რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმი შეიცვლა, რაც, სპეციალისტების განმარტებით, გააფართოებს იმ პირთა წრეს, რომელთაც კორონავირუსზე ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ.
რას ამბობს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განახლებული ალგორითმი და რომელი რისკჯგუფების ტესტირებაზეა საუბარი 8-გვერდიან დოკუმენტში.
დოკუმენტში აღწერილია სადიაგნოსტიკო მეთოდები, რომლებსაც სახელმწიფო იყენებს კორონავირუსის დასადგენად და ასევე ის, თუ რომელი რისკჯგუფი, რომელი ტესტით უნდა შემოწმდეს.
პირველ გვერდზე სადიაგნოსტიკო მეთოდებია მიმოხილული. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ სამი მეთოდი გამოიყენება კორონავირუსის დასადგენად – PCR [ოქროს სტანდარტი] ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი და ანტიგენის სწრაფი ტესტი.
პროტოკოლში საუბარია იმ რისკჯგუფებზე, რომლებიც უნდა დაექვემდებარონ ტესტირებას და ასევე – რომელი ჯგუფისთვის, რომელი ტესტის გამოყენებაა მიზანშეწონილი.
ჩამოთვლილ ჯგუფებში შედიან: მედპერსონალი; ასევე – ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი პირები; თავდაცვის ძალებში; სტაციონარულ ფსიქიატრიული დაწესებულებებში მყოფი პირები; საეკლესიო პირები; მონასტრები და სხვა.
ამ დოკუმენტით არ ირკვევა, თუ როდიდან დაიწყება ამ ჯგუფების ტესტირება და რა პერიოდულობით ჩატარდება ტესტები.
პირველი ჯგუფი – მაღალი რისკის კონტინგენტი
პროტოკოლში წერია, რომ პირველ ჯგუფში შედის მაღალი რისკის კონტინგენტი, სპეციფიკური სიმპტომებით. უფრო კონკრეტულად კი, ეს ჯგუფი დოკუმენტში ასეა აღწერილი:
თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირები, სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან და პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან.
პროტოკოლში წერია, რომ ამ ე.წ. მაღალი რისკის ჯგუფის პირებს უტარდებათ PCR კვლევა, რაც კვლევის მოლეკულური მეთოდია და რამდენიმე საათი სჭირდება პასუხის მისაღებად. ე.წ. ოქროს სტანდარტი.
აქვე წერია, რომ უსიმპტომო კონტაქტებისა და მოგზაურების კვლევა შესაძლებელია სწრაფი მეთოდების გამოყენებით, მაგრამ უარყოფითი პასუხის მიუხედავად, ისინი რჩებიან იზოლაციაში და განმეორებითი ტესტირება უტარდებათ ფანჯრის პერიოდის გასვლის შემდეგ.
მეორე ჯგუფი – უსიმპტომო ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფებიდან და მედპერსონალი
მეორე ჯგუფში შედიან უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან და სტრატეგიულ ობიექტებში მომუშავე მედპერსონალი.
აქ წერია, რომ უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ის უნდა გადამოწმდეს ე.წ. ოქროს სტანდარტის ტესტით.
მესამე ჯგუფი – ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები კოროვირუსის მსგავსი სიმპტომებით
შემდეგ ჯგუფში შედიან ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები. ანუ ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან კლინიკებში ან ბინაზე და რომლებსაც აღენიშნებათ covid-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები.
ალგორითმის მიხედვით, ჰოსპიტალიზებული პაციენტების შემთხვევაში ტარდება ე.წ. ოქროს სტანდარტით კვლევა, ხოლო პირებში, რომლებიც იმყოფებიან ბინაზე და აღენიშნებათ covid-19 ინფექციისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას და, დანიშნულების შემთხვევაში, მიმართავენ შესაბამის ცხელების კლინიკას, სადაც გაივლიან ტესტირებას.
ამ ჯგუფში შემავალ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. ცხელების კლინიკებში შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში ე.წ. ოქროს სტანდარტის მეთოდით, სხვა შემთხვევაში – სწრაფი მარტივი მეთოდით, ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განსამზღვრელი ტესტებით და საჭიროების შემთხვევაში იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში PCR მეთოდის კვლევისთვის.
ორგანიზებული ჯგუფები – თავშეყრის ადგილები
ალგორითმში საუბარია, ასევე, მეოთხე ჯგუფზე, რომელში შემავალ პირებსაც უნდა ჩაუტარდეთ ტესტები. ამ ჯგუფში შედიან: პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები; ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები; თავდაცვის ძალები; სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები და საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა.
ამ პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით. პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც.
როდის დაიწყება ამ ჯგუფების ტესტირება ?
როდიდან უნდა დაიწყოს ამ ჯგუფების ტესტირება და რა პერიოდულობით. – ეს კითხვა ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს დავუსვით. მისი თქმით, ტესტირება, ნაწილობრივ, უკვე ტარდება მედპერსონალში, სხვა ჯგუფებში კი, რომლებიც ზემოთ აღწერილი დოკუმენტით განისაზღვრა, ტესტირება დაიწყება, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება ტესტები. შეკითხვაზე, რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს ამ ჯგუფებში ტესტირება, ბუწაშვილმა გვიპასუხა, რომ – ორ კვირაში ერთხელ.
როგორც იკვეთება, ტესტირებას დაქვემდებარებული რისკჯგუფების მოცვა დამოკიდებულია საქართველოში ტესტების არსებობაზე.
ტესტების მარაგებზე, შესყიდული და შესასყიდი ტესტების შესახებ განმარტება ბოლო ორი დღის განმავლობაში გააკეთა როგორ ჯანდაცვის მინისტრმა, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
რამდენი PCR ტესტი აქვს საქართველოს ?
PCR ტესტი არის ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც ოქროს სტანდარტს ეძახიან და რომელიც ყველაზე მაღალი სანდოობით გამოირჩევა.
ამ დრომდე ქვეყანაში, ncdc-ის დირექტორის თქმით, უკვე ჩატარებულია 3500-მდე კვლევა PCR მეთოდით. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია 2000-მდე ტესტი, PCR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული. დამატებით შემოსულია უკვე 10 000-მდე ტესტი. გზაშია 18 000 ათასი ტესტი და ჯამში შეკვეთის რაოდენობა 84 000 ათასია.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის ქვეყანაში PCR-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული 60 000-მდე ტესტის მარაგი უნდა იყოს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიდის იმ ამერიკულ ორგანიზაციასთანაც, რომელმაც შექმნა PCR-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აჩქარებული ტესტი, რომლის გამოყენების დროსაც ლაბორატორიული კვლევისთვის 45 წუთია საჭირო.
ამირან გამყრელიძის თქმით, ეს არის კომპანია „ცეფეიდი“ და 45-წუთიან ტესტირება კარტრიჯებზე დამყარებული პიარს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, რომელთა მანქანებიც გვაქვს ქვეყანაში და ვიყენებთ ტუბერკულოზისა და ცე ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის.
მისივე თქმით, საქართველოს შეკვეთილი აქვს 10 000 ტესტი, შემდგომ – კიდევ 10 000, შემდგომ – კიდევ 10 000.
რამდენი სწრაფი ტესტი აქვს საქართველოს ანტისხეულზე დაფუძნებული?
ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, 8 აპრილს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანტისხეულზე დამყარებული ტესტი ადგილზეა 4 000 ცალი და გზაში – 20 000. „გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, ველოდებით 24 000 ათას ტესტს ჯამში“.
როდის ელოდებიან ამ ტესტებს, ჯანდაცვის მინისტრს არ უთქვამს დღევანდელ ბრიფინგზე. მისი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კი სწრაფი ტესტების ახალი მარაგი აპრილის ბოლოს შემოვა ქვეყანაში. მანამდე კი ის ტესტები, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია, გამოიყენება მხოლოდ მედპერსონალის ტესტირებისთვის.
ცნობილია, რომ სამედიცინო პერსონალს ტესტირება უკვე ჩაუტარდა რამდენიმე კლინიკაში – საჩხერის კლინიკაში, გორისა და მარნეულის ჰოსპიტლებში. დღეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ტესტირება მათ თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ, PCR მეთოდით.
ანტისხეულის აღმოჩენაზე დაფუძნებული ტესტი სისხლში ორი ტიპის ანტისხეულს ეძებს – იმუნოგლობულინი G და იმუნოგლობულინი M.
როცა M ჩნდება, ეს ნიშნავს მწვავე ფაზას. სპეციალისტების თქმით, M სისხლში ჩნდება ინფიცირებიდან მეხუთე-მერვე დღეს.
ანტისხეულზე დამყარებული ტესტი ვერ იჭერს პირველ, მეორე, მესამე დღეს ინფექციას ორგანიზმში.
ტესტის შემდეგ, თუ სისხლში ჩნდება იმუნოგლობულინი G, ნიშნავს იმას, რომ პირს გადატანილი აქვს ინფექცია.
რამდენი სწრაფი ტესტი აქვს საქართველოს ანტიგენზე დამყარებული?
ანტიგენზე დამყარებულ ტესტს 15-20 წუთი სჭირდება. სწორედ აღნიშნული ტესტის შესყიდვა სურდა საქართველოს ჩინეთიდან. ამ ტიპის ტესტის მგრძნობელობა, სპეციალისტების თქმით, 80% დან 85%-მდეა.
კვლევისთვის ნაცხს ცხვირ-ხახიდან იღებენ და 15 წუთში ადგენს ცხვირ-ხახაში ვირუსის ანტიგენის არსებობას.
მინისტრის თქმით, ანტიგენზე დაფუძნებული 2000 ტესტი საქართველოში უკვე არის და 52 ათასი ცალი გზაშია. დღეს გამართულ ბრიფინგზე მას არ დაუკონკრეტებია, როდის ელოდებიან ამ ტესტებს საქართველოში.