რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულები სასამართლოში საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობენ.
აპრილ-მაისში პროკურატურამ სისხლის სამართლის დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. „პუბლიკის“ ინფორმაციით, 7 მათგანზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა და ეს პირები დღემდე პატიმრობაში იმყოფებიან.
უფლებადამცველების შეფასებით, საქმეების განგებ გაჭიანურების მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოასწროს მათი შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც ეს ბრალდებულ გიორგი შანიძის შემთხვევაში მოხდა.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე ერთი-ერთი დაკავებული საბა მეფარიშვილია. მას პროკურატურა 400-ლარიანი ჯებირების ჯგუფურად დაზიანებას ედავება. როგორც „პუბლიკასთან“ მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ზიანი – 400 ლარი უკვე ანაზღაურებულია, სასამართლო ამ საქმეში ბრალდებულებს არც გირაოს უფარდებს და პროცესების ჩასანიშნადაც მაქსიმალურ ვადებს იყენებს.
„სასამართლო პროცესი გადაიდო სამჯერ. როგორც აღინიშნა, მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იმ პირობებში, როცა ბრალდებულები პატიმრობაში არიან, ამას არავითარი გამართლება/ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაკვეთა აქვს სასამართლოს, ეს პროცესები გააჩეროს, მათ შორის, არ დაასრულოს განსაზღვრულ პერიოდში, შემდეგი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.
…ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ სასამართლო ხელს უწყობს და მხარს უბამს იმ შურისძიებას, რომელიც ხორციელდება ამ ახალგაზრდების მიმართ“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას საბა მეფარიშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
მსგავს გარემოებებზე საუბრობს გიორგი ოკმელაშვილის ინტერესების დამცველიც. ადვოკატი კობა ბარამია ამბობს, რომ 3 ოქტომბრის მერე არც მათი საქმის განხილვა არ გამართულა. დაცვის მხარის თქმით, საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა მისული და იმის გათვალისწინებით, რომ სადავოდ არ ხდიან რიგ მტკიცებულებებს, საქმის დასრულებას ნახევარსაათიანი სხდომაც ეყოფა. მიუხედავად ამისა, 15 ოქტომბერს საქმის განხილვა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო ვერ გაგრძელდა, მომდევნო სხდომა კი სასამართლომ ორი თვის შემდეგ – 12 დეკემბერს ჩანიშნა.
„დაცვის მხარემ არაერთხელ მივმართეთსასამართლოს, რა იყო იმის საფუძველი, რომ ვერ ნიშნავდა საქმის არსებით განხილვას, ფაქტობრივად შემაჯამებელ სხდომას, რომელიც დაახლოებით ნახევარისაათი უნდა გაგრძელდეს, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარემ, ფაქტობრივად, დარჩენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო და სირთულეს არ წარმოადგენს შემაჯამებელი პოზიციის წარმოდგენა მხარეთა მიერ.
არც წერილობით და არც ზეპირი კომუნიკაციის შემთხვევაშიდაცვის მხარემ ვერ მიიღო სასამართლოსგან პასუხი – რატომ ვერ ტარდება სასამართლო სხდომები, მაგალითად, ყოველკვირეულად, ორ კვირაში ერთხელ.
არც სამართლებრივი საფუძველი და არც ფაქტობრივი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც სხდომები არ ინიშნება.
დღეის მდგომარეობით, 12 დეკემბერს გახლავთ მორიგი სასამართლო სხდომა ჩანიშნული, რაც არის უპრეცედენტოდ/შეუსაბამოდ დიდი დრო „უდავოდ ცნობილ საქმეზე“, როცა მხარე არ დავობს გარკვეული სახის მტკიცებულებებზე.
დაცვის მხარეს აქვს პოზიცია, მათ შორის სასამართლოს წინაშე დაფიქსირებული, რომ აღნიშნულით ირღვევა ბრალდებულის სწრაფი მართლმსაჯულების უფლებადა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში აუცილებლად დადგინდება მეექვსე მუხლის დარღვევა“, – ამბობს კობა ბარამია.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილის საქმეზეც მსგავსი ტენდენცია იკვეთება. კუჭუაშვილს პროკურატურა სპეცრაზმელისთვის ბოთლის სროლას ედავება, რის გამოც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძეც ამბობს, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული ჩანიშნული სამი სხდომა გაუუქმდათ.
„მთელი რიგი მტკიცებულებები, მტკიცებულებათა დიდი ნაწილი დაცვის მხარემ გახადა უდავოდ. ფაქტობრივად, დღეის მოცემულობით საქმეში დარჩენილია ბოლო ეტაპი, დასკვნითი სიტყვების ეტაპი, და მე შემიძლია გითხრათ დარწმუნებით, რომ ერთი 1-საათიანი პროცესი სჭირდება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს დასასრულებლად. თუმცა, სამწუხაროდ, დაწყებული ოქტომბრის პირველი რიცხვიდან დღევანდელ დღემდე, ფაქტობრივად, ისე ჭიანურდება პროცესები, რომ გარკვეულ ეჭვებს აღძრავს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გადასახედიდან… ეს გვიჩენს ობიექტურ განცდას იმისა, რომ სასამართლოს პროცესები განგებ, შეგნებულად ჭიანურდება იმ პირთა მიმართ – და ერთ–ერთი გიორგი კუჭუაშვილიც არის, ვინც დაკავებულია აპრილი–მაისის აქციებიდან გამომდინარე“, – ამბობს ლაშა ცუცქირიძე.
გარდა ადვოკატების პოზიციისა, მსგავს გარემოებებზე მიუთითებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს ეწევა.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, შეინიშნება ტენდენცია, რომ ამ საქმეებზე სასამართლო დიდი ინტერვალით დებს სასამართლო სხდომებს, უმეტესად 2 თვეში ერთხელ პატიმრობის სავალდებულოდ გადასინჯვის აუცილებლობის გამო ნიშნავს სხდომები.
საია მიიჩნევს, რომ სასამართლო დროულად არ ასრულებს ამ საქმეების განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოასწროს აქტივისტების შეწყალება, თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც ეს აქტივისტ გიორგი შანიძის შემთხვევაში მოხდა.
უფლებადაცვითი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ამ პერიოდში დაკავებული ბრალდებულები პატიმრობაში იმყოფებიან და სასამართლო უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებასაც არ იყენებს.
„ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ თითოეული ბრალდებული ამ პერიოდში პატიმრობაში იმყოფება, რაც გაურკვეველია განსაკუთრებით ისეთ საქმეებზე, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევაზე და გამოსაკვლევი აღარაფერია, რა მიზეზით უნდა ტოვებდეს სასამართლო პირებს პატიმრობაში, როცა განეიტრალებულია მოწმეებზე ზემოქმედების ყოველგვარი საფრთხე, რაზეც ბრალდება პატიმრობის დასაბუთებისას თითქმის ყველა საქმეში აპელირებდა.
საია აღნიშნულ საქმეებთან მიმართებით აქამდეც აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება არ იყო პატიმრობის შეფარდებისათვის შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული, აბსტრაქტულად არის საფრთხეები შეფასებული და შესაბამისი მიზნების მიღწევა სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც შეიძლებოდა მომხდარიყო“, – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ორგანიზაცია ხაზგასმით მიუთითებს იმაზეც, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების შემდეგ არ მომხდარა იმ საქმეების გამოძიება, სადაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობაზე იყო საუბარი.
„მაშინ, როდესაც აქტივისტების მიმართ სახელმწიფოს შეუწყნარებელი პოლიტიკა აქვს და მათ სამაგალითოდ სჯის, ამ დრომდე არ მომხდარა „რუსული კანონის“ პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„პუბლიკამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა შეკითხვებით, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ პროცესები არ ინიშნები 2 თვეზე ნაკლებ დროში? რამდენად უზრუნველყოფს სასამართლო პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების სწრაფი მართლმსაჯულების უფლებას? რას უპასუხებს სასამართლო მხარეთა შეფასებებს, რომ პროცესების გაჭიანურება ხდება განგებ? – ამ დრომდე სასამართლოს ჩვენს შეკითხვებზე არ უპასუხია.