რა ვიცით „სინოვაკის“ შესახებ, რომლითაც საქართველოში შემდეგი კვირიდან აიცრებიან

პუბლიკა

საქართველომ 29 აპრილს ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო 100 ათასი დოზა „სინოვაკი“, რომელიც 50 ათას ადამიანზეა გათვლილი. 17 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „სინოვაკზე“ რეგისტრაცია კვირის ბოლომდე დაიწყება და მომავალი კვირიდან დაინტერესებული მოქალაქეები  ვაქცინის მიღებას შეძლებენ.

ვაქცინის სახელი: CoronaVac (საქართველოში ცნობილია როგორც „სინოვაკი“)

ეფექტურობა: ბრაზილიაში ჩატარებული ცდების მიხედვით მისი ეფექტურობა 50,60%-ია, თურქეთში ჩატარებული ცდების მიხედვით კი – 91,25%-ია.

დოზების რაოდენობა: სულ 2 დოზა, 2 კვირის ინტერვალით.

აცრის ტიპი: კუნთშიდა ინექცია

კვლევის ფაზა: მე-3

გვერდითი ეფექტები: ნანემსარის ტკივილი, თავის ტკივილი, მოთენთილობა და კუნთების ტკივილი.

The new york times-ის ცნობარის მიხედვით, „სინოვაკზე“ მუშაობა კერძო ჩინურმა კომპანია Sinovac Biotech-მა 2020 წლიდან დაიწყო. 2021 წელს თურქეთსა და ბრაზილიაში ჩატარებულმა ცდებმა ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგები აჩვენეს – ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ ცდები სხვადასხვაგვარად ჩაატარეს. „სინოვაკმა“ საკუთარი მონაცემების ნაწილი 3 აპრილს გამოაქვეყნა, თუმცა ცდების დეტალები არც წინასწარ და არც სამედიცინო ჟურნალში არ გამოუქვეყნებია.

ქვეყნები, რომლებმაც „სინოვაკი“ მიიღეს

ვაქცინა ჩინეთის მთავრობის მიერ არის დამტკიცებული და ასევე სხვა ათობით არეალში გადაუდებელი გამოყენებისთვის მინიჭებული აქვს ავტორიზაცია. ეს ქვეყნებია:

აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი, ალბანეთი, ბრაზილია, კამბოჯა, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ეგვიპტე, ჰონკონგი, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მექსიკა, პაკისტანი, პანამა, ფილიპინები, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, ზიმბაბვე და სხვა.

როგორ მოქმედებს „სინოვაკი“

„სინოვაკი“ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინაა და ორგანიზმს ანტისხეულების გამომუშავებას ასწავლის. ხოლო რადგანაც იგი კორონავირუსის მკვდარ ნაწილაკებს შეიცავს, აცრის შემდეგ ინფიცირების რისკი არ არსებობს.

ისევე როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, აქაც უცნობია, რა პერიოდის განმავლობაში იცავს ის ორგანიზმს. შესაძლოა, ანტისხეულების რაოდენობა თვეებთან ერთად შემცირდეს. თუმცა იმუნური სისტემა ასევე შეიცავს B-უჯრედებს (რომლებიც წარმოქმნიან ანტისხეულებს და იმუნოლოგიურ მეხსიერებას უწყობენ ხელს), რამაც შესაძლოა კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში შეინარჩუნოს.

რას ამბობენ ექსპერტები

Aljazeera-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ „სინოვაკი“ ეფექტურია 60 წლამდე ასაკისთვის, თუმცა მათთვის სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ გარკვეული მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

ჯანმოს სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდონეზიაში, თურქეთსა და ჩილეში მე-3 ფაზის კლინიკური ცდები განიხილეს. ექსპერტების თქმით, „სინოვაკი“ 32 ქვეყანაშია შესული, ჯამში 260 მილიონი დოზა.

„სრულიად დარწმუნებული ვართ „სინოვაკის“ 2 დოზა ეფექტურია PCR-დადასტურებული COVID-19-ის პრევენციისთვის 18-59 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის“, – აცხადებენ ჯანმოს სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის ექსპერტები.

ისინი ასევე აღნიშნავენ: „ზომიერად თავდაჯერებული ვართ, რომ „სინოვაკის“ სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი (18-59 ასაკობრივ ჯგუფში) პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ დაბალია“.

30 აპრილს ჯანმომ განაცხადა, რომ „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების გადაუდებელი გამოყენების საკითხზე შეფასებებს მაისის დასაწყისში გამოაქვეყნებდა, თუმცა ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე ცნობილი არ არის.

„სინოვაკის“ შექმნის ქრონიკა

2020 წელი, იანვარი – „სინოვაკმა“ ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო.

ივნისი – ჩატარდა 1/2 ფაზის ცდები, რომლებშიც 743 მოხალისე მონაწილეობდა, ცდების პერიოდში სერიოზული გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა.

ივლისი – „სინოვაკმა“ მე-3 ფაზის ცდები დაიწყო ჯერ ბრაზილიაში, შემდეგ თურქეთსა და ინდონეზიაში. Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობამ მწარმოებელს ნება დართო, ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის შეზღუდული რაოდენობით გამოეყენებინა.

ოქტომბერი – აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ძიასინის მთავრობამ გამოაცხადა, რომ „სინოვაკით“ აცრიდნენ მაღალი რისკის მქონე ადგილებზე დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალსა და პორტის ინსპექტორებს.

19 ოქტომბერი – ბრაზილიის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, „სინოვაკი“ ყველაზე უსაფრთხოა იმ 5 ვაქცინას შორის, რომლებსაც ბრაზილიაში ცდიან.

ნოემბერი – „სინოვაკმა“ სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნა 1/2 ფაზის ცდების დეტალები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ვაქცინა ანტისხეულების შედარებით მოკრძალებულ რაოდენობას გამოიმუშავებდა. მხოლოდ მე-3 ფაზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, საკმარისია თუ არა გამომუშავებული ანტისხეულები COVID-19-ისგან დასაცავად.

19 ნოემბერი – ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ წინა თვეებში გვერდითი ეფექტის გამო მათ „სინოვაკზე“ ცდები შეაჩერეს. თუმცა დეტალები ცდების შეჩერების შესახებ ბუნდოვანი იყო და ბადებდა ეჭვებს, რომ მიზეზი პოლიტიკური იყო. ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ ბრაზილიაში ცდები გაგრძელდა.

დეკემბერი – „სინოვაკმა“ განაცხადა, რომ 2020 წელს 300 მილიონ დოზას დაამზადებდა და შემდგომში წლიურ წარმოებას 600 მილიონამდე გაზრდიდა.

23 დეკემბერი – ბრაზილიელმა მკვლევრებმა გამოაცხადეს, რომ „სინოვაკის“ ეფექტურობა 50%-ს აჭარბებს.

24 დეკემბერი – თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინის ეფექტურობა 91,25%-ია.

2021 წელი, 7 იანვარი – ბრაზილიელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ „სინოვაკის“ ეფექტურობა 78%-ია და რომ არცერთ მოხალისეს მე-3 ფაზაში COVID-19-ის მძიმე ან საშუალო სიმპტომები არ გამოვლენიათ. მათივე განცხადებით, ეფექტურობის თავდაპირველი შეფასება ეყრდნობოდა მოხალისეთა გარკვეულ ნაწილში ვაქცინის ჩვენებებს. თუმცა ოფიციალური შემაჯამებელი დოკუმენტი ეფექტურობის შესახებ ბრაზილიას ფორმალურად არ გამოუქვეყნებია.

11 იანვარი – ინდონეზიამ ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.

13 იავარი – ბრაზილიელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ „სინოვაკის“ საბოლოო ეფექტურობა 50%-ს აღემატება. თურქეთმა ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მინაიჭა.

6 თებერვალი – „სინოვაკმა“ განაცხადა, რომ ჩინეთმა ვაქცინის გამოყენება დასაშვებად ცნო.

1 აპრილი – „სინოვაკმა“ განაცხადა, რომ დოზების წარმოება 2 მილიარდამდე გაზარდა.