პროექტს „ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით. პროექტის მედიაპარტნიორია Publika.ge.
ავტორი: თამარ კორკოტაშვილი
ხვალ რომ ვეღარ შევძლო? რომ ვეღარ მოვამზადო სადილი, ვერ დავრეცხო ჭურჭელი, ვერ მოვაწესრიგო სახლი, ვერ წავიდე სამსახურში, ვერ გამოვიმუშაო ფული კომუნალურების გადასახდელად, ვიყიდო საკვები, შევიძინო სახლისთვის აუცილებელი ნივთები; ვერ ვიზრუნო შვილებზე – მათ სულიერ თუ ფიზიკურ განვითარებაზე…მერე რა მოხდება? აი, რა მოხდება ხვალ, თუ უეცრად საკუთარ თავში იმდენ ძალას ვერ აღმოვაჩენ რომ ყველაფერს გავწვდე? ეს ჩემი შიშია. მაგრამ ზუსტად ვიცი, ანალოგიური ფიქრებით დამძიმებული ათასობით ქალი, ყოველ საღამოს, საკუთარ თავს იმის უფლებასაც ვერ აძლევს, მათ ჩაუღრმავდეს, რადგან ხვალინდელი დღის პასუხისმგებლობა ძილისკენ უბიძგებს. რამდენიმე საათით გამოძინება მაინც უნდა შეძლო რომ მეორე დღეს, იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე იშრომო, რომ გადარჩე. გადარჩე არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმ მზეშვილებისთვის, რომლებიც საუკეთესოს იმსახურებენ.
ამ პოდკასტში გაგიზიარებთ საკუთარ შიშებს და იმ რთულ გამოცდილებას, რომელიც ერთსა და იმავე დროს, სამსახურის ქონის აუცილებლობას, საშინაო შრომის გაწევასა და დედობას აერთიანებს. დღეს გამოსავალზე ვერ ვისაუბრებ რადგან ეს ჩიხია. ჩიხი რომელში მოხვედრაც ჩემი, მხოლოდ ერთი ქალის „დანაშაული” არ არის. თუმცა, იქნებ ვცდები და თქვენთან ერთად, ჩიხიდან თავის დაღწევის გზასაც კი მივაგნო. ეს „ფემინსტრიმია”, მე თამარ კორკოტაშვილი ვარ და დედობის, ზეგანაკვეთური შრომისა და საშიანო შრომის სამმაგ წნეხზე ვსაუბრობ.
ზეგანაკვეთურ შრომაზე წინა პოდკასტში გავამახვილე ყურადღება. ვილაპარაკე მის შინაარსზე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც დამსაქმებელს უფლებას აძლევს, დასაქმებულის შრომა და მისი რესურსები არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს.
ჩემი რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება სავსეა ზეგანაკვეთური შრომის პრეცენდენტებით. ვმუშაობდი კვირაში 48, 50, 60 საათს, ეს იყო ყველაზე დამღლელი და სტრესული პერიოდები, რომლებიც მთელი ჩემი რესურსით იკვებებოდა. პარალელურად, ორი შვილის მარტო გაზრდა და მათზე ზრუნვა მიწევდა, რადგან ჩემი ქორწინება, სტერეოტიპს თუ მოვიშველიებ, „წარუმატებელი აღმოჩნდა”.
ხშირად ხდებოდა, სამსახურიდან ღამის 12 საათზე დაბრუნებულს, უბრალოდ არაფრის თავი მქონდა. მომსახურების სფეროში ვმუშაობდი. დილით საუზმესა და სადილს ვამზადებდი, 12 და 10 წლის შვილებს მარტო ვტოვებდი და სახლში გვიან ღამით ვბრუნდბოდი. ასეთ რეჟიმში, მათ საგაკვეთილო პროცესებში ჩართვას ვეღარ ვასწრებდი, გაკვეთილების მომზადებაში ვერ ვეხმარებოდი და არც იმის ფინანსური მზაობა მქონდა, მასწავლებელი დამექირავებინა. სახლის მოწესრიგებას და ბავშვებთან ნორმალურ ურთიერთობას, ძირითადად, დასვენების დღეებში ვახერხებდი. ამ გრაფიკით 2 თვე ვიმუშავე. დიდი ხნის განმავლობაში მსგავს სიტუაციაში ყოფნა უამრავ საფრთხეს გულისხმობს. მუდმივად დანაშაულის განცდა გაქვს რადგან გინდა, უკეთესი დედა ან უკეთესი დიასახლისი იყო. თამამად შემიძლია ვქთვა რომ ზეგანაკვეთური შრომა ქალისთვის, რომელსაც ერთი შვილი მაინც ყავს, დამანგრეველია. ეს არის არა მხოლოდ ქალზე, არამედ მის შვილზე ძალადობა. არჩევანი რომ ჰქონდეს, არც ერთი დედა იმუშავებს ისეთ სამსახურში, რომელიც მას შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის შესაძლებლობას წაართმევს. ზეგანაკვეთური აუნაზღაურებელი შრომა უსამართლობაა. ის მხოლოდ დამსაქმებლის პირად ინტერესებს ემსახურება. ხოლო ზეგანაკვეთურ შრომაში დედის ჩაბმა დანაშაულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გაზრდილი ტარიფით არ ნაზღაურდება.
საშინაო შრომა აუნაზღაურებელი შრომაა. ის არ ჩანს, მასზე არ ვსაუბრობთ, ის არსებობს და ჩვენს ცხოვრებაში უდიდეს ადგილს იკავებს მაგრამ მაინც უხილავია. ერთ დღეს დავინტერესდი, რა დრო სჭირდება საშინაო შრომას. კერძების მომზადება, ჭურჭლის რეცხვა, იატაკის ხეხვა, ავეჯზე მტვრის გადაწმენდა, კედლების აბლაბუდებისა თუ ობობებისგან გათავისუფლება, სარეცხი, ბავშვების გამოკვება, მათ ჰიგიენაზე ზრუნვა, მათი სკოლაში ტარება, სწავლის პროცესში ჩართულობა, მათთან ურთიერთობა: თამაში, საუბარი, გასეირნება…
საკუთარი ყოველდღიური საქმეების გათვალისწინებით, სწორად დაგეგმვისა და მუდმივად საბრძოლო ენერგიაზე ყოფნის პირობებში, საშინაო შრომა დღეში, მინიმუმ, 4-5 საათს საჭიროებს. თუ მე სამსახურში, უკეთეს შემთხვევაში 8, ხოლო უარეს და გავრცელებულში – 9, 10 საათს ვატარებ და საშინაო შრომისთვის კიდევ 5 საათი მჭირდება, დღის განმავლობაში, 14-15 საათს ვშრომობ. აქედან ნაწილი ანაზღაურებადია. თუმცა, ეს ანაზღაურება მხოლოდ აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაა საკმარისი. ნაწილი კი სრულიად უხილავი და აუნაზღაურებელი – იმის გამო რომ ოჯახისთვის კერძი მოვამზადეთ ან სააბაზანო ვხეხეთ და ხელები გადავიტყავეთ, ჩვენ ფულს არ გვიხდიან.
შესაბამისად, ვაცნობიერებ რომ 15 საათის განმავლობაში საკუთარ თავს არ ვეკუთვნი: ჯერ დამსაქმებლისთვის ვმუშაობ, შემდეგ კი აუნაზღაურებელ შრომაში ვებმები. აუნაზღაურებელ შრომაში ვგულისხმობ ოჯახში დიასახლისის, მზარეულის, ფსიქოლოგის, პედაგოგის, ფინანსისტის, ზოგჯერ ექთნისაც კი, ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას თანაც არა უხარისხოდ, არამედ, წარმატებით, რადგან, თუ რამე გაგიფუჭდა დღეს, ხვალ ისევ შენი გამოსასწორებელია. დღემდე ამოუხსნელი ფენომენია ჩემთვის დიდ ოჯახებში მცხოვრები ქალების ძალა და ენერგია. მათ, შვილებთან ერთად, მეუღლეზე, ასაკოვან ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებზე ზრუნვა უწევთ. იმ ქალებისაც, რომლებიც ამ ყველაფრის პარალელურად, სასოფლო-სამეურნეო საქმეებსაც ასრულებენ.
ჩემი შვილები საჯარო სკოლაში სწავლობენ. როდესაც მათ ღონისძიებებს ვესწრები, მშობლების დიდი უმრავლესობა ქალია. ექსკურსიებზეც ასეა. ბოლო ექსკურსიაზე აბსოლუტური უმრავლესობა ქალი იყო. მშობლებს გვაქვს ჩატი სოციალურ ქსელში სადაც სასწავლო პროცესებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს ერთმანეთს ვუზიარებთ. აქაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. ჩემი დაკვირვებით, მათგან 90%-ს ორი ან მეტი შვილი ყავს. და ამ ქალების 50 %-ზე მეტი დასაქმებულია. გამოდის, ისინი თან სამსახურებში მუშაობენ, თან შვილების აღზრდა-განათლების პროცესებში არიან მაქსიმალურად ჩართულები და, რა თქმა უნდა, საშინაო საქმეებსაც ასრულებენ. ერთი შეხედვით ბედნიერები ჩანან.
ქალისთვის დაკისრებული ამხელა პასუხისმგებლობა ქალებსა და მათ შვილებზე ძალადობას ნიშნავს. ნებისმიერი ოჯახი, თუ მის საფუძველს გენდერული თანასწორობა არ წარმოადგენს, მომავლის ნგრევისა და დეგრადაციის წინაპირობაა. რადგან გენდერული თანასწორობა ვახსენე, მინდა იმ ახალ ამბავსაც შევეხო, რომელიც ახლახანს გავრცელდა.
ამ პოდკასტზე მუშაობის პერიოდში, ევროკომისიის მოსაზრება გახდა ცნობილი რომლის მიხედვითაც, კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. მათ შორისაა ძალისხმევის გაერთიანების მოთხოვნა გენდერული თანასწორობისთვის. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია რომ აღნიშნულ პროცესს კომისია 2022 წლის ბოლოს შეაფასებს.
გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, “გენდერული თანასწორობის” ტერმინის განმარტებისას აზუსტებს რომ ის ქალისა და კაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხიმგებლობასა და თანასწორუფლებიან მონაწილეობას გულისხმობს, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
ძალების გაერთიანების საკითხებზე, ვიმედოვნებ, შესაბამისი უწყებები და პერსონები იმუშავებენ მე კი, ჩემი მხრივ, მოსაზრებას გავაჟღერებ: გენდერული უთანასწორობის დასაძლევად სამი კონცეფცია მესახება – გაცნობიერება, აღიარება და ბრძოლა. ეს კონცეფციები მიემართება როგორც ინდივიდუალურ, პერსონალურ, ასევე, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა თუ საზოგადოების სივრცეებს.
საერთოდ არ მაქვს იმის განცდა, რომ საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში, ჩემი ჩართულობა თავისი სიღრმითა და ინტენსივობით, ოდნავ მაინც უახლოვდება ჩემთვის სასურველს. ვაცნობიერებ რომ ეს პრობლემაა. ის მე არ გამომიწვევია, თავსმოხვეულია – ყველასა და ყველაფრის ინტერესებს ემსახურება, ჩემ გარდა. ანალოგიური ითქმის ყველა ჩამოთვლილთან დაკავშირებითაც:
- პრობლემაა, რომ ქალებს გვიწევს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება;
- პრობლემაა, რომ საშინაო შრომა უხილავი და არაანაზღაურებადია;
- პრობლემაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საშინაო შრომა მხოლოდ ქალის ვალდებულებად აღიქმება;
- პრობლემაა, რომ შვილების გაზრდა-აღზრდის მრავალპლანიან და მრავალკომპონენტიან პროცესში ქალის ექსკლუზიური ჩართულობა გადამწყვეტია;
- პრობლემაა, რომ ქალთა უმრავლესობისთვის არჩევანი არ არსებობს;
- პრობლემაა, რომ ჩუმად ვართ და არ ვაღიარებთ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს.
პოდკასტი ჩემი შიშის გაზიარებით დავიწყე: რომ ვეღარ შევძლო – მეთქი? რამდენად სწორადაა დასმული ეს შეკითხვა? რატომ და ვისთვის არის აუცილებელი, ვასრულებდე ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ვეწეოდე საშინაო აუნაზღაურებელ შრომას და ყველაფერთან ერთად, ვცდილობდე, ვიყო იდეალური დედა? რატომ უნდა შევძლო ეს ყველაფერი? ვინ ან რა მაიძულებს? ეს ჩემი სურვილი არ არის. ამიტომ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მეკუთვნის.
მინდა ვიყო პიროვნება: საკუთარი, პრივატული თუ ინტიმური სურვილებით, ოცნებებითა და ცხოვრებით; ვიყო ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი და ამავე დროს, კარგი დედა. ეს ყველაფერი ჩემი უფლებაა.