როგორ დავძლიე ადიქცია ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge.

 

ავტორი: ირა სილანტევა

ადიქცია, უხეშად რომ ვთქვათ, წარმოადგენს ადამიანის არაჯანსაღ დამოკიდებულებას რაღაცის ან ვინმეს მიმართ. ამ პოდკასტში როდესაც ვახსენებ ადიქციას, ძირითადად, ვგულისხმობ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, კერძოდ, სხვადასხვა სუბსტანციებსა და ალკოჰოლს, რომელთა მიღებაც ცვლის ადამიანის ცნობიერების მდგომარეობას. მართალია, სხვადასხვა სუბსტანციებსა და ალკოჰოლიზმს შესაძლოა სხვადასხვა ზემოქმედება ჰქონდეს ადამიანზე, მაგრამ მათ მინიმუმ ორი საერთო აქვთ: ადიქციის ჩამოყალიბებისას ორივე დამღუპველად მოქმედებს ადამიანზე და მეორე და მთავარი –  ორივეს სახელმწიფოს გულგრილობა და სერვისების გაუმართაობა აერთიანებს.

შესაძლოა, ვინმესათვის ჩემ მიერ ამ საკითხზე საუბრის დაწყება ადიქციის დაძლევის პიედესტალიდან საუბრად ითარგმნებოდეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვნად არა ჩემს პირად ძალისხმევასა და წარმატებულ შემთხვევაზე მსურს საუბარი, არამედ უფრო იმ წინაღობებზე, რომლებსაც გადავაწყდი და დღემდე ვაწყდები, მიუხედავად ჩემი სოციალური კაპიტალისა და არსებული პრივილეგიებისა.

გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ როდის დაიწყო ჩემი ადიქცია ან რამ განაპირობა იგი. ცალსახად რაიმეს მტკიცება გამიჭირდება და არც ის მინდა, რომ მთლიანად მოვიხსნა პასუხისმგებლობა როგორც ადამიანმა და ყველაფერი გარემოებებს დავაბრალო, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ კრიზისულ და გადამწყვეტ მომენტში, როდესაც გავაცნობიერე, რომ იმდენად ღრმა მორევში ვარ, იმდენად მძულს საკუთარი ცხოვრება და საკუთარი თავიც, იმდენად მარტო ვარ საკუთარ უსუსურობასთან, რომ შველა ვითხოვე. საბედნიეროდ, ჩემ გარშემო აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ საშველად.

იმ პერიოდიდან ბევრი არაფერი მახსოვს. ნაწყვეტებად მაქვს შემორჩენილი მოგონებები, როგორ მოდიან ჩემი მეგობრები ჩემთან, მილაგებენ ტანსაცმელს, მსვამენ მანქანაში, მერე კლინიკის მოსაცდელი, სადაც საჭირო საბუთებს აგროვებენ, კლინიკის დირექტორთან გასაუბრება, სადაც მკაცრი შეჭაღარავებული კაცი მკაცრად მეკითხება, რატომ ვარ აქ. დამოკიდებულებაში ვგრძნობ, რომ არ ენდობა ჩემს სიტყვებს, ან იქნებ მაშინაც გამწვავებული ვიყავი და მეგონა, რომ ყველა კრიტიკითა და გაკიცხვით მიყურებს, იმიტომ რომ მე ვუყურებდი მაშინ ჩემს თავს ასე? და საერთოდაც, ჩემი არსებობის მრცხვენოდა. ვპასუხობ, რომ მჭირდება აქ დაწოლა და ეს სერვისი. მეუბნება, რომ არ მეტყობა და ისეთ კრიტიკულ პაციენტს არ ვგავარ, როგორებიც წესით მოყავთ ხოლმე. ვპასუხობ, რომ სუიციდური ვარ და ალკოჰოლის გარეშე ვერ ვფუნქციონირებ. როგორც ჩანს, ჩემი სუიციდურობის აღიარება დამარწმუნებელი იყო მისთვის და გადაწყდა, მაწვენენ.

მახსოვს, რომ მეგობრებს ვერ ვუყურებ თვალებში, იმდენად მრცხვენია მათი, საკუთარი თავის, დედაჩემის… დედაჩემს როგორ ვუთხრა, როგორ ავუხსნა რომ ერთადერთმა შვილმა, რაშიც შეეძლო, ყველაფერში უმტყუნა… და ბოლოს იმდენი ნებისყოფაც არ ეყო, რომ კლინიკის გარეშე თვითონ გამომძვრალიყო, ან საერთოდაც ისე ეცხოვრა, რომ აქ არ მომხვდარიყო…

სუფთა ოთახში მომათავსეს მარტო. პირველადი პროცედურებისა და ანალიზების შემდგომ ექთანი შემოდის, მისიც მრცხვენია. მეუბნება რომ მალე კარგად გავხდები. აქვე იმასაც მეუბნება, რომ მოდი არ გინდა საერთო სივრცეში გასვლა, მაინც სულ კაცები არიან, თან უმეტესობა „ნარკამანები“, და მოდი, იყავი შენთვის ამ ოთახშიო. ეგრევე კარს შევხედე, საკეტები არ ჰქონდა. შფოთვა დამეწყო იმაზე, რომ ქალი ვარ კაცების სივრცეში, გენდერულად არაკონფორმული, თან დიდი ვარაუდით, ყველა იმ „ბნელებიდან“ იქნებიან, რომლებსაც ვძულვარ. რომელიმეს რამის დაშავება თუ მოუნდება, ჩემთვის საკეტიც კი არ მაქვს რომ ჩავიკეტო და მშვიდად მეძინოს. ორი დღე მეძინა და გადასხმებზე ვიყავი.

ექიმები ყოველ საათში მამოწმებდნენ. მესამე დღეს იმ „ბნელებმა“ ხილი და იოგურტი გამოატანეს მედდას და მომიკითხეს, რამე ხომ არ მჭირდებოდა. საღამოს გავდივარ ყავის დასალევად სამზარეულოში და ყველა იქ მხვდება. ზოგი თავის სიგარეტს მთავაზობს და ზოგი ყავასაც მიდუღებს. მეოთხე დღეს ვიღაცეებს ლომკები დაეწყოთ და იმათთვის მე და ეს „ბნელები“ ერთად ვაკეთებთ ბორშჩს; ზოგი რეცხავს, ზოგი ჭრის, ზოგი მზარეულების კომფორტზე ზრუნავს და ყავით და სიგარეტით გვამარაგებს.

მეხუთე დღეს მთელი ეს სისტემა მძულს, რომელიც „ნათლებად“ და „ბნელებად“ გვყოფს და ერთმანეთში ადამიანების დანახვისა და დიალოგის გზებს გვიხშობს. მთელი ჩემი აქტივიზმის განმავლობაში სხვებს ვაბრალებდი ბნელობას, მძულდა ის შავი მასა, რომელიც ჩემში ადამიანს ვერ ხედავდა და მზად იყო გავენადგურებინე. ამასობაში კი პირველად გავაცნობიერე, რომ არც მე ვხედავდი იმ მასაში ადამიანებს, მეც ვანივთებდი და ვართმევდი აგენტობას. ყველას, ვინც სტერეოტიპულად იმ ბნელების აღწერილობაში ჯდებოდა, ავტომატურად არ ვთვლიდი ადამიანად.

რამდენიმე დღეში უკეთ ვხდები; დღეში რამდენჯერმე გავყავარ პროცედურებზე, ღვიძლს და სახსრებს მისხივებენ. ხელების კანკალმა ოდნავ გამიარა, ძილითაც კარგად მძინავს, მაგრამ ჯერ ისევ მრცხვენია, წარმოდგენა არ მაქვს, აქედან გასვლის მერე რა მეშველება, ან როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, გაწმენდილი სხეულით, მაგრამ დამძიმებული ფსიქიკით.

ფსიქოლოგთან სესიები მაქვს, ორ დღეში ერთხელ. ერთ-ერთ სესიაზე თერაპევტი მეუბნება, რომ ჩემი ბოლომდე გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია, რომ აქედან გასვლის შემდეგ ხანგრძლივ სარეაბილიტაციო ცენტრში განვაგრძო მკურნალობა. დეტალებს ვეკითხები. მპასუხობს რომ სამიდან თორმეტ თვემდე უნდა ვიყო სპეციალურ დაწესებულება-ცენტრში, სადაც უნდა მოხდეს ჩემი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. იქ, რა თქმა უნდა, ვერც მუშაობას შევძლებ. ეგრევე მახსენდება ჩემი საბანკო და სხვა ვალდებულებები და ვხვდები, რომ თუ არ ვიმუშავე, ვერ გამოვა ვერანაირად. მერე მეუბნება, რომ ეს საქართველოში საუკეთესო ცენტრია და თუ შემიძლია აუცილებლად უნდა წავიდე. თვეში 1500 დოლარი ღირს… თანხის გაგონების შემდეგ ვერც მივადევნე ყური, რას მელაპარაკებოდა. იმ მომენტში თვეებსა და თანხებს ვამრავლებდი და ვაკონვერტირებდი ლარში და აღმოჩნდა, რომ მაგ თანხად პატარა მყუდრო ბინა მომივიდოდა. მივხვდი, რომ ვერც რომელიმე ორგანოს გავყიდდი, რომ ეს ხარჯები დამეფარა. ყველაზე იაფიანი ვარიანტი – ჯგუფური შეხვედრები შემომთავაზეს, რომელიც თვეში დაახლოებით  1500 ლარს ურტყამდა და კვირაში რამდენიმე ჯგუფურ შეხვედრას გულისხმობდა. რა თქმა უნდა, არც ზედმეტი 1500 ლარი აღმომაჩნდა.

კლინიკიდან რომ გამოვედი, მეგობრები დამხვდნენ. მივხვდი, რომ იმ სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი, იმდენად დამატრიგერებელი იყო ის გარემო. მეგობართან ვცხოვრობდი ერთი კვირა. იმის პრივილეგიაც მქონდა, რომ იმ პერიოდში პასუხისმგებლობებისგან გამათავისუფლეს სამსახურიდან. შემდეგ კვირას სახლში დავბრუნდი და მივხვდი, რომ მთავარი სიძნელეები ახლა იწყებოდა. აღმოჩნდა, რომ ახლიდან უნდა დამესწავლა ყველა ქმედება, როგორ გამეკეთებინა ფხიზელზე. საკვების მომზადება, ბანაობა, კატების მოვლა, მუშაობა, ადამიანებთან კომუნიკაციაც კი,  – ყველა ქმედება რომელსაც ადრე ავტომატურად ვაკეთებდი, ახლა ჩემს დეტალურ დაკვირვებას, გადააზრებასა და ახლიდან დასწავლას საჭიროებდა. თავს სამი წლის ბავშვად ვგრძნობდი, რომელმაც ეს ესაა ფეხი აიდგა და სამყაროსთან ინტერაქციას ახლა სწავლობს. აი, ახლა მივხვდი, რატომაც არის საჭირო ხანგრძლივი სარეაბილიტაციო ცენტრები. და იმასაც მივხვდი რატომ ემართებათ ხოლმე რილაფსი, ანუ რატომ უბრუნდებიან ადამიანები მოხმარებას. იმიტომ, რომ ყველა ახლად გადადგმულ და ნასწავლ ნაბიჯს მოყვებოდა დანაშაულის შეგრძნება, თუ როგორ მივიყვანე საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე; რომ ახლიდან მიწევს ფუნქციონირების სწავლა; რომ ამდენი დრო, მეგობარი და ახლობელი დავკარგე; რომ საშინელ სამყაროში ვცხოვრობ და ახლა ფხიზელზე ყველაფერი უფრო საშინელია და საერთოდაც, რა აზრი აქვს ფხიზლად ყოფნას… მაგრამ როგორც აღმოჩნდა აქვს…

რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ჩემს გარშემო დარჩნენ ვიღაცეები, ვისაც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აღმოაჩნდა, რომ მიმხვდარიყო ჩემს სიმპტომებს და საჭირო დროს ფინანსური და ემოციური მხარდაჭერაც აღმოეჩინათ.

მაგრამ რა ეშველებათ იმათ, ვისაც არც ასეთი გარემოცვა ყავთ, არც ფინანსებზე და სოციალურ კაპიტალზე მიუწვდებათ ხელი?

ალბათ, სამეზობლოში ყველას გვყავს ერთი ორი „ნარკამანი“ და „ლოთი“, რომლებსაც ალბათ არც მე ვთვლიდი ადამიანების რიგებში და არც სერიოზულად აღვიქვამდი, სანამ მე თვითონ არ აღმოვჩნდი ამ პოზიციაში.

სამწუხაროდ, არც სახელმწიფოსთვის არის ადიქცია პრობლემა. აღმოჩნდა, რომ მეტადონის პროგრამის გარდა, ადიქციასთან საბრძოლველად ქვეყანაში არ გვაქვს ადეკვატური სერვისი. მაშინ როდესაც ადამიანის სრული რეაბილიტაციისთვის მრავალი თვე და შესაძლოა წელიც კი არის საჭირო, სახელმწიფოს „ადეკვატური“ პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება, როდესაც ადიქციისგან გამწვავებული ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ ფსიქიატრიულის სტაციონარში საჭიროებს გადაყვანას, ისიც მხოლოდ ორი კვირით. სამწუხარო ფაქტია, რომ სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები დაახლოებით სპა-მასაჟების, სილამაზის სალონებში სტუმრობისა და ფუფუნების ტოლფასია.

შესაბამისად, რასაც ვერ ფარავს სახელმწიფო, ამას აკეთებს კერძო ბიზნესი. ველური კაპიტალიზმის აპოლოგეტები ალბათ აქეთ შემოგვედავებიან, რომ ამ ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს. მეტი უნდა იშრომოს ადამიანმა, რომ იმდენი ფული იშოვოს, რომ შეძლოს ამ სერვისებში ფულის გადახდა.

მაგრამ რა უნდა ქნან მათ, ვისაც ცხოვრებამ არც შეძლებულ ოჯახში ჰეტეროსექსუალად დაბადება არგუნა ბედად? ვერც ის მოახერხა, რომ განათლება მიეღო, რადგან არც სკოლაში იყო ადეკვატური სწავლება და საერთოდაც, სადღაც მაღალმთიან სოფელში ცხოვრობდა და ფეხსაცმელიც კი არ ჰქონდა, რომ სახლიდან 10 კილომეტრი თოვლში გაევლო და გაყინულ საკლასო ოთახში მოესმიინა გაკვეთილისთვის? ან ქართული არ იცოდა, იმიტომ რომ სახელმწიფოს, სადამსჯელო ღონისძიებების გარდა, არაფერი გაუკეთებია, რომ მონდომებოდა ქართულის სწავლა? ან იმ ქალებმა რა უნდა ქნან, ვინც ნაადრევად გაათხოვეს? ან იმ ქვიარებმა, ვინც სახლებიდან გამოყარეს და თვეში 300 ლარზე უწევთ ვირული შრომა? სად არის ამ ყველაფერში არჩევანის თავისუფლება? სიკვდილსა და არსებობაშია?

თუკი ადეკვატური სერვისები, მათ შორის სამედიცინო სერვისები,სახელმწიფოსთვის ფუფუნების საგანია და არა ყველასთვის ხელმისაწვდომი და სიცოცხლისთვის აუცილებელი სიკეთე, მაშინ ასპარეზზე გამოდის კერძო ბიზნესი და ამ „სიკეთეებს“ ყიდის. და ალბათ, კაპიტალისტები მართლები არიან, როდესაც ამბობენ, რომ მათ ბაზარი დაარეგულირებს. თუმცა აქვე ხმას იკმენდენ და არ აკონკრეტებენ, რომ ამ ბაზრის მომხმარებლები მხოლოდ მდიდრები არიან, რომლებსაც იმთავითვე შეუძლიათ ამ სერვისის ყიდვა და ბაზრის რეგულირებაში ის იგულისხმება, რომ მათ შეუძლიათ პროდუქტის არჩევა ხარისხის მიხედვით. ისინი წაუყრუებენ და არაფერს ამბობენ იმ ღარიბებზე და ჩაგრულებზე, რომლებიც ვერაფერსაც იყიდიან. უფრო მეტიც, ბაზარს ისინი საერთოდ არ აინტერესებს, რადგან ფულის გადახდა არ შეუძლიათ. ისინი არ საუბრობენ იმ სიმართლეზე, რომ ბაზარი მდიდრების უკეთესი ხარისხის სიცოცხლეს არეგულირებს, ხოლო ღარიბების – სიკვდილს.

პოდკასტი ეძღვნება ჩემს ყოფილ ბენეფიციარს, ნუგზარ ნადირაშვილს, რომელიც შეეწირა ადიქციას.