რატომ არის პრაიდი რელიგიურად და სამართლებრივად ლეგიტიმური?!

პუბლიკა

მალხაზ სონღულაშვილი


ღმერთმა ეს სამყარო შექმნა მრავალფეროვანი.
ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, არც ერთი ადამიანი ერთნაირი არ არის. ყველა ადამიანი უნიკალურია. რასობრივი, ლინგვისტური, გენდერული,  სექსუალური, კულტურული მრავალფეროვნება არეკლავს ამ სამყაროს შემოქმედის ჩანაფიქრსა და ბუნებას. „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა!“ – როგორც ამას შოთა რუსთველის პოეზია ღაღადებს უკვე მრავალი საუკუნეა.   

ღმერთმა ადამიანს მიანიჭა სიყვარულის ნიჭი. ღმერთი სიყვარულია და გასაკვირი არ არის, რომ ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანისათვის  დამახასიათებელია სიყვარულის ნიჭი და სიყვარულისაკენ სწრაფვა. ჩვენ სიყვარულითა ვართ შექმნილნი და სიყვარულისთვისა ვართ შექმნილნი.  ვისაც სძულს – ის ღმერთს არ იცნობს და, შესაბამისად,  ღმერთს მხოლოდ ის იცნობს – ვისაც სიყვარული აქვს. თუნდაც ერთი ადამიანი გეჯავრებოდეს მთელ ამ პლანეტაზე, ეს გაკარგვინებს ღმერთის შემეცნების უნარს. ღმერთმა სიყვარულის ნიჭი მისცა ყველას და არავის აქვს ამ უფლების ვინმესთვის  წართმევის უფლება.

ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფლება. მართალია, ახლა  ლიბერალური დემოკრატია გვევლინება ადამიანის თავისუფლებათა დაცვის ყველაზე თავგამოდებულ ქომაგად, მაგრამ ადამიანს მთელი თავისი ცივილიზაციის განმავლობაში სწყურია თავისუფლება და  იბრძვის თავისუფლებისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ შინაგანი თავისუფლებისაგან ჯერაც ძალიან შორსა ვართ. თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე გათავისუფლების ეტაპია გასავლელი: ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება განსხვავებულის შიშისა და სიძულვილისაგან. ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება ევოლუციური მიდრეკილებისაგან – დავჩაგროთ და მოვერიოთ სუსტსა და უმცირესობაში მყოფ ადამიანს და ადამიანების ჯგუფებს. გამოხატვის თავისუფლება მართალია, ნორმაა ჩვენი კონსტიტუციით, მაგრამ მისი ფესვები ღრმად არის გამდგარი კაცობრიობის გამოცდილებასა და წარსულში. 

ღმერთმა ადამიანს მისცა მთავარი რელიგიური პრინციპები – არ ავნო. ეს პრინციპი ყველაზე ძველი რელიგიური პრინციპია, თუმცა კაცობრიობა ჯერაც ვერ მივიდა იმის გააზრებამდე, რომ სხვისა ჩაგვრისას, შენიანს ჩაგრავ, რადგან ამ პლანეტაზე ყველანი ერთმანეთს ვეკუთვნით.  ვინც ვძალადობთ  და  ვისზეც ვძალადობთ – ყველანი ერთმანეთს ვეკუთვნით. სხვისა ჩაგვრა, განსხვავებულის გარიყვა, დამცირება და შეურაცხყოფა პირველ რიგში ჩვენ გვაზარალებს და მერე იმას, ვინც სამიზნეში გვყავს ამოღებული.

ღმერთმა ადამიანს აჩუქა მეტანოიის ნიჭი. რელიგიური აზროვნება გამორიცხავს ყოველგვარი ანტაგონიზმის წაქეზებას, მოწონებასა და გამართლებას, მაგრამ, რაკი ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, რელიგიური ტრადიციები გვთავაზობენ გამოსავალს: იუდაიზმში ამას „თეშუბა“  ჰქვია, რაც შინ დაბრუნებას ანუ ღმერთთან დაბრუნებას ნიშნავს.  ღმერთი მოიაზრება, როგორც „ჩვენი მარადიული შინა“. ქრისტიანობაში ამას ჰქვია „მეტანოია“ – აზროვნების შეცვლა.   

მეტანოია სჭირდება უმრავლესობას, რომელიც რეალობას არა ღმერთის,  არამედ  „ალფა-ღმერთის“ (მოძალადე ღმერთის) პერსპექტივიდან უყურებს და ადვილად ამართლებს სხვადასხვა სახის ძალადობას. მეტანოია უნდა დაგვეხმაროს, რომ საღვთო წერილებში, ვისიც არ უნდა იყოს ეს წერილი – ქრისტიანებისა, მუსლიმებისა, ებრაელებისა თუ იეზიდებისა – ვეძებოთ არა ის ცალკეული კონტექსტიდან ამოგლეჯილი პასაჟები, რომლებიც ჩვენს ძალადობას გაამართლებს,  არამედ ვეძებოთ მთავარი სულისკვეთება რელიგიისა.  ადრე თუ გვიან ჩვენ გვჭირდება, რომ  ხეების მიღმა  ტყე დავინახოთ! ტყე უპირობო სიყვარულისა, შენდობისა, თანაგრძნობისა და შერიგებისა. 

მეტანოია მარტო უმრავლესობის რელიგიას არ სჭირდება. ის სჭირდება პოლიტიკურ ძალებსაც, რომლებიც პირველ რიგში სამართლიანობის მხარეზე უნდა დადგნენ, თუ ევროპული ღირებულებები გულწრფელად აინტერესებთ და არა პოლიტიკური მომგებიანობის მხარეზე. მათ უნდა ახსოვდეთ,  რომ მომავალი ჩვენ განგვსჯის არა იმით, თუ რამდენი ხიდო ავაშენეთ და რამდენი ჰექტარი ზეთისხილი გავაშენეთ, არამედ იმით, თუ რამდენად შევძელით ჩვენ სუსტის დაცვა ძლიერისგან, რამდენად შევძელით დაჩაგრულის გამოსარჩლება და დაცვა, რამდენად მოვახერხეთ ღარიბ-ღატაკისათვის თანადგომის გამოხატვა და სიდუხჭირიდან ამოყვანა.

მეტანოია სჭირდება განათლების სისტემას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი მომავალი, ღირსეული მომავალი თუ გვინდა რომ გვქონდეს, ჩვენ მძაფრად გვესაჭიროება განათლება. არა მარტო რელიგიური, არამედ ზოგადად განათლება, რომლის უქონლობაც მყესებს გვიჭრის და წინსვლის უნარს გვაკარგვინებს.  

მეტანოია გვჭირდება სხვა უმცირესობებსაც. სირცხვილია, როცა ერთი კატეგორიის რელიგიური უმცირესობები, სხვა კატეგორიის უმცირესობების შეზღუდვასა და დამცირებას მოვითხოვთ, უმრავლესობის გულის მოსაგებად ან საკუთარი ტყავის გასაფრთხილებლად. ასეთი უმცირესობები ვღალატობთ ღმერთს და ვღალატობთ ადამიანს. ასეთ შემთხვევაში მათ მარტო მობოდიშება არ გვიშველის, თუნდაც შორეულ მომავალში.  ჩვენ მძაფრად გვესაჭიროება მეტანოია – ანუ  საფუძვლიანი ცვლილება აზროვნებაში: მონურ აზროვნებაზე უარის თქმა და ღვთაებრივ აზროვნებასთან დაბრუნება, დაჩაგრულის მხარეზე დგომა, გარიყულისადმი ემპათია. რელიგია ჩვენგან გაბედულობას, უშიშრობასა და გულწრფელობას მოითხოვს. 

მეტანოიას, გულწრფელობის შემთხვევაში, მივყავართ მშვიდობამდე და შერიგებამდე. სხვა ალტერნატივა არც ერთ კულტურას არა აქვს, და ამ საქმეში, არც ჩვენი კულტურაა გამონაკლისი.

 

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლიტი

თბილისი, 5 ივლისი, 2021