რას ამბობს ვაჟა მელაძე მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებაზე

პუბლიკა

„თუ ვინმე ფიქრობთ სამზარეულოს დამზადებას, ან სხვა ავეჯის შეკვეთას, გაფრთხილებთ, ამათ არ გაეკაროთ და ასევე მოიძიეთ ინფორმაცია, სანამ ვინმესთან ხელშეკრულებას გააფორმებთ ან თანხას გადაიხდით, ჩვენი ბედი რომ არ გაიზიაროთ“.

„ხელშეკრულებაში წერია, რომ თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად და ჩვენც მივყევით პირობებს… მოითხოვეს პირველი ეტაპის თანხა-35% მთლიანი ღირებულების, რაც იმავე დღეს გადავრიცხეთ. მეორე ეტაპში იგულისხმებოდა აზომვითი სამუშაო, რაც მალევე გააკეთეს და მოითხოვეს მეორე ეტაპის თანხა – მთლიანი ღირებულების 55%, რაც ეგრევე გადავურიცხეთ და აქ მთავრდება ამათი აქტიურობა“.

„ამ ჯგუფში ალბათ ბევრია ჩემსავით მელაძის ინტერიერისგან დაზარალებული. ისიც გეცოდინებათ, რომ სინამდვილეში ეს ბიჭი თაღლითი და აფერისტია. რასაც ამბობს 90% სიცრუეა, მაგრამ აშკარად ხალხით მანიპულაცია კარგად ეხერხება“.

– ასეთ პოსტებს წერენ „Meladze Interior • მელაძის ინტერიერზე“ „სასოწარკვეთილი მომხმარებლები“, რომლებმაც ავეჯის დამზადება შეუკვეთეს, ფული გადაიხადეს, თუმცა შეკვეთა აღარ ჩაბარებიათ. ნაწილმა მათგანმა მედიით გაიგო, რომ მსგავს შემთხვევებზე პროკურატურა თაღლითობის მუხლით აწარმოებს გამოძიებას და საქმეზე ბრალდებულებიც არსებობენ.

ბრალდების მხარემ გუშინ პირველად გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ საქმეზე ბრალდებულია სამი პირი – ვაჟა მელაძე, მისი მეუღლე, ლელა ქვილითაია და როლანდ ლუკაშვილი.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისათვის საქმეში  ფიგურირებს  47 დაზარალებული და მათთვის მიყენებული ზიანი ჯამში 719 408 ლარს შეადგენს.

ვის და რას ედავება პროკურატურა

შპს „მელაძის“ 100%-იანი წილის მფლობელი ვაჟა მელაძის მეუღლე, ლელა ქვილითაიაა. საჯარო რეესტრის მიხედვით, ვაჟა მელაძეს, აღნიშნულ კომპანიაში მონაწილეობა (დირექტორობა ან წილი) არ უფიქსირდება.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, ვაჟა მელაძეს ბრალი თაღლითობის მუხლით თავდაპირველად მიმდინარე წლის 25 ივნისს წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც პროკურატურა წერს, ბრალის წარდგენის შემდეგ საგამოძიებო უწყებას კიდევ არაერთმა დაზარალებულმა მიმართა და ამან  განაპირობა ის, რომ გასულ თვეს, 25 ოქტომბერს ვაჟა მელაძის მიმართ ბრალდება დაზუსტდა, ჯგუფურად მოქმედება დაემატა და ბრალი ჯამში 26 ეპიზოდზე წარედგინა.

პროკურატურა წერს იმასაც, რომ, მიუხედავად აკრძალვისა, მელაძე გამოძიებას მიემალა. რის გამოც შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს და მას აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეეცვალა, რის შემდგომაც მასზე გამოცხადდა ძებნა.

პროკურატურისვე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულს უკანონოდ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, აღნიშნულ ნაწილში მისი ბრალდება დამძიმდება და დამატებით წარედგინება ბრალდება შესაბამისი მუხლით.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას მელაძის ადვოკატი, ზურაბ გადელია ამბობს, „ვაჟა მელაძეს „საქართველოს ტერიტორია, რომელიც კონსტიტუციით დაფიქსირებულია  1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, არ დაუტოვებია“.

რაც შეეხება ვაჟა მელაძის მეუღლეს, ლელა ქვილითაიას, საჯარო რეესტრის მიხედვით, ის არის კომპანია „მელაძის“ 100%-იანი წილის ოფიციალური მფლობელი.

რაც შეეხება მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს, პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ მას ბრალი 31 ოქტომბერს წარედგინა. მას ჯამში 20 ეპიზოდზე ედავებიან. პროკურატურა წერს, რომ ქვილითაია უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა.

„ვინაიდან, აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ადვოკატი „პუბლიკასთან“ ამბობს, ქვილითაია ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. მან ქვეყანა ბრალის წარდგენამდე რამდენიმე კვირით ადრე, სექტემბერში დატოვა. ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ქვილითაიას მაისიდან მოყოლებული, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა არ მიმდინარეობდა,  ქვეყნის დატოვება უკანონოდ ჰქონდა შეზღუდული, რომ მას საზღვარზე არ უშვებდნენ და „სახალხო დამცველის ოფისის დახმარებით შეძლეს ამის აღმოფხვრა“, რის შემდეგაც მან ქვეყანა კანონიერად დატოვა.

რაც შეეხება როლანდ ლუკაშვილს, ის კიდევ ერთი კომპანიის – შპს „მელაძე 2021“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მას პროკურატურა თაღლითობას 6 ეპიზოდზე ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით 15 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

რას ამბობს ბრალდებული ვაჟა მელაძე

საქმეში სამი კომპანია ფიგურირებს – შპს „მელაძე“, შპს „მელაძე 2021“ და შპს „ინტერიერი 2022“;

  • როგორც აღვნიშნეთ, შპს „მელაძის“ 100%-იანი წილის მფლობელია ლელა ქვილითაია;
  • შპს „მელაძე 2021“ – როლანდ ლუკაშვილი, 100%;
  • შპს „ინტერიერი 2022“ – გოჩა მელაძე, 100% [24 ივნისიდან].

როგორც ვაჟა მელაძე ამბობს, დაზარალებულებსა და ზოგადად, მომხმარებელთან უშუალოდ შეხება მას არ ჰქონია. მისი მტკიცებით, როდესაც მომხმარებელი აღნიშნულ facebook-გვერდს შეკვეთის მისაცემად მიწერდა, ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით, მათ ამ კომპანიების მენეჯერები პასუხობდნენ და ამისამართებდნენ შესაბამისი კომპანიის დირექტორთან. შემდგომი კომუნიკაცია – ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა, ხელშეკრულების დადება, თანხის ჩარიცხვა და ა.შ. სრულად ხორციელდებოდა დირექტორთა მიერ. როგორც ამბობს, იმ ამ პროცესიდან იღებდა მხოლოდ გარკვეულ პროცენტს, როგორც მარკეტინგული სახე, დიზაინის ავტორი, რის გამოც მომხმარებელი არჩევანს მასზე აკეთებდა. რაც შეეხება შეკვეთის შესრულების ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, მელაძე იმეორებს, რომ ეს იყო იმ დირექტორზე, ვინც დებდა ხელშეკრულებას და იღებდა ფულსაც.

„მე აქედან ვიღებდი მხოლოდ და მხოლოდ პროცენტს. შესრულებაზე მე არ ვიყავი პასუხისმგებელი. ამაზე პასუხისმგებლობა ჰქონდა დირექტორს, ვინაიდან თანხას ისინი იღებდნენ, ხელშეკრულებასაც ისინი აფორმებდნენ… მე შემომაქვს ტექნოლოგიები, მე დავდივარ საზღვარგარეთ, ჩამომაქვს და ვთავაზობ სხვადასხვა რაღაცას მათ. მე, ერთმა ადამიანმა რანაირად უნდა გავაკეთო ათასობით შეკვეთა? ეს ხომ შეუძლებელია. ამიტომ არსებობს ამისთვის ხალხი, კომპანიები, ვინც ამას აკეთებს“, – ამბობს ის.

რას უკავშირებს მელაძე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს

„პუბლიკასთან“ საუბრისას ვაჟა მელაძე ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი პირის ხალხმა „წილში გაყვანა“ მოსთხოვა „ხელშეუხებლობის გარანტიის“ სანაცვლოდ. და სწორედ ამაზე უარის თქმის შემდეგ შეექმნა პრობლემები მას, მის საქმიანობასა და შემდგომ მის მეუღლესაც. როგორც მელაძე ჰყვება, ყველაფერი კი როლანდ ლუკაშვილის „პრობლემებით“ დაიწყო: მელაძის მონათხორის მიხედვით, 2021 წელს „ხალიკ ბანკის“ მეშვეობით რუსული ბანკისგან მოიპარა დიდძალი თანხა, საქმე რომ აღიძრა, როლანდმა პროკურატურასთან საქმე ორი პირის მეშვეობით მოაგვარა“. როგორც მელაძე ამბობს, ლუკაშვილი „ციხეს გადაურჩა“ და სანაცვლოდ, აღნიშნული ორი პირი წილში გაიყვანა, ანუ უხდიდა თანხას.

„როლანდი დიდ თანხებს აძლევდა უკვე მათ. მას გამოსავალიც აღარ ჰქონდა, რადგან ისინი ერთმნიშვნელოვნად ემუქრებოდნენ, რომ თაროდან ჩამოვიღებთ შენს საქმეს და დაგიჭერთ, თუ თანხას არ მოგვცემო“, – ამბობს მელაძე.

რა ხდება შემდგომ? – როგორც მელაძე ამბობს, ამის შემდგომ ეს ორი პირი მიდის მასთან და მისგან მოითხოვს იმავეს – წილში გაყვანას.

„მათ მითხრეს, რომ ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის ბავშვის ნათლიის ხალხი, ვართ მისი მფარველობის ქვეშ და შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ მფარველობას, არავინ ხელს არ მოგკიდებს. და ამაში მომთხოვეს წილი კომპანიის. უნდოდათ, რომ შპს „მელაძიდან“ დივიდენდები გაეტანათ წლის ბოლოს… მითხრეს, ჩვენ გამოვუშვით ის კაცი [ლუკაშვილი], ხომ ხედავ ჩვენს შესაძლებლობებს და თუ არ გინდა, რომ მთავრობამ შეგაწუხოს, შესაბამისად, შენც უნდა მოგვცე წილი“, – ამბობს ის.

ამ „შეთავაზებაზე“ უარის შემდეგ, მელაძის თქმით, დაიწყო პრობლემები. როგორც ის ამბობს, ამ ორმა პირმა „სიარული უშუალოდ“ დაიწყო კომპანიის დირექტორებთან. შეხვდნენ ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, ვისთანაც თანამშრომლობდა. მას მიაჩნია, რომ სწორედ მაშინ დაიგეგმა თაღლითობის სქემა, თუ როგორ უნდა დაებრალებინათ ფულის მითვისება მისთვის. მიუხედავად ამისა, მელაძე ამბობს, რომ მისი და მისი მეუღლის წინააღმდეგ საქმეში არცერთი უტყუარი მტკიცებულება, გადარიცხვა თუ სხვა მოქმედება არ არსებობს. ის ამბობს იმასაც, რომ როდესაც აღნიშნულზე ეჭვი მიიტანა, თავადაც მიმართა პროკურატურას, თუმცა იქიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, თუ ეჭვი მიიტანეს კომპანიის დირექტორებზე, მისი ცოლის კუთვნილი კომპანიის შემთხვევაში მაინც თუ შეიცვალა წარმომადგენელი პირი, მელაძე ამბობს, რომ:

„იმის შემდეგ, რაც ჩვენ ეს ამბები გავიგეთ, ჩვენს კომპანიაში დირექტორი შეიცვალა, მაგრამ პასუხისმგებლობა ხომ ძველ დირექტორზე რჩება?! მას აქვს ხელშეკრულება დადებული, მას აქვს თანხა აღებული. არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ გვიფიქსირდება, თანხის არც აღება, არც ჩარიცვხა და არც არაფერი“, – ამბობს მელაძე.

რაც შეეხება მის მეუღლეს, „პუბლიკის“ შეკითხვაზე, როგორ ხდებოდა მათსავე კომპანიის შემთხვევაში მაინც მომხმარებელთა მოტყუება, მელაძე ამბობს, რომ დირექტორს ჰქონდა ანგარიშებზე წვდომა და აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილების მიღების უფლება.

მელაძე ასევე უარყოფს პროკურატურის ბრალდებას, რომ ქვილითაია აქტიურად იყო ჩართული კომპანიის საქმიანობაში. როგორც ის ჰყვება, მათ  1 წლის ბავშვი ჰყავთ და ქვილითაია ბოლო 2 წლის განმავლობაში – ორსულობა/დეკრეტის პერიოდში კომპანიის სამიანობაში არ მონაწილეობდა.

რატომ წავიდა და რატომ არ თანამშრომლობს გამოძიებას?– მელაძე ამბობს, რომ უნდობლობა აქვს საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლოს მიმართ.

„არანაირი პოლიტიკური თავშესაფარი არც მე და არც ჩემს ოჯახს არ სჭირდება. ვინც ქვეყანაში დარჩა და ახლა ციხეშია, იმან დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა? მე ციხიდან შევძლებდი ამ ფაილების მოწოდებას? მე რომ მილიონი მქონდეს აღებული, წავიდოდი და ძალიან კარგად დავისვენებდი ახლა. მე მხოლოდ ჩემი სიმართლის დამტცკიბა მინდა. იმიტომ გავიქეცი, რომ არ მჯერა, რომ სასამრთლო არსებობს… მე რომ წილი მიმეცა, დამიჯერეთ, პრობლემა ახლა აღარ მექნებოდა. ვუმუშავებდი. უბრალოდ არ უნდა იყოს ასე, რომ ხალხი დაჩაგრული იყოს ან შავი, უაზრო მენტალიტეტით“, –ამბობს მელაძე.

რას ამბობენ შპს „მელაძის” ყოფილი თანამშრომლები

მედიასთან კომენტარი გააკეთა გიორგი ხარაძემ, შპს „მელაძის“ ყოფილმა დირექტორმა. „პალიტრა ვიდეოსთვის“ მიცემულ კომენტარში ის მელაძეს თაღლითს უწოდებს და ამბობს, რომ კომპანიის თანხებს სწორედ მელაძე განაგებდა.

„სერიოზული თაღლითია და იმდენად თაღლითია, რომ უკვე თავის რაღაც ვიდეოებში თავად იბლანდება. ვაჟა განაგებდა იქ ყველაფერს, ყველა ლარსა და ყველა თეთრს, არავის მისცემდა იმის საშუალებას, რომ ეს თანხები აეღო და თავის ჭუაკაზე ვიღაცებისთის მიეცა“, – ამბობს ხარაძე.

მელაძის ბრალდებას ასევე უარყოფს გიორგი თხელიძე, რომელის აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა და რომელაც მელაძე 16 000 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს.

„სისულელეა, ვინ რა ფული წაიღო ადამიანის კომპანიიდან, როდესაც თავიდან ბოლომდე ფინანსებს კომპანიაში თავად განაგებდა“,– ამბობს ის.

მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია როლანდ ლუკაშვილს.