უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოში ამ დროისთვის უკრაინიდან რუსეთის აგრესიას გამოქცეული ასობით ლტოლვილი ცხოვრობს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად უკრაინელი ლტოლვილები სამედიცინო საკითხებს ასახელებენ. სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც უნდა ზრუნავდეს ლტოლვილების ფსიქო–სოციალურ, სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე, ბუნდოვანია. ომის დაწყების პირველ თვეებში კერძო და სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში აქ მყოფი ლტოლვილები ახერხებდნენ სამედიცინო მომსახურების უფასოდ მიღებას, ახლა კი ხელმისაწვდომი აღარაა სამედიცინო სერვისები და საჭიროების შემთხვევაში, მასში საქართველოს მოქალაქეებზე 35%-ით მეტის გადახდა უწევთ, რაც ბევრისთვის რთული გამოწვევაა.
დიდ დიღომში, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე, ორსართულიან სასტუმროში 100-მდე უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. მათთან დაკავშირება პარტია „დროას“ ვთხოვეთ. „დროა“ ერთ-ერთი იყო, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში გამოქცეული უკრაინელების საცხოვრისებში განთავსებაზე იზრუნა.
სასტუმროს ეზოში ადმინისტრატორი სერგეი დაგვხვდა, ენერგიულად ჩამოგვართვა ხელი და საჩუქრად მათსავე სახელოსნოში დამზადებული კერამიკის სამკერდეები დაგვირიგა. სამკერდეები უკრაინის დროშის ფერებშია.
ჩვენი იქ მისვლის მიზანი უკრაინელი ლტოლვილების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის კუთხით არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.
კამერის წინ ყველამ არ ისურვა საკუთარ საჭიროებებზე დაუფარავად საუბარი. მიზეზი სხვადასხვა იყო. ძირითადად უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ოჯახის წევრების უსაფრთხოების საკითხი დასახელდა.
ერთ-ერთმა ლტოლვილმა ბიჭმა ანონიმურობის დაცვის პირობით გაგვიმხილა თავისი ცოლის ამბავი, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია. გვითხრა, რომ მან ორი ოპერაცია უკვე გაიკეთა. ახლა MRTფული მუშაობით მოაგროვა და როცა მკურნალობა დაინიშნება, არ იციან, რას იზამენ.
„ექიმთან მისვლა ფასიანია. კბილი რომ აგტკივდეს, არ იცი, რა ქნა; არადა, ჯანმრთელობას დროულად თუ არ მიხედე, მერე რთულდება,“ – ამბობს სერგეი.
მისივე თქმით, აგვისტომდე ყველაფერი ნორმალურად იყო; მადლიერები არიან საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის – კლინიკა „ევექსში“ იღებდნენ სამედიცინო დახმარებას; ასევე, ამერიკულ ჰოსპიტალში ჰქონდათ სხვადასხვა სერვისზე უფასო წვდომა, თუმცა აგვისტოს შემდეგ მათთვის სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი აღარაა. აგვისტოს შემდეგ ბევრმა უკრაინელმა დატოვა საქართველო, აქ დარჩენილთაგან კი უმრავლესობისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯის დაფარვა პრობლემაა.
სამირა რამაზანოვას 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მელიტოპოლიდან არიან და ქალაქი ომის დაწყებიდან 2 თვეში დატოვეს.
„პირველივე დღეებში დაესხნენ ჩვენს ქალაქს თავს. რამდენიმე თვე დავრჩით ქალაქში, მაგრამ მარტში გადავწყვიტეთ წამოსვლა, რადგან სამი მცირეწლოვანი შვილი გვყავს. არ გვქონდა პროდუქტი, მედიკამენტები; არაფერი არ გვქონდა. გამორთეს გაზი, წყალი. ჩვენი მთავარი მტერი და ჩემი შვილების მტერია რუსეთი. ჩვენმა შვილებმა დიდი სტრესი მიიღეს და ოცნებობენ სამშობლოში დაბრუნებაზე“, – გვიყვება სამირა. მისი თქმით, ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვების სამედიცინო საჭიროებებისთვის თანხის მოძიებას და მიაჩნია, რომ აუცილებელია, არსებობდეს უფასო სერვისები, რათა საქართველოში დარჩენილმა უკრაინელებმა შეძლონ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
„როცა დამჭირდა, კლინიკა „ევექსს“ მივმართე. ისინი გვაწვდიდნენ სერვისებს უფასოდ. ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ ახლა ასეთი პროგრამა აღარ არის და არ შეგვიძლია, მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო დახმარების მისაღებად.“ – გვიყვება ელენე აჩატი, რომელიც საქართველოში მარტში ჩამოვიდა და უკვე ერთი წელია, აქ იმყოფება.
თათა ფერაძე „დროას“ წევრია და პარტიაში გაწევრებამდე სოციალურ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. მართავდა პროექტებს და მუშაობდა საერთაშორისო დონორებთან. გვიყვება, რომ ომის დაწყებიდან მალევე მთელი პარტია უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების დახმარებაზე გადაერთო.
„დაგვიკავშირდა უკრაინელი გოგო, რომელიც აქ ცხოვრობს. მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი იმ ხალხთან, ვინც გადმოდიოდა საზღვარზე. ეს ადამიანები ისე შემოდიოდნენ ლარსის გავლით, რომ ბეჭედსაც ვერ ურტყამდნენ საბუთში, უმრავლესობას საბუთიც კი არ ჰქონდა. საზღვარი გააღეს და ყველა შემოდიოდა.
სახელმწიფოს არ ჰქონდა პოლიტიკა, რას აკეთებდა ამ ადამიანებისთვის მათი ჩამოსვლის შემდეგ. არ არსებობდა ცხელი ხაზი, მესაზღვრეებმაც კი არ იცოდნენ, რომ შემოვიდნენ სად მიდიოდნენ.
კატერინას უკავშირდებოდნენ და ჩვენთან ამისამართებდნენ ამ ადამიანებს. ვიქირავეთ სასტუმროები, სადაც მათ ვათავსებდით. ხალხს მოვუწოდებდით დახმარებისკენ. ქუჩაში ვერ დავაყოვნებდით შუა თებერვალში ამ ადამიანებს და დავიწყეთ მათი განაწილება სასტუმროებში.
აპრილში ვიქირავეთ სასტუმროს ტიპის შენობა და ყველა ეს ადამიანი ერთად გადავიყვანეთ. ახლა ამ წუთში ისინი არიან, რომლებიც დარჩნენ და წასასვლელი არსად არ აქვთ. აღრიცხვა იყო რთული. ადამიანური რესურსი არ იყო, რომ ეს გაგვეკეთებინა“. – გვიყვება თათა ფერაძე.
თათას უკრაინელი ლტოლვილების ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის საჭიროებებთან დაკავშირებით დავუსვით კითხვები. როგორ ეხმარებიან ამ მხრივ და რა სჭირდებათ აქ დარჩენილ ლტოლვილებს.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან მალევე ერთ-ერთი ფსიქოლოგის ინიციატივით ჩამოყალიბდა პროფესიონალების გუნდი, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა ადამიანებს. მუშაობა დაიწყეს ბავშვებთან და ახლაც აგრძელებენ. მისივე თქმით, ფსიქოლოგების ჯგუფი, ძირითადად, გუნდურად მუშაობდა, მაგრამ იყო რთული შემთხვევები, რომლებიც ინდივიდუალურ მუშაობას საჭიროებდა.
„ერთ ბიჭი იყო, რომელმაც თავისი ხელით დამარხა მთელი თავისი სამეგობრო მარიუპოლში. თვითონ ითხოვდა დახმარებას; ძალიან ცუდად იყო; ოთახიდან ვერ გამოდიოდა. ამ ბიჭთან ინდივიდუალურად იმუშავეს“.
თათას თქმით, ომის დაწყებიდან პირველი სამი თვე თბილისში რამდენიმე კლინიკა უკრაინელ ლტოლვილებს უფასოდ სთავაზობდა სამედიცინო სერვისებს, თუმცა პროგრამა აგვისტოში შეწყდა და ახლა მათ სამედიცინო მომსახურებაში 35%-ით მეტის გადახდა უწევთ, რადგან არარეზიდენტები არიან. თათა ფერაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელ ლტოლვილებს უფასოდ რთავს შემდეგ პროგრამებში: ინსულინის, დიალიზისა და მშობიარობა.
„8 თვე აქ რომ ცხოვრობენ, ელემენტარულად, სტომატოლოგთან ვერ მიდიან. გამაყუჩებლებზე არიან“. – ამბობს თათა.
მისი თქმით, უკრაინელების საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარეს და პირველი რიგის საჭიროებად ყველა სამედიცინო მომსახურებას ასახელებს.
„სამი ონკოპაციენტი ქალი მყავს – ქიმიო თერაპია და დასხივება სჭირდებოდათ. 9 ათასი ლარი ღირს დასხივება. თოდუას კლინიკას მივმართეთ. კლინიკის დირექტორმა დაგვიკლო და ეტაპობრივად გადახდის რეჟიმი შემოგვთავაზა. დაახლოებით ამ რეჟიმში ვართ; ნაცნობობით ვაგვარებთ ასეთ საკითხებს. დასხივება როცა უწევთ, სტატუსს ვწერ და ფეისბუქ მეგობრების დახმარებით ვაგროვებთ ფულს“.
რას აკეთებს სახელმწიფო?
ვცადეთ, გაგვერკვია, რა გააკეთა სახელმწიფომ უკრაინელი ლტოლვილების ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ არსებული საჭიროებების მხარდასაჭერად. შეკითხვები გავუგზავნეთ თბილისის მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს.
საგულისხმოა, რომ ომის დაწყების პირველ თვეში არასამთავრობო სექტორი სახელმწიფოს პროაქტიული ნაბიჯებისკენ მოუწოდებდა. როგორც არასამთავრობო სექტორი 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში წერს, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს პროაქტიული ნაბიჯები უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული გამოყვანისა და შემდგომში უკვე საქართველოში მათი სათანადო და რეალური მხარდაჭერის მიზნით
„საქართველოში შემოსული უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობაზე ჩვენი დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს მათ საცხოვრებლის, ფსიქო-სოციალურ, სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე მიმართული პოლიტიკა და ომს გამოქცეული ლტოლვილების პირველად მხარდაჭერას ისევ თვითორგანიზებული სამოქალაქო ჯგუფები ცდილობენ. ომის განცდილი ტრავმის ფონზე არსებითია, სახელმწიფოს ჰქონდეს ლტოლვილი ადამიანებისთვის ფსიქო-სამედიცინო რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროგრამები.“
მერიას ვკითხეთ, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რამდენ ლტოლვილს გაეწია საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად დახმარება და აღნიშნული პროგრამის გარდა, დაეხმარა თუ არა მერია უკრაინიდან ლტოლვილებს ჯანდაცვის ან სხვა სოციალური საჭიროებით. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვთხოვეთ, მიეთითებინათ ბენეფიციართა რაოდენობა და მომსახურების მიზნით გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი.
ჯანდაცვასა და სხვა საჭიროებებზე შეკითხვას მერიას არ უპასუხია. მათგან მიღებულ პასუხში საუბარია მხოლოდ ბინით უზრუნველყოფის პროგრამით გაწეულ ხარჯებზე.
პასუხი თბილისის მერიისგან:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2022 წლის 24 თებერვლიდან საქართველოში/თბილისში ჩამოსული უკრაინელი დევნილი ოჯახების დახმარების აქტივობის ფარგლებში ორგანიზება გაუწია მათი საცხოვრებლითა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფას 2022 წლის 19 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით.
ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან განხორციელდა ჰუმანიტარული (ბავშვთა კვება, პირადი ჰიგიენა, მედიკამენტები და სხვა) დახმარება და მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობისა და მცირეწლოვანების საბავშვო ბაღებში გადანაწილების შესაძლებლობა.
პროგრამის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 14,5 მლნ ლარით, რომლის ფარგლებში დახმარება გაეწია 5200-მდე უკრაინელ დევნილს.
კითხვები გავუგზავნეთ ჯანდაცვის სამინისტროსაც. სამინისტროს ვკითხეთ: 1) უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან ლტოლვილებს რა სახის დახმარება გაუწია სამინისტრომ?
სამინისტროს ასევე ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია ომის დაწყებიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროს სახელზე უკრაინელი ლტოლვილების მხრიდან რა ტიპის განცხადებები შევიდა, ანუ რა ტიპის დახმარებას მოითხოვენ ისინი უწყებისგან.
ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვწერა, რომ ინფორმაციის მოძიების მიზნით, აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. ამის შემდგომ კი მათგან ინფორმაცია აღარ მიგვიღია. შეკითხვები გაიგზავნა 2023 წლის 11 იანვარს.
პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „ონლაინ ჟურნალისტიკა, სიღრმისეულად“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ. ამ პუბლიკაციებში გამოთქმული შეხედულებები დამოუკიდებელ ავტორებს ეკუთვნის და არ ასახავს BMZ-ის შეხედულებებს.
The following publications were produced as part of the project Online journalism, in-depth, which is funded by the German Federal Ministry for Economic Cooperation and Development (BMZ). The views expressed in these publications are those of the independent authors and do not necessarily reflect those of the BMZ.