სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ დეკემბერში აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკის გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში (Amicus Curiae) წერს.
„ამ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, სასამართლო ამ მტკიცებულებათა საფუძველზე მიღებულ გამატყუნებელ განაჩენს ძალაში ვერ დატოვებს ვერცერთ შემთხვევაში”, – ამბობს „პუბლიკასთან” საუბრისას ხომერიკის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.
მისი თქმით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ამ სტანდარტით ადამიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამატყუნებელი განაჩენის დადგომა არ შეიძლება – „ამიტომ, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების გაზიარება და იმავდროულად, გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება სასმართლოს ძალიან გაუჭირდება, შეუძლებელია, ურთიერთშეუთავსებელია ეს ორი ერთმანეთთან”.
რას ედავებიან ხომერიკს?
დავით ხომერიკს აფეთქების მომზადების ბრალდებით მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ვერსიით, ხომერიკს ცეცხლგამჩენი მოწყობილობა ჰქონდა თან, ხომერიკი კი ამ ყოველივეს უარყოფს.
რა უნდა ვიცოდეთ ომბუდსმენის აპარატის მსჯელობის გასაგებად?
- დავით ხომერიკი 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – რის შემდეგაც, საქმის მასალების მიხედვით, პირადი გასინჯვის შედეგად აღმოუჩინეს ორი მინის ბოთლი სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერებით და შემოხვეული ნაჭრით.
- დავით ხომერიკის მსჯავრს საფუძვლად დაედო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზისთვის წარდგენილი ნივთიერებები წარმოადგენდა ცეცხლგამჩენ მოწყობილობას, რომლის მოქმედებაში მოყვანას შეეძლო გამოეწვია სხვადასხვა სახის მძიმე შედეგები, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან/და დაზიანება;
- გამომძიებელმა ეს ექსპერტიზა დანიშნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული დავით ხომერიკის პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებულ ორ ბოთლზე.
- ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 3 დეკემბერს დაიწყო გამოძიება – ანუ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
რა საკითხებზე ამახვილებს ომბუდსმენი ყურადღებას?
- კომპლექსური ექსპერტიზა 2024 წლის 2 დეკემბერს დაინიშნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მაშინ როდესაც გამოძიება, დავით ხომერიკის მიერ აფეთქების მომზადების ფაქტზე მომდევნო დღეს, 3 დეკემბერს დაიწყო.
- გამოძიების დაწყების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე აღარ ჩატარებულა ნივთების ამოღება ან/და ექსპერტიზა.
- გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო სწორედ მითითებული მტკიცებულებები;
რას მიიჩნებს ომბუდსმენი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად?
ომბუდსმენი წერს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის მიმართ სისხლის სამართლის წესით დანიშნული ექსპერტიზა არარელევანტურია.
კერძოდ, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში წერია, რომ გამომძიებელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, მხოლოდ სამსახურებრივი ბარათით დანიშნა კომპლექსური ექსპერტიზა. ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე (2024 წლის 2 დეკემბერი) დაეწყო გამოძიება და მის ფარგლებში დაენიშნა ექსპერტიზა.
შედეგად, ომბუდსმენი წერს, რომ გამომძიებელმა დანიშნა გზის გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებისთვის არარელევანტური ექსპერტიზა – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამის მუხლებზე მითითებით, რომლის დასკვნაც, შემდეგ გახდა გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი.
აქედან გამომდინარე, ომბუდსმენი ასკვნის:
- დავით ხომერიკის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების მოპოვება არ განხორციელებულა გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად.
- საგანი და ნივთიერება, რაც შემდეგში საფუძვლად დაედო დავით ხომერიკის ბრალდებასა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, აღმოჩენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ფარგლებში –
- რომელთა მოპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების – ამოღების შედეგად აღარ განხორციელებულა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ;
„წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ დავით ხომერიკის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებასა და ასეთი მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებს (ე.წ. „მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინა)“, – წერია დოკუმენტში.
ომბუდსმენი წერს, რომ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე პირის დამნაშავედ ცნობა შესაძლოა იწვევდეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას:
- დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
- ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას;
შესაბამისად, ომბუდსმენის აპარატი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანონიერება, იყო თუ არა მტკიცებულებები (რომლებიც საფუძვლად დაედო დავით ხომერიკის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას) საქმეზე მოპოვებული და დამაგრებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
რას ამბობს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში
ხომერიკის წარმომადგენლები სასამართლოში მოითხოვენ, რომ ნინო გალუსტაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი შეიცვალოს გამამართლებელი განაჩენით და დავით ხომერიკი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ.
„განსახილველი საქმე გამორჩეულია და ხასიათდება განსაკუთრებით დაბალი სტანდარტით, რადგან მასში, სისხლის სამართლის შესაბამისი ნორმებით დადგენილი სტანდარტი არ არის დაცული და, მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო/საგამოძიებო დოკუმენტაციაც კი, არ არის შედგენილი.
მეტიც, ეს საქმე, პრაქტიკულად, ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესით არის წარმოებული და სისხლის სამართლებრივი განაჩენით ლეგალიზებული”, – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის არაერთ გარემოებაზე მიუთითებს; ასევე ამბობს, რომ სასამართლოში დაკითხულ პოლიციელებს ცრუ ჩვენებები აქვთ მიცემული.
„…სამართალდარღვევის ოქმში არ გხვდება არც ერთი წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ჰქონდა თან…
სამართალდარღვევის ოქმის მსგავსად დაკავების ოქმიც შეადგინა ცკბდ-ს გამომძიებელმა არსენ ხუნაშვილმა, ისე, რომ იგი არც დაკავების დროს არ იმყოფებოდა ადგილზე. თავად ოქმშია მითითებული, რომ დამკავებელი პირები არიან გიორგი ჯიქია და ნიკა კიზირია”, – ამბობს თუთბერიძე და აღნიშნავს:
„არსენ ხუნაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2024 წლის 2 დეკემბერს, იმოყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, 09:00 საათზე დეტექტივებმა ნიკა კიზირიამ და გიორგი ჯიქიამ მოიყვანეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული დავით ხომერიკი. დეტექტივები, მისი თქმით, მოუყვნენ, რომ ხომერიკმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა…
სასამართლომ ვერ მოისმინა პასუხი კითხვებზე და ვერც თავად შეძლო, განაჩენში ემსჯელა საკითხზე, შეიძლება თუ არა პირის პასუხისგებაში მიცემა „მოყოლით“? შეიძლება თუ არა, პირველადი დოკუმენტაცია, მაგალითად, ჩხრეკის ოქმი, შედგეს მონაყოლის საფუძველზე? რადგან ამ შემთხვევაში, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე”, – ამბობს თუთბერიძე.
ის სასამართლოს ასევე სთხოვს ყურადღების გამახვილების ხომერიკისთვის ადმინისტრაციული წესით პირადი გასინჯვის ჩატარების საკითხზე და ამბობს, რომ ბრალდების მხარე იძულებული გახდა მომხდარის შესახებ ვერსია შეეცვალა და ეთქვათ, რომ:
- პირველი ადმინისტრაციული გასინჯვის დროს, პოლიციელებმა ვერ აღმოაჩინეს კანონსაწინააღმდეგო ნივთი;
- მეორე გასინჯვის დროს (ცკბდ-ს შენობაში მიყვანის შემდეგ), პოლიციელებმა ხელახლა ჩაატარეს გასინჯვა და, მეორე მცდელობაზე, აღმოაჩინეს კანონსაწინააღმდეგო ნივთი;
„[დაკავების ოქმში] ნიშანდობლივია ამავე ოქმის მე-8 გრაფა, „დაკავების მოტივი“, სადაც, შაბლონური ისტორიის აღწერის შემდეგ, წერია, თუ როგორ კეტავდა გზის სავალ ნაწილს ხომერიკი, გაკრული ხელით, აშკარად მოგვიანებით, გრაფის საზღვრებს გაცდენით, განსხვავებული კალმით, ჩამატებულია ფრაზა „აქციის მიმდინარეობისას თან ჰქონდა სავარაუდოდ აკრძალული ნივთი“.
ის, რომ ეს ფრაზა ოქმში მოგვიანებით არის ჩამატებული, ნათელია, რადგან, როგორც აღინიშნა, იგი არ არის ოქმის შესაბამისი გრაფის საზღვრებში მოქცეული და აშკარად არის ამოვარდნილი კონტექსტიდან.
ამავე ოქმის თანახმად, პირადი გასინჯვა დაკავებულს ჩაუტარეს დამკავებელმა პირებმა – ნიკა კიზირიამ და გიორგი ჯიქიამ. ამასთან, გასინჯვას ესწრებოდნენ ზურაბ ჯღარკავა და გიორგი ტუჩაშვილი. ამასთან, საიდუმლოდ რჩება, რომელ გასინჯვას ესწრებოდნენ ეს პირები, თამარაშვილის გამზირზე თუ ცკბდ-ს შენობაში, რადგან, როგორც უკვე ითქვა, თავად ბრალდების მხარის შეცვლილი პოზიციის თანახმად, პირადი გასინჯვა ორჯერ, სხვადასხვა ადგილსა და სხვადასხვა დროს ჩატარდა.
…გრაფის სრულად შევსების შემდეგ, განსხვავებული ზომის ასოებით, ჩამატებულია წინადადება იმის შესახებ, რომ „ამავე ჩანთიდან, ასევე ამოღებულ იქნა ორი ერთეული მინის ბოთლი […] რომელსაც აქვს ნავთობის სუნი“. ამ პასაჟისთვის არათუ შესაბამისი გრაფის საზღვრებს გაცდენა გახდა აუცილებელი, არამედ, გამოყენებულ იქნა მომიჯნავე შენიშვნის გრაფაც კი. აღნიშნული ადასტურებს, რომ ბოთლების შესახებ ინფორმაცია, ოქმებში, ჩამატებულია მოგვიანებით და სწორედ ამითი იხსნება ის ხარვეზები, რაც ამ დოკუმენტებს ახლავს”, – წერს თუთბერიძე.
დანაშაულზე ხელის აღება
თუთბერიძე ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა ის საკითხიც, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადასტურდებოდა კანონსაწინააღმდეგო ნივთების ხომერიკისადმი კუთვნილება, საქმე გვექნებოდა „დანაშაულზე ხელის აღების” კლასიკურ შემთხვევასთან.
ამ ნორმის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი.
„მოცემულ შემთხვევაში, ირკვეოდა, რომ, ხომერიკი, რომელმაც, ბრალდების მხარის პოზიციის თანახმად, კანონსაწინააღმდეგო ნივთი მიიტანა პარლამენტის შენობასთან, დატოვა ეს შენობა ისე, რომ ნივთი არ გამოიყენა და მიემართებოდა სახლისკენ. უფრო მეტიც, თავად პოლიციის თანამშრომლებიც, მაგალითად, ჯიქია და კიზირიაც კი, ცრუ ჩვენების მიცემის დროს ამბობდნენ, რომ ხომერიკი მათ ეუბნებოდა, რომ შეეშინდა და გადაიფიქრა ნივთის გამოყენება”, – წერს თუთბერიძე საჩივარში.
ხომერიკის სააპელაციო საჩივარს მოსამართლე პაატა სილაგაძე განიხილავს. მომდევნო პროცესი 12 დეკემბერს არის დანიშნული.