდა, არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ეს მდგომარეობა, იქამდე ხომ არა, რომ მართლა წავიდეთ ქვეყნიდან?! აბა, როგორ? შენს ქალაქში არ გეძლევა შესაძლებლობა… შენს ქალაქში რესურსცენტრი გბლოკავს და შავი სიები დგება, რომ ეს არის ოპოზიციურად განწყობილი. რას ნიშნავს ოპოზიციურად განწყობილი? მე ჩემი აზრი მაქვს; პიროვნება ვარ, რომელსაც აქვს თავისი შეხედულებები. მაქვს უფლება, ზოგი რამ მომწონდეს და ზოგი არ მომწონდეს; მაქვს უფლება, გამოვთქვა ჩემი აზრი. ეს არის დემოკრატიული პრინციპები და თუ ჩვენ არ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, მაშინ ესეც გვითხრან და გვეცოდინება, რომ აქ ჩვენი ადგილი არ ყოფილა“, – ამბობს თამარ ფაჩულია.
მისივე თქმით, მისი „დაბლოკვის“ მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიტიკურია. წლების წინ ის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და საპარლამენტო სიის კანდიდატი იყო. თამარ ფაჩულია მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს და კონკურსის შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
„როგორც კი გავიგე, რომ არ მომეცა სერტიფიკატი, მოვითხოვე მინისტრთან შეხვედრა. სამწუხაროდ, არ არის მინისტრთან კომუნიკაციის საშუალება. ქვის ხანა ხომ არაა? ნებისმიერ დაწესებულებაში შეგიძლია, მიხვიდე ჩაეწერო და ბოლო-ბოლო ჩაწერის შედეგად შეძლო ხელმძღვანელთან გასაუბრება. შენ შენს სისტემაში მინისტრთან შეხვედრის უფლება არ გაქვს. ჩაწერის შესაძლებლობა არ არის. ელექტრონულად რომ გაგზავნო წერილი, ის არ ითვლება მიღებულად? ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, რა ხდება?“ – ამბობს თამარ ფაჩულია.
მაია ეკალაძე დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე პირველად 2014 წელს გავიდა. წლევანდელი კონკურსისგან განსხვავებით, მაშინ ორივე ეტაპი – გამოცდაც და გასაუბრებაც წარმატებით დაძლია და სერტიფიკატიც აიღო. 2014 წელს კომისიამ მიიჩნია, რომ დირექტორობისთვის შესაფერისი კანდიდატი იყო და იმსახურებდა საჯარო სკოლის დირექტორობას, წლევანდელ კონკურსში კი ასე აღარ აღმოჩნდა და გასაუბრების ეტაპზე მისი კანდიდატურა „დაიწუნეს“.
„7 წლის განმავლობაში მქონდა სერტიფიკატი და გავაგრძელე ვადა; უარესი რატომ უნდა ვიყო, თუ მაშინ ვიყავი სერტიფიკატის ღირსი?“ – სვამს კითხვას მაია ეკალაძე და ამბობს, რომ 2014 წლის შემდეგ დირექტორობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ნეპოტისტურად გამართული კონკურსების გამო, ეს ვერ მოახერხა.
„2014 წელს ავიღე სერტიფიკატი. მერე რამდენიმე კონკურსი გაიმართა ნეპოტისტურად – მიშვებდნენ პრესტიჟულ სკოლებში, სადაც მოქმედ დირექტორებთან კონკურენციაში შესვლა რთულია. მაგალითად, გამიშვეს 51-ე საჯარო სკოლაში, სადაც შესაძლო ვარიანტი იყო, რომ მაღალი პროცენტით ამირჩევდა სამეურვეო საბჭო; იქ უარი მითხრეს.
წელს გასაუბრებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მშვიდად ვუპასუხე ყველა შეკითხვას. ყველა კითხვა მახსოვს; შემიძლია, ჩამოვთვალო – ისეთი შეკითხვები იყო, რომლებზეც ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. გასაუბრება, დაახლოებით, 7 წუთი გაგრძელდა. 3 კითხვა დამისვეს – ნინო ბეგლარაშვილი იყო ერთადერთი, ვინც კითხვებს სვამდა. დანარჩენები თითქოს არც იყვნენ იმ სამყაროში. მაია კობახიძეზე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა – რატომ იყო იქ?!
გასაუბრებამ ჩაიარა კარგად; ვუპასუხე აბსოლუტურად კარგად; ხომ გაქვთ ხანდახან განცდა, რომ რაღაცას ვერ იტყვით. მე ყველა შეკითხვას ვუპასუხე ამომწურავად და დამაჯერებლად. როგორც გაკვეთილზე არ დავიბნევი, ისე არ დავბნეულვარ იქ, არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ შემქმნია.
მივიჩნევ, რომ ღირსეული კანდიდატი ვარ, ამიტომაც გავედი კონკურსზე და ვთვლი, რომ ამის გაკეთება შემიძლია. მიმაჩნია, რომ საჭიროა სკოლებისთვის ჩემი საქმიანობა.
ეს საქმე ვიცი. გამომივიდა ის, რაც სხვას არ გამოსდის. რატომ არ უნდა მქონდეს შანსი? ასპარეზი უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, რომ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მიაღწიოს მაქსიმუმს“. – ამბობს მაია ეკალაძე.
შეკითხვაზე, რა შეიძლებოდა, გამხდარიყო მისი კანდიდატურის „დაწუნების“ მიზეზი, ამბობს, რომ არ იცის.
„აბსოლუტურად არ მაქვს პასუხი; მართლა მაინტერესებს; საუბრობდნენ პოლიტიკურ ნაწილზე; მაპატიეთ, მაგრამ კობახიძის მიმართ დადებითი განწყობის ვერ ვიქნები და მიმაჩნია, რომ პოლიტიკური გემოვნებით არც მე უნდა განვსაჯო რომელიმე ადამიანი, როცა მის სტატუსს ვაფასებ და არც მე უნდა განმსაჯონ. პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ ვარ; მე ვარ მოქალაქე, რომელსაც მინდა, ვიცხოვრო სახელმწიფოში და ვასწავლო ახალგაზრდებს ის, რაც სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდება.
პირდაპირ მინდა ვკითხო მინისტრს – რა ნაკლი გვაქვს?! რატომ გვბლოკავენ?!“ – ამბობს მაია ეკალაძე და სასამართლოსთვის მიმართვას ისიც გეგმავს.
„პუბლიკას“ დირექტორობის კონკურსში „ჩაჭრილი“ რამდენიმე კანდიდატი ანონიმურად ესაუბრა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ „რუსულ კანონზე“ გამოთქმული საჯარო პოზიციების გამო დაისაჯა, რადგან კონკურსამდე ადგილობრივი მერიის მხრიდან მის მიმართ არაერთგზის გამოითქვა „საყვედური“ სამოქალაქო პოზიციების ხმამაღლა გამოხატვის გამო.
მისივე თქმით, მის რაიონში სწორედ ისეთი კანდიდატები დაბლოკეს, რომლებიც „კლიმატს“ შეცვლიდნენ და ცვლილებებს შეიტანდნენ საგანმანათლებლო სფეროში.
ამავე რაიონიდან მეორე კონკურსანტსაც ანონიმურობის დაცვით ვესაუბრეთ. როგორც მან გვითხრა ზუსტად იცის, რომ სიები ადგილობრივ რესურსცენტრში გადაიგზავნა და იქ მოითხოვეს კანდიდატებზე დეტალების დაზუსტება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ორივე კანდიდატი ახალგაზრდაა და მიაჩნიათ, რომ, სავარაუდოდ, სისტემაში ახალი, ისეთი კადრების შეშვება არ სურთ, რომელთა მართვაც მმართველ ორგანოებს გაუჭირდებათ.
ცნობილია, რომ სერტიფიკატზე უარი ეთქვა პოლიტიკოს ზურაბ ჭიაბერაშვილის დას, მაკა ჭიაბერაშვილს. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც პედაგოგიური, ისე დირექტორობის. მაკა ჭიაბერაშვილი კონკურსის შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, თუმცა მედიასთან საუბარი არ ისურვა; თქვა, რომ ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ იტყვის და საჯარო პოზიცია პირად გვერდზე უკვე დააფიქსირა.
მაკა ჭიაბერაშვილისა და სხვა კანდიდატებისთვის სერტიფიკატზე უარის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში განათლების მკვლევარი თამარ მოსიაშვილი გამოეხმაურა.
„უკვე მერამდენე წრეზე წავედით. სახელმწიფოს ნებავს სკოლის დირექტორებად სანდო ხალხის შერჩევა და არჩევს კიდეც. კვალიფიციური ადამიანები კვლავ არ შეარჩიეს.
სასერტიფიკაციო გამოცდის შემდეგ სამინისტროს მიერ ორგანიზებული ე.წ. გასაუბრება არის ფილტრი, რომელშიც მონაწილეობს სუსი. მისი ფუნქციაა ხალხის გაფილტვრა, სანდო ადამიანების შერჩევა. თუ ვინმე გაეპარათ, ისეთ სკოლაში გაგზავნიან, სადაც არ აირჩევენ. ეს შემდეგი სერიაა. ამგვარად, სკოლის დირექტორის თანამდებობა ხდება პოლიტიკური. სკოლის დირექტორი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო უწყების და არა სასკოლო საზოგადოების მიმართ. მაქვს კითხვა:
ამ ვითარებაში მისალოცი არის რაიმე კონკურსში გასული ადამიანებისთვის? სიხარული უხერხული ხომ არ არის? შეიძლება, ამ ვითარებაში სკოლის ხელმძღვანელი იყოს სასკოლო ლიდერი?
ბევრი რამაა გასაკეთებელი, ბევრი გადაწყვეტილება – მისაღები!
სამინისტროში გასაუბრება უნდა გაუქმდეს. გამოცდის ჩაბარების შემდეგ ადამიანმა თავად უნდა წარადგინოს თავი იმ სკოლაში, სადაც საჭიროდ მიიჩნევს. სკოლის სამეურვეო საბჭომ (ან სასკოლო საზოგადოებამ) უნდა აირჩიოს სასურველი კანდიდატი.
ასე თუ არ მოხდა, მთელი ეს პროცესი არის ერთი დიდი მასკარადი, კერძოდ დემოკრატიობანასა და დეცენტრალიზაციის ფრიად უგემოვნო თამაში!
მე არავის მივულოცავ კონკურსში ,,გამარჯვებას”. ამ კონკურსს ღირებულება არ აქვს! უხერხული კონკურსია!
გაქვთ არგუმენტი, რატომაა ეს კონკურსი ღირებული? რას შეცვლის სკოლის უუფლებო დირექტორი? ან რა შეუცვლია? ან იქნებ ნორმალური ვითარებაა? იქნებ, ეს ვითარება მისაღებია და შესაძლებელია სკოლის განვითარება? საინტერესო იქნება მოსმენა“. – წერს თამარ მოსიაშვილი.