როცა დამსაქმებელი ერთმანეთს უთანხმდება

პუბლიკა

„ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა, დამლაგებელი, კონსულტანტი, მოლარე – ყველა ფუნქცია უნდა შეითავსო, ნორმალურად ვერ დაჯდები, სულ ფეხზე უნდა იყო. გაპროტესტების უფლება არ გაქვს. პასუხი ყველგან ერთია – „არ გინდა, წადი”, – ეს ციტატა Facebook-გვერდიდან – „არა მონობას“ –  არის ამოწერილი, სადაც მოქალაქეები ბრენდულ სუპერმარკეტებში მუშაობის გამოცდილებაზე წერენ. ვრცლად ამ საკითხზე „პუბლიკამ“ სტატია გასულ კვირას მოამზადა.

სტატიაში გავაანალიზეთ სუპერმარკეტების მიერ გამოცხადებული ვაკანსიები და გამოიკვეთა, რომ  უმეტესწილად მსგავსი შრომის პირობები და ანაზღაურებაა, რომელიც 850 ლარიდან 1 400 ლარამდე მერყეობს.

სტატიაში მოყვანილია წყაროს ინფორმაციაც, რომელიც იხსენებს კონფერენციაზე ერთ-ერთი სუპერმარკეტის წარმომადგენლის განცხადებას: „კომპანიები ხელფასის ნაწილში ერთმანეთთან კონკურენციაში არ შევდივართ და რომ ეს მეტ-ნაკლებად შეთანხმების საგანია“.

ამ სტატიაში კი შევეცდებით, მიმოვიხილოთ საქართველოში არსებული შრომის ბაზრის სპეციფიკა, წამოვწიოთ წინ რიგი გარემოებები და დავსვათ შეკითხვა – შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ ე.წ. მონოფსონიაზე.

მონოფსონია ესაა დამსაქმებლების დომინანტური ძალაუფლება ბაზარზე, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, დაადგინონ ხელფასი და სამუშაო პირობები.

„არის შემთხვევები, როცა დამსაქმებლები, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ერთმანეთში პაექრობა, თანხმდებიან დასაქმებულებისთვის დასანიშნი ხელფასების ოდენობაზე თუ ხელფასების ზრდის ან შემცირების კოორდინირებაზე, ასევე იმაზე, რომ არ გადაიბირონ ერთმანეთის თანამშრომლები. დამსაქმებლებს შორის ამგვარი გარიგების საფრთხე განსაკუთრებით მაღალია ბაზრის კონცენტრაციის პირობებში“, – ამის შესახებ ვკითხულობთ დოკუმენტში „მონოფსონია შრომის ბაზარზე: გამოწვევები და გადაჭრის გზები“. დოკუმენტის ავტორი „პროგრესული ფორუმის” კვლევითი ცენტრის მკვლევარი კოტე ერისთავია.

„პუბლიკის“ წინა სტატიაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ დამსაქმებლები მომსახურებისა და საცალო ვაჭრობის სფეროში კადრების სიმცირეს უჩივიან.

სამუშაო ძალის დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად – როგორიცაა ემიგრაციის მაღალი დონე, არაეფექტური სოციალური დაცვის სისტემა, სამუშაო ძალის უნარებსა და კერძო სექტორის საჭიროებებს შორის აცდენა და სხვა – სწორედ დაბალი ანაზღაურებაა.

როგორც დოკუმენტში კოტე ერისთავი აღნიშნავს, დაბალი ხელფასების მიზეზებზე მსჯელობის დროს, ყურადღება არ ეთმობა დამსაქმებლებს შორის კონკურენციის ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომელიც,  ეკონომიკური თეორიის თანახმად, ამცირებს ხელფასებსა და წარმოებას და აუარესებს სამუშაო პირობებს.

მკვლევრის თქმით, საქართველოში მონოფსონიის საკითხი არ არის სათანადოდ შესწავლილი. ის ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

რა არის მონოფსონია და რა განასხვავებს მას მონოპოლიისგან

მონოპოლიური ბაზარი გულისხმობს ბაზრის ისეთ მდგომარეობას, როცა მეწარმეს არ ჰყავს კონკურენტი და წარმოადგენს კონკრეტული საქონლის თუ მომსახურების ერთადერთ მიმწოდებელს ბაზარზე.

მონოპოლიისგან განსხვავებით, მონოფსონიური საბაზრო სტრუქტურაა – როცა ბაზარზე არსებულ საქონელს თუ მომსახურებას მხოლოდ ერთი მყიდველი ჰყავს. მონოფსონიური ძალაუფლების მქონე სუბიექტს აქვს უნარი, გადაიხადოს იმაზე დაბალი ფასი პროდუქტში, ვიდრე კონკურენტულ ბაზარზე გადაიხდიდა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, პროდუქტში იგულისხმება სამუშაო ძალაც. შესაბამისად, მონოფსონია შეიძლება არსებობდეს შრომის ბაზარზეც. მონოფსონისტი დამსაქმებელი ფლობს ძალაუფლებას, გადაუხადოს უფრო დაბალი ხელფასი მშრომელს, ვიდრე ეს უკანასკნელი კონკურენტულ ბაზარზე მიიღებდა.

სრულად კონკურენტულ შრომის ბაზარზე, სადაც არ არსებობს კონკურენციის ხელისშემშლელი ფაქტორები, თითოეული კომპანია მშრომელს სთავაზობს იმ ოდენობის ანაზღაურებას, რომელიც ამ მშრომელის დასაქმებით კომპანიის მიერ მიღებულ მოგებას არ აღემატება. თუ კომპანია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებს შესთავაზებს მშრომელს, ის ამით მას კონკურენტ კომპანიას დაუთმობს. შესაბამისად, ბაზრის მიერ დადგენილი ხელფასების შემთხვევაში, ერთნაირ სამუშაოზე დასაქმებულ და ერთნაირი პროდუქტიულობის მქონე მშრომელებისთვის ანაზღაურება თანაბრდება.

„მეორე მხრივ, როცა კონკურენცია შეზღუდულია, ბაზრის ეს ლოგიკა სუსტდება. მონოფსონისტურ კომპანიას აქვს ძალაუფლება, დაასაქმოს მხოლოდ ისინი, ვინც მის მიერ დადგენილ ხელფასსა თუ სამუშაო პირობებს დასთანხმდება. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, კომპანიები უფრო დაბალ ხელფასსა და უფრო ცუდ სამუშაო პირობებს სთავაზობენ მშრომელებს, ვიდრე კონკურენტულ ბაზარზე შესთავაზებდნენ და უფრო ნაკლებ მუშახელს ასაქმებენ, ვიდრე კონკურენტულ გარემოში დაასაქმებდნენ“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მონოფსონისტი დამსაქმებელი ხელფასებსა და სამუშაო პირობებზე დაზოგილი თანხით აბალანსებს შემცირებულ შემოსავალს. ამ გზით, ანუ დასაქმებისა და ხელფასის შემცირებით და სამუშაო პირობების გაუარესებით, წარმოებიდან მიღებული სარგებლიდან კომპანიის მოგების წილი იზრდება,  ხოლო ხელფასების წილი იკლებს.

ამასთან ერთად, მონოფსონიური ძალაუფლება, როგორც დამსაქმებლის შესაძლებლობა, დასაქმებულს შესთავაზოს ისეთი მინიმალური ანაზღაურება, რომელსაც ეს უკანასკნელი დასთანხმდება, ხელს უწყობს სახელფასო დისკრიმინაციას, მაგალითად, გენდერული ნიშნით. იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, ქალები უფრო შეზღუდულები არიან ოჯახური ვალდებულებებით, ვიდრე კაცები, დამსაქმებელს შორის არჩევანიც შეზღუდული აქვთ, რაც მათ სახელფასო დისკრიმინაციის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.

მონოფსონიის განმაპირობებელი ფაქტორები

დამსაქმებლის მონოფსონიურ ძალაუფლებას, ანუ ძალაუფლებას, არ გაითვალისწინონ ბაზარზე არსებული ხელფასის ოდენობა და თავად დაადგინონ ხელფასი, რიგი ფაქტორები განაპირობებს. როგორიცაა: დამსაქმებლის შეზღუდული რაოდენობა შრომის ბაზარზე; დამსაქმებელთა შორის ხელფასისა თუ სამუშაო პირობების შესახებ გარიგება; შეზღუდვები, რომელსაც დამსაქმებელი უწესებს დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; და შრომასთან დაკავშირებული ბენეფიტები, რომელთაც დასაქმებული კონკრეტული სამუშაო ადგილიდან იღებს და სხვაგვარად არ არის ხელმისაწვდომი. სტატიაში მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას.

შრომის ბაზრის კონცენტრაცია

მონოფსონიის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბაზრის კონცენტრაციაა. ბაზრის კონცენტრაცია სახეზეა, როცა კონკრეტულ სამუშაო ადგილებს მხოლოდ მცირე რაოდენობის დამსაქმებელი ქმნის.

შრომის ბაზრის მაღალი კონცენტრაციის მკაფიო მაგალითები გვხვდება საქართველოს მონოინდუსტრიულ ქალაქებში, როგორიცაა, მაგალითად, ტყიბული, ჭიათურა და კაზრეთი. აღნიშნულ ქალაქებში, სადაც მომპოვებელი საწარმოები მთავარი დამსაქმებლები არიან და მცირეა ალტერნატიული სამუშაო ადგილები, დამსაქმებლებს აქვთ განსაკუთრებული ძალაუფლება, დაადგინონ ხელფასები და სამუშაო პირობები.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევების თანახმად, ზოგადად, საბაზრო კონცენტრაცია უარყოფითად აისახება როგორც დასაქმებაზე, ისე ხელფასის ოდენობაზე. არსებობს ორი მნიშვნელოვანი უახლესი კვლევა, რომელიც სწავლობს ბაზრის კონცენტრაციის შედეგებს დასაქმებაზე საფრანგეთსა და გერმანიაში. ორივე კვლევიდან ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ ბაზრის კონცენტრაცია ზრდის უმუშევრობას.

კონცენტრაციას უარყოფითი გავლენა აქვს ანაზღაურებაზე. კონცენტრაციის პირობებში, ხელფასი, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე კონკურენციის მდგომარეობაში იქნებოდა.

დამსაქმებლებს შორის გარიგება

არის შემთხვევები, როცა დამსაქმებლები, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ერთმანეთში პაექრობა, თანხმდებიან დასაქმებულებისთვის დასანიშნი ხელფასების ოდენობასა თუ ხელფასების ზრდის ან შემცირების კოორდინირებაზე, ასევე იმაზე, რომ არ გადაიბირონ ერთმანეთის თანამშრომლები. დამსაქმებლებს შორის ამგვარი გარიგების საფრთხე განსაკუთრებით მაღალია ბაზრის კონცენტრაციის პირობებში.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, განსაკუთრებით ჰოსპიტალურ, საცალო ვაჭრობის, სათამაშო ბიზნესის, ტელეკომუნიკაციების სფეროებში, სადაც ოლიგოფსონიური ძალაუფლების მქონე კომპანიები ოპერირებენ, როგორც წესი, კონკურენტ კომპანიებში, დაბალ პოზიციებზე, მსგავსი ხელფასები და სამუშაო პირობები გვხვდება.

„პუბლიკასთან“ საუბრისას „რითეილ ასოციაციის“  (საცალო ვაჭრობის ასოციაცია) ხელმძღვანელი სოფო ქაშაკაშვილი კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არის ერთი და იგივე სახელფასო ანაზღაურება ერთსა და იმავე პოზიციაზე სხვადასხვა ქსელურ მარკეტში და რაიმე გარიგებასთან ხომ არ გვაქვს საქმე, ამბობს:

„იმიტომ, რომ შრომა არის პროპორციული, ერთი და იგივე საქმეა გასაკეთებელი ყველა ქსელში და ასეა დათვლილი. საათობრივად არის დაანგარიშებული ეს ანაზღაურება და კვირის ჭრილში ჯამდება. როდესაც ანაზღაურებას უთითებენ ვაკანსიაში, როგორც წესი, ეს არის ხელზე ასაღები თანხა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე“, – აღნიშნავს ის.

როგორც დოკუმენტში კოტე ერისთავი აღნიშნავს, რომ ეს რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს დამსაქმებლებს შორის გარიგებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ საკითხის მონოფსონიიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის პერსპექტივიდან შეფასებაც.

რა უნდა გაკეთდეს, რათა შემცირდეს შრომის ბაზარზე უარყოფითი გავლენა

როგორც თავშიც აღინიშნა, დოკუმენტის მიზანია კვლევისა და მსჯელობის წახალისება საქართველოში მონოფსონიური ძალაუფლების უარყოფით გავლენაზე ხელფასების ოდენობაზე, სამუშაო პირობებზე, დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე.

კვლევის ავტორის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეისწავლოს მონოფსონისტური ბაზრები და შესაბამისად დაგეგმოს შრომის ბაზრის მონოფსონიიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრის გზები.

კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ მონოფსონიიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ აუცილებელია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გავრცელება შრომით ურთიერთობებზე. ასევე, მნიშვნელოვანია შრომითი გარანტიების  გაძლიერება, კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების დახვეწა, პროფკავშირული საქმიანობის ხელშეწყობა და სხვა რეფორმები.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გაძლიერება

აუცილებელია, საქართველოს კანონმდებლობამ, სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მსგავსად, შრომის ბაზარზეც აკრძალოს მონოფსონისტი დამსაქმებლის მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;

ასევე, ისეთი გარიგება დამსაქმებლებს შორის და კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რაც ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა, გულისხმობს, მათ შორის, „ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკასთან“ ჰარმონიზაციას. კერძოდ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების101-ე მუხლი კრძალავს ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტილებებს, შეთანხმებულ ქმედებებს და ხელშეკრულებებს, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას.

აღნიშნული ჩანაწერი ვრცელდება დამსაქმებლებს შორის ხელფასთან, სამუშაო პირობებსა თუ დასაქმებულების გადაბირებასთან დაკავშირებულ შეთანხმებულ ქმედებებსა და ხელშეკრულებებზე.

კოლექტიური მოლაპარაკებების გაძლიერება

კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომ დამსაქმებლებს შორის კონკურენციის ხელშეწყობა, თავისთავად, არ იქნება საკმარისი, რადგან დამსაქმებელი ყოველთვის ფლობს გარკვეულ საბაზრო ძალაუფლებას. მის დასაბალანსებლად კი, აუცილებელია მშრომელების ორგანიზება, ხოლო ამ უკანასკნელს საკანონმდებლო და ინსტიტუციური მხარდაჭერა სჭირდება.

პროფესიულ კავშირებს შესწევთ უნარი, ივაჭრონ და მოითხოვონ დამსაქმებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის ზრდა. მეტიც, ძლიერ პროფესიულ კავშირებს შეუძლიათ, დაუპირისპირდნენ დაბალი ხელფასების გამო უმუშევრობის ზრდის ტენდენციას და გააუმჯობესონ ეკონომიკის ეფექტიანობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოში პროფკავშირული საქმიანობის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ხელშეწყობა. ამ მხრივ, მაგალითად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ეფექტიანი მუშაობა. პროფკავშირული საქმიანობის მხარდასაჭერად ასევე აუცილებელია უკანონო გაფიცვის კრიმინალიზებისა და სოლიდარული გაფიცვის აკრძალვის გაუქმება.

ზეგანაკვეთური შრომის რეგულირება

იმისათვის, რომ შეიზღუდოს მონოფსონისტი დამსაქმებლის ძალაუფლება, თვითნებურად გაზარდოს სამუშაო დრო, მნიშვნელოვანია, ზეგანაკვეთური შრომის რეგულირების გაუმჯობესება.

ადეკვატური მინიმალური ხელფასი

თუ მონოფსონიური ძალაუფლების მქონე დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებულს გადაუხადოს ისეთი დაბალი ხელფასი, რომელსაც ეს უკანასკნელი დასთანხმდება, მშრომელები, რომელთაც სამუშაოს პოვნის ყველაზე ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, ყველაზე დაბალ ხელფასს მიიღებენ.

სწორედ ამიტომ მონოფსონიური ძალაუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა სახელმწიფოს მიერ ადეკვატური მინიმალური ხელფასის დაწესებაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კვლევების მიხედვით, კონცენტრირებულ ბაზარზე, სადაც დამსაქმებელი ფლობს მონოფსონიურ ძალაუფლებას, ადეკვატურმა მინიმალურმა ხელფასმა შესაძლოა, პოზიტიური გავლენა იქონიოს როგორც ხელფასების ზრდაზე, ისე დასაქმებაზე.

რეკომენდაციებს შორისაა შრომითი ხელშეკრულებების ინსპექტირება, სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერება, თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა.