ფოტოები: billboard
ჟურნალ billboard-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.
ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული, ყოველკვირეული ამერიკული ჟურნალი და ვებ–გამოცემა billboard (“ბილბორდი”), რომელიც მთლიანად მუსიკალურ ინდუსტრიას ეძღვნება (პოპი, ჯაზი, ჰიპ–ჰოპი, ელექტრონული მუსიკა და ნაწილობრივ, კლასიკა) და რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს საერთაშორისო მუსიკალურ საყაროში მიმდინარე პროცესებზე, აქვეყნებს სტატიას ქართველი პიანისტის, გიორგი გიგაშვილის შესახებ.
ოქტომბრის ბოლოს გამართულ კონცერტს ნიუ–იორკის ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზში, „კარნეგი ჰოლში“ დიდი რეზონანსი მოჰყვა: „24 წლის ქართველი პიანისტის ფენომენი, უკვე გასცდა კლასიკურ ჟანრს, სადაც მან სახელი გაითქვა“ აღნიშნულია სტატიაში. გთავაზობთ ოდნავ შემოკლებულ ვერსიას, რომლის ავტორები არიან – billboard Georgia–ს საქართველოს წარმომადგენელი და მთავარი რედაქტორი, მარი ბოლქვაძე და ასევე, ჟურნალისტი და ავტორი, ნინო იმერლიშვილი.
12 წლის ასაკში გიორგი გიგაშვილმა აღმოაჩინა დიდი არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი. მაგრამ მხოლოდ წლების შემდეგ, როგორც უკვე თავადაც პიანისტმა გააცნობიერა, რომ სურდა არგერიხის მსავსად, კლასიკური მუსიკა მისი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო… როდესაც წააწყდა YouTube-ზე ვიდეოს, სადაც არგერიხი პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტს ასრულებს, გიგაშვილმა პირდაპირ თქვა – „ორივე შემიყვარდა, პროკოფიევიც და მარტა არგერიხიც!“
მართა არგერიხი დამწყები ქართველი მუსიკოსის კერპი გახდა და რამდენიმე წლის შემდეგ მათ გზა 2019 წელს, ესპანეთში გამართული მუსიკალური კონკურსის შემდეგ გადაიკვეთა. 18 წლის გიორგი გიგაშვილმა გაიმარჯვა და ჟიურის თავმჯდომარეს, მარტა არგერიხს პირისპირ შეხვდა. „ეს იყო მომენტი, როდესაც დავიჯერე, რომ რასაც ვაკეთებდი სწორი იყო”, – ამბობს გიორგი გიგაშვილი.
კლასიკურ მუსიკაში დამკვიდრება გიორგი გიგაშვილმა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ შეძლო. ნიჭიერმა პიანისტმა მიღწევების გრძელი სია დააგროვა: ნიუ–იორკის კარნეგი ჰოლის გადაჭედილ დარბაზში გამოსვლა; 2023 წელს, თელ–ავივში, არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე დიდი წარმატება რეზიდენტ–არტისტის ჯილდოს მოპოვება; 2024 წლის შემოდგომაზე ასევე „ბეთჰოვენფესტზე“, გერმანიაში კონცერტები ა მრავალი სხვა.
გიორგი გიგაშვილი არ შემოიფარგლება კლასიკური ჟანრით, რითაც პირველად გაითქვა სახელი. ის ახლა ცდილობს გააერთიანოს პოპი, ელექტრონული და ექსპერიმენტული მუსიკა, რადგან თვლის, რომ თითოეულ მუსიკალურ ჟანრს აქვს უნიკალური ხიბლი – და არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს დავიწყებული ან ზედმეტად შეფასებული.
სხვათა შორის, გიორგი გიგაშვილის ასეთი ეკლექტური გემოვნება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იღებს სათავეს. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ის საკონცერტო დარბაზებში დაუკრავდა, დედამ და დეიდამ ჩაუნერგეს სიყვარული ფოკლორული და კლასიკური მუსიკის მიმართ.
„კლასიკური მუსიკა ყოველთვის ჟღერდა ჩვენს სახლში, ფირსაკრავზე თუ რადიოში. კლასიკური ჟანრის ხმა და დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებები ჩემი მეხსიერების ნაწილი გახდა… სახლში ძველი ფორტეპიანო გვქონდა და ბავშვობიდან მიზიდავდა კლავიშებზე შეხება, რადგან მისი ხმა მიზიდავდა, მომწონდა და მაოგნებდა. მუსიკის სწავლა 6 წლის ასაკში დაიწყო: „ბევრი ბავშვისთვის კლასიკური მუსიკის სწავლა რაღაც სტრესული პროცესია, მაგრამ ჩემთვის ეს დიდი და უცნაური სიხარულის წყარო იყო“
პარალელურად, უჩნდება ინტერესი სხვა სახისა თუ ჟანრის მუსიკის მიმართ. ცნობილი მუსიკალური ფილმი Dreamgirls („ოცნების გოგოები“, 2006), მისთვის მთავარი სტიმული და მამოძრაველი გახდა. მოგვიანებით უფროსმა მეგობარმა ამ ფილმის ასლი აჩუქა, რომელსაც დღეში რამდენჯერმე უყურებდა.
„ამ ფილმის მუსიკა ძალიან განსხვავდებოდა კლასიკური მუსიკისგან, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა… აქედან იწყება გარდამტეხი პერიოდი, როდესაც ჩემი სიყვარული და ინტერესი მუსიკის მიმნართ ჟანრობრივად აღარ იყო განსაზღვრული. მოსაზრება, რომ კლასიკური მუსიკა იზოლირებულია და მისი სიყვარული გამორიცხავს სხვა ჟანრების სიყვარულს, აბსოლუტურად სნობური მიდგომაა და არაფერი აქვს საერთო მუსიკის ფენომენის გაგებასთან. ვფიქრობ, არასწორია იმის დაჯერებაც, რომ კლასიკური მუსიკის გარდა სხვა სერიოზული ჟანრი არ არსებობს. მუსიკას სერიოზულ და არასერიოზულ ჟანრებად არ ვყოფ. ყველა ჟანრი ჩემთვის სერიოზული და უნიკალურია“.
თავის მხრივ, კლასიკურ სამყაროში აღიარების მიუხედავად, გიორგი გიგაშვილმა სხვა ჟანრებშიც იოლად გადაინაცვლა. იგი ეყრდნობა პოპა, ელექტრონულ და სხვა თანამედროვე ჟანრის მუსიკას და გატაცებით მუშაობს ახალგაზრდა მომღერალ ნინი ნუცუბიძესთან. მათი საკონცერტო თანამშრომლობა მოიცავს ქართული რეტრო სიმღერების სრულიად ახალ, თანამედროვე ინტერპრეტაციებს. რაც ნოსტალგიურია უფროსი თაობისთვის და სრულიად მოულოდნელი ახალგაზრდა აუდიტორიისათვის; ანუ ფაქტობრივად, ამით ის მუსიკალურ–კულტურული მემკვიდრეობის ხელახალი გააზრებას ცდილობს.
ბეთჰოვენფესტზე, გერმანიის ქალაქებში გიორგი გიგაშვილი ნინი ნუცუბიძესთან ერთად გამოდიოდა, სადაც მათ კლასიკური მუსიკის და ფოლკლორული, ელექტრონული, პოპ, ჰიპ–ჰოპის და ქართული რეტრო მუსიკის უნიკალური ნაზავი წარმოადგინეს.
„ის რომ, როგორც კლასიკური მუსიკის შემსრულებელი და პიანისტი, ჩართული ვარ თანამედროვე მუსიკალურ და ექსპერიმენტულ პროექტებში, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მუსიკის გააზრებას ევროპელი მსმენელისთვის. დღეს დასავლური აუდიტორია უფრო ცნობისმოყვარეა და დაინტერესებული ექსპერიმენტული მიდგომებით.”
გიგაშვილი ამბობს, რომ შემოქმედებითი პროცესი ყოველ ახალ ჟანრში განსხვავებულია, მაგრამ სწორედ ეს განსხვავება ხდის შემოქმედებას საინტერესოს და მრავალფეროვანს. „როდესაც ვუკრავთ კლასიკურ მუსიკას, ინტერპრეტაციის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია, იმის გამო, რომ კლასიკურ შემსრულებლებს არ შეუძლიათ ნოტების გამოკლება ან დამატება“. მისთვის ახალი ჟანრები ეყრდნობა უფრო დახვეწილ განსხვავებებს, მაგალითად როგორიცაა ტექნიკა და ემოცია. „გარკვეულწილად მსიამოვნებს კალსიკურ მუსიკაში ნოტებით შეზღუდვა, რადგან ეს მაიძულებს უფრო მეტად ვიფიქრო იმაზე, თუ რა შემიძლია დავარღვიო და სად შემიძლია საზღვრების გადავლახო.
რაც შეეხება თანამედროვე მუსიკის შესრულებას, ამ მხრივ სრულიად თავისუფალი ვარ, რადაგან უკვე ავტორიც და ინტერტპრეტაციას ჩემი პრივილეგიაა. სწორედ ეს ორი გამოცდილება ერთად – კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ქმნის პიანისტ გიორგი გიგაშვილს“.
ამავდროულად, გიგაშვილმა თანამედროვე მუსიკის პლატფორმა გამოიყენა მუსიკის მიღმა არსებული სოციალური და მოქალაქეობრივი მიზნებისთვის. ის ერთ–ერთი პირველია იმ ხელოვანთაგან, რომლებიც აქტიური სამოქალაქო პოზიციით გამოირჩევიან… და როდესაც საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან ასეთ რთულ ეტაპზეა, გიორგი გიგაშვილი ქვეყნის ევროპულ მომავალს აქტიურად უჭერს მხარს და უსამართლობას აპროტესტებს.
„როცა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე აზრს გამოვთქვამ, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქე ვარ და შემდეგ ხელოვანი… „ეს არის დღეს ჩემი პირველადი სტატუსი… როდესაც საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია, მჯერა, რომ თითოეული მოქალაქის მოვალეობაა მკაფიოდ გამოხატოს თავისი სამოქალაქო პოზიცია. ეს განსაკუთრებით იმ ხელოვანთა პასუხისმგებლობაა, ვისაც დიდი აუდიტორია ყავთ. და თუ ხელოვანს სწორი სამოქალაქო პოზიცია არ გააჩნია, ჩემთვის მისი ხელოვნება და მათ შორის მუსიკაც, ღირებულებას კარგავს“.