როგორ დავეხმაროთ სახლში ბავშვს ანბანის სწავლებისას

გიორგი ჭაუჭიძე

ანბანის სწავლა ანუ ასოების ცნობა და მათი ჩაწერა არის გარდამტეხი მომენტი კითხვის შესწავლისას. ეს პროცესი სისტემურად უკვე სკოლაში, მასწავლებლის მეთვალყურებით მიმდინარეობს და დაახლოებით 4-5-6-7 წლის ასაკს მოიცავს. აქვე მინდა შევნიშნო, თუკი რომელიმე ბავშვი პირველ კლასში ვერ მოახერხებს ასოების დამახსოვრებას და კითხვის დაწყებას, არ არის სანერვიულო, მომდევნო წელიწადს ის ამას აუცილებლად შეძლებს. რასაკვირველია ჩვენ, მშობლებს ან ბავშვთან მყოფ სხვა უფროსებს შეგვიძლია ამ პროცესს ხელი შევუწყოთ.

  • როგორ ხდება ასოების შესწავლა?

რა თქმა უნდა, 3-4-5 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია დაიმახსოვროს უამრავი გამოსახულება და დაასახელოს იგი. მათ შორის შეუძლია ხშირად ნანახი დაწერილი სიტყვების ამოცნობაც კი. მაგრამ ვერ ახერხებს წერილობითი კოდის, ასოს ამოცნობასა და დასახელებას. რატომ? იმიტომ, რომ მისთვის ცალკე აღებული ასო სრულიად დაცლილია შინაარსისგან. როდესაც ბავშვი თანდათან გააცნობერებს, რომ ზეპირი სიტყვები ბგერებისგან შედგება, ხოლო კონკრეტულ ბგერას კონკრეტული ასო შეესაბამება, მაშინ იქნება იგი მზად ასოების დამახსოვრებისთვის. ეს უკვე ფონოლოგიური კომპეტენციაა და მისი ჩამოყალიბება 5-6 წლის ასაკს შეესაბამება.

  • საშინაო საგნების გასიტყვება

ჩვენ შეგვიძლია შეგვიძლია სახლის საგნები დაწერილ სიტყვებად ვაქციოთ, თუკი მათზე წარწერებს გავაკეთებთ: კარი, სკამი, მაგიდა, ტელევიზორი, ტოსტერი, მაცივარი — მაცივარზე რამდენიმე წარწერის გაკეთებაა უკეთესი: მაცივარი, მაცივარი, მაცივარი — არ დაეტევა თუ რა?! მასზე იმდენი რამე დატეულა…

ასეთი სიტყვების დამზადება უმარტივესია, პატარა ფურცლებზე შეგვიძლია დავაწეროთ და მივაკრათ იმ საგნებს, რომლებიც არის ჩვენთან სახლში. რაც ურო ბევრი საგანი იქნება ასეთი, უკეტესია. და შიგადაშიგ, პერიოდულად ბავშვს ყურადღებას ვამახვილებინებთ ხოლმე ამ გაკრულ სიტყვებზე. ვეკითხებით, თუ რა წერია მასზე… თანდათანობით სახლში უფროდაუფრო მოიმატებს იმ საგანთა რაოდენობა, რომელთა „წაკითხვა“ ბავშვს შეუძლია…

  • პატარა წიგნების დამზადება

ძალიან კარგი საქმიანობაა ბავშვებთან ერთად წიგნების დამზადება. წიგნის დამზადებაც უმარტივესად შეიძლება ერთი ფურცლით, რომელიც შეგვიძლია გავკეცოთ ოთხად და წიგნის მსგავსი ფურცლებიანი საგანი მივიღოთ. შემდეგ ამ „წიგნში“ ცავხატავთ ილუსტრაციებს, ბავშვთან ერთად გავაკეთებთ წარწერებს, ჩავწერთ ტექსტს და ჩვეულებრივი წიგნიც გამოვა.

ჩვენ პერიოდულად მივუბრუნდებით ხოლმე ამ წიგნს და დავათვალიერებთ, სად არის ილუსტრაცია, სად არის ნაწერი? კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ჩვენ მიერ დაწერილ ამბავს და წავიკითხავთ კიდეც.

ამ ნაწერში თანდათან ამოიზრდება სიტყვები, სიტყვებში — ასოები.

ეს საქმე, წიგნების დამზადება, მით უფრო, თუკი ამბებს ამ წიგნებისთვის ჩვენ თვითონ მოვიფიქრებთ, მთელი ბავშვობა შეიძლება გავაგრძელოთ — იქნება ეს სკოლამდელ თუ სასკოლო ასაკში. ამაზე უკეთესს ახალგაზრდის განათლებაში ვერაფერს ვიზამთ.

შეიძლება ითქვას, რომ 5-6 წლის ასაკში ერთი ასე დამზადებული წიგნი 15-16 წლის ასაკში ერთწლიან სასწავლო კურსს უდრის, ხოლო ორი ასე დამზადებული წიგნი, სამ სასწავლო კურსსაც კი მოიცავს.

არ დაგვავიწყდეს კედლები

როგორც შეთანხმებულები ვართ, კედლებს აქტიურად ვიყენებთ ხატვისთვის და თანდათან უკვე წერისთვისაც. კედლებზე უკვე საინტერესო გამოსახულებებსაც ვხატავთ, ილუსტრაციებს ვქმნით. 4-5 წლის ასაკიდან უკვე შეგვიძლია ეს ჩვენი ილუსტრაციები წარწერებითაც დავამშვენოთ. ეს წარწერები ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ: ბავშვის მიერ გაკეთებული ხვეულ-ხვეული ხაზები და ბავშვის მიერ ნაკარნახევი და ჩვენ მიერ დაწერილი სიტყვები და ფრაზები.

როდესაც თქვენ ორმოცდამეათედ მის თვალწინ ასო-ასო დაწერთ მის სახელს და თან გამოკვეთილად, ბგერა-ბგერა წარმოთქვამთ: ა – ნ – ა — ეს ძალიან სასარგებლოა და ბავშვს ეხმარება აითვისოს ესა თუ ის ასო.

როგორც ვაკვირდებით, წერა საოცრად ეხმარება კითხვის შესწავლას. თუმცა წერაც იცვლის თავის ფორმატს. ჩემი აზრით, მე მოვესწრები იმ დროს, როდესაც ადამიანთა გარკვეულ ნაწილს წერა, დღევანდელი გაგებით, აღარ ეცოდინება. ხოლო დღეს დაბადებულები მოესწრებიან იმ დროს, როდესაც წერა, დღევანდელი გაგებით, აღარ იარსებებს. ის მხოლოდ მუზეუმებსა და საუნივერსიტეტო ლაბორატორიებში იქნება შემორჩენილი და ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ იქღა გასინჯონ ძველებური წესით წერის გემო.

  • ციფრული ვარჯიშები

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ციფრული ვარჯიშები წერისა და კითხვის სწავლების მიზნით. სხვადასხვა ციფრული სათამაშოებში ჩანერგილია სიტყვების ცნობისა და ანბანის დამახსოვრებაზე ორიენტირებული აქტივობები. ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ და შევთავაზოთ ბაშვებს ასეთი აქტივობები.

ასეთი აქტივობები ბავშვებს დაეხმარება, როგორც კითხვის ასევე წერის თანდათან დაუფლებაში და სკოლაში მისულისთვის უკვე გაადვილდება ანბანის ათვისება.

  • საშინაო აქტივობები

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მეტად სასარგებლოა ბავშვების აღმაფრთოვანებელი საქმეების კეთებისას ანბანის სწავლების კომპონენტების შემოტანა (ციფრული თამაშები, წიგნების დამზადება, ხატვა, წყლის პისტოლეტით თამაში…);

ბავშვების რუტინული საქმიანობისას (კარის გაღება, კბილების გახეხვა, სადილობა…) ანბანის შემსწავლელი აქტივობების შემოტანა (გავაღოთ კა-რი, კ-ა-რ-ი…) და დაწერილი სიტყვის დამახსოვრებაზე ორიენტირებული ვარჯიშების შეთავაზება (სად წერია „კარი“?..).

შეიძლება ასეთი საქმეების შემჩნევა მშობლებისთვის უფრო ადვილიც კი იყოს ვიდრე მასწავლებლებისთვის. შესაბამისად, შესაძლებლობის გამოყენება საკმაოდ დაეხმარება ბავშვს.


გახდით ჩვენი ჯგუფის წევრი, გაეცანით რესურსებს, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და დასვით შეკითხვები სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ჯგუფს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებიც შემოუერთდებიან და ჩვენ მათთან ერთად შევეცდებით, თქვენს ინტერესს ამომწურავად ვუპასუხოთ.