როცა ქვეყანაში ბევრი გვაქვს აღმოსაჩენი, ანუ როგორ ხვდება ქვეყანა შიდა ტურიზმის გახსნას

15 ივნისიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაიხსნა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, 1 ივლისიდან ფრენები განახლდება და  „მწვანე“ ქვეყნებიდან უცხოელი ტურისტების მიღებაც იქნება შესაძლებელი.

ჩვენს მეზობელ ქვეყნებში უმძიმესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ჩვენთან, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და გაიხსნა სხვადასხვა სფერო, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი,  ახალი კორონავირუსის გამოვლენა ერთეული შემთხვევებიდან 10-15-მდე ავიდა. თან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ზოგ შემთხვევაში უცნობია ინფიცირების წყარო.   ეპიდემიოლოგებიც უკვე ახალი გამაფრთხილებელი განცხადებებით გამოდიან და გვირჩევენ, თავისუფლებასაც ზღვარი დავუდოთ.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ არც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაიძაბოს და არც ეკონომიკა ჩავკლათ საბოლოოდ, არც ზაფხულის ცხელი დღეები გავატაროთ სახლში გამოკეტილებმა: ჩვენს მთებში, დაცულ ტერიტორიებზე, ზღვაზე დასვენების ან თუნდაც ერთ-ორდღიან ტურებში სიარულის საშუალება  გვქონდეს.

დღეს 16 ივნისია. ბევრ სასტუმროში შესამოწმებლად არავინ მისულა, ტურისტული კომპანიებისთვის დღემდე ბევრი რამ ბუნდოვანია, მაგალითად, ისიც არ იციან, 18 კაციანი მიკროავტობუსით, წინასწარ გაცხადებული 11 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ, თუ 18-ის. ერთი წერია მინისტრის ბრძანებაში და მეორეს ჯერ ზეპირად ამბობენ, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შემთხვევაში სრული დატვირთვაა შესაძლებელი.

რამდენად მზად არიან ქვეყანაში არსებული ტურისტული კომპანიები ამ ეტაპზე შიდა ტურების ჩასატარებლად, ხოლო სასტუმროები, დაცული ტერიტორიები, მარნები სტუმრების მისაღებად? რამდენად აქვთ ინფორმაცია გიდებს, განთავსებისა და კვების ობიექტების ადმინისტრაციებს ახალი რეგულაციების შესახებ?

რას ამბობენ გიდები

გიორგი დარციმელია, სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე:

„სიტყვა რეკომენდაცია გულისხმობს ნებაყოფლობით შესასრულებელ ქმედებებს. ასეთ რჩევებს, მაგალითად, ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მაგრამ თუ  რეკომენდაციები ახლავს მინისტრის ბრძანებას (ამ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 29 მაისის  #01-227/ო ბრძანება და, კერძოდ, მისი მე-15 დანართი, რომელიც ტურისტულ კომპანიების, მძღოლებისა და გიდების საქმიანობას ეხება, თ. მ. ), მაშინ  ეს უკვე რეკომენდაცია აღარ არის, მას კანონის ძალა აქვს და მისი შესრულება სავალდებულოა.  თუმცა აქაც, როგორც ვხედავთ, არის წინააღმდეგობა. ძალიან მაინტერესებს, რას გვეტყვიან, იქნება თუ არა საჯარიმო სანქცია გიდებისა და მძღოლებისთვის, თუ ნებით თუ უნებურად დაარღვიეს რაიმე პუნქტი.

პირველი ივლისიდან რომ ვერანაირი საერთაშორისო ტურიზმი ვერ გაიხსნება, ფაქტია. საერთოდაც, გაუგებარია,  როგორ უნდა დაიცვან და შეასრულონ ეს გაიდლაინები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა“.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, დარციმელიას განმარტებით, ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის კონტროლი მარტივი შესასრულებელია, სხვა წესები კი გაურკვეველი:

„ვინც წერს, რომ გიდს დახურულ სივრცეში პირბადე უნდა ეკეთოს და ისე ისაუბროს, მას ტურზე და გიდის საქმიანობაზე წარმოდგენა არ აქვს.

რასაკვირველია, ყველას მოვალეობაა, რომ არ დავუშვათ დაავადების გავრცელება, შევინარჩუნოთ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, მაგრამ მოვთხოვოთ გიდს მედდის ფუნქციის შესრულება, ნამეტანია. არც გიდს და არც მძღოლს (ან გიდ-მძღოლს) არ უნდა ჰქონდეთ ამის ვალდებულება.

მიმაჩნია, რომ თერმოსკრინგი არაფრის მომტანია. ევროპული ქვეყნების უმეტესობას გაიდლაინებში არც აქვს შეტანილი ტემპერატურის კონტროლი. ბევრმა ქვეყანამ მინიმუმამდე დაიყვანა გიდისა და მძღოლის ვალდებულებები ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში. მთავარია, დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური წესები.  ბრიტანეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში სადეზინფექციო სითხეების ქონაც  ტურისტის ვალდებულებაა“, – ამბობს დარციმელია.

ლიკა ჯგუბურია გიდია, ძირითადად რუსულ და ფრანგულ ენებზე მუშაობს. უცხოურ ჯგუფებთან  ივლისის ჩათვლით უკვე ყველა ტური გაუუქმდა, რაც შეეხება შიდა ტურებს:

„რეგულაციებზე თუ ვისაუბრებთ, ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა და გიდის მოვალეობები გავარკვიეთ. თუ ეს რეგულაციები შიდა ტურიზმსაც შეეხო და ავტობუსები და მიკროავტობუსები სანახევროდ დაიტვირთა. ხოლო თუ ჯიპში 4 კაცზე მეტი არ ჩავსვით, ეს შიდა ტურიზმის პარალიზებას გამოიწვევს. პანდემიის პირობებში ხალხს შემოსავალი არ მომატებია. გაზრდილი ფასების პირობებში დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი გადარჩენისთვის იბრძვის. ცხადია, რაღაც ნაწილი დადიოდა და დღესაც ივლის შიდა ტურებზე, მაგრამ ტრანსპორტში ადგილების შემცირება ტურის ფასს გაზრდის და კიდევ უფრო შემცირდება ტურზე წამომსვლელთა რიცხვი“.

ირინა ლორი, გიდი: „ნიღბით ტრანსპორტში ვერ წარმომიდგენია რამდენიმესაათიანი მგზავრობა. სიცხის დისტანციური საზომიც თუ კომპანიამ არ მიაწოდა გიდს, ძალიან გაუძვირებს ტურს, ტურშიც და რესტორანშიც მაგიდასთან რაოდენობა შეზღუდულია. ეს ყველაფერი ძალიან არაკომფორტულია. ასეთი რეგულაციები ძალიან შეაფერხებს შიდა ტურიზმის განვითარებას“.

თამუნა ხვედელიძე ინგლისურენოვანი გიდი: „წელს, როგორც ჩანს, უცხოელი ტურისტები არც გვეყოლება. მე და ჩემს ტურისტებს სექტემბრისთვის მაინც გვქონდა პოზიტიური მოლოდინი, თუმცა, როგორც ვხედავ, სექტემბრის ჯავშნებიც უქმდება. ასეთ პირობებში შიდა ტურიზმზე უნდა გადავერთოთ, მაგრამ ამაში სახელმწიფომ უნდა შეგვიწყოს ხელი. თუ სატრანსპორტო რეგულაციები ასეთი მკაცრი იქნება, შიდა ტურიზმიც მოკვდება“.

მაია მარუაშვილი, „პროფკურორტის“ დირექტორი: „დავიწყეთ მზადება სეზონისთვის. ახალი რეგულაციით, ტურისტულმა კომპანიამ უნდა უზრულველყოს ტურისტი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ამაში იგულისხმება სადიზინფექციო საშუალებები და პირბადეები. როგორც ექიმებისგან ვიცით, მაღალი დაბინძურების შემთხვევაში პირბადე 3-4 საათში ერთხელ მაინც უნდა ვცვალოთ,  ანუ გამოდის, რომ ერთდღიან ტურში 3 პირბადე უნდა გავითვალისწინოთ ტურისტზე.

თუ 11 კაციანი ჯგუფი იქნება, პლუს გიდი და მძღოლი, დღეში 39-40 პირბადე, მაშინ როდესაც ერთი ცალი მინიმუმ 1 ლარია. გიდს რამდენიმე წყვილი ხელთათმანიც უნდა ჰქონდეს, ტურისტებს ამის ვალდებულება არ აქვთ.

რაც შეეხება თერმოსკრინინგს – ქართულ ბაზარზე რაც არის, ყველაზე იაფი არის ჩინური წარმოების 110 ლარად, როგორ გამოდგება, არ ვიცი, უნდა ვიყიდო. ხარისხიანი 250 ლარია. ამასთან თერმომეტრის საგარანტიო ვადა 6 თვემდეა. მე ბავშვისთვის მქონდა მიკროლაიფის წარმოების თერმომეტრი და მახსოვს, ხშირი იყო ცდომილებები.

ცხადია, გიდებიც და ტურისტული კომპანიებიც რთულ მდგომარეობაში ვვარდებით და რაც მთავარია, კატასტროფულად ძვირდება ტური“.

ნიკა კვარაცხელია, გიდი: „ამ რეგულაციებში იმდენი გაუაზრებელი დეტალია, რომ წელს შემომყვანი და გამყვანი ტურიზმი ხომ არ გვექნება და, შიდა ტურიზმიც მოკვდება“

ზაზა ლოლიშვილი, „დაიმონდ ჯორჯიას“ დამფუძნებელი: „დღეს ყველაზე სავალალო ის არის, რომ ძალიან სუსტია კოორდინაცია  ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციასა და ჩვენ შორის. ამიტომ არის ეს რეგულაციებიც ასეთი გაურკვეველი.

კერძო სექტორის თხოვნითა და აქტიური თანამონაწილეობით, ტურისტულ ტრანსპორტთან დაკავშირებული რეკომენდაციები მომზადდა და დამტკიცდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეგულაციების მიღებამდე. ახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეგულაციები მიიღეს და როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან დღეს მოგვწერეს, შესაძლებელი იქნება ტურისტული რეკომენდაციების გადახედვა და მისი საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან მისადაგება. ამ პერიოდისთვის ჯერ მეტი არაფერი ვიცით, ვნახოთ, რა იქნება“.

სასტუმროები და მთის მარშრუტები

ზაფხულში, როგორც საქართველოს მოქალაქეებში, ასევე უცხოელებში, ტრადიციულად, ძალიან პოპულარულია საქართველოს მთის მარშრუტები.

„წუხელ დავბრუნდი ხევსურეთიდან. კი, ბატონო, იხსნება შიდა ტურიზმი, მაგრამ ხევსურეთის სასტუმროებისა და გესტჰაუზების დიდი ნაწილი არც შემოწმებულა!

ხალხს ჯავშნები აქვს, მაგრამ უარს ამბობენ სტუმრების მიღებაზე, რადგან დაჯარიმების ეშინიათ: არავის შეუმოწმებია და ნებართვა არ აქვთ. განაცხადი ზოგს 2 კვირის წინ აქვს გაგზავნილი, როგორც კი მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა.

ეს არის მზადება შიდა ტურიზმისთვის? გუშინ ერთ სასტუმროში ჩემ თვალწინ უთხრეს უარი ჯგუფს, რომელიც 17 ივნისს აპირებდა ჩასვლას.

მოგზაურობის მსურველ ამ ორ კინკილა ქართველ ტურისტსაც აკარგინებენ სასტუმროს მეპატრონეებს.

არადა, ხალხმა ფული დახარჯა, მოემზადა, თერმომეტრები, სადიზინფექციო საშუალებები შეიძინა, საწოლები შეამცირა.  ამ დროს საშუალებას არ აძლევენ, რომ იმუშაონ“, – წერს ტურისტულ გვერდზე „ინფოგიდების“ ერთ-ერთი ადმინი, გიდი ალეკო გიორგიძე. ჩვენთან საუბრისას კი ის განმარტავს, რომ  არაკომპეტენტური დაგეგმვის გამო მეწარმეები ზარალდებიან.

ხელისუფლებამ, ფაქტია, ვერ უზრუნველყო შემოწმება და თუშეთში, სვანეთში, ხევსურეთში, აჭარაში თუ სხვაგან ძალიან ბევრი საოჯახო სასტუმრო ჯერ ვერ იხსნება.

მზია წიკლაური-ჭინჭარაული დიდი ხანია შატილში საოჯახო სასტუმროს ამუშავებს. წლებია უკვე, დათვიჯვრის გახსნისთანავე იტვირთება მზიას სასტუმრო, რადგან მზია იმ იშვიათ ადამიანებს მიეკუთვნება, რომელიც ზამთარ-ზაფხულ მთაში ცხოვრობენ. ბევრი სხვა სასტუმროს მფლობელი მოგვიანებით, ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ ადის მთაში. მზია წიკლაურს ჯავშნები წელსაც ჰქონდა, მაგრამ ივნისში ყველა ჯავშანი გაუუქმდა: ზოგი დამკვეთმა მოხსნა და ზოგზეც, გაურკვეველი სიტუაციის გამო, თავად ამბობს უარს.

„კარანტინის პერიოდში გზა დაკეტილი იყო, მაისის ბოლოს უღელტეხილი გაიხსნა და ალაგ-ალაგ დაიწყეს გადმოსვლა. ჩვენც გვეშინია, ვინმემ არ შემოიტანოს ინფექცია.

თან ახლა ერთი პრობლემის წინაშე ვდგებით:  რეალურად არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ.  აქ ჯერ არავინ ჩამოსულა სასტუმროების შესამოწმებლად. დავიწყოთ მუშაობა, ვაითუ პრობლემა შეგვექმნას.  უცხოური ჯავშნები გაგვიუქმდა.  ქართველებიც მივიღოთ თუ არა, არ ვიცით.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ხარჯები ძალიან გვეზრდება: საჭიროა დეზინფექცია, საჭიროა თერმომეტრები, პროდუქტი გაძვირდა. ჩვენც იძულებული ვხდებით, ჩვენი მომსახურება გავაძვიროთ.

მე ივნისში სტუმრების მიღებისგან თავს შევიკავებ. მერე ვნახოთ, რა იქნება“.

ნაირა შანთაძე ტურიზმის მიმართულებაზე სწავლობს სულხან-საბას უნივერსიტეტში. შარშანწინ პროექტით „აწარმოე საქართველოსთვის“ ხულოში, საკუთარ სახლში საოჯახო სასტუმრო გახსნა.

„წელს უნდა მიგვეღო სტუმრები, მაგრამ არ ვიცით, ასეთ სიტუაციაში ღირს თუ არა გარისკვა. ალბათ ბევრი მსურველიც არ იქნება“, – ამბობს ნაირა.

ნიკა ვაჩეიშვილს სასტუმრო და მარანი აქვს ატენის ხეობაში. ნიკა ამბობს, რომ მასთან ერთხელ იყო კომისია ქაღალდების დიდი შეკვრით, თუმცა კიდევ უნდა მივიდნენ:

„ჩვენ კი ვართ მზად, მაგრამ, სამწუხაროდ, დროს  გვაკარგვინებენ“.

მაიკო კეზევაძეს იმერეთში, გელათში აქვს საოჯახო სასტუმრო: „განაცხადი რომ შევავსე, მეორე დღესვე დამიკავშირდნენ და მესამე დღეს უკვე შემოწმებაზე იყვნენ. შემოწმება წარმატებით გავიარე. როგორც ვხედავ, თუ სასტუმრო მზად არის, არ აბრკოლებენ. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან დამიკავშირდნენ და კითხვარი შემავსებინეს. დამიბარეს, თუ ტურისტები გეყოლება, მიიღეო“, – ამბობს მაიკო.

მძღოლები და ტუროპერატორები საუბრობენ იმაზე, რომ ყველაზე მეტად თუშეთის ტურები გაძვირდება, რადგან იქ მხოლოდ ჯიპით არის ასვლა შესაძლებელი. ამასთან გაძვირდება სასტუმროების ფასიც, რადგან მეპატრონეების უმეტესობა სეზონურად ადის მთაში და პროდუქტიც ბარიდან აქვთ.

ზურაბ მუხიგულაშვილი ამბობს, რომ თუშეთის ტური 300-400 ლარი  უჯდებოდა ერთ ტურისტს  და 6-ის ნაცვლად 4 მგზავრის წაყვანის შემთხვევაში მგზავრების ფასი, ცხადია, გაძვირდება.

როგორც მთაში სასტუმროების მეპატრონეები ვარაუდობენ, წელს ერთი დღე – ღამისთევა ორჯერადი კვებით ხევსურეთისა და თუშეთის საოჯახო სასტუმროებში დაახლოებით 70-80 ლარი იქნება. სვანეთში შეიძლება ცოტა ნაკლები იყოს, რადგან იქ დიდი კონკურენცია და მეტი სასტუმროა. დაბაში არის მაღაზიები, ბაზარი.

თუშეთსა და სვანეთში სამი ღამით მაინც უნდა წახვიდე და გამოდის, რომ 200-300 ლარი მარტო იქ დარჩენისთვის დაგჭირდება. ამას ემატება გაძვირებული გზის თანხაც. თითქმის ერთი ამდენი.

„წელს ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა თავის გადარჩენისთვის იბრძვის, თან ეპიდემიოლოგები იმასაც ამბობენ, რომ შემოდგომით მეორე ტალღას შეიძლება ველოდოთ. არავინ იცის, რა გველის.

ვინ დახარჯავს ახლა ამდენ თანხას სეირნობისთვის?“, – კითხულობს გიდი დიმიტრი ხუნდაძე.

ასეთ რთულ ეკონომიკურ პირობებშიც კი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ლუკმა-პურისა და გადარჩენისთვის იბრძვის, კორონაარდადეგებმა და სახლში ჯდომამ ისე დაღალა ბევრი, რომ საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობის გახსნას მოუთმენლად ელის.

„ოღონდ გზა გაიხსნას, გაგვიშვან და წავიდეთ სადმე“, – ითხოვდნენ ახალგაზრდებიც და შუა ასაკის ადამიანებიც.

სირთულეების მიუხედავად, ოპტიმისტურად არის განწყობილი ესმა კუნჭულიაც. მეშვიდე წელია, ესმა ოჯახით, თბილისიდან  წოდორეთში გადავიდა საცხოვრებლად. იქ გასტრონომიული მუზეუმი დააფუძნა. აქვთ მარანი, აწარმოებენ ორგანულ ღვინოს. გარდა ამისა, ესმა ცდილობს სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას: მცხეთის მუნიციპალიტეტს გააკეთებინა აბრები, გარე განათება.

„მე იდეა მქონდა, საქართველოს 7 რეგიონში დაგვეფუძნებინა გასტრონომიული მუზეუმ-სასტუმროები. შევიტანე კიდეც პროექტი „აწარმოე საქართველოში“, მაგრამ ჩემი იდეა ვერ დაინახეს. ამიტომ ავიღე კრედიტი „თიბისი ბანკში“ და აქ, წოდორეთში მოვაწყვე სამი ოთახი სასტუმროდ.

მინდოდა მიმეღო გასტროტურისტები, გასტროტურიზმით, სამეცნიერო გასტრონომიით დაინტერესებული ადამიანები. დაგეგმილი მქონდა ლექციების ჩატარება, ლექციის შემდეგ იქნებოდა მასტერკლასი და დეგუსტაცია. კერძს აუცილებლად შევუხამებდით ღვინოს. მინდოდა, დამეწყო მეხუთე საუკუნის მენიუთი და იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ღვინოც გაგვესინჯა.

ასე მქონდა გათვლილი, მქონდა კიდეც ჯავშნები, მაგრამ კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. წელს არც ვიცი, გვეყოლება თუ არა უცხოელი სტუმრები. რადგან კრედიტი მაქვს გადასახდელი, გამოსავლის ძიება დავიწყე. შაბათს ვხსნი სეზონს, ვხსნი კონცერტით. არანაირად არ მინდოდა აქ ღია კაფესა და რესტორნის გაკეთება, მაგრამ პერიოდულად ასეთი შეკვეთებიც შეიძლება მივიღო, რადგან წელს სხვა გამოსავალი არ მაქვს. კრედიტი ხომ უნდა გავისტუმრო.

თუმცა ვფიქრობ, როგორ მოვარგო სამეცნიერო გასტორნომია ასეთ შეხვედრებს. ასეთი კონცერტების დროსაც ისტორიული მენიუ გვექნება. ამჯერად, მაგალითად, მეთვრამეტე-მეცხამეტე საუკუნის, ერეკლე მეორის პერიოდის მენიუთი ვუმასპინძლებთ სტუმრებს. დეკაული საფერავში – მაშინ ძალიან პოპულარული კერძი იყო.

მთლიანობაში წელს რთული პერიოდი გველის, ექსტრემალური წელი გვექნება, მაგრამ ამასაც გადავაგორებთ.

მე ოპტიმისტი ვარ.

რეგულაციებს ვიცავ და, ცხადია, ჩვენს სივრცეში ყველას ვაიძულებ, დაიცვას წესები.

კიდევ ერთი შემიძლია აღვნიშნო: კარგია, რომ წელს საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში დასახარჯ ფულს ძირითადად სამშობლოში დახარჯავენ“.

ტურები დაცულ ტერიტორიებზე

ზაფხულში ქართველ ტურისტებშიც კი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ტურები დაცულ ტერიტორიებზე, ეკო და სათავგადასავლო ტურები.

„ორშაბათიდან, 15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები გაიხსნება. მუშაობას განაახლებს ვიზიტორთა ყველა ცენტრი“, – გვეუბნება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკო თევდორაშვილი –  თუმცა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვიზიტორებს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ“.

https://www.facebook.com/pg/nationalparksofgeorgia/photos/?tab=album&album_id=948355188948985

ეროვნული პარკების ფეისბუკ-გვერდზე მოცემულია ის პირობები, რომლებსაც ვიზიტორები უნდა აკმაყოფილებდნენ.

მართალია, ზაფხული საკმაოდ ცხელი იცის ქიზიყში, მაგრამ ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე ზაფხულის დასაწყისში ტურისტები მრავლად დადიან.

„თმტური საქართველოს“ წარმომადგენლები ტურისტებთან ერთად გაზაფხულზე და შემოდგომით ტრადიციულად დადიან ვაშლოვანში. მარტის შუა რიცხვების ჯავშანი მარტის ბოლოსთვის გადაწიეს, თუმცა გაზაფხულზე ვაშლოვანში ტურის ჩატარების საშუალება არც მერე მიეცათ. იცოდნენ, რომ დაცული ტერიტორიები 15 ივნისს იხსნებოდა, ივნისის ბოლოსთვის დაჯავშნეს ბუნგალოები, თუმცა…

ნინო სეთურიძე ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ვიზიტორთა სამსახურს უძღვება. როგორც ნინომ განუცხადა კომპანიის წარმომადგენლებს, პროფილაქტიკური მიზნებით, ჯერჯერობით ბუნგალოებში ტურისტების განთავსება ვერ მოხერხდება. როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში მხოლოდ ერთდღიანი ტურების გამართვა მოუწევთ, მათ შორის მიჯნისყურეშიც, რომელიც ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს და თბილისიდან დაახლოებით 220 კილომეტრით არის დაშორებული. ალტერნატივა კარავში დარჩენაა.

ვაშლოვანი  ისედაც ცხელია მხარეა, ზაფხულის პერიოდში ტყიან ეროვნულ პარკებში გაცილებით მეტი ადამიანი დადის.

გიორგი სულამანიძე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელია: აქ რამდენიმე საინტერესო მარშრუტია, მათ შორის ყველზე პოპულარული ალბათ მაინც  ნინოსხევის ჩანჩქერის ერთდღიანი და შავი კლდეების ტბის სამდღიანი მარშრუტებია.

„ხვალიდან, 15 ივნისიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ყველა ბილიკი იხსნება ვიზიტორებისთვის, ასევე გაიხსნება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრიც“.

სულამანიძის განმარტებით, ყველა ვიზიტორი მოვალე იქნება, დაიცვას გარკვეული შეზღუდვები:  მარშრუტზე დაიცვან დისტანცია, ვიზიტორთა ცენტრში არ შევიდეს 5 ადამიანზე მეტი, დახურულ სივრცეში გამოიყენონ ბირბადე, გაიარონ თერმოსკრინინგი და ა.შ.

ჩვენ ტურისტული თავშესაფრები გვაქვს მთაში: მეტეოსადგური და დემიდოვის ბინა.  აქ ჩვენი ადმინისტრაცია ჯანდაცვის მოთხოვნების შესაბამის პირობებს ვერ ქმნის, ამიტომ ამ ეტაპზე არ ვაქირავებთ. მთიან მარშრუტებზე გასვლა შეიძლება კარვებით. რაც შეეხება სასტუმროს, რომელიც ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ოფისის უკან მდებარეობს, იჯარით არის გაცემული. კერძო მოქნილი ბიზნესია და 8 ივნისიდან მიიღო ნებართვა გახსნაზე. ასევე შესაძლებელია დარჩენა ლაგოდეხში მდებარე სასტუმროებში“, – ამბობს სულამანიძე.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია საქართველოში და ის სამი რეგიონის 6 მუნიციპალიტეტს მოიცავს. აქ ყველაზე მეტი ტურისტული მარშრუტია და ეს ბილიკები საკმაოდ პოპულარულია, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორთა შორის.

ხვალიდან მოგზაურობის მოყვარულებს ისევ შეეძლებათ, ესტუმრონ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს როგორც ბორჯომის, ასევე ხაშურის, ახალციხის, ადიგენის,  ხარაგაულისა და ბაღდაღის მხრიდან.

ერთდღიან ტურებზე გადაადგილება  დისტანციის დაცვით უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დარჩენას:

„დარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კარვებში. თან ვიზიტორს საკუთარი კარავი უნდა ჰქონდეს. ჩვენ კი გვაქვს კარვები, მაგრამ ისევ ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უახლოეს პერიოდში  სალაშქრო აღჭურვილობას არ გავაქირავებთ. ეტაპობრივად ყველა სერვისი განახლდება“, – გვეუბნება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების წარმომადგენელი ნათია მულაძე.

ამდენად, ვისაც წელს ჩვენი ბიომრავალფეროვნებით, ბუნების ძეგლებით ტკბობა უნდა, საკუთარი კარვითა და აღჭურვილობით უნდა ესტუმროს დაცულ ტერიტორიებს.

ქვეყანაში 87 დაცული ტერიტორიაა და სადაც არ უნდა იყოთ, თქვენს სიახლოვეს იპოვით ასეთ საინტერესო ადგილებს. ინფორმაცია მარშრუტებზე და დაცულ ტერიტორიებზე შეგიძლიათ ნახოთ.

მოკლედ, სირთულეების მიუხედავად, შიდა ტურიზმი გაიხსნა და წესების დაცვით, ალბათ მაინც უნდა განვაახლოთ ქვეყანაში მოგზაურობა. ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

აღმოსაჩენი კი, მერწმუნეთ, ამ ქვეყანაში ბევრია…
________________________________________________

გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.