როზალინდ ელსი ფრანკლინი - მითების, ლეგენდებისა და შეთქმულებების გარეშე - ნაწილი პირველი

ნიკოლას გელოვანი

სტატიაში განხილული და გაანალიზებულია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმის) სტრუქტურის აღმოჩენის ისტორია. კვლევის მთავარი მიზანია, ნათელი მოჰფინოს როზალინდ ფრანკლინის გადამწყვეტ როლს სიცოცხლის საიდუმლოს შემნახველად წოდებული ამ უმნიშვნელოვანესი მოლეკულის გასაშიფრად გაჩაღებულ სამეცნიერო რბოლაში, რამეთუ ისე გავიდა მრავალი ათეული წელი, ეს ფაქტი სრულებით უცნობი იყო ფართო საზოგადოებისათვის; ფრანკლინის სახელი არც კი უკავშირდებოდა საუკუნის ამ ყველაზე დიდ აღმოჩენას. მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრემ და ამ აღმოჩენისათვის დაჯილდოებულმა სამმა ნობელიანტმა იცოდა სიმართლე. უხვი სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების, გაანალიზების, თარგმნის, მრავალწლიანი მუშაობის, წყაროთა შეჯერებისა და მწვავე ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე გავეცით პასუხი აბსოლუტურად ყველა შეკითხვას ამ მეცნიერის გარდამტეხი კვლევებისა და ღვაწლის შესახებ. მას უკვე ეწვია ნაგვიანევი აღიარება, სახელი და დიდება; დღეს ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა იცის ნამდვილი ისტორია, ვიდრე ორმოცდაათიანსამოციან წლებში, თუმცა, საჭიროდ მიგვაჩნია სრული სურათის აღდგენა, რამეთუ რამდენიმე ავტორი, მეცნიერი, მეცნიერების ისტორიკოსი, ბიოგრაფი, ასევე ჟურნალისტები, სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ვიდეოპორტალებზე, ფორუმებსა და სოციალური მედიის ვებგვერდებზე მიმოფანტული კომენტატორები ამ საკითხის განხილვისას ამტკიცებენ, რომფრანკლინს არაფერი აღმოუჩენია“; რომორმაგი სპირალი თავიდან ბოლომდე უოტსონისა და კრიკის მიგნებაა“; რომეს ყველაფერი ფემინისტური პროპაგანდა, შეთქმულება და ისტორიული რევიზიონიზმია“; რომკონსპირაციის თეორიების მოყვარულიფემინისტები განგებიხვევენ თითზეამ ამბავს, „აბუქებენ“, „აზვიადებენროზალინდის როლს (რაკი ქალი იყო) დაპარალელურ ისტორიასწერენ; რომფრანკლინი უარყოფდა დნმის სპირალურ სტრუქტურას და არ ეთანხმებოდა მათ“; რომკრიკუოტსონის ტანდემმა დაასწრო ფრანკლინს“; რომროზალინდმა მათზე ბევრად გვიან გადაკვეთა ფინიშის ხაზიდა ...

ჩვენი ერთერთი მიზანია იმის გარკვევა, რა ასაზრდოებს ამ მითებს; რა არის ამ ცრუ ინფორმაციების, შეგნებული თუ შეუგნებელი სიცრუისა და ზღაპრების წყარო. ნარკვევის საბოლოო მიზანია ამ მითების, ლეგენდების, თქმულებებისა და შეთქმულებების გაქარწყლება სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის, ფაქტების სკრუპულოზურად ასახვის, მოვლენათა თანმიმდევრობის ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერის წყალობით.

დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სტრუქტურის ამოცნობა უდიდეს მიღწევად ჩაიწერა მეცნიერების ისტორიაში. 1962 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა სამი მეცნიერი: ფრენსის კრიკი, ჯეიმს უოტსონი და მორის უილკინსი. ოდენ ამ სამი ადამიანის დამსახურებადგაფორმდაეს რევოლუციური აღმოჩენა; ამგვარად დაილექა საზოგადოების მეხსიერებაშიც, კულტურაშიც, სასკოლო სახელმძღვანელოებშიც და პოპულარულ ლიტერატურაშიც. მეცნიერთა ვიწრო წრემ და ცხადია, ზემოხსენებულმა სამეულმა იცოდა, რაოდენ გარდამტეხი აღმოჩნდა როზალინდ ფრანკლინის მრავალწლიანი, ფუნდამენტური და პიონერული შრომა, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი არც კრიკს არ უხსენებია ამ მეტად პრესტიჟული პრიზის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე და არც უოტსონს. მხოლოდ უილკინსმა მოიხსენია, მაგრამ ზედაპირულად და გაკვრით, მისი დამსახურებისა და ღვაწლისათვის შეუფერებლად.

 

***

როზალინდ ფრანკლინი (1920-1958) ებრაული წარმომავლობის ბრიტანელი მეცნიერია, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა რამდენიმე დარგში: ფიზიკურ ქიმიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში, ბიოქიმიაში, ვირუსოლოგიასა და კრისტალოგრაფიაში.

გავლენიან და შეძლებულ ებრაულ ოჯახში დაბადებული ქალიშვილი ჯერ კიდევ 15 წლისა იყო, როცა მტკიცედ გადაწყვიტა, მეცნიერი გამხდარიყო და სიცოცხლის შესწავლისათვის მიეძღვნა ცხოვრება. მაღალი წრიდან გამოსული ფრანკლინის მამას არ სურდა, ამ გზას გაჰყოლოდა როზალინდი, რადგან, მისი აზრით, ქალს არ შეეფერებოდა მეცნიერობა (Sayre 2000, 42-45); (McGrayne 1998, 6). ფენომენალური ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამორჩეული ფრანკლინი ბავშვობიდანვე იჩენდა დიდ ინტერესს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი; ეწაფებოდა მათემატიკას, ქიმიას, ფიზიკასა და ბიოლოგიას; ბრწყინვალე შეფასებებს იმსახურებდა სკოლაში; სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და ლათინურ ენებს. ნიუნჰემის ქალთა კოლეჯის დამთავრების შემდეგ ფიზიკური ქიმიის შესწავლას მიჰყო ხელი კემბრიჯის უნივერსიტეტში.

როცა ცნობილმა დაწესებულებამ («British Coal Utilisation Research Association») შესთავაზა თანამშრომლობა, პიონერული კვლევები ჩაატარა ნახშირსა და გრაფიტზე და ეს საკითხი დაამუშავა კიდეც თავის დისერტაციაში. 1945 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი. წარმატებით მოახერხა ნახშირთა ტიპების კლასიფიკაცია და ერთმანეთისაგან გამიჯნა ორი სახესხვაობა: 1. ნახშირი, რომელიც გარდაიქმნება გრაფიტად; 2. ნახშირი, რომლის გრაფიტიზაციაც შეუძლებელია. ეს წლები ძალზე ნაყოფიერი გამოდგა ახალგაზრდა მეცნიერისათვის. დეტალურად გამოიკვლია ნახშირის პოროვანი ფენები და პასუხი გასცა არაერთ შეკითხვას, მოსვენებას რომ არ აძლევდა წამყვან მეცნიერებს. აღწერა გრაფიტიზაციის პროცესი და დაადგინა: ნახშირი ასრულებდა ერთგვარიმოლეკულური საცრისროლს: ტემპერატურის ცვლილებისას, ზოგ მოლეკულას ატარებდა, ზოგს კი ბლოკავდა. მის ამ რევოლუციურ აღმოჩენებზე დაყრდნობით შექმნეს აირწინაღების სულ სხვაგვარი მოდელი და იხსნეს უამრავი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი ეს კვლევები გამოიყენება საავიაციო ინდუსტრიაშიც.

1947 წელს მიიწვია ფრანგულმა ლაბორატორიამ, « Laboratoire Central des Services Chimiques de l’Etat »-მა. სწორედ პარიზში დაეუფლა კრისტალოგრაფიასა და რენტგენულ დიფრაქციას. როგორც მისი ბიოგრაფები, ენ სეირი და ბრენდა მადოქსი, ასევე, თავად ფრანკლინის და, ჯენიფერ ფრანკლინგლინი, აღნიშნავენ, საფრანგეთში გატარებული ოთხი წელი ყველაზე ბედნიერი და ნათელი მონაკვეთი იყო ფრანკლინის ხანმოკლე ცხოვრებისა. სწორედ იქ მოღვაწეობამ მოუტანა სახელი და აღიარება. საერთაშორისო სამეცნიერო წრეებშიც გაითქვა სახელი და მეტად დაფასებული და აღიარებული მკვლევარი გახდა.

1951 წლის იანვრის დამდეგს დაბრუნდა ინგლისში და კინგსის კოლეჯში განაგრძო მუშაობა დნმის სტრუქტურის გასაშიფრად. დამოუკიდებელი მკვლევრის სტატუსი ჰქონდა იმ დაწესებულების ბიოფიზიკის განყოფილებაში, რომლის დირექტორიც გახლდათ ჯონ რენდალი. ორწლიანი შრომის, რევოლუციური აღმოჩენებისა და ფუნდამენტური კვლევების დასრულების შემდეგ, იძულებული გახდა, დაეტოვებინა ეს დაწესებულება (აუტანელი სამუშაო პირობების, კოლეგებთან გამწვავებული ურთიერთობისა და აკადემიურ სივრცეში გამეფებული სექსიზმის გამო) და ბირკბექის კოლეჯში გადასულიყო 1953 წლის 14 მარტს. შესანიშნავი გარემო დახვდა იქკოლეგები პატივს სცემდნენ და სათანადოდ აფასებდნენ. შორს დარჩა კინგსის კოლეჯის მიზოგინიური ატმოსფერო. ბირკბექში როზალინდი იკვლევდა რნმ, ვირუსების სტრუქტურას, თამბაქოს მოზაიკურ ვირუსს, ტურნეფსის ყვითელ მოზაიკურ ვირუსსა და პოლიოვირუსს. იქ მოღვაწეობამ მიიყვანა რევოლუციურ აღმოჩენებამდე და კიდევ ერთხელ ეწვია ბრწყინვალე წარმატება.

ფრანკლინის სიცოცხლეშივე აღიარეს მისი ღვაწლი ნახშირის, გრაფიტის, ხის ნახშირისა და ვირუსების კვლევაში, მაგრამ, სამაგიეროდ, არ დაუფასეს დნმის სტრუქტურის შესწავლაში შეტანილი განუზომელი წვლილი. ისე გავიდა რამდენიმე ათეული წელი, ფრანკლინის სახელიც კი არ უხსენებია არავის ამ უდიდეს აღმოჩენაზე მსჯელობისას. იგი ჩრდილიდან გამოვიდა 1968 წელს, როცა გამოქვეყნდა ჯეიმს უოსტონის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, „ორმაგი სპირალი“ (Watson 1968). ალბათ, სწორედ ესაა ყველაზე დიდი ირონია და პარადოქსი: მაინცდამაინც უოტსონი გახდა როზალინდის დიდების საწინდარი. იგი ყოველნაირად ცდილობდა ფრანკლინის დაკნინებას, მისი წვლილის მიჩქმალვას, მის წარმოჩენას არაკომპეტენტურ მეცნიერად; თავის წიგნშიც და საჯარო გამოსვლებისასაც არაერთხელ უწოდა უჭკუო ლურჯწინდა, ავი, უგემოვნო, ანჩხლი, თავხედი, კონფლიქტური ადამიანი, ასპერგერის სინდრომით შეპყრობილი სოციოპათი, ჭკუათხელი, მრისხანე მატრონა და უშნო ჰარპია, თუმცა, ვერ მიაღწია დასახულ მიზანს; სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო. მიუხედავად ყველაფრისა, ფრანკლინისადმი თვით ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი ვერ უარყოფენ მის გადამწყვეტ როლს; მისი მტრებისა და ოპონენტების განცხადებებიც კი ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადასტურებს მის რევოლუციურ აღმოჩენებს, ფასდაუდებელ ღვაწლს დნმის აგებულების ამოცნობასა და ორმაგსპირალური სტრუქტურის ნათელყოფაში. შესაბამისად, ეს მწვავე დებატები ეხება არა თვით ფრანკლინის უდიდეს დამსახურებასა და პიონერულ აღმოჩენებს (ეს ისედაც უტყუარად დასტურდება ყველა სამეცნიერო წყაროთი), არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმას, თუ რამდენად საკადრისად დააფასეს მისი ფუძემდებლური კონტრიბუცია; რატომ არ მიუთითეს არც კრიკმა და არც უოტსონმა იგი ორიგინალური წყაროს ავტორად (ყველა სამეცნიერო ლიტერატურისა და თვით კრიკისა და უოტსონის თანახმად, სწორედ როზალინდ ფრანკლინის ნაშრომი აღმოჩნდა გადამწყვეტი); რატომ არ ახსენეს ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე ამ მეცნიერის ესოდენ მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც, როგორც თავად კრიკი აღიარებს, ერთადერთი წყაროა, სწორი სტრუქტურის აგების საწინდარი რომ გახდა და რომლის გარეშეც სრულიად შეუძლებელი იქნებოდა მიზნის მიღწევა. ამაზე ნათლად მეტყველებს ის წერილიც, კრიკმა რომ გაუგზავნა ჟაკ მონოს 1961 წლის 31 დეკემბერს, ნობელის პრემიის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე.

 

დნმის რბოლა

მრავალი სწავლული ცდილობდა დნმის საიდუმლოს ამოცნობას მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. ნამდვილი რბოლა გაჩაღდა სამეცნიერო ლაბორატორიებს შორის. მოპაექრეთა რიგებში იყვნენ: როზალინდ ფრანკლინი, მორის უილკინსი, რეიმონდ გოსლინგი, ჰერბერტ უილსონი, ალექს (ალეკ) სტოუკსი (ლონდონის კინგსის კოლეჯიდან); კრიკუოტსონის ტანდემი (კემბრიჯის უნივერსიტეტის ქევენდიშის ლაბორატორიიდან); ლაინუს პოლინგი, რობერტ ქორეი (ამერიკიდან); სვენ ფიურბერგი (ბირკბექის კოლეჯიდან) და სხვები.

კინგსის კოლეჯის ბიოფიზიკის განყოფილების დირექტორმა, ჯონ რენდალმა, 1950 წლის 4 დეკემბერს მისწერა მეტად მნიშვნელოვანი წერილი საფრანგეთში მოღვაწე როზალინდ ფრანკლინს; აცნობა, რომ მხოლოდ იგი და რეიმონდ გოსლინგი იმუშავებდნენ დნმზე (Maddox 2003); (Klug 2004); (Elkin 2003); (Sayre 2000); (Judson 1996); (Glynn 2012); (Olby 1974). რენდალს საერთოდ არ უხსენებია მორის უილკინსის ინტერესი დნმისადმი, არც მისი კვლევები ამ მიმართულებით. აბსოლუტურად ყველა წყარო ადასტურებს, რომ უილკინსი თავის ასისტენტად მიიჩნევდა ფრანკლინს, ეს უკანასკნელი კი დამოუკიდებლად მუშაობდა, არ უზიარებდა თავის აღმოჩენებსა და ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ დასკვნებს. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს: სრული უფლება ჰქონდა ამისა, რამეთუ დაწესებულების დირექტორის წერილში ნათლად ეწერა: ფრანკლინი დამოუკიდებელი მკვლევრის ტიტულით დაიქირავა ლაბორატორიამ და არა უილკინსის ქვეშევრდომის, დამხმარისა და კოლბის დამჭერის სტატუსით. შესაბამისად, არავითარი ვალდებულება არ ჰქონდა მის წინაშე; დირექტორისაგან არ ჰქონდა დავალებული, საკუთარი მასალები გადაებარებინა მისთვის და აღმოჩენები გაენდო. სწორედ ფრანკლინის ამგვარი დამოუკიდებლობა აღიზიანებდა უილკინსს. როგორც თავად ეს უკანასკნელი იხსენებს, ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს და დიდი კონფლიქტი ჰქონდათ, შეიძლება, ითქვას, გადაუჭრელი უთანხმოებაც კი. ისე გამწვავდა მათი დაპირისპირება, ხმასაც კი არ სცემდნენ ერთმანეთს. ფრანკლინი საგულდაგულოდ ინახავდა თავის ნაშრომებს. სწორედ ეს გახდა განხეთქილების მიზეზი. აღსანიშნავია ისიც, რომ უილკინსი და რეიმონდ გოსლინგი ფრანკლინის დანიშვნამდე ბევრად ადრე იღებდნენ დნმის დიფრაქციულ სურათებს, მაგრამ არ მიუღწევიათ ისეთი ბრწყინვალე შედეგისათვის, როგორსაც მიაღწია დოქტორმა ფრანკლინმა (რაც მთავარია, ლაბორატორიაში მუშაობის დაწყების დღიდანვე). რენდალმა გოსლინგის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელის სტატუსი ჩამოართვა უილკინსს და ფრანკლინს გადაულოცა (Maddox 2003, 149–150); (Olby 1974).

როზალინდი 1951 წლის 5 იანვრიდან შეუდგა მუშაობას. დირექტორის გადაწყვეტილებით, ფრანკლინს გადაეცა დნმის საუკეთესო სინჯი. დაოსტატებულმა კრისტალოგრაფმა ძალიან დახვეწა და გააუმჯობესა კვლევის ხარისხი ლაბორატორიაში; ფოკუსიც გაუსწორა მიკროკამერას. უკვე სარგებლობდა ძალზე კარგი რეპუტაციით საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში. ფიზიკურ ქიმიაში განსწავლულმა მეცნიერმა მალევე აამაღლა მუშაობის სტანდარტი ლაბორატორიაში და მოწყობილობებიც დახვეწა; ოსტატურად ფლობდა დნმის სინჯის ჰიდრატაციის ხელოვნებას (Maddox 2003); (Olby 1974); (Sayre 2000); (Elkin 2003, 43). როცა უილკინსმა მოინდომა იმის გაგება, თუ როგორ მოახერხა ფრანკლინმა დანადგარებისა და ტექნიკის ასე თვალსაჩინოდ გაუმჯობესება, ამ უკანასკნელმა ისექედმაღლურად და ცივადუპასუხა, უილკინსმა დამცირებულად იგრძნო თავი (Wilkins 2005, 155). ფრანკლინი ღიზიანდებოდა, რადგან უილკინსი დაჟინებით მოითხოვდა მისგან თანამშრომლობას, მას კი დამოუკიდებლად მუშაობა სურდა (Maddox 2003); (Olby 1974); (Judson 1996); (Sayre 2000); (Elkin 2003, 43).

საჭიროა, ხაზი გავუსვათ კიდევ ერთ გარემოებას: უილკინსს ჰქონდა დნმის ძალიან კარგი სინჯი, რომელიც 1950 წლის გაზაფხულზე გადასცა მას და კიდევ რამდენიმე მეცნიერს ქალაქ ბერნში მოღვაწე ქიმიკოსმა, რუდოლფ სიგნერმა (Wilkins 2005); (Maddox 2003); (Judson 1996); (Watson 1968); (Olby 1974). ამ სინჯის გამოყენებით იღებდნენ ის და გოსლინგი დნმის (სხვებთან შედარებით) მკაფიო სურათებს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მიიღეს ისეთი მკაფიო გამოსახულებები, როგორიცფრანკლინმა. ყველა მეცნიერი შეთანხმდა იმის თაობაზე, რომ როზალინდის კრისტალოგრაფიული ნამუშევრები იყო საუკეთესო. ცნობილი კრისტალოგრაფი, ჯონ დესმონდ ბერნალი, წერს: ,,მის ფრანკლინი, როგორც მეცნიერი, უსაზღვრო სიზუსტით, სიცხადითა და ოსტატური სინატიფით გამოირჩეოდა. უზადო სრულყოფილებით შეასრულა ყველა ის საქმე, რომელიც წამოიწყო. მისმა ნამუშევრებმა ყველაზე ლამაზ დიფრაქციულ სურათებს შორის დაიმკვიდრეს ადგილი. არასოდეს, არც ერთი ნივთიერებისათვის არ გადაუღიათ ასეთი მშვენიერი სურათები.“ მეცნიერი განაგრძობს იმის აღწერას, თუ რაოდენ ბრწყინვალე შედეგებს იღებდა როზალინდი; რომ მაღალი ხარისხის ფოტოები ნაყოფი იყო თავდადებისა, უბადლო ტექნიკისა, სკრუპულოზური, ზედმიწევნითი სიზუსტისა, დნმის სინჯის ჰიდრატაციისა და დეჰიდრატაციის ხელოვნების სრულყოფილად ფლობისა (Bernal 1958). ამას ადასტურებენ თვით ფრანკლინისადმი უარყოფითად განწყობილი მეცნიერებიც კი, მათ შორის, უოტსონი (Watson 1968). უილკინსისა და გოსლინგის ერთობლივი ძალისხმევით გადაღებული სურათები ბევრად ჩამოუვარდებოდა ფრანკლინისას (Judson 1996); (Maddox 2003); (Olby 1974); (Elkin 2003); (Wilkins 2005); (Tobin and Dusheck 2005). ამას აღიარებს თვით უილკინსიც კი: „იძულებული გავხდი, თვალი გამესწორებინა ამ ფაქტისათვისკიდევ უფრო შორს უნდა წავსულიყავით რენტგენული დიფრაქციის მეთოდის განვითარების თვალსაზრისით. ნამდვილად არ ვიყავი კვალიფიციური ამ მხრივ. ამიტომ დავიქირავეთ როზალინდი“ (Judson 1996, 79). ფრანკლინის გაცნობამდე კარგა ხნით ადრე, უოტსონმა ნახა უილკინსის რამდენიმე (სხვა მეცნიერების ნამუშევრებთან შედარებით სუფთა და ცხადი) დიფრაქციული ფოტო ნეაპოლში ჩატარებულ კონფერენციაზე (Wilkins 2005, 138). სწორედ ამ გამოსახულებებმა გაუღვივა ინტერესი დნმისადმი, თუმცა, არც ერთ სურათს არ გამოუწვევია ისეთი აღფრთოვანება, როგორიცფრანკლინის ნამუშევრებმა (Watson 1968, 167). ფრანკლინის ფოტოები იყო ყველაზე სუფთა, ნათელი და მკაფიო. ვერავინ მიაღწია ასეთ მაღალ დონეს.

ნაყოფიერი კვლევის წყალობით, ფრანკლინი რამდენიმე დიდ აღმოჩენამდე მივიდა 1951 წლის სექტემბერში. 21 ნოემბერს ჩაატარა უმნიშვნელოვანესი სემინარი, სადაც წარმოადგინა თავისი რევოლუციური, უზუსტესი მიგნებები, მათემატიკურმოლეკულური კალკულაციები და რამდენიმე გარდამტეხი დებულება დნმის აგებულების შესახებ (Klug 2004); (Judson 1996); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Olby 1974). მეცნიერმა აღნიშნა, რომ დნმ იყო სპირალური აგებულების, რამდენიმეჯაჭვიანი (სავარაუდოდ, ორჯაჭვიანი) მოლეკულა; რომ დნმის შაქარფოსფატური ხერხემალი იყო სტრუქტურის გარეთ, აზოტოვანი ფუძეები კი იმალებოდა სტრუქტურის სიღრმეში (სხვა მეცნიერებს პირიქით ეგონათ) (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003); (Judson 1996); (Olby 1974). დოქტორმა ფრანკლინმა ზუსტად გამოთვალა წყლის მასა მოლეკულაში და ყურადღება გაამახვილა სტრუქტურის შიგნით მიმდინარე წყალბადური ბმების მნიშვნელობაზეც (Maddox 2003); (Klug 2004); (Olby 1974); (Judson 1996). სწორედ იმ სემინარზე აღნიშნა, რომ აღმოაჩინა დნმის ორი სხვადასხვა ფორმა, „“, ანუმშრალი“, დეჰიდრატირებული, „კრისტალური“, და“, ანუნოტიო“, „სველი”, მეტისმეტად ჰიდრატირებული, „პარაკრისტალური”. ეს სახელწოდებები თავად ფრანკლინმა მოიგონა. ყოველივე ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მეცნიერებს. ეჭვობდნენ, რომ დნმ სპირალური სტრუქტურისა იყო; ეს ჰიპოთეზა უკვე ტრიალებდა სამეცნიერო წრეებში (აღსანიშნავია ისიც, რომ არავინ იცოდა დაზუსტებით, ერთი სპირალი ჰქონდა, ორი, სამი, თუ ოთხი), მაგრამ არაფერი სმენოდათ დნმის ორი სახესხვაობის შესახებ (Klug 2004); (Maddox 2003); (Judson 1996); (Elkin 2003); (Sayre 2000); (Olby 1974). დნმის ორინაირსახეობისაღმოჩენამ ნათელი მოჰფინა ერთ უმთავრეს საკითხსრატომ იყო დნმის უწინდელი დიფრაქციული გამოსახულებები ესოდენ ბუნდოვანი და გაურკვეველი (მაგალითად, უილიამ ასტბერის, ფლორენს ბელის, უილკინსისა და გოსლინგის ფოტოები): ეს მეცნიერები ჰიდრატაციისა და დეჰიდრატაციის წესების დაუცველად, ერთდროულად იღებდნენ დნმის ორივე ფორმის ერთგვარნაზავს“, ასე ვთქვათ, „შერეულრენტგენოგრამებს (Olby 1974); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Judson 1996); (Elkin 2003). ფრანკლინის მტკიცებით, ჰიდროფილური შაქარფოსფატური ხერხემალი ხარბად იწოვდა წყალს და მოლეკულა საგრძნობლად იმატებდა სიგრძეში; შესაბამისად, იცვლებოდა სპირალთა დიამეტრიც. ამ საჯარო მოხსენებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უოტსონიცა და კრიკიც, თუმცა, კრიკმა ვერ შეძლო დასწრება. უოტსონმა ვერც დაიმახსოვრა ფრანკლინის აღმოჩენები და ვერც გაიგო (როგორც თავადვე აღიარებს, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა კრისტალოგრაფიაზე). ამიტომაც, გამრუდებული და დამახინჯებული ინფორმაცია გადასცა კრიკს (Maddox 2003); (Watson 1968); (Judson 1996); (Klug 2004); (Elkin 2003); (Sayre 2000). როზალინდის სემინარის ჩატარებიდან, დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ, კრიკმა და უოტსონმა ააწყვეს დნმის მოდელი; სიამაყით მიიწვიეს უილკინსი, ფრანკლინი, გოსლინგი და კინგსის კოლეჯის სხვა თანამშრომლები. დოქტორმა ფრანკლინმა თვალის ერთი შევლებით დაიწუნა მათი ნამუშევარი და მართალიც აღმოჩნდა (Olby 1974); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Judson 1996); (Elkin 2003); (Klug 2004). კრიკუოტსონის დუეტმა დნმის სამსპირალიანი, მცდარი სტრუქტურის სიღრმეში დამალა შაქარფოსფატური ხერხემალი, ხოლო აზოტოვანი ფუძეები გარეთ გაიტანა. გარდა ამისა, მოდელი შეიცავდა წლის ძალზე მცირე მასას. ფრანკლინმა აუხსნა მათ, რატომ იყო შეუძლებელი ამგვარი კონფიგურაცია და გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა წყლის მასის დიდ მნიშვნელობაზე. როგორც აღმოჩნდა, უოტსონმაუკუღმადაიმახსოვრა ყველაფერი: ფრანკლინმა გასაგებად აღნიშნა სემინარისას, რომ ჰიდროფილური ფოსფატური ჯგუფები სტრუქტურის გარეთ იყო, აზოტოვანი ფუძეები კიხერხემლის შიგნით, წყლისაგან დაცულ სივრცეში (Klug 2004); (Elkin 2003); (Maddox 2003). იმდენად სუსტი გამოდგა მათი ნახელავი, ვერავითარ კრიტიკას ვერ გაუძლო. გარდა ამისა, ფრანკლინმა სემინარისას აღნიშნა, რომ დაადგინა დნმის .. „სივრცული ჯგუფი“: C2 და სამგანზომილებიანი სიმეტრია: წახნაგცენტრირებული, მონოკლინური კრისტალური მესერი. კრისტალოგრაფიულ ცოდნას მოკლებულმა უოტსონმა ვერ გაიგო ამ ტერმინთა მნიშვნელობა. მათი ამ მარცხის შემდეგ, ქევენდიშის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლოურენს ბრეგმა, დამცირებულად იგრძნო თავი, რადგან მისმა გუნდმა ასეთი სამარცხვინო მარცხი იწვნია. მაშინვე უბრძანა კრიკსა და უოტსონს, შეეწყვიტათ ყოველგვარი კვლევა და აღარ ეფიქრათ დნმის მოდელების აგებაზე. მათაც აღიარეს ფიასკო. აი, ასე დასრულდა დნმის გასაშიფრად წამოყებული პირველი რბოლა 1951 წლის ნოემბერში (Olby 1974); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Judson 1996); (Elkin 2003); (Klug 2004).

ფრანკლინი განაგრძობდა მუშაობას, ფოტოების გადაღებას, ურთულეს მოლეკულურ კალკულაციებსა და მათემატიკურ ანალიზს. უილკინსმა თავის კოლეგას, ალექს (ალეკ) სტოუკსს სთხოვა დნმის ერთერთი რენტგენოგრამის გაშიფრვა; ეს უკანასკნელი შეუდგა საქმეს და კალკულაციების დასრულებისას აღნიშნა, რომ დნმ, სავარაუდოდ, სპირალური ფორმა ჰქონდა, თუმცა, არ გამოუქვეყნებია თავისი ჰიპოთეზა. უილკინსი ძალიან გაახარა ამ ამბავმა და ფრანკლინს შესთავაზა, მე, თქვენ და სტოუკსმა ვითანამშრომლოთო. როზალინდმა ისევ უარი მოახსენა, რადგან მისი ეს წინადადება თავის საქმეში უხეშ ჩარევად მიიჩნია და, როგორც თავად უილკინსი იხსენებს, უთხრა, შენს მიკროსკოპებს მიუბრუნდიო (Wilkins 2005); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Klug 2004). ესოდენ მოულოდნელმა აფეთქებამ და მკვახე სიტყვებმა ძალიან შეაცბუნა მორცხვი და მოკრძალებული უილკინსი (Wilkins 2005). მეტისმეტად გამწვავდა მათი კონფლიქტი. საქმეში ჩაერია ლაბორატორიის დირექტორი და მასთან შეთანხმებით გაინაწილეს სამუშაო (Maddox 2003, 155). ჯონ რენდალმა ფრანკლინს მიანდო დნმისფორმაზე მუშაობა, უილკინსს კიფორმა გადააბარა (Maddox 2003, 155); (Wilkins 2005, 158). ყოველივე ამის შედეგად, 1952 წლის დასაწყისიდან 1953 წლის იანვრის ბოლომდე როზალინდი მუშაობდა მხოლოდფორმაზე (Maddox 2003); (Klug 2004).

ფრანკლინმა და გოსლინგმა 1952 წლის მაისის დამდეგს გადაიღეს დნმისფორმის რიგით 51- რენტგენოგრამა. (ისტორიაში შევიდა სახელწოდებით „51- ფოტო“) (Klug 2004); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Judson 1996); (Olby 1974). „უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, გადაღება დაიწყო 1952 წლის 2 მაისს, პარასკევს, 19:30-ზე და დასრულდა 6 მაისს, სამშაბათს, 17:00-ზე. სწორედ ასეა აღნიშნული როზალინდ ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკში. ეს ფოტო ორივეს საერთო შრომის შედეგია“,_აღნიშნავს კინგსის კოლეჯის პროფესორი, ბრაიან სატონი, ჩემთან პირად საუბარში. სწორედ მას მიუწვდება ხელი კოლეჯის არქივში დაცულ მასალებზე: ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკზე, მის დიფრაქციულ სურათებზე, რენტგენოგრამებზე, 1952 წლის დეკემბერში დაწერილ წლიურ მოხსენებასა და სხვა უმნიშვნელოვანეს წყაროებზე. გარდა ამისა, ბრაიან სატონი პირადად იცნობდა უილკინსსა და გოსლინგს.

რაკი უილკინსთან გაჩაღებული კონფლიქტის გამო ფრანკლინმა (ლაბორატორიის დირექტორთან შეთანხმებით) საკვლევად აირჩია დნმის მხოლოდფორმა, გვერდზე გადადოფორმის ეს ძალზე ლამაზი და მკაფიო გამოსახულება (51- ფოტო) და განაგრძოფორმის გამოსახულების მათემატიკური ანალიზი. 1953 წლის იანვარში, ურთულესი კალკულაციების დამთავრების, პატერსონის გარდაქმნის (სხვაგვარად სუპერპოზიციას უწოდებენ) ფუნქციის ოსტატურად შესრულებისა და გულმოდგინე შრომის შედეგად დაადგინა: დნმისფორმას ჰქონდა ორი სპირალური ჯაჭვი და ეს ორი ჯაჭვი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა, ანუ ანტიპარალელური იყო (Klug 2004). ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკის 19 იანვრით დათარიღებულ გვერდზე აღნიშნულიაჩარგაფის წესები“ (ცნობილმა ებრაელმა მეცნიერმა, ერვინ ჩარგაფმა, დაადგინა დნმის ოთხი აზოტოვანი ფუძის კომპლემენტარობის წესი) და ქიმიკოს ჯუნ ბრუმჰედის სტატიებსა და დისერტაციაში აღწერილი კრისტალური სტრუქტურები ორი აზოტოვანი ფუძისაადენინისა და გუანინისა. სავსებით მართებული იყო მისი ყველა დასკვნა. გარდა ამისა, მიაგნო ოთხი აზოტოვანი ფუძიდან სამის სწორ ტაუტომერულ ფორმას (Klug 2004).

ამასობაში, 1953 წლის იანვრის მიწურულს, ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერებმა, ლაინუს პოლინგმა და რობერტ ქორეიმ, ააწყვეს დნმის სამსპირალიანი მოდელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ თითქმის ისეთივე შეცდომა დაუშვეს, როგორიცკრიკმა და უოტსონმა 1951 წლის ნოემბერში: აზოტოვანი ფუძეები გაიტანეს სტრუქტურის გარეთ, ხოლო შაქარფოსფატური ხერხემალი სიღრმეში შემალეს (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003); (Olby 1974); (Judson 1996). პოლინგი უთუოდ მაღალი რანგის, სახელოვანი და აღიარებული ქიმიკოსი იყო, მაგრამ მაინც ვერ დაადგინა აზოტოვანი ფუძეებისა და ფოსფატური ჯგუფების განლაგება. ეს შეამჩნია როზალინდმა, ჩამოწერა მისი ყველა შეცდომა, მისწერა წერილი და აუხსნა, რატომ იყო მცდარი მისი შემოთავაზებული სტრუქტურა (1953 წლის იანვრის ბოლოს). სავსებით მართებული აღმოჩნდა ფრანკლინის ყველა კრიტიკული მოსაზრება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მან ბიოქიმიის გურუს, ნობელის პრემიის ლაურეატსა და საყოველთაოდ აღიარებულ ავტორიტეტს შეუსწორა შეცდომა და უთხრა, რატომ იყო განლაგებული წყლის მოყვარული ფოსფატები სტრუქტურის გარეთ (Maddox 2003); (Elkin 2003); (Sayre 2000); (Franklin 1953).

პოლინგი აპირებდა ამერიკიდან ლონდონში გამომგზავრებას. კრიკსა და უოტსონს ეშინოდათ, რომ იგი მოისურვებდა დოქტორი ფრანკლინის ნახვას, ხოლო ეს უკანასკნელი აჩვენებდა თავის მასალებსა და ფოტოებს. უილკინსსაც გადაედო მათი შფოთვა და წერილი მისწერა ქევენდიშის ლაბორატორიაში მომუშავე მეგობრებს: „რა ჯანდაბა ვქნათ, როზიმ (!) რომ მოინდომოს პოლინგის ნახვა? თუკი სიტყვას გადავუკრავთ და მივანიშნებთ, უმჯობესი იქნება, არ შეხვდეო, ასე უფრო წავაქეზებთ და ჩვენს ჯიბრზე, ყველაფერს იღონებს მიზნის მისაღწევად. რატომ უნდა ყველას პოლინგის ნახვა ასე ძალიან?… ახლა რეიმონდმაც (გოსლინგმა) აიჩემა, პოლინგს უნდა შევხვდეო! ეშმაკმა დალახვროს!“ (Livio 2014, 148).

სამივე მეცნიერი ფიქრობდა, როგორ უნდა შეუშალათ ხელი ფრანკლინისათვის, როგორ უნდა აეცილებინათ თავიდან პოლინგისა და როზალინდის შეხვედრა. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თუკიროზითავის მასალებს აჩვენებდა ამერიკელ მეცნიერს, პოლინგი მალე მიხვდებოდა თავის შეცდომას (ცხადია, როზალინდის წყალობით) და ისინი უთუოდ შესძლებდნენ სწორი მოდელის აწყობას (Elkin 2003); (Klug 2004); (Maddox 2003); (Olby 1974). 1953 წლის 30 იანვარს მოხდა ის, რამაც გადაწყვიტა დნმის გასაშიფრად გაჩაღებულ რბოლაში ჩაბმულ მეცნიერთა ბედი: უოტსონი უილკინსის სანახავად მივიდა კინგსის კოლეჯში. რაკი გაიგო, რომ ეს უკანასკნელი დაკავებული იყო, ფრანკლინის სამუშაო ოთახში შევიდა, აჩვენა პოლინგის მცდარი მოდელი და უთხრა, თუკი არ გადმოგვცემ თქვენს მასალებს, პოლინგი დაგვასწრებს ფინიშის ხაზის გადაკვეთასო. ფრანკლინმა უარი უთხრა მასალების გადაცემაზე, დახედა ხელნაწერს და მაშინვე მიხვდა, უიმედოდ მცდარი იყო ეს შემოთავაზებული სტრუქტურა. უოტსონმა ისიც უთხრა ფრანკლინს, რომ არაკომპეტენტური იყო და საკუთარი ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მონაცემების სწორად განმარტებაც კი არ შეეძლო. როგორც თავად უოსტონი იხსენებს თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში, ამ სიტყვების გაგონებისას, ფრანკლინი წამოდგა და ისეთი გამომეტყველებით გაემართა მოურიდებელი და თავხედი უოტსონისაკენ, ახალგაზრდა კაცს შეეშინდა, რომ განრისხებული როზალინდი რაღაცას ჩასცხებდა თავში (მისივე სიტყვებია). სწრაფად დაავლო ხელი ხელნაწერს და თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ (Watson 1968); (Judson 1996); (Maddox 2003). როგორც იქნა, იპოვა უილკინსი და შესჩივლა, როზალინდმა, ლამის, მცემაო. უილკინსმა მაშინვე აჩვენა ფრანკლინისა და გოსლინგის „51- ფოტო“, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი იცოდა 1952 წლის მაისიდან (გადაღების დღიდან) 1953 წლის იანვრამდე.

უოტსონი წერს: „რაწამს ფოტო დავინახე, ყბა ჩამომივარდა და გული გამალებით ამიძგერდა“. (Watson 1968, 167). ლანჩის შემდეგ გაიქცა ქევენდიშის ლაბორატორიაში და ყველაფერი უამბო კრიკს. ცხადია, უილკინსმა ფრანკლინის დაუკითხავად და უნებართვოდ აჩვენა ეს ფოტო. რამდენიმე დღის შემდეგ, 1953 წლის თებერვლის დამდეგს, უილკინსმა მისწერა წერილი კრიკსა და უოტსონს და დაჰპირდა, რომ მალულად ჩაიწერდა ფრანკლინის იდეებს, ან დაიმახსოვრებდა და ყველაფერს აცნობებდა მათ (Olby 1974, 401); (Maddox 2003).

როგორც უკვე აღინიშნა, ფრანკლინმა 1953 წლის იანვრის მიწურულს დაასრულა დნმისფორმაზე მუშაობა, წარმატებით დააგვირგვინა ურთულესი მათემატიკური ანალიზი და აღმოაჩინა, რომ დნმის ამ სახესხვაობას ჰქონდა ორი სპირალური ჯაჭვი; ეს ჯაჭვები კი ანტიპარალელური იყო, ანუ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა. მისი ორივე აღმოჩენა სწორი გამოდგა (Klug 2004). კრიკს, უოტსონსა და უილკინსს წარმოდგენა არ ჰქონდათ, ასეთ გარდამტეხ აღმოჩენამდე რომ მივიდა როზალინდი. ცხადია, თავის მხრივ, ფრანკლინმა არ იცოდა, უილკინსმა „51- ფოტორომ აჩვენა უოტსონს; რომ (ერთი შეხედვით) მორცხვი, უენო და თავდაჯერებას მოკლებული უილკინსი წერილში მიცემული დაპირების თანახმად, მალულად იწერდა და იმახსოვრებდა მის ფრაზებს და კემბრიჯში მომუშავე კრიკსა და უოტსონს უგზავნიდა (Klug 2004); (Maddox 2003); (Sayre 2000). ფრანკლინმა სწორად გაშიფრა დნმისფორმის სტრუქტურა მრავალთვიანი მუშაობის შედეგად (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003). მთელი ამ ხნის განმავლობაში არ დაუწყია“-ზე მუშაობა, ანუ ამ ფორმის დიფრაქციული სურათების მათემატიკური ანალიზი. იგი შეთანხმებული იყო ლაბორატორიის დირექტორთან, რომ თავად მხოლოდსახესხვაობის ანალიზს შეუდგებოდა, ხოლოფორმის შესწავლას უილკინსს დაუთმობდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჯონ რენდალმა, რათა არც ერთი არ დარჩენილიყო უსაქმოდ.

მეცნიერმა მხოლოდ 1953 წლის თებერვალში დაიწყო დნმისფორმის გაშიფვრა (#51- ფოტოს ანალიზი) და სულ რამდენიმე დღის შემდეგ, კერძოდ, 24 თებერვალს, სწორად გამოიყვანა მისი სტრუქტურა; იპოვა მართებული კავშირი დნმისდაფორმებს შორისორივეს ჰქონდა ორმაგი სპირალი. მისი ლაბორატორიის წიგნაკი ცხადად ადასტურებს ამას (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003); (Sayre 2000). როგორც უკვე ითქვა, კიდევ ერთ რევოლუციურ აღმოჩენამდე მივიდა: იპოვა დნმის სამგანზომილებიანი კრისტალური სიმეტრია; დაადგინა: დნმის“, ანუ კრისტალური, „მშრალიფორმა ემყარებოდა წახნაგცენტრირებულ, მონოკლინურ კრისტალურ მესერს (Klug 2004); (Maddox 2003); (Judson 1996); (Elkin 2003); (Sayre 2000); (Olby 1974). არსებობს 230 კრისტალური სიმეტრია, იგივე “space group” (ერთგვარისივრცული ჯგუფი“). ფრანკლინმა ეს 230 სიმეტრია შეკვეცა ერთამდე და დაამტკიცა მისი სისწორე. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, დოროთი ჰოჯკინი და კრისტალოგრაფი ჯეკ დიუნიცი აღნიშნავენ, ეს უკვე არა ქიმიკოსის, არამედ სტერეოქიმიკოსის სამუშაოა. უილკინსმა კრიკსა და უოტსონს მისწერა: „იმედი მაქვს, მალე მოგვშორდება ის კუდიანი, უკვალოდ გაქრება ალქაჯების თანმდევი ნისლბურუსი, თვალს რომ გადაგვკვრია და ნათლად დავინახავთ ყველაფერს“. (Maddox 2003); (Olby 1974). „ასე მგონია, საინტერესო რამ უნდა შეგატყობინო: მომავალ კვირას დაგვტოვებს ჩვენი შავბნელი ლედი. მთელი სამგანზომილებიანი მასალები უკვე ჩვენს ხელშია (…) ახლა კი უნდა დავფაცურდეთ და სასწრაფოდ შევუდგეთ საქმეს. დიდხანს არ გასტანს ეს ამბავი“ (Maddox 2003); (Olby 1974).

*

სტატიის მეორე ნაწილში მიმოვიხილავთ, როგორ გამოიყენეს უოტსონმა და კრიკმა ფრანკლინის წლიური მოხსენება, რომელსაც ძალიან იშვიათად ახსენებენ მეცნიერების ისტორიკოსები, ჟურნალისტები, ზემოაღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირები, უოტსონის, კრიკისა და უილკინსის დამცველები, პოპულარული საიტები და თვით ის გამოცემებიც კი, ფრანკლინის როლის საკადრისად დაფასებას რომ მოითხოვენ. სამწუხაროდ, მათ მხოლოდ „51- ფოტოდა უილკინსი მოაქციესფოკუსშიდა თითქმის სულ არ აქცევენ ყურადღებას როზალინდის იმ უმნიშვნელოვანეს და გარდამტეხ სამეცნიერო დოკუმენტს, სწორი მოდელის აწყობის საწინდრად რომ იქცა.