როგორია და რასთან ასოცირდება ხანდაზმულებისთვის მარტოობა - ახალი კვლევა

პუბლიკა

„ხანდაზმულებისთვის მარტოობა ასოცირდება არა იმდენად ემოციურ მარტოობასთან, რამდენადაც ფიზიკური მხარდაჭერის არარსებობასთან, რომელსაც ისინი საჭიროებენ ყოველდღიურ საქმიანობაში“, – გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ხანდაზმულებში მარტოობისა და სოციალური იზოლაციის საკითხებია ნაკვლევი.

კვლევა აჩვენებს, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ხანდაზმულთა ფიზიკური მხარდაჭერა, როგორიცაა, მაგალითად,  საოჯახო საქმეების შესრულებაში და ექიმთან წასვლაში დახმარება, ასევე, რეგულარული ჯგუფური აქტივობები თუ თაობათაშორისი თანამშრომლობა, აუცილებელია მათი მარტოობის განცდის შესამსუბუქებლად.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის შუა პერიოდში, აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანასა და ტერიტორიაზე – ალბანეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, სერბეთსა და კოსოვოში (UNSCR 1244) მცხოვრები 65-დან 85 წლამდე ასაკის ხანდაზმული პირების მონაწილეობით.

„მარტოობა დიდ საფრთხეს უქმნის ხანდაზმული ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და რისკის ქვეშ აყენებს ჯანსაღი და აქტიური დაბერების ხელშეწყობის ძალისხმევას“, – ამბობს ჯულია ვალესე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

მისივე თქმით, „ეს კვლევა გვეხმარება შევისწავლოთ მარტოობის რისკფაქტორები და უკეთ გავიგოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხანდაზმულ ასაკში ადამიანებმა ნაკლებად იგრძნონ მარტოობა“.  

ის ასევე დასძენს, რომ ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიამ სააშკარაოზე გამოიტანა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბევრი ხანდაზმული დგას. პრობლემებისა და გამოწვევების უკეთ გააზრება კი ერთგვარი შესაძლებლობაა, მობილიზდეს პოლიტიკური ნება  ყველა ასაკის ადამიანისთვის მისაღები საზოგადოებების შესაქმნელად.

კვლევის წინასიტყვაობაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპა მოსახლეობის სწრაფი ტემპით დაბერების გამოწვევის წინაშე იმყოფება, რაც, თავის მხრივ, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდის, შობადობის დაბალი მაჩვენებლისა და გარე მიგრაციის მაღალი დონის შედეგია. ამ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანები ხანდაზმულ ასაკში ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას და აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ პროცესებში.

თუმცა, კვლევის თანახმად, ათიდან რვა ხანდაზმული ადამიანი, ანუ კვლევაში მონაწილეთა 79%, აცხადებს, რომ ისინი ზომიერ ან უკიდურეს მარტოობას განიცდიან.

„კვლევის დასკვნა, რომ ფიზიკური მხარდაჭერის ნაკლებობა არის მარტოობის მნიშვნელოვანი რისკფაქტორი, გამოკვეთს ხანდაზმულთა ამ პოპულაციაში მარტოობის აღმოსაფხვრელად მიზანმიმართული ინტერვენციების აუცილებლობას“, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნეირომეცნიერების პროფესორი ტარა კეკი.

კვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკური მხარდაჭერის არარსებობის გარდა, მარტოობის რისკფაქტორებს განეკუთვნება მწირი სოციალური კავშირები, გვერდზე იმ პირის არარსებობა, ვისთან ერთადაც შესაძლებელია საინტერესო და სასარგებლო საქმიანობით დაკავება, და სოციალური ნდობის სიმცირე.

კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე სხვა რისკფაქტორი, რომლებიც ზომიერ გავლენას ახდენს მარტოობაზე, ეს რისკფაქტორებია: მარტო ცხოვრება, ბედნიერების განცდის დაბალი ხარისხი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, სმენის დაქვეითება, სოციალური კავშირების ნაკლებობა, ემოციური მხარდაჭერისა და ახლო ურთიერთობების ნაკლებობა.

გამოვლინდა რიგი სხვა დემოგრაფიული ფაქტორები, რომლებიც არ უკავშირდება მარტოობას, მათ შორის – ოჯახური მდგომარეობა, სქესი, ქალაქის ან სოფლის ტერიტორიაზე ცხოვრება, ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილება, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, ინტერნეტზე წვდომა და მისი გამოყენება.

რისკფაქტორები განსხვავდება ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მარტოობის დონე მსგავსი იყო კვლევაში მონაწილე ექვსივე ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

საქართველოში მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დომინირებს:

  • სოციალური კავშირების ნაკლებობა (ფარდობითი წილი – 27%);
  • ფიზიკური მხარდაჭერის სიმწირე (ფარდობითი წილი – 25%);
  • სოციალური ნდობის ნაკლებობა (ფარდობითი წილი – 19%);
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მხარდაჭერის საჭიროება (ფარდობითი წილი – 16%);
  • დამატებითი სოციალური ინტერაქციის სურვილის დაუკმაყოფილებლობა (ფარდობითი წილი – 13%).

UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამ, უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ხანდაზმული მოქალაქეები დგანან.

კვლევის თანახმად საქართველოში, უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში, მოსახლეობის რიცხოვნობა თითქმის ერთი მესამედით შემცირდა და გამოიკვეთა მოსახლეობის დაბერების ტენდენცია, სადაც მოსახლეობის 15,3%, ამჟამად, 65 წლისა და უფროსი ასაკის არის. საქართველოში მიგრაციის მნიშვნელოვნად უარყოფით სალდოსა (-2,2/1000 მოსახლე წელიწადში) და სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას, რომელიც 73,6 წელს შეადგენს, კვლევის მიხედვით, მეტ-ნაკლებად აბალანსებს შობადობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი – 2,1 ბავშვი ერთ ქალზე.

კვლევის დასკვნების შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს შორისაა ეროვნული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ხანდაზმულთა უფლებებისა და ღირსების დაცვას, მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას და, როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ დონეზე, ხანდაზმულთათვის მიზნობრივი ფიზიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად საჭირო პროგრამირების შემუშავებასა და განხორციელებას.

კვლევაში ნათქვამია, რომ ეს პროგრამები შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო მომსახურებათა მიწოდებას ბინაზე მისვლით, თემში მოხალისეების მობილიზებას ხანდაზმულთათვის ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, და სატელეფონო ან დისტანციურ სამედიცინო და სოციალურ მხარდაჭერას.