შალვა ტაბატაძე, განათლების საკითხების მკვლევარი
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი შრომის ბაზრის კვლევა გამოიყენება უნივერსიტეტების პროგრამების, კვოტების ან სტრუქტურული ცვლილებების განსაზღვრის ძირითად საფუძვლად.
ეს მიდგომა და წარმოდგენილი პრეზენტაცია რამდენიმე პრობლემურ საკითხს გვიჩვენებს:
1) წარმოდგენილია მხოლოდ პრეზენტაცია და რთულია, იმსჯელო საერთო კვლევაზე, მეთოდოლოგიაზე, მიზნებზე, შედეგების ვალიდურობაზე და ა.შ. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეწოდოს სრული კვლევა, როცა ის უმაღლესი განათლების ე.წ. რეფორმის რეალურ საფუძველს წარმოადგენს.
2) უმაღლესი განათლების როლი არ არის მხოლოდ კურსდამთავრებულის მომზადება შრომითი ბაზრისთვის. ეკონომიკური ასპექტიდან გამომდინარე ის ცოდნის გადაცემის საშუალებით ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების, მთავარ წყაროს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება.
გარდა ეკონომიკური ასპექტებისა, უმაღლესი განათლება ისტორიულადაც და თანამედროვე პოლიტიკის დოკუმენტებშიც განიხილება როგორც ცოდნის შექმნის, დემოკრატიული კულტურის განმტკიცებისა და სოციალური მობილობის ინსტიტუტი და არა მხოლოდ შრომითი მოთხოვნის მომსახურე მექანიზმი.
უნივერსიტეტების როლი გაცილებით ფართოა და მოიცავს კვლევას, ინოვაციას, დემოკრატიული კულტურის განვითარებასა და გრძელვადიანი ადამიანური კაპიტალის შექმნას. განათლების პოლიტიკა, რომელიც ამ მრავალფუნქციურ ბუნებას ითვალისწინებს, უფრო მდგრადი და სტრატეგიულად გამართლებული იქნება, ვიდრე მოკლევადიან ეკონომიკურ მოთხოვნაზე დაფუძნებული მიდგომა.
3) შრომის ბაზრის კვლევები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი იძლევა ინფორმაციას სექტორული ტენდენციების, კადრების დეფიციტისა და ეკონომიკური აქტივობის სტრუქტურის შესახებ. თუმცა პროგნოზირების მოდელები, მით უფრო მცირე და გარდამავალ ეკონომიკაში, ყოველთვის ატარებენ შეცდომის მნიშვნელოვან რისკს. ეკონომიკური ზრდის, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით შრომის ბაზრის მოთხოვნა რამდენიმე წელიწადში შეიძლება არსებითად შეიცვალოს.
4) უმაღლესი განათლების პროგრამები მულტიდისციპლინურ და ტრანსფერულ უნარებზეა დაფუძნებული. თანამედროვე ეკონომიკაში დასაქმება იშვიათად არის მკაცრად მიბმული დიპლომის პროფილზე. კურსდამთავრებულები ხშირად მუშაობენ განსხვავებულ სექტორებში, იყენებენ ანალიტიკურ, კომუნიკაციურ და კვლევით უნარებს, რომლებიც კონკრეტული პროფესიის საზღვრებს სცდება.
შრომის ბაზრის კლასიფიკაციები, რომლებიც პროგრამებს კონკრეტულ პროფესიულ ჯგუფებს უკავშირებს, ვერ ასახავს ამ დინამიკას და ქმნის ზედმეტად გამარტივებულ სურათს განათლებისა და დასაქმების ურთიერთობის შესახებ.
მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი არ ნიშნავს, რომ კადრი აუცილებლად დიპლომატიურ სამსახურში უნდა მუშაობდეს. ამ პროგრამის კურსდამთავრებულები არიან წარმატებული მენეჯერები, ანალიტიკოსები, საჯარო მოხელეები, კერძო კომპანიის მფლობელები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები.
5) ადგილობრივი შრომის ბაზრის ანალიზი ასევე უნდა განიხილებოდეს რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში. საქართველოს ეკონომიკა ღიაა და კურსდამთავრებულთა ნაწილი მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზე, დისტანციურად ან მიგრაციის გზით. როცა კვლევა მხოლოდ შიდა ფორმალურ დასაქმებაზეა ორიენტირებული, ის ვერ ასახავს გლობალურ შრომით სივრცეში არსებულ რეალურ შესაძლებლობებს.
6) ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ციფრული ეკონომიკა ქმნის ახალ პროფესიებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ არსებობდა. შრომის ბაზრის პროგნოზირებით ვერ ხერხდება ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და პლატფორმული ეკონომიკის გავლენის სრულად გათვალისწინება.
შესაბამისად, უნივერსიტეტების მთავარ ამოცანად იქცევა არა კონკრეტული პროფესიის კადრის მომზადება, არამედ ადაპტირებადი უნარების განვითარება, რომლებიც ადამიანს საშუალებას მისცემს არაერთი ტრანზიცია განახორციელოს კარიერის განმავლობაში.
7) განვითარებულ ეკონომიკაში კარიერული ბიოგრაფიები მრავალტრანზიციულია და ადამიანები სამუშაო ადგილსა და ზოგ შემთხვევაში, პროფესიულ მიმართულებასაც ხშირად იცვლიან. ეს ტენდენცია აძლიერებს უნარებზე დაფუძნებული განათლების მნიშვნელობას. თუ განათლების სისტემა მხოლოდ კონკრეტულ პროფესიულ მოთხოვნაზე იქნება ორიენტირებული, ის ვერ უზრუნველყოფს მოქნილობას, რომელიც აუცილებელია თანამედროვე შრომით რეალობაში.
8) საქართველოს შრომის ბაზარი, თვითდასაქმებულთა ჩათვლით, აგრარულ სექტორში ამ ეტაპზე არ შეიძლება განვიხილოთ სტატიკურად და სწორედ თვითდასაქმებულთა სეგმენტი უნდა იყოს განვითარებისთვის სამიზნე.
ამასთანავე თვითდასაქმებულთა და არაფორმალური ეკონომიკის მასშტაბი, დამატებით ართულებს მოთხოვნის ზუსტ შეფასებას. როდესაც ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი არასტაბილურ ან არასრული ფორმალიზაციის პირობებში ფუნქციონირებს, შრომის ბაზრის მსგავსი ანალიზი არასრულფასოვანია.
9) თუ კვოტები და უნივერსიტეტების დაფინანსება განისაზღვრება მხოლოდ საჯარო უნივერსიტეტებისთვის, ხოლო კერძო სექტორი სისტემის მიღმა რჩება, შრომის ბაზრის ანალიზი და მისი მიბმა უმაღლესი განათლების პროგრამებთან არაეფექტურია.
შრომის ბაზარს ავსებენ როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტები, და პოლიტიკის ეფექტიანობა დამოკიდებულია მთლიან ეკოსისტემაზე, შესაბამისად არსებული რეგულაცია, რეალურად ვერანაირად ვერ ცვლის შრომის ბაზართან მიმართებაში უმაღლეს განათლებას, უბრალოდ ახდენს სხვადასხვა ტიპის უნივერსიტეტებს შორის დაფინანსებისა და მისაღები კადრების გადანაწილებას.
10) წარმოდგენილი შრომის ბაზრის კვლევა მიუთითებს, რომ ეკონომიკა ძირითადად დაბალ და საშუალო კვალიფიკაციაზეა ორიენტირებული. განათლების სისტემის მიზანი კი უნდა იყოს არა მხოლოდ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა მაღალი პროდუქტიულობისა და ინოვაციის მიმართულებით.
ამ კვლევის მიხედვით, ჩვენი ეკონომიკა უმეტესწილად საშუალო და დაბალი კვალიფიკაციის კადრებს ითხოვს, რისთვისაც პროფესიული განათლებაც საკმარისია.
შესაბამისად, ის შეიძლება იყოს პროფესიული განათლების ნაწილობრივი ორიენტირი, თუმცა უმაღლესი განათლების გრძელვადიანი პოლიტიკისთვის სრულიად უსარგებლოა, თუკი მიზანი ამ განუვითარებელი ეკონომიკის შენარჩუნება არ არის.
თუ „უნივერსიტეტები უნდა მოვარგოთ არსებულ შრომის ბაზარს“, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა „ინარჩუნებს“ დღევანდელ დაბალ და საშუალო კვალიფიკაციის კადრებზე გათვლილ ეკონომიკურ სტრუქტურას, ნაცვლად იმისა, რომ შექმნას მომავლის ეკონომიკა.