რით არის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკები

პუბლიკა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ გერმანიამ, აშშ-მა და სხვა მოკავშირეებმა პირველად დააანონსეს დასავლური წარმოების ტანკების გადაცემა. რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის ხელისუფლება აქტიურად მოითხოვდა დასავლურ ჯავშანტექნიკას. თუმცა დასავლეთში თავდაპირველად მძიმე ტექნიკით დახმარებისგან თავს იკავებდნენ.

საბოლოოდ, 2023 წლის დაწყებასთან ერთად უკრაინაში მიმდინარე ომის შეიძლება ერთ-ერთი საკვანძო მომენტიც დადგა. აშშ-მა და გერმანიამ თავდაპირველად უკრაინისთვის თავიანთი წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემის შესახებ განაცხადეს.

მოგვიანებით უკრაინისთვის ტანკების გადაცემა დააანონსა დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთის ხელისუფლებამ კი მოუწოდა გერმანიას, მასაც გადაეცა Leopard-ის ტიპის ტანკები და ამის საშუალება მიეცა იმ ქვეყნებისთვისაც, ვისაც უკრაინის დახმარება სურდა. გერმანულ ტანკებს გერმანიასთან ერთად ევროპის რამდენიმე ქვეყანაც იყენებს, მათ შორის, პოლონეთი, რომელმაც უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკის გადაცემაზე გამოთქვა მზადყოფნა.

რამდენიმედღიანი პოლიტიკური დისკუსიის შემდეგ გერმანიამაც დააანონსა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემა და ევროპის სხვა ქვეყნებსაც მიეცათ დახმარების შესაძლებლობა. გერმანიის შემდეგ ტანკების გადაცემის შესახებ ვაშინგტონშიც განაცხადეს.

რა სახის და რამდენ ტანკს მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან? რატომ არის მნიშვნელოვანი მათი გადაცემა და რას შეცვლის ის ბრძოლის ველზე? ამ საკითხებზე „პუბლიკა“ შეიარაღების სპეციალისტ გიგა ინაშვილს ესაუბრა.

რა სახის ტანკებს მიიღებს უკრაინა და რატომ არის დასავლური წარმოების ტანკების გადაცემა მნიშვნელოვანი?

ზოგადად, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ისეთი სახისაა, ისეთ რელიეფზე მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, რომ ორივე მხრიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჯავშანტექნიკას. როგორც ჯავშანტრანსპორტიორებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ისე, რა თქმა უნდა, ტანკებს მნიშვნელოვანი საცეცხლე მხარდაჭერისთვის. ტანკები ერთგვარ მოძრავ საცეცხლე წერტილებს წარმოადგენს.

რომელიმე მხარემ ტექნიკურ უპირატესობას რომ მიაღწიოს, მათთვის საჭიროა ეს ჯავშანტექნიკა. სამანევრო ქვედანაყოფებს, რომლებიც უშუალოდ უტევენ, უპირატესობის მისაღწევად სჭირდებათ ტექნოლოგიურად უფრო მაღალ დონეზე მდგარი ჯავშანმანქანები – ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

ამ დრომდე ბრძოლის ველზე ტექნიკური შესაძლებლობებითაც და რაოდენობრივადაც რუსული მხარე სჯობდა უკრაინულს. აქამდე ასე იყო, როგორც ტანკებში, ისე ქვეითთა საბრძოლო მანქანებს.

როდესაც ვსაუბრობთ მექანიზებულ ბრიგადებზე, რა ტექნიკითაა ისინი დაკომპლექტებული, რუსები მასიურად იყენებენ მოდერნიზებულ BMP-2 და BMP-3 ქვეითთა საბრძოლო მანქანებს. უკრაინელები კი, დიდწილად, BMP-2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და მოდერნიზებულ, მაგრამ მაინც მოძველებულ BMP-1 ტიპის მანქანებს. ამ ყველაფერს მხარდაჭერას ორივე მხრიდან, ძირითადად, საბჭოთა წარმოების ტანკები უკეთებენ.

უკრაინელების ძირითად შეიარაღებაში არის T-64 ტიპის ტანკები, რომელთაც ხარკივის ქარხანა აწარმოებდა. ასევე, მცირე რაოდენობით ჰყავთ T-72 ტიპის ტანკებიც, ზოგი მათგანი მოდერნიზებულია. ომის შემდეგ დაემატათ რუსული ნაალაფარი ტანკებიც (T-72, T-80 და ძალიან მცირე რაოდენობით T-90).

რუსები იყენებენ, მათ შორის, მოძველებულ T-62-ებსაც, რომლებიც მოგვიანებით გამოჩნდა, მაგრამ მათი ძირითადი ტანკი არის T-72B3, ასევე იყენებენ T-80, T-80U ტიპის ტანკებს და T-90M-ს, რომელიც ყველაზე თანამედროვე ტანკია, რაც უკრაინაში რუსულ ქვედანაყოფებს ჰყავთ.

ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უკრაინაში აღმოსავლეთ ფრონტზე აქტიურად მოქმედებენ T-72B3 ტიპის ტანკებიც და T-90M-ებიც. ამ ძალებთან ტექნოლოგიური უპირატესობის მისაღწევად უკრაინულ არმიას სჭირდება დასავლური წარმოების ტანკები. საუბარია Leopard-ის ტიპის, ასევე, ამერიკულ Abrams-სა და ბრიტანულ Challenger 2 ტანკებზე.

Leopard-ით რომ დავიწყოთ, გავრცელდა ცნობები ძველ Leopard 1 ტანკებზეც. უფრო მეტად განიხილება Leopard 2 A4,  Leopard 2 A5 და  Leopard 2 A6 ტიპის ტანკები. ეს უკანასკნელი თავისი შესაძლებლობებით აღემატება რუსების თანამედროვე T-90M-საც კი. სჯობს ტექნოლოგიურად, ცეცხლის მართვის სისტემით, საბრძოლო მასალების ეფექტიანობით, ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოქმედების შესაძლებლობით და ა.შ.

გერმანული Leoprd 2 A6 ტიპის ტანკი

Leopard 2 A4 შედარებით ძველი ტანკია და ჩამორჩება რუსულ მოდერნიზებულ ტანკებს. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, საბოლოოდ, რომელი მოდიფიკაციითა და რა კონფიგურაციით გამოიყენებენ დასავლურ ტანკებს. იმუშავებენ ეს დასავლური ტანკები ბრიგადების, ბატალიონების დონეზე, თუ ცალკეული ასეულები დაკომპლექტდება.

ამ დროისთვის, ვიცით, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა მიაწვდის უკრაინას ტანკებს. მათ შორის, გერმანია, პოლონეთი. საუბარია ასევე ფინეთზე, შვედეთზე, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებზეც, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ძირითად რაოდენობას მაინც გერმანია მიაწვდის როგორც Leopard 2 A4, ისე Leopard 2 A6 ტიპის ტანკებს.

ასევე, ვიცით, რომ პოლონეთი უკრაინას Leopard 2 A4PL ტანკებს გადასცემს, ეს Leopard 2 A4-ია, მაგრამ მოდერნიზებულია პოლონეთის არმიისთვის; ღრმად მოდერნიზებული ტანკია და თავისი შესაძლებლობებით უტოლდება A6 მოდიფიკაციის ტანკს.

თუმცა ამ კონფლიქტში დიდი მნიშვნელობა ექნება რაოდენობასაც. უკრაინას აქვს ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების გარკვეული დეფიციტი და ამ დანაკლისის შევსებაა საჭირო დასავლური ჯავშანტექნიკით.

ტანკების გადაცემა დიდი ხანია განიხილება და კიევიც დაჟინებით მოითხოვდა დასავლური ტანკების მიწოდებას. დასავლური ტანკების ტექნოლოგიურ უპირატესობასთან ერთად, ხომ არ განაპირობებდა ამას უკრაინის არმიაში ტანკების მწვავე დეფიციტიც?

უკრაინა თავისი საბჭოთა წარმოების ტანკებით რუსეთთან უპირატესობას ვერ მიაღწევდა. ასე რომ, ტექნოლოგიური მხარეც მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ რუსულ არმიაზე, მათ უკრაინა ვერ აჯობებს რაოდენობით.

ამიტომ ერთი უკრაინული სატანკო ასეული უნდა უტოლდებოდეს ერთ რუსულ სატანკო ბატალიონს თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. მაღალტექნოლოგიური ტანკებით უნდა მოხდეს სწორედ უპირატესობის მოპოვება.

ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვებაში კი უკრაინას Leopard 2-ებთან ერთად ამერიკული Abrams-ის ტიპის ტანკებიც დაეხმარება.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ უკრაინა დიდი ბრიტანეთისგანაც მიიღებს Challenger 2 ტანკებს. ეს ტანკიც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში. ეს არის მძიმედ დაჯავშნილი ტანკი, ბრიტანული „ჩობჰემის“ ტიპის სენდვიჩისებური ჯავშნით, რაც ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ტანკად აქცევს. მოველი, რომ ბრძოლის ველზეც მაღალი საბრძოლო ეფექტურობა უნდა ჰქონდეს.

ბრიტანული Challenger 2

უკრაინას უფრო მეტად აქვს დეფიციტი ქვეითთა საბრძოლო მანქანებში. ტანკები, ასე თუ ისე, ჰყავთ, მაგრამ მათ ქვეითთა საბრძოლო მანქანები სჭირდებათ დიდი რაოდენობით. ცოცხალი ძალის მექანიზება უნდა მოხდეს, რადგან იქ გაშლილი რელიეფია და მსუბუქი ქვედანაყოფები არ არის ეფექტური. არაეფექტურია არაშეჯავშნილი ან ტაქტიკური მანქანებით გადაადგილებაც შეტევითი ოპერაციისას.

ასეთ გაშლილ რელიეფზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძალების მაქსიმალური მექანიზაცია. საჭიროა მუხლუხებიანი, ავტომატური ქვემეხებით აღჭურვილი ქვეითთა საბრძოლო მანქანები. ასეთია, ამერიკული Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელიც ბრძოლის ველზე აღემატება რუსულ BMP-3-საც.

Bradley-ის, რომელსაც უკრაინელები მიიღებენ, აქვს TOW-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და 25 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი. უკრაინელები ტანკებთან ერთად ასეთი ქვეითთა საბრძოლო მანქანების საშუალებით შეძლებენ გარღვევის ოპერაციის დაწყებას.

Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა

ასევე, შვედეთი უკრაინას გადასცემს CV90 ტიპის 50 ერთეულ მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეითთა საბრძოლო მანქანა. მას აქვს 40 მმ-იანი ბოფორსის ქვემეხი და შეუძლია სროლა როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო მიზნებზე. ამის საშუალებას აძლევს ცეცხლის მართვის სისტემა.

40 მმ-იანი ქვემეხი კარგი ძალაა რუსული ტანკების წინააღმდეგაც, ბოფორსის ქვემეხის ქვეკალიბრულ ჯავშანგამტარ ჭურვებს თავისუფლად შეუძლიათ რუსული ტანკების ჯავშნის გარღვევაც ბორტიდან. ასე რომ, CV90-იც სერიოზული ძალა იქნება უკრაინისთვის.

შვედური CV90

უფრო კონკრეტულად, როცა უპირატესობაზე ვსაუბრობთ, რისი შეცვლა შეუძლიათ დასავლურ ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს?

ამ ეტაპზე დაანონსებული ტანკების რაოდენობა ქვეითთა საბრძოლო მანქანებთან ერთად უკრაინელებს საშუალებას მისცემს, უკვე გაზაფხულზე რომელიმე ოპერატიულ მიმართულებაზე წამოიწყონ გარღვევის ოპერაცია. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება სამხრეთის მიმართულება ზაპორიჟიის ოლქში, თუმცა შეიძლება, შეტევა ვიხილოთ აღმოსავლეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებითაც.

შეიძლება ახლა დიდ რაოდენობაზე არ არის საუბარი, თუმცა NATO-ს არმიებში 14 ტანკი არის ერთი სატანკო ასეული. ერთ ასეულს, ვთქვათ, ერთი ქვეყანა მისცემს, მეორეს კიდევ სხვა და 3 ასეულით უკვე შედგება ერთი სატანკო ბატალიონი. დასავლური ტანკებით აღჭურვილი 1 სატანკო ბატალიონი კი ბევრად აღემატება რუსულ ბატალიონს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას 2-3 რუსულ სატანკო ბატალიონთანაც შეეძლება ბრძოლა.

რასაკვირველია, რაოდენობა მაინც მეტია საჭირო და ვფიქრობ, უკრაინისთვის გადაცემული დასავლური ტანკების რაოდენობა 250-300-მდეც ავა. არის ამისი რესურსი. Leopard-ები საკმაოდ ბევრი აწარმოვეს და ეტაპობრივად გადაეცემათ.

რაც შეეხება იმ სკეპტიკურ მოსაზრებას, რომ ეს არასაკმარისია და ბევრად მეტი უნდა გადასცეს დასავლეთმა, უკრაინა მიიღებს იმ რაოდენობის ტანკებს, რისი რესურსიც თავად ექნება. ერთია გადაცემა და მეორეა მისი ტექნიკური მომსახურება თუ გამოყენება. უკრაინამ უნდა შეძლოს ამ ტანკების ბრძოლის ველზე გამოყენებაც.

რეალურად, იმის მიხედვით ხდება ვადების გაწერა, თუ როგორ შეუძლია უკრაინას მისი ათვისება. დასავლური ტექნოლოგიების ათვისება მარტივი არ არის, თუნდაც გამოცდილი ტანკისტებისთვის. ასევე, საჭიროა დრო ორგანიზებისთვისაც, რომ ეს ტანკები საბრძოლო ქვედანაყოფებში მოხვდეს. გარეგნულად კი შეიძლება ჩანდეს, რომ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დაგვიანების გამო ხანგრძლივდება ეს პროცესი.

რა გამოწვევები შეიძლება ახლდეს დასავლური წარმოების ტანკების გადაცემას? რამდენად ეფექტიანად შეძლებენ უკრაინელები მათ გამოყენებას?

ზოგადად, დასავლური ტანკები მეტად მაღალტექნოლოგიურია, ვიდრე საბჭოთა წარმოების. ამასთან, საბჭოთა და რუსულ ტანკებს უკრაინელები კარგად იცნობენ – სატანკო ქარხანა იყო ხარკივში, აქვთ კარგი სარემონტო ბაზებიც და მარტივად შეუძლიათ მწყობრიდან გამოსული საბჭოთა ტანკების შეკეთება. დასავლურ ტანკებზე კი განსხვავებული ვითარება იქნება. თავიდან, ალბათ, გაუჭირდებათ ამ მიმართულებით, მაგრამ თანდათან გამოასწორებენ.

მთავარია, რა რაოდენობით მიაწოდებენ ტანკებს და როგორი იქნება მწყობრიდან გამოსული ტანკების პროცენტულობა. ასევე, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს პოლონეთში არსებულმა სარემონტო ბაზებმა. ისინი უკვე გამოიყენეს უკრაინისთვის გადაცემული საარტილერიო დანადგარების შესაკეთებლად.

კიდევ ერთი გამოწვევაა სტრუქტურული სხვაობა. დასავლური წარმოების ტანკების ეკიპაჟი 4-კაციანია. ეკიპაჟის მეოთხე წევრი არის დამტენი. საბჭოთა ტანკებს კი გადატენვის ავტომატური მექანიზმი აქვს, ე.წ. კარუსელი. შესაბამისად, საჭირო იქნება 4-კაციანი ეკიპაჟების ფორმირება და შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ტანკისტების რაოდენობაც.

ასევე, ვახსენეთ, რომ ეს ტანკები უფრო მაღალტექნოლოგიურია და მძღოლ-მექანიკოსებსა და მემიზნე-ოპერატორებს ექნებათ განსხვავებულ სისტემებთან მუშაობის გამოწვევა. აქ შეიძლება გამოჩნდეს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელი ტანკისტები გაერკვევიან წვრთნისას და დაძლევენ პრობლემებს.

ლოგისტიკური უზრუნველყოფა იქნება გამოწვევა, რადგან განსხვავებული საბრძოლო მასალები და ჭურვები სჭირდებათ. რაც უფრო მეტი იქნება დასავლური ტანკების რაოდენობა, ლოგისტიკაც გართულდება. დასავლური ტექნიკის მაღალ საბრძოლო ეფექტიანობას სჭირდება გამართული ლოგისტიკა და ბევრი რამაა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებით დაძლევენ უკრაინელები ლოგისტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდის უნდა ველოდოთ უკრაინელთა კონტრშეტევას?

სამხედრო ტექნიკა არ არის სამოქალაქო ავტომობილი, მათ ათვისებას და ინტეგრირებას დრო სჭირდება. უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ამიტომ ველი, რომ შემტევი ძალების ფორმირება გაზაფხულზე მოხდება.