რისთვის (არ) ისჯებიან ქართველი მოსამართლეები – სადისციპლინო კოლეგიის პრაქტიკა 2012 წლიდან დღემდე

პუბლიკა

აღიარებულია, რომ დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო  დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი ფორმაა. 

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა შემდეგ ძირითად მოთხოვნებს  უნდა აკმაყოფილებდეს: 

  • წინასწარ უნდა ადგენდეს, მოსამართლის მიუღებელ და დისციპლინური წესით დასჯად ქმედებას, რომელიც იქნება განჭვრეტადი როგორც მოსამართლის, ასევე საზოგადოებისათვის;
  • ახდენდეს ეფექტიან რეაგირებას საზოგადოების მხრიდან მოსამართლისადმი გამოთქმულ პრეტენზიებზე და დასაბუთებულ პასუხს უბრუნებდეს საზოგადოებას;
  • იცავდეს მოსამართლის უფლებებს;
  • იყოს გამჭვირვალე და საჯარო იმ ფარგლებში, რასაც ითვალისწინებს დისციპლინური სამართალწარმოების, მოსამართლის უფლებების დაცვის და საზოგადოების ინტერესები;
  • ადგენდეს სამართლიან ბალანსს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას შორის.

2012 წლამდე საერთო სასამართლოების დისციპლინური სისტემა  სრულად დახურული იყო. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებები არ ქვეყნდებოდა, რის გამოც მოსამართლეებს და საზოგადოებას არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა გადაცდომები ისჯებოდა პრაქტიკულად და რა სიმკაცრით; არ არსებობდნენ დისციპლინურ საქმეთა გამოძიების ან არსებითი განხილვის ორგანოები, რომლებსაც ექნებოდათ დამოუკიდებლობის თუნდაც ფორმალური გარანტიები. დისციპლინური სისტემა (ისევე, როგორც სხვა ადმინისტრაციული ბერკეტები) ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკურად ურჩი მოსამართლეების დაშინებისა და დამორჩილების მიზნით.

2013-2019 წლებში კანონმდებლობაში  დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, დისციპლინური ორგანოების დამოუკიდებლობისა და მოსამართლის უფლებების გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა.  მათ შორის, შეიქმნა დისციპლინური საქმის გამოძიებისა და არსებითი განხილვის ახალი ორგანოები, ახლებურად ჩამოყალიბდა დისციპლინური გადაცდომების სისტემა, დადგინდა დისციპლინური გადაწყვეტილებების გამოქვეყნება და სხვ. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 13 დეკემბრის ცვლილებებით დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალიდან ამოიღეს „სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა“ და „მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება“. კანონმდებლობით გაიწერა სამოსამართლო ეთიკის დარღვევის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც იწვევს დისციპლინურ გადაცდომას. დღეისათვის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 751 მუხლი მოიცავს 21 სახის დისციპლინურ გადაცდომას, რომლებიც არღვევს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, კეთილსინდისიერების, წესიერების, თანასწორობისა და გულისხმიერების პრინციპებს ან სხვა მხრივ აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს. 2019 წელს აღნიშნული ცვლილებების უმრავლესობა დადებითად შეფასდა როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიერ.  

მეორე მხრივ, მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა 2021 წლის დეკემბერში საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომელიც შეეხება:

  • მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევას;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმს, რომელიც შემცირდა 2/3-დან უბრალო უმრავლესობამდე; 
  • დისციპლინური დევნის დაწყების შემთხვევაში, კონკრეტული საქმეების განხილვიდან მოსამართლის ჩამოცილების შესაძლებლობას. 

აღნიშნული ცვლილებები შეფასდა, როგორც მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შემზღუდავი დამატებითი ბერკეტი სასამართლო მმართველობაში მყოფი დომინანტური ჯგუფის – კლანის ხელში

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ რეგულაციების ცვლილება არ არის საკმარისი სანდო და ეფექტიანი დისციპლინური სისტემის შესაქმნელად. მაშინ, როცა 2012 წლამდე დისციპლინური სისტემა იყო მეტისმეტად მკაცრი და ორიენტირებული მოსამართლეების დასჯისა და მათი გადაწყვეტილებების კონტროლისკენ, 2012 წლის შემდეგ სისტემას ახასიათებს დამოუკიდებლობის ნაკლებობა, კორპორატივიზმი და ფავორიტი მოსამართლეების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. დისციპლინურ სისტემას არ აქვს სანდოობის სათანადო ხარისხი, რის გამოც მართლმსაჯულების სისტემის მომხმარებლები, განსაკუთრებით ადვოკატები თავს იკავებენ დისციპლინური საჩივრების შეტანისგან

დღეისათვის დისციპლინურ საქმეებს აწარმოებენ შემდეგი ორგანოები: 

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი (აწარმოებს დისციპლინური საქმეების წინასწარ შემოწმებას და მოკვლევას);
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო (წყვეტს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს, მხარს უჭერს დისციპლინურ დევნას);
  • საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია (არსებითად იხილავს დისციპლინურ საქმეებს);
  • უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა (იხილავს საჩივრებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე). 

ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა,  უფლება აქვს,  საჩივრით მიმართოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს. ყოველწლიურად დამოუკიდებელი ინსპექტორი იღებს 130-დან 320-მდე დისციპლინურ საჩივარს, თუმცა ამ საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა წყდება დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმების ან მოკვლევის ეტაპზე და არსებით განხილვამდე ვერ აღწევს. 

2013-2022 წლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ  16 დისციპლინური საქმე განიხილა

აღნიშნული საქმეები ეხებოდა შემდეგ დისციპლინურ გადაცდომებს:

  • სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა –  3;
  • მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვან შესრულება (2019 წლის შემდეგ  აღნიშნული აღარ წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას) – 5;
  • საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება  – 4;
  • პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემლობის გამოხატვა – 1;
  • მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით დადგენილი საფუძველი – 1. 

მოცემულ პერიოდში სადისციპლინო კოლეგიამ გამოიტანა 9 გამამტყუნებელი და 5 გამამართლებელი გადაწყვეტილება. 2 საქმეზე დისციპლინური დევნა შეწყდა დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. 

რაც შეეხება დისციპლინურ სანქციებს, 2013-22 წლებში სადისციპლინო კოლეგიამ გამოიყენა 

  • 5 კერძო სარეკომენდაციო ბარათი; 
  • 1 საყვედური;  
  • 3 შენიშვნა. 

წარმოგიდგენთ თითოეულ ამ გადაწყვეტილებას, მოკლე შეჯამების  სახით. 

საქმე №1/03-12 (2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება)

გადაწყვეტილების ზეპირი განმარტებისას მოსამართლემ მოსამართლისთვის შეუფერებელი ფორმით ფამილიარულ კონტექსტში მოიხსენია მხარის წარმომადგენელი. 

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით, მოსამართლემ ჩაიდინა სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევა და მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. მოსამართლეს დაეკისრა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება: კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.  

საქმე №1/04-12 (2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება) 

მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების 7-დღიანი ვადის ნაცვლად მიუთითა 14 დღე.

მოსამართლეს ბრალად ედებოდა მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება  (აღნიშნული გადაცდომა დღეისათვის ამოღებულია დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალიდან).

სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლის ქმედება წარმოადგენდა არა დისციპლინურ გადაცდომას, არამედ სამოსამართლო შეცდომას და მოსამართლე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. 

სადისციპლინო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსამართლის შეცდომასა და დისციპლინურ გადაცდომას შორის ზღვრის გავლებისას მხედველობაშია მისაღები შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, მისი ხარისხი, განმეორებითი და არაერთგზისი ხასიათი, მოსამართლის კეთილსინდისიერება, მისი მოტივი.  

საქმე №1/01-15 (2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება)

მოსამართლემ დაცვის მხარეს მიმართა სიტყვებით: 

„მე მინდა, როგორც იურისტებს განგიმარტოთ, რომ თქვენი იურიდიული აზროვნება რაღაც ძალიან შემაშფოთებელია, მარტივად რომ ვთქვათ. არაკომპეტენტურობაზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს“.

ხოლო მას შემდეგ, რაც კოლეგიის წევრმა მოსამართლეებმა დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობა, მან განაცხადა: 

„მე მაშფოთებს ის პრეცედენტი, რაც ჩვენ ახლა შევქმენით. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. სამწუხაროდ, ჩემმა კოლეგებმა, პირდაპირ ვამბობ, რომ მიიღეს აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება ამ პრეცედენტის შექმნასთან დაკავშირებით“.

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ცნეს ბრალეულად სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევისათვის და დისციპლინური სანქციის სახით დაეკისრა საყვედური. 

საქმე №1/01-16 (2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება)

დისციპლინური ბრალდების თანახმად, სამოქალაქო საქმის განხილვისას მთავარ სხდომაზე მოთხოვნის გაზრდით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის გაზრდისათვის აუცილებელია მოპასუხე მხარის თანხმობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა.

სადისციპლინო კოლეგიამ ამ ეპიზოდში მოსამართლე გაამართლა და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების ან გაზრდის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილება/დაუკმაყოფილებლობა არ შეიძლება მიიჩნიონ მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედებად, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას.

დისციპლინური ბრალდების მეორე ეპიზოდის თანახმად, მხარეთა შუამდგომლობის გარეშე საქმეზე ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღებით უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რითაც ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა: მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება. აღნიშნულ ეპიზოდში მოსამართლე გამტყუნდა და დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა შენიშვნა. 

საქმე №1/01-17   (2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება)

სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენების 5-6 თვის (ან მეტი ვადის) დაგვიანებით მომზადება და მხარისთვის გადაცემა, ასევე ზემდგომ  ინსტანციაში საქმის 5-6 თვის (ან მეტი ვადის)  დაგვიანებით გადაგზავნა მიიჩნიეს მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვან შესრულებად. 

მოსამართლემ ასევე დაარღვია პატიმრობის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნა და არ გასცა ნებართვა მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრების განხორციელების შესახებ, რითაც მსჯავრდებულს შეეზღუდა კანონით მინიჭებული უფლება. მოსამართლემ ასევე ვერ უზრუნველყო მსჯავრდებულისათვის  სასამართლო სხდომის ოქმებისა და სტენოგრაფიული  ჩანაწერების სრულყოფილად და გონივრულ ვადაში გადაცემა; აღნიშნული დოკუმენტები მხარეს გადაეცა ორი თვის დაგვიანებით, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  195-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა.

ბრალდების ერთ ეპიზოდში, რომელიც ეხებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას მოსამართლე გამართლდა, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ განხილული საქმე არ წარმოადგენდა საპატიმრო საქმეს, ანუ მსჯავრდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით არ ჰქონდათ შეფარდებული პატიმრობა. მოცემული საქმის განხილვა ყველა ჯერზე გადაიდო საქმეში მონაწილე პროკურორების შუამდგომლობით, მოწმეთა წარმოუდგენლობის გამო; ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმეზე არაერთხელ შეიცვალა ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი, ხოლო თითოეული მათგანი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა საქმის გაცნობის შესახებ გონივრული ვადის გამოყოფას. სასამართლო სხდომა არაერთხელ გადაიდო, თავად ბრალდებულებისა და მათი ადვოკატების საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. მოსამართლეს საქმე არც ერთ ეტაპზე არ დაუტოვებია უმოქმედოდ, ანუ გარკვეული საპროცესო მოქმედების გარეშე. საქმის განხილვის გადადებით არ შებღალულა პროცესის მონაწილე მხარეთა უფლებები და საქმის განხილვის გაჭიანურება არ ყოფილა გამოწვეული მოსამართლის ბრალით. 

მოსამართლე ცნეს ბრალეულად მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულებაში და დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი – შენიშვნა. 

საქმე № 2/01-2018  (2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება) 

მოსამართლემ სამოქალაქო საქმეთა განხილვისას დაარღვია საქმეების განხილვისა და გადაწყვეტილების მომზადების ვადები; კერძოდ, ერთი საქმის განხილვა დაასრულა 2 წლისა და 4 თვის ვადაში; მეორე შემთხვევაში რაიმე საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია 1 წლისა და 10 თვის ვადაში, ხოლო მესამე საქმეში მხარეს მიღებული განჩინება გაუგზავნა გამოტანიდან 9 თვისა და 20 დღის შემდეგ.  

სადისციპლინო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოსამართლის მიერ საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება არ არის ინსპირირებული დანაშაულებრივი ნიშნებით და მეტწილად გამოწვეულია მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეთა სიმრავლით, მისი მცირე სამოსამართლო გამოცდილებით, ამასთან უფლებამოსილების განხორციელება პერიოდულად უწევდა მოსამართლის თანაშემწის გარეშე. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლე — პარალელურად უწევდა სხვადასხვა საპროცესო მოქმედების განხორციელება ადმინისტრაციული საქმეებზე და ასევე ევალებოდა მაგისტრანტი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება — მუნიციპალიტეტში. 

მოსამართლე ცნეს ბრალეულად საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება – კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა. 

№ 3/01-2018 (2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება)

მოსამართლემ სამოქალაქო საქმის განხილვას მოანდომა წელიწადი და ხუთი თვე; ამასთან, 5, 7 და 5 თვის შუალედებით განახორციელა საპროცესო მოქმედებები და სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლის მხრიდან საქმის განხილვის აღნიშნული გაჭიანურება არ არის ინსპირირებული დანაშაულებრივი ნიშნებით და მეტწილად ემყარება ლოგიკურ არგუმენტაციას, როგორიც არის სასამართლოს შიდა ფაქტორი, კერძოდ, მოსამართლის გადატვირთულობა და მოსამართლეთა ნაკლებობა, ანუ ეფექტიანი მართლმსაჯულებისათვის საჭირო მოსამართლეთა დეფიციტი. აღნიშნულზე მეტყველებს მოსამართლის —- მიერ წარმოდგენილი მონაცემები მისი დატვირთულობის შესახებ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს სადავოდ არ გაუხდიათ. 

დისციპლინურ ბრალდებაში მოსამართლე გამართლდა.  

საქმე № 4/01-2018 (2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება)

მოსამართლემ საქმეში მონაწილე მხარეს მიმართა ირონიული გამოთქმებით, მათ შორის სიტყვებით: „დასაბუთება, რა თქმა უნდა იქნება. ამას არ დაგამადლით“.

მოსამართლე ცნეს ბრალეულად სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევისთვის და დაეკისრა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება – კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა. 

საქმე № 5/01-2018 (2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება) 

ადმინისტრაციული საქმის განხილვისას წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოსამართლეს რაიმე საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია. 

სადისციპლინო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოსამართლის —- მიერ საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება არ არის ინსპირირებული დანაშაულებრივი ნიშნებით და მეტწილად გამოწვეულია მის წარმოებაში არსებულ საქმეთა სიმრავლით; ამასთან, უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, აპარატში ჰყავდა მხოლოდ ერთი მოხელე, რომელიც ასრულებდა როგორც თანაშემწის, ისე სხდომის მდივნის ფუნქციებს. გარდა აღნიშნულისა, მოსამართლეს პარალელურად უწევდა სხვადასხვა საპროცესო მოქმედების განხორციელება – როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, აღკვეთის ღონისძიებებისა და სისხლის სამართლის საქმეების განხილვა. 

მოსამართლე ცნეს ბრალეულად საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებაში და დაეკისრა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება – კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.

საქმე № 2/0-2019  (2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება) 

სამოქალაქო საქმის განხილვისას მოსამართლემ დაარღვია დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის ვადა;  კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით გათვალისწინებული 1-თვიანი ვადა დაარღვია  8 თვით და 8 დღით.

განსახილველ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო მოსამართლის გადატვირთულობა და მოსამართლეთა ნაკლებობა და მოსამართლის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი გადაწყვეტილება. 

საქმე № 3/0-2019 (2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება) 

მოსამართლემ დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარების 1-თვიანი ვადა დაარღვია, 5 თვის გადაცილებით. 

განსახილველ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო მოსამართლის გადატვირთულობა და მოსამართლეთა ნაკლებობა და მოსამართლის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი გადაწყვეტილება. 

(სადისციპლინო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსამართლეს  2015-2017 წლებში განსახილველად გადაცემული ჰქონდა დაახლოებით 579 საქმე, დასრულდა 634 საქმე (109.4%).

საქმე № 5/01-2019 (2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება)

მოსამართლემ დაარღვია განაჩენის ასლის მსჯავრდებულისათვის გადაცემის ვადა – ნაცვლად 14 დღისა, განაჩენის ასლი გადაეცა ერთი თვისა და 14 დღის ვადაში. 

მოსამართლემ, ასევე, საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენიდან 3 თვესა და 16 დღეში.  

განსახილველ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოება:

მოცემულ საქმეზე მოსამართლის მხრიდან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, კერძოდ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, გამოვლინდა, რომ სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩაწერა განხორციელდა ხარვეზით; კერძოდ, არ ისმინებოდა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები, რომლებიც საჭირო იყო სასამართლო განაჩენის მოსამზადებლად; შედეგად აუცილებელი გახდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის აუდიო-ვიდეოჩამწერი სისტემის გამოყენებით სხდომის ოქმის ბეჭდური ვერსიის შექმნა, რასაც დასჭირდა გარკვეული დრო. 

სადისციპლინო კოლეგიამ ასევე მხედველობაში მიიღო ის, რომ 2017 წელს მოსამართლეს განსახილველი ჰქონდა  სულ 881 საქმე, რომელთაგან დაასრულა 762 (86%).

სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მოსამართლის მხრიდან მსჯავრდებულისათვის განაჩენის ასლის გადაცემის ვადის დარღვევა და სისხლის სამართლის საქმის სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა არ არის ინსპირირებული დანაშაულებრივი ნიშნებით და შესაბამისად, მას არ მიუძღვის ბრალი აღნიშნულ დისციპლინურ გადაცდომაში. 

შესაბამისად, წარდგენილ დისციპლინურ ბრალდებაში (მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება) მოსამართლე გამართლდა. 

საქმე № 1/01-2020 (2020 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება)  

მოსამართლემ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის შუამდგომლობის გარეშე შეაჩერა მოწმის დაკითხვა და ადვოკატს მოსთხოვა შემდეგი სახის განმარტება – „იქნებ, კავშირი და ბმა ახსნათ? 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით  ვიხილავთ საქმეს; თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში; ამ განმარტებას მოწმეს უკეთებს სასამართლო და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მაშინ, როცა ადვოკატი უსვამს კითხვას მოწმეს, თუ რა იცის განსახილველ საქმესთან მიმართებაში, ყველა მოწმე იწყებს საუბარს იმაზე, რომ —– ჰყავდა მეუღლე; იქნებ, ახსნათ, რა შუაშია ეს ყველაფერი 260-ე მუხლთან მიმართებაში… თქვენ სთხოვთ მოწმეს, დაიწყოს თხრობა, ანუ თქვენ წინასწარ გყავდათ დარიგებული მოწმე, თუ  რაზე უნდა ისაუბროს?“

სადიცისპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლე ამგვარი მოსაზრებითა და მიმართვის ფორმით გასცდა ნეიტრალური არბიტრის ფუნქციას და გამოხატა აშკარა უკმაყოფილება და უპატივცემულობა პროცესის მონაწილე მხარისადმი.  

მოსამართლე ცნეს ბრალეულად  სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვისთვის და დაეკისრა დისციპლინური სახდელი – შენიშვნა. 

საქმე №2/01-2020 (2020 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება)

მოსამართლემ განიხილა კერძო საჩივარი საქმეზე, რომელშიც წარმომადგენლის სახით მონაწილეობდა მისი მეუღლე. 

სადისციპლინო კოლეგიის განმარტებით, მოსამართლე ვალდებული იყო, განეცხადებინა თვითაცილება და არ მიეღო მონაწილეობა კერძო საჩივრის განხილვაში. 

სასამართლოს მოსამართლე ცნეს ბრალეულად დისციპლინურ გადაცდომაში  (მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი) და დაეკისრა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება – კერძო სარეკომენდაციო ბარათით  მიმართვა.

საქმე №2/01-17 (სადისციპლინო კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება)  

საქმე № 1/01-18  (სადისციპლინო კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება)   

აღნიშნული საქმეები ეხებოდა 2004-05 წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე დისციპლინური წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო (ვინაიდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა). 

სადისციპლინო კოლეგიამ აღნიშნულ საქმეებზე წარმოება შეწყვიტა, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. 

კახა წიქარიშვილი,

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი


საქართველოს სასამართლოს გუშაგის პროექტი: ,,აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის’’

სტატია მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.