რა თქვა პროცესზე ბექა გოცირიძემ

პუბლიკა

რუსთაველის პროტესტის დაკავებული მონაწილეების – მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას პროცესზე დღეს დაზარალებულის სტატუსის მქონე პირი – ბექა გოცირიძე დაიკითხა.

ბრალდებულებს გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობა ედებათ ბრალად, თუმცა თავად ამბობენ, რომ გოცირიძე თავად იყო აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეების მიმართ და შეურაცხყოფას აყენებდა მათ.

გოცირიძემ დაკიხვისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება დაადასტურა – მათ შორის დაადასტურა რუსთაველის პროტესტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და აღნიშნა ისიც, რომ ჩხუბის დროს – „მე თავს ვიცავდი, მეც ვურტყამდი, ხელს მეც ვიქნევდი”.

პროცესზე მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პრეტენზია არ აქვს ბრალდებულების მიმართ და უნდა, რომ ისინი გირაოთი გათავისუფლებულიყვნენ.

წაიკითხეთ მისი დაკითხვიდან მნიშვნელოვანი მონაკვეთები:

2025 წლის, 31 ივლისი:

ბექა გოცირიძე: მთაწმინდაზე ვიყავი [კახა კალაძის ღონისძიებაზე], მანქანა გამიფუჭდა და წამოვედი ავტობუსით. რუსთაველზე გავიარე ფეხით. შელაპარაკება მომივიდა. მივდიოდი და მოხდა ჩხუბი… მივდიოდი, ტელეფონი მეჭირა ხელში, მეგობარს ველაპარაკებოდი… ერთ-ერთმა დამიძახა, ვისთანაც მომივიდა კონფლიქტი, რატომ იღებ ტელეფონსო, მოვტრიალდი, მაგის გამო მოხდა ეს შელაპარაკება…

პროკურორი: უშუალოდ რუსთაველზე რატომ გაიარეთ?

ბექა გოცირიძე: ხომ წამოვედი მთაწმინდიდან, მანქანა გამიფუჭდა. ჩამოვედი ავტობისით და ვაპირებდი მეტრო რუსთაველიდან წავსულიყავი მეტროთი სახლში, ბახტრიონზე ვცხოვრობ… არ შეიძლება გავიარო რუსთაველზე? რატომ არ უნდა გავიარო. მივიოდი ჩემთვის, არავისთვის არაფერი არ მითქვამს.

– პროკურორი: [გითხრათ რატომ იღებო?]

– დიახ.

– [რა უპასუხეთ?]

– არაფერი არ მიპასუხია, მოხდა ჩხუბი… ვერ ვხვდები, არც მინდა ამაზე ვილაპარაკო, მივდიოდი და მომივიდა ჩხუბი, რა უნდა ვთქვა ახლა ამასთან დაკავშირებით…

– ვისთან მოგივიდათ ჩხუბი?

– [ყველა იმ 30 კაცთან მომივიდა ჩხუბი უშუალოდ… ვინც დამარტყა, მისი მხრიდან არა. ერთი 25 კაცი მეჩხუბებოდა მარტო. დამესივნენ რა…]

– ბრალდებულებზე რას გვეტყვით?

– ძმა დაღუპვია და ვიზიარებ…

– მათი მხრიდან რა სახის ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი?

– არაფერი, ისეთი დიდი არაფერი, უბრალოდ მოგვივიდა ჩხუბი.  ვჩხუბობდით, მარტო ვიყავი და 30 კაცი მეჩხუბებოდა, მარტო მინდიაზე და თორნიკეზე ხომ არ არის, 30 კაცი მეჩხუბებოდა. ბევრნი იყვნენ…

– მინდიას ქმედება რაში გამოიხატა?

– მითხრა რატომ იღებო, უშუალოდ მივედი რა გინდათ-მეთქი და მომივიდა ჩხუბი.

– [მინდიამ გითხრათ რატომ იღებო?]

– კი

– პირველი ვინ დაგარტყათ ხელი?

– მგონი თორნიკემ დამარტყა პირველად რა, უშუალოდ ეგ ორი მოვიდა რა, მაგათთან მომივიდა უშუალო კონფლიქტი.

– თქვენ რას შვებოდით?

– თავს ვიცავდი

– როგორ გაგრძელდა დაპირისპირება?

– არაფერი, ვიჩხუბეთ, მერე მინდოდა, რომ მოვცილებოდი და გავიქეცი ერთ მომენტში, მერე გამომეკიდა მასა, ზოგი გამომეკიდა, მერე მოვიდა პოლიცია და პოლიციამ გამარიდა.

ტკივილი

პროკურორმა ბექა გოცირიძეს ასევე ჰკითხა, განიცადა თუ არა ტკივილი, რაც მან უპასუხა:

„ხელი დამარტყა და ადამიანური მომენტია, ტკივილი ვიგრძენი რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილი არ მიგვრძია. რაღაცა სასწაული ტკივილი არ ყოფილა. რაღაც ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ რომ ვთქვათ, სასწაულად მეტკინა, ეგეთი არ ყოფილა. ტკივილი ცოტათი ვიგრძენი კი, ადამამიანი ვარ, რომ დაგარტყამენ, ტკივილს იგრძნობ… მოგვივიდა კონფლიქტი და მოგვივიდა ჩხუბი, კამერებია და გადაღებულია, ყველამ ნახა… რაღაცა ისეთი არ ყოფილა… მოხდა, ადამიანები ვართ და ვიჩხუბეთ… “, – აღნიშნა მან.

მოსამართლე: რომ იჩხუბეთ და სავარაუდოდ ეს ინციდენტი რომ მოხდა, ამიტომაც ვართ ჩვენ აქ შეკრებილები.  და ამიტომ არის ეს ორი ადამიანი რამდენიმე თვეა უკვე საპატიმრო დაწესებულებაში.

ბექა გოცირიძე: არ შეიძლებოდა გირაო ან რაღაც? რატომ მოჰყვა ამხელა რაღაცა… „ტეხავს“, ხომ ადამიანები ვართ… ჩემზე იმხელა ბულინგი მოდის, რომ ვითომ აგენტი ვარ და დავაჭერინე. რა დავაჭერინე, მივდიოდი და მოგვივიდა ჩხუბი… არც ინტერესი მქონია ამათი დაჭერის და არაფერი… კი, მოხდა კონფლიქტი და ამხელა რაღაც რატომ მოჰყვა, ვერ ვხვდები, ადამიანები ვართ და ყველა ჩხუბობს…

პროკურორი: როგორ განერიდეთ ამ სიტუაციას?

გოცირიძე: ერთ მომენტში გავრბივარ მე, 25-30 ადამიანი რომ გეჩხუბება, თავს ვიცავდი, ერთ მომენტში გავიქეცი და გამომეკიდნენ, მერე ფეხი მხვდება და ვიქცევი და მეორე ჩხუბი იქ დაიწყო. მერე კი უკვე პოლიცია მოვიდა და გამარიდა.

…მე თავს ვიცავდი, მეც ვურტყამდი, ხელს მეც ვიქნევდი. მეც ვიცავდი თავს და მეც ვეჩხუბებოდი… ხან აგენტობა დამაბრალეს. მივიდიოდი ჩემთვის, მინდოდა წავსულიყავი სახლში. არც კამერა [მდებია] და არაფერი. მაბრალებენ, პროვოკაცია მოაწყოო და მე არაფერი პროვოკაცია არ მომიწყვია… საერთოდ არ ვიცნობდი ამ ბიჭებს”, – აღნიშნა მან.

მან პროცესის განმავლობაში მოსამართლესაც მიმართა:

– მე ისიც მიკვირს ბატონო მოსამართლე, რომ ამხელა ის [ამბავი] მოჰყვა ამ ყველაფერს. ხდება, ადამიანები ვართ, ან გირაო არ შეიძლებოდა აქამდე?!

დანა

ბექა გოცირიძემ პროცესზე დაადასტურა ისიც, რომ ამ კონფლიქტის დროს თან დანა ჰქონდა, თუმცა მისი ამოღება არ უცდია. მისი თქმით, ეს დანა მას ჯიბიდან ამოუვარდა.

გოცირიძე: წამაქციეს და დანა ამომივარდა, ტყუილს არ ვიძახი, დანა მართლა მედო, მაგრამ დანისკენ ხელი არ წამიღია. სამჯერ დავეცი და ამომივარდა.

პროკურორი: რისთვის იყენებდით დანას?

გოცირიძე: მანქანა გამიფუჭდა მაგ დღეს და აღარ დავტოვე მანქანაში და წამოვიღე… [დანის გახსნა-დათვალიერებისას] მანახეს და ეგეთი დანა მქონდა, უშუალოდ შენია თუ არაო და არ ვიცი, მაგრამ ეგეთივე დანა მქონდა და ამომივარდა. რა დანაც მქონდა, ეგ იყო ზუსტად… გამომძიებელს ვუთხარი, როგროც იყო – რომ დანა მედო ჯიბეში და ამომივარდა… ტელევიზიროში იყვნენ,  „TV პირველზე” აჩვენებდნენ, რომ დანით იყო მისულიო, მე მივდიოდი სახლში და დანა საერთოდ არ [ამომიღია] ამომივარდა, ეგ დანა მედო ჯიბეში.

დანასთან დაკავშირებით მას შეკითხვები თონიკე თოშუამაც დაუსვა:

თოშხუა: გამოკითხვის ოქმში წერთ, რომ ამ დასაკეც დანას იყენებთ საკვების დასაჭრელად. დასაკეც-გასაშლელ დანას რა პროცედურაში იყენებ?

გოცირიძე: ვაშლის დასაჭრელად. ჩვეულებრივად… შეიძლება მანქანა გავაჩერო და დამჭირდეს.

თოშხუა: რუსთაველზე შეკრებილ ხალხზე ვიქრობთ, რომ იქ შეკრებილი ხალხი არიან აკაცუკები, „ქათმები“, ფიქრობთ, რომ იქ შეკრებილები არიან ასეთი კატეგორიის ხალხი?

გოცირიძე: კი, კი და არ უნდა კეტავდნენ გზას ერთი წელი, იქ ხალხი ცხოვრობს და დაიღალა…

ადვოკატების შეკითხვები

ადვოკატი დათა კუპრავა: ამ შემთხვევამდე თქვენ საზოგადოებაში პოზიციონირებდით, როგორც აგრესიულად განწყობილი [რუსთაველზე მდგომი ადამიანების] მიმართ?

ბექა გოცირიძე: კი, კი, კი ბატონო

ადვოკატი: რატომ არ შეეცადეთ, თავი აგერიდებინათ მაგ გამზირზე გავლისგან?

ბექა გოცირიძე: დღეს ვნანობ ახლა ამ ყველაფერს, რომ ვფიქრობ, ვნანობ ამ ყველაფერს.

ადვოკატი: შეგეძლოთ, რომ სხვა გზით გადაადგილებულიყავით? ეს იყო თქვენგან მიზანმიმართული ქმედება, რომ გადაკეტილი რომ გაქვთ, მე მაინც გავივლი?

ბექა გოცირიძე: კი, შემეძლო. მიზანმიმართული არ იყო [იქ გავლა]. არ მეგონა, ეგ ყველაფერი რომ მოხდებოდა, თორემ ხომ არ გავივლიდი.

ადვოკატი: სინანული რაში მდგომარეობს? ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა, სხვა გზით გადაადგილებულიყავით?

ბექა გოცირიძე: რა თქმა უნდა, ვნანობ. ადამიანები ვართ.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე: ბოლომდე იდენტიფიცირება, ვისი დარტყმის შედეგად გეტკინათ შეგიძლიათ? ბევრი ადამიანი იყოო, ამბობთ.

ბექა გოცირიძე: ხო ახლა, უშუალოდ მინდიასთან მომივიდა კონფლიქტი, მინდიასთან დაიწყო.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე:  დღეის მდგომარეობით, როდესაც სასამართლოს ჩვენებას აძლევთ, პრეტენზია თუ გაქვთ ბრალდებულების მიმართ?

ბექა გოცირიძე: არა

ადვოკატი: მათი პატიმრობაში ყოფნაც არ გსურთ?!

ბექა გოცირიძე: არ მსურს

ადვოკატი: მათი გარეთ ყოფნის შემთხვევაში შიშის გრძნობაც არ გექნებათ?

ბექა გოცირიძე: არანაირად

ადვოკატი: და ალბათ წინააღმდეგი არ იქნებით, რომ სასამართლო გაათავისუფლოს ისინი?

ბექა გოცირიძე: არანაირად და გირაოთი თუ გაუშვებენ მითუმეტეს, ძალიან გამიხარდება.

დაკითხვის დასრულების შემდეგ მან საკუთარი ინიციატივით დასძინა:

„თუ მოხდება გირაო და ახალ წელს შეხვდებიან ოჯახებში ბიჭები, ძალიან გამიხარდება”.