როცა მოზარდს სკოლაში წასვლა არ უნდა

ნათია ამირანაშვილი

თქვენი შვილიც ჭირვეულობს დილით სკოლაში წასვლის წინ? გთხოვთ, რომ სახლში დატოვოთ? ცუდად ყოფნას იმიზეზებს? ტირის და უხასიათოდაა? – ამის მიზეზი შეიძლება ბევრად უფრო სიღრმისეული იყოს, ვიდრე მხოლოდ გაკვეთილებისგან თავის არიდება. მტკიცებულების მიხედვით, სკოლის გაცდენა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და კანონთან შესაძლო კონფლიქტის წინასწარმეტყველი ფაქტორია.

რატომ არ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა შედეგებამდე მივალთ, თუ სათანადო ყურადღებას არ დავუთმობთ ამ საკითხს? როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა, სკოლამ ასეთ შემთხვევაში? – ამ საკითხებზე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი გვესაუბრა.

– ქალბატონო ნატა, როგორც ვიცით, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეს სკოლაზე უარის თქმის სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. თავდაპირველად საუბარი რომ დავიწყოთ დაწყებითი საფეხურიდან – რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა?

– დიახ, სკოლაზე უარის თქმის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა სხვადასხვა ასაკს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, სწავლების დაწყებით საფეხურზე ბავშვები სკოლაში წასვლაზე უარს შეიძლება აბსოლუტურად სხვა მიზეზით ამბობდნენ, ვიდრე სკოლის საშუალო ან დამამთავრებელ საფეხურზე მყოფი ბავშვები.

დაწყებითი საფეხურიდან რომ დავიწყოთ, სკოლაში არ წასვლის მიზეზთაგან ყველაზე მეტად ყურადსაღებია, როცა ბავშვს სკოლის გარემოში ყოფნა რაიმე მიზეზის გამო არ მოსწონს. გამორიცხული არაა, რომ სკოლაში მყოფმა უფროსმა ადამიანებმა მას სწავლისთვის საჭირო მოტივატორები ვერ შეუქმნეს. ასეთ შემთხვევაში კი ბავშვს სკოლის გარემოში აღარ მიუხარია.

სკოლის პერსონალისთვის, დირექცია იქნება ეს თუ პედაგოგები, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ როდესაც პირველკლასელი სასკოლო გარემოში მიდის, იქ ის ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. ასეთი გამოწვევებია – ფიზიკური გარემოს ცვლილება, ახალი მეგობრების შეძენა, მშობლებისგან ხანგრძლივი დროით ცალკე ყოფნა. ვისაც ბაღში არ უვლია, მათთვის ამგვარი ცვლილებები განსაკუთრებით რთულია. ამას ემატება ის, რომ ბავშვი იწყებს აკადემიურ აქტივობებს, რაც ერთგვარი სტრესია. სტრესისგან თავის არიდების გამო შესაძლოა ის ამბობდეს, რომ არ უნდა სკოლაში წასვლა. ამგვარ შემთხვევებში მშობელი და სკოლის წარმომადგენლებიც თანაბრად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორი გარემოა სკოლაში, როგორ გადის ბავშვი ბაღიდან სკოლაში ე.წ. ტრანზიციის პროცესს. ამ საკითხების უგულებელყოფა არ შეიძლება.

სკოლისგან თავის არიდების ერთ-ერთი მიზეზთაგანი შეიძლება აკადემიური მზაობის პრობლემაც იყოს. ბავშვები მზად უნდა იყვნენ სასკოლო გარემოსთვის, როგორც კოგნიტიურად ანუ გონებრივად, ასევე, ემოციურად და ქცევით. აქ რამდენიმე კომპონენტია და ხშირად უფროსები – მშობლები, პედაგოგები, ყურადღებას მხოლოდ კოგნიტიურ მზაობას აქცევენ. თუ ბავშვს შეუძლია საწყისი აკადემიური უნარების გამოვლენა – ცნობს ასოებსა და ციფრებს, მიაჩნიათ, რომ ის მზადაა სკოლაში წასასვლელად. რეალურად კი მხოლოდ ეს საკმარისი არაა. საჭიროა, რომ ბავშვი ემოციურადაც მზად იყოს სკოლისთვის – მაგალითად, მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად, ასაკის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ კონკრეტულ გარემოში რაღაც წესები შეიძლება დახვდეს – მაგალითად, 10 წუთი უნდა იჯდეს ერთ ადგილას და ეცადოს, ყურადღებით იყოს, მისდიოს მასწავლებლის მითითებებს. თუ ბავშვს ეს წინასასკოლო უნარები განვითარებული არ აქვს, ცხადია, მისთვის სასკოლო გარემო რთულად აღიქმება.

სკოლის პერსონალისთვის, დირექცია იქნება ეს თუ პედაგოგები, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ როდესაც პირველკლასელი სასკოლო გარემოში მიდის, იქ ის ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. ასეთი გამოწვევებია – ფიზიკური გარემოს ცვლილება, ახალი მეგობრების შეძენა, მშობლებისგან ხანგრძლივი დროით ცალკე ყოფნა. ვისაც ბაღში არ უვლია, მათთვის ამგვარი ცვლილებები განსაკუთრებით რთულია. ამას ემატება ის, რომ ბავშვი იწყებს აკადემიურ აქტივობებს, რაც ერთგვარი სტრესია. სტრესისგან თავის არიდების გამო შესაძლოა ის ამბობდეს, რომ არ უნდა სკოლაში წასვლა. ამგვარ შემთხვევებში მშობელი და სკოლის წარმომადგენლებიც თანაბრად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორი გარემოა სკოლაში, როგორ გადის ბავშვი ბაღიდან სკოლაში ე.წ. ტრანზიციის პროცესს. ამ საკითხების უგულებელყოფა არ შეიძლება.

სკოლამ უნდა იცოდეს 6 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები, უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ ამ ასაკის ბავშვებს ყურადღების კონცენტრაციის უნარი ჯერ იმ დონეზე ჩამოყალიბებული არ აქვთ, რომ 30-40 წუთი შეძლონ ერთ ადგილას ჯდომა და მასწავლებლის მოსმენა. შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყონ ბავშვებს, ნელ-ნელა აითვისონ სკოლის წესები. დაწყებით კლასებში ბავშვებს, გაკვეთილების დროს, თავისუფლად გადაადგილებისა და თამაშის დრო უნდა ჰქონდეთ, ასე უფრო ადვილად სწავლობენ და სკოლაც სასიამოვნო გარემოდ აღიქმება.

იმის გამო, რომ ბავშვი მზად არ არის სკოლისთვის – თავს ვერ წარმოაჩენს აკადემიური თვალსაზრისით ან აქვს ემოციური სირთულეები, შეიძლება უარი თქვას სკოლაზე. სკოლაზე უარის თქმის გამომწვევი ფაქტორი ასევე შეიძლება იყოს განვითარების პრობლემა, განშორების შიში და შფოთვა. ასეთ შემთხვევებში ბავშვებს კლინიკური ფსიქოლოგების დახმარება სჭირდებათ.

– თქვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ გამოწვევის მოგვარებას მხოლოდ მშობლის ძალისხმევა არ ეყოფა. რა უნდა გაკეთდეს, როგორი უნდა იყოს რეაგირება სასკოლო გარემოში, როცა ბავშვს სკოლაში არ მიუხარია?

– ამ საკითხის მოგვარებაში მშობელი, პედაგოგები, სკოლის სხვა პერსონალი, ერთად უნდა ჩაერთონ. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლის ინფორმირებულობას, შემდგომ უკვე პერსონალის გულისხმიერებასა და მონდომებას. სკოლების უმეტესობას ჰყავს ფსიქოლოგები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ცოდნა მოსწავლეების ქცევის, ასევე, ემოციური ან სხვა სახის სირთულეების შესახებ. სასურველია, სკოლამ მშობლებისა და სკოლის პროფესიონალების ერთად შეკრება დაგეგმოს, სადაც ყველამ, საკუთარი ცოდნისა და კომპეტენციის გამოყენებით, უნდა მოიფიქროს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულ შემთხვევაში. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, საჭირო გახდეს სკოლის გარედან შემოსული ფსიქოლოგის ან სხვა სპეციალისტის ჩართვა.

სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, სკოლას, მიუხედავად იმისა, რომ აქვს რესურსი, ჰყავს ფსიქოლოგიც, სპეცმასწავლებელიც, უჭირს ბავშვისა და მშობლის დახმარება, რაც ადამიანური პროფესიული რესურსის ნაკლებობის ან სკოლასა და მშობელს შორის თანამშრომლობის არარსებობის ბრალია.

ვფიქრობ, ამ საკითხში სკოლას მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. თავად უნდა აჩვენებდნენ მშობელს, რომ პასუხისმგებელნი არა მარტო საგნობრივ განათლებაზე, არამედ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებასა და პიროვნულ ზრდაზეც არიან. ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთდახმარებისა და ერთმანეთის პატივისცემის გარეშე ეს საკითხი წინ არ წავა.

– რომ გადავიდეთ შემდეგ ასაკობრივ საფეხურზე, ამ შემთხვევაში რაზე შეიძლება მიანიშნებდეს სკოლის გაცდენის სურვილი? რა არის განსხვავება?

– შემდეგი ასაკობრივი კატეგორია ე.წ. საშუალო ასაკის – დაახლოებით 9-დან 13 წლამდე მოზარდები არიან. ამ პერიოდში ბავშვი შედარებით წამოზრდილია. მას სკოლასთან დაკავშირებული წესები, რუტინა და ამოცანები უკვე გაცნობიერებული აქვს. ამ ეტაპზე პრობლემური სკოლაში, თანატოლთა ჯგუფში ინტეგრაციის საკითხი ხდება ხოლმე. გარდატეხის ასაკი სწორედ ამ პერიოდიდან იწყება და ჩნდება ასეთი შეკითხვები – როგორ შეიძლება ვიგრძნო თავი კლასის სრულუფლებიან ნაწილად? ვინ ვარ მე ზოგადად და რამდენად კარგი ვარ? ვარ თუ არა აღქმული კლასელებისთვის მისაღებ ადამიანად? მინდა, რომ თავი დავიმკვიდრო, რით შემიძლია ეს გავაკეთო?

შესაძლოა, ამავე ასაკში ჯერ კიდევ მოუგვარებელი იყოს ადრეულ ასაკში არსებული აკადემიური უნარების პრობლემა. ხშირად, რაიმე დეფიციტის კომპენსირებისთვის მოზარდები, ქცევის გამოვლენის კუთხით, არაერთგვაროვან, ხშირად, არასასურველ არჩევანს აკეთებენ. სწორედ აქ უნდა იყვნენ უფროსები ყურადღებით, რათა არ გამორჩეთ ბავშვის მდგომარეობა. მაგალითად, იმის გამო, რომ ბავშვს არ უნდა აჩვენოს, რომ წერა-კითხვა უჭირს, შესაძლოა, პასიური იყოს აკადემიური თვალსაზრისით. სამაგიეროდ, ისეთ არასასურველ ქცევას გამოავლენს, რითაც მეგობრებისთვის მასხარად გადაიქცევა, მასწავლებელს ხელს შეუშლის. რეალურად კი, ამგვარი ქცევა შესაძლოა, აკადემიური პრობლემების დამალვას ემსახურებოდეს. ვინაიდან, ადამიანს ნებისმიერ ასაკში სჭირდება სხვა ადამიანების ყურადღება და თუ აკადემიური წარმატებით ვერ მოიპოვებს ამას, ცუდი საქციელი აუცილებლად „გამოადგება“ ამისთვის.

– ე.წ. გამოსავალი შეიძლება ასეთ ქცევაში ნახოს მოზარდმა, ხომ?

– კი, ეს ნამდვილად ჰგავს გამოსავლის ძიებას. ადამიანებს ხომ სოციუმისგან აღიარება ყოველთვის გვჭირდება. მაგალითად, თუ მოზარდს კარგი გარეგნული მონაცემები აქვს – ლამაზია, სიმპათიურია და იმავდროულად, სხვა ვერაფრით მოახერხა თავის გამოჩენა (აკადემიური აქტივობა, სპორტი) ამ მიმართულებით დაიწყებს პოზიციონირებას – „მე ლამაზი ვარ“. გინახავთ ალბათ, გოგოები და ბიჭები, რომლებიც ჩაცმასა და გარეგნობაზე აქცენტებით ცდილობენ ლიდერები იყვნენ.

ხშირად, როცა მოზარდები გამომწვევად იქცევიან – მანიპულირებენ, „მაგარ“ გოგო-ბიჭებს თამაშობენ ან ყველასთვის საყვარელი და ზედმეტად მეგობრულნი არიან, გამორიცხული არ არის, არაგულწრფელნი იყვნენ. შესაძლოა, ამგვარი როლები ერთგვარი „თავშესაფარი“ იყოს და მის უკან რაიმე სირთულე იმალებოდეს.

– როგორი უნდა იყოს საპასუხო რეაქცია, როდესაც ასეთი „გამოსავალი“ მოძებნა მოზარდმა?

– საპასუხო რეაქცია სასწრაფოდ გამოფხიზლება უნდა იყოს. პირველ ყოვლისა იმის გააზრებით, რომ ეს მოზარდის ბრალი კი არ არის, არამედ ეს იმ სოციუმის ბრალია, სადაც იზრდება – ოჯახის, სკოლის და საზოგადოებისაც მათ შორის. სოციუმს გამორჩა, არ მიაქცია ყურადღება, გვერდით არ დაუდგა საჭირო დროს.

იმ შემთხვევაში თუ არ გაანალიზდა, რატომ იქცევა მოზარდი ასე, არ გამოვარკვევთ რა არის მისი ქცევის განმაპირობებელი ფაქტორები, შესაძლოა, ბავშვი დაშორდეს ოჯახსა და სკოლას.

ამგვარი გამოწვევების მქონე მოზარდისთვის კი, ძირითად შემთხვევაში, ვერ იცლის სკოლა. სკოლა ამ დროს მშობელთან ერთად დუეტში უნდა ზრუნავდეს ბავშვის ემოციური და სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. ჩვენს დროში კი ხშირია ოჯახები, სადაც დედა და მამა სულ მუშაობს ან უბრალოდ არ შეუძლიათ შვილებთან დიალოგის წარმართვა. იმავდროულად სკოლა კონცენტრირებულია იმაზე, რომ რაღაც რაოდენობის პროგრამული ამოცანა შეასრულოს, მათემატიკა და ქართული ასწავლოს ბავშვებს და არასოდეს რჩება დრო, ელაპარაკოს ისეთ საკითხებზე – თუ როგორც გრძნობს თავს, რა უნდა ცხოვრებაში და ა.შ.

ასეთ ვითარებაში კი მოზარდი ფიქრობს – ე.ი. არცერთ გარემოში არავის ვუნდივარ და აბა, გავალ გარეთ, იქნებ ქუჩაში იყოს რამე საინტერესო. ალბათ იქ მაინც გამიგებენ, მომისმენენ და შევძლებ რეალიზებას. და გადის ქუჩაში, სადაც დღითი-დღე იზრდება რისკი იმისა, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გამოცდილებას გაეცნობა, ან შედის ინტერნეტსივრცეში და უყალიბდება ეკრანდამოკიდებულება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვის/მოზარდის რეალიზების ასპარეზი მხოლოდ სკოლა არ უნდა იყოს. არსებობს არაფორმალური სწავლებაც – ბავშვი შეიძლება აკადემიურად ვერ დაიხარჯოს, მაგრამ ისეთი წარმატებული იყოს სპორტში, ხატვასა ან ცეკვაში, რომ საერთოდ არ ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ვერ რეალიზდა. შესაბამისად, ის „სიახლეების“ ძებნას ქუჩაში აღარ დაიწყებს. ანუ ბავშვი ყოველთვის უნდა იყოს სასარგებლოდ დაკავებული.

ცხადია, მხოლოდ ფორმალურ განათლებას არ უნდა ენიჭებოდეს მნიშვნელობა ადამიანის განვითარებაში. თუმცა სამწუხაროა ის, რომ არაფორმალურ განათლებას ძირითადად მხოლოდ მშობლები უზრუნველყოფენ ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც თან უნდა იმუშაონ, რათა საარსებო მინიმუმი გამოიმუშაონ, თან შვილზე უნდა იზრუნონ. შესაძლოა, არც ცოდნა ჰყოფნიდეთ ადამიანის განვითარების თავისებურებებთან დაკავშირებით. რამე პრობლემის გამოვლენისას კი, ჩვენი საზოგადოება ხშირად ამბობს, რომ მშობელი ან ბავშვია დამნაშავე. არადა, სახელმწიფოში ყველა ერთად თუ არ იზრუნებს ადამიანის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, არაფერი არ გამოვა, მარტო ერთი მხარე უძლურია.

– არსებობს მზა სახელმძღვანელო იმისა, ასეთ შემთხვევებში მშობლის რეაქცია როგორი უნდა იყოს, ყურადღების დათმობით უნდა დაიწყოს? ფსიქოლოგთან უნდა მიიყვანოს? სკოლაში უნდა მივიდეს? რა უნდა მოიმოქმედოს?

– პირველ ყოვლისა, უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა საკმარისი დრო საკუთარი შვილისთვის და გამოხატავს თუ არა იმ ემოციას, რომელიც უპირობოდ აუცილებელია მისი შვილისთვის. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მესმის. ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, შეიძლება ბრაზიც გაუჩნდეთ მშობლებს და გასაგებიც იქნება. ჩვენ რა რეკომენდაციებსაც ვიძლევით, პრაქტიკაში არის კი ამის განხორციელების საშუალება? – აუცილებლად გაჩნდება ეს შეკითხვა. შეიძლება ძალიანაც კარგადაც იცის მშობელმა, რომ პრიორიტეტი კარგად და უსაფრთხოდ აღზრდილი შვილია, მაგრამ ვინაიდან ლუკმა-პურზე დარდობს, 9-დან 7-მდე სამსახურშია, 10 საათამდე მგზავრობს, შემდეგ აღარც დრო რჩება, აღარც ენერგია. სახლში მოსულს ან დაძინებული შვილი ხვდება ან საკუთარ ოთახში კარმიკეტილი თინეიჯერი, რომელიც არ ეკონტაქტება. ასეთ რეალობაში სპეციალისტთა რეკომენდაციებს თითქოს აზრიც ეკარგება. გამოსავალი მხოლოდ სახელმწიფო დონის ცვლილებებშია.

უპირველესად, სახელმწიფო ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, თუ რა დახმარება სჭირდებათ ადამიანებს. სახელმწიფო, სკოლა უნდა იყოს გაფაციცებით ორიენტირებული ბავშვების ადეკვატურად განმავითარებელი გარემოს შექმნაზე. შესაბამისად, უნდა არსებობდეს პროგრამები, რითაც თინეიჯერებს დააინტერესებს, უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, რომ სკოლის შემდგომ საინტერესო აქტივობებში ჩართოს ისინი. აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების ხელმისაწვდომობა, უფასო წრეები…

ამას გარდა თინეიჯერს კიდევ სჭირდება ვინმე, ვინც მისთვის ავტორიტეტი იქნება. ეს ავტორიტეტები მშობლები არ არიან ხოლმე, გარკვეული ასაკის შემდეგ. თავისუფლად შეიძლება, ამგვარი ავტორიტეტი ახალგაზრდა სპორტის მასწავლებელი გახდეს, ვინც ემეგობრება და თითს არ უქნევს ბავშვს. ის კარგად უნდა იცნობდეს მოზარდის ბუნებას და უნდა მიხვდეს მათ ემოციურ საჭიროებებს. შესაბამისად, დროულად დაუდგეს გვერდით და დააკავოს ჯანსაღი აქტივობით.

მოზარდისთვის თავისუფალი დროის ოპტიმალურად დაგეგმვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თინეიჯერთან ერთად დროის დაგეგმვა ნიშნავს იმას, რომ უნდა დავფიქრდეთ – რა არის მათი ინტერესები, ამისთვის მოზარდის ზრდის პროცესზე დაკვირვებაა აუცილებელი, კონკრეტული ნიჭის, უნარის გამოვლენა და შემდგომ ხელშეწყობა.

მაგრამ როცა მშობელი 24 საათი მუშჩვენ, სპეციალისტებს ნამდვილად შეგვიძლია, უცხოურ თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით და განვითარების ნორმების შესაბამისად გავცეთ რეკომენდაციები, თუმცა სანამ სახელმწიფო დონეზე სოციალურ-ეკონომიკური თუ განათლების მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელდება, ამას უბრალოდ აზრი არ ექნება და რეკომენდაცია დარჩება რეკომენდაციად.აობს და ენერგია აღარ რჩება შვილისთვის, თითქმის ყველა მასწავლებელი რეპეტიტორია, რათა გადარჩეს, რთულია ასეთ ვითარებაში მოვითხოვოთ – დააკვირდნენ შვილების თუ მოსწავლეთა განვითარებას და ხშირად იყვნენ მათ გვერდით.


სტატია მომზადებულია „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის „ნივთიერებადამოკიდებულებისა და აზარტული თამაშების მავნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია სამიზნე მოსახლეობაში“ ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაკვეთით. კომპონენტის განმახორციელებელია ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“.