რას ცვლის სკოლის დირექტორთა არჩევის ახალი წესი

პუბლიკა

საჯარო სკოლის დირექტორის შერჩევის კონკურსის ახალ წესს კრიტიკულად აფასებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დირექტორობის ის კანდიდატები, რომლებსაც კონკურსის პროცესის გამჭვირვალობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ და თვეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს განათლების სამინისტროსთან.  

ახალ წესში არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და განათლების მკვლევრების მოთხოვნა, რაც სამინისტროში შექმნილ კომისიასთან გასაუბრების ეტაპის გაუქმებას ითვალისწინებდა.

უფრო კონკრეტულად კი, მოთხოვნის მიხედვით, სერტიფიცირებულ კანდიდატს უნდა მისცემოდა ავტომატურად მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე და მისი შესაბამისობა უნდა გადაეწყვიტა მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭოს.

დირექტორობის კანდიდატები, რომლებიც თვეების განმავლობაში მართავდნენ საპროტესტო აქციებს სამინისტროსთან მიიჩნევენ, რომ ახალმა წესმა მეტი ბუნდოვანება გააჩინა. როგორც ისინი განმარტავენ, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მათი მოთხოვნების შესაბამისად ახალი წესით გაუქმდებოდა გასაუბრების ეტაპები და ტესტირების გავლის შემდგომ სკოლები პირდაპირ შეძლებდნენ აერჩიათ მათთვის სასურველი კანდიდატი. რაც დირექტორის – სკოლის ლიდერის არჩევის პროცესში აღარ დააკნინებდა სკოლის როლს. თუმცა, როგორც ამბობენ, მათი მოლოდინი არ გამართლდა.

„განათლების დამცველთა“ ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დირექტორთა შერჩევის ახალი წესი არაა უკეთესი 2011 წელს გამოქვეყნებულ წესზე, არის უფრო ბუნდოვანი, რაც იწვევს მთელ რიგ გაუგებრობებს. ის ნამდვილად არ გამოხატავს სამინისტროსგან სკოლის გაუმჯობესებისა და სკოლაში ახალი  და შესაფერისი ლიდერის შეყვანის სურვილს“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„განათლების კოალიციის“ დირექტორის გიორგი ჭანტურიას შეფასებით, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და მას არ აქვს მოლოდინი რომ ახალი წესით წარმართული პროცესი რაიმე თვისებრივი შედეგის მომტანი იქნება.

„ორი გასაუბრების ნაცვლად ახლა არის ერთი გასაუბრება და ამით თითქოს გაამარტივეს პროცესი, მაგრამ იმ გამოწვევებზე რომლებზეც ჩვენი ორგანიზაციაც, თვითონ დირექტორობის კანდიდატებიც საუბრობდნენ, აქციებსაც მართავდნენ, სამწუხაროდ ამ პრობლემების აღიარება სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა.

უფრო მეტიც სახელმწიფო უგულებელყოფდა ამ პრობლემებს და ხშირად დამცინავი დამოკიდებულებაც ჩანდა უწყების მხრიდან, რომ პროტესტი მასშტაბური არ იყო და რეალურ პრობლემებსაც არ ასახავდა. ამიტომ მე ნაკლებად მაქვს მოლოდინი იმისა, რომ რამე თვისებრივად შეიცვლება“,- უთხრა „პუბლიკას“ გიორგი ჭანტურიამ.

უფრო მეტიც, გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ დირექტორთა არჩევნების ჩატარების შემდგომ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სტიმული და მოტივაცია მიეცა ადამიანებისთვის დირექტორის ვაკანსიით დაინტერესებულიყვნენ, პირიქით, სამინისტროს ქმედებებმა დაინტერესებული პირებიც კი ნიჰილისტურად განაწყო პროცესის მიმართ.

„მაგალითად მე რამდენიმე ახალგაზრდა კანდიდატი ვიცი, რომლებიც პირველი ეტაპის შემდეგ ფაქტობრივად ამბობენ, რომ აღარ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში, იმიტომ რომ ნდობა პროცესისადმი დაკარგეს.  ლეგიტიმაცია პროცესს არა აქვს და სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია რომ ეს ლეგიტიმაცია აღედგინა.

მინისტრმა მის განცხადებაში თქვა, რომ ინკლუზიური იქნება პროცესი, ჩაერთვებიან დამოუკიდებელი სპეციალისტები, ორგანიზაციები, მაგრამ აქამდეც ყოფილა მსგავსი განცხადებები და სამწუხაროდ მხოლოდ პროფკავშირის წარმომადგენლები და ისეთი ჯგუფები იყვნენ ჩართულები ვისაც ნაკლები ნდობა აქვთ საზოგადოებაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, ტექნიკურად უბრალოდ პროცესი გამარტივებულია და ეს ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რომ დუბლირება არ ხდება ამ გასაუბრებების, თუმცა ცხადია, რომ შეიძლებოდა გაცილებით უფრო უკეთესი შერჩევის წესი გვქონოდა.  დაველოდებით ახლა ვინ მიიღებს მონაწილეობას, როგორ ჩატარდება თვითონ პროცესი და საბოლოო შეფასებას ცხადია მერე გავაკეთებთ“,- ამბობს გიორგი ჭანტურია.

რა ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი წესი?

სამინისტროში განმარტავენ, რომ ახალი წესის მიხედვით, გაუქმდება სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.

ამასთან, ახალი მიდგომით მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე.

აღნიშნული პირები რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში უთითებენ სამ სასურველ საჯარო სკოლას და კონკურსში ერთვებიან გასაუბრების ეტაპზე. კონკურსში მონაწილეობა ხდება უფასო.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს: უმაღლესი განათლება; მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ დირექტორობის კანდიდატად.

დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 19 თებერვალს და 29 თებერვალს დასრულდება.