როგორ დაეხმარა მშობლებს სკოლამდელი განათლების რესურსები

პუბლიკა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მარტის დასაწყისიდან შეწყდა, მათ შორის საბავშვო ბაღებშიც. შექმნილმა მდგომარეობამ ბევრი მშობელი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა – როგორ ეზრუნათ სახლში სააღმზრდელო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების განვითარებაზე.

ამ საჭიროებებზე საპასუხოდ განათლების კოალიციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით, მომზადდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამა – „iსკოლა“, რომელიც ონლაინსაგანმანათლებო რესურსების შექმნას ითვალისწინებდა, როგორც ზოგადი განათლების, ასევე სკოლამდელი განათლების მიმართულებით.

უფრო კონკრეტულად კი, სკოლამდელი განათლების კომპონენტი გულისხმობს მშობლებისთვის რეკომენდაციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებას, რომ მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება. ამ მიზნით შეიქმნა ორი ტიპის რესურსი –  სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მომზადდა გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემაზე – „ბავშვთა ადრეული განვითარება – რჩევები მშობლებს”. აქ თავმოყრილი მასალა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობას შეეხება – როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვისთვის განმავითარებელი გარემო სახლში, როგორ უნდა შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას ხელი სხვადასხვა ტიპის თამაშით და როგორ დავგეგმოთ ბავშვისთვის საინტერესო დღე. გარდა ამისა, მომზადდა ტექსტური რესურსები, რომლებიც მშობლებს მარტივი ენით უხსნის, რა არის ბავშვის ტიპური განვითარება და როგორ უნდა შეუწყოს მას ხელი მშობელმა სახლში.

„სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შემდგომ ქვეყნის 1621 დაწესებულების 164 605 ორიდან-ხუთი წლის ბავშვი სააღმზრდელო პროცესის მიღმა დარჩა, რამაც, ცხადია, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა მათი მშობლები, როგორ ეზრუნათ სახლში ბავშვების განვითარებაზე“, – ამბობს „განათლების კოალიციის“ დირექტორი გიორგი ჭანტურია და განმარტავს, რომ ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ხარისხიანი და საინტერესო საგანმანათლებლო მასალების შექმნით, მშობლებს მეტად გაადვილებოდათ ბავშვებთან კომუნიკაცია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ენაზე მშობლებისთვის მსგავსი ტიპის რესურსები ძალიან ცოტაა.

პროექტის ფარგლებში სულ 12 გადაცემა მომზადდა, სადაც ისეთ საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული, როგორიცაა – ბავშვთა ადრეული განვითარება, მეტყველებისა და შემეცნების განვითარება ადრეულ ასაკში, ფიზიკური განვითარება, დღის დაგეგმვა ბავშვთან ერთად, ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება და ა.შ.

„როცა პანდემიის გამო სახლში ჩაკეტვა მოგვიხდა, ბევრი სხვა მშობლის მსგავსად მეც აღმოვჩნდი გამოწვევის წინაშე, რომ მხოლოდ ბავშვთან თამაშით არ უნდა შემოვფარგლულიყავი და გარკვეულწილად საჭირო იყო ბავშვის განვითარებისთვის „ბაღის ფუნქციაც“ შემეთავსებინა. თუ აქამდე უბრალოდ ვთამაშობდით ხოლმე გართობის მიზნით, ახლა ვცდილობდი, რომ ამ თამაშს კონკრეტული უნარების განვითარება მოჰყოლოდა. ამაში ძალიან დამეხმარა სპეციალისტების რეკომენდაციები“, – გვეუბნება ქეთი ამირხანაშვილი. მას ორი შვილი ჰყავს, უმცროსი 3 წლისაა. იგი შექმნილი მდგომარეობის გამო სააღმზრდელო პროცესის მიღმა აღმოჩნდა.

ქეთი ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში მომზადებული მასალები მისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე რესურსი აღმოჩნდა, რადგან თამაშ-თამაშით ბავშვში კონკრეტული უნარების განვითარებას ცდილობდა. ეს სახალისოც იყო და კარანტინში გატარებული დრო უფრო ნაყოფიერად გადიოდა.

„მას შემდეგ, რაც გადაცემებზე თვალის მიდევნება დავიწყე, ვეცადე რეკომენდაციები პრაქტიკაში გამომეყენებინა. მაგალითად, ამ რჩევების დახმარებით ძალიან მარტივად ვასწავლე ბავშვს ფერები. მანამდეც ვცდილობდი სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე, ერთ-ერთი გადაცემა სახალისო კულინარიას ეხებოდა, სადაც გვასწავლეს, რომ სამზარეულოში ბავშვთან ერთად თუკი სადილს მოვამზადებდი, ბოსტნეულზე მითითებით ვცდილობდი, ფერები ამოეცნო. ამან ძალიან კარგი შედეგი მოიტანა“, – გვეუბნება როზი დევნოზაშვილი, რომლის ბავშვიც 2 წლისაა.

„მშობლები განათლებისთვის“ წარმომადგენელი, მეგი კავთუაშვილი გვეუბნება, რომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თეორიულ რჩევებს პრაქტიკული მაგალითებიც თან ერთვოდეს, რათა ისინი უფრო მარტივად გაუმკლავდნენ საჭიროებებს.

მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ თუ პროექტის სამომავლო განვითარებაზე ვიფიქრებთ, ასოციაციის წევრი მშობლების რეკომენდაციით, უმჯობესი იქნება, გაკვეთილები მშობლებთან ერთად ბავშვების ჩართულობასაც ითვალისწინებდეს: „ზოგიერთ მშობელს, მაგალითად, კომუნიკაციის ნაკლები უნარი აქვს. შესაძლოა მათ ჰქონდეთ შემოქმედებითი უნარები, მაგრამ ბავშვს სწორად ვერ მიაწოდონ ინფორმაცია. ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ შემდეგი ნაბიჯი იყოს მშობლებისა და შვილებისთვის ერთობლივი გადაცემა, რათა მათ ბავშვებთან ერთად შეძლონ ამ პროცესში ჩართვა. ცხადია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსია მშობლებისთვის ამ ძალიან რთულ პერიოდში“.

უახლოეს მომავალში მასალები ხელმისაწვდომი იქნება როგორც სომხურ, ასევე აზერბაიჯანულ ენებზე, იმისათვის, რომ ენობრივმა ბარიერმა მშობლების ნაწილს ხელი არ შეუშალოს ამ ინფორმაციის მიღებაში.