როზალინდ ფრანკლინი - საუკუნის იუბილე და საუკუნო მემკვიდრეობა

ნიკოლას გელოვანი

ეძღვნება მაია ქაცანაშვილს

2020 წლის 25 ივლისს როზალინდ ფრანკლინის იუბილე აღნიშნეს. ზუსტად ასი წელი შეუსრულდებოდა 1920 წელს დაბადებულ ამ მეცნიერს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაიგეგმა მრავალი ღონისძიება, კონფერენცია, სემინარი, საჯარო მოხსენება, ხსოვნის საღამო… მკვლევრები, სტუდენტები, მეცნიერები, ყოფილი კოლეგები და ბიოგრაფები მოიგონებენ როზალინდს, გაიხსენებენ მის ნაშრომ-ნაღვაწს, აღმოჩენებს, მიღწევებს… მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა რამდენიმე დარგში: ფიზიკურ ქიმიაში, ბიოქიმიაში, ბიოფიზიკაში, კრისტალოგრაფიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში, გენეტიკაში, მინერალოგიასა და სტრუქტურულ ვირუსოლოგიაში.

***

ძალზე გავლენიან და შეძლებულ ებრაელთა ოჯახში დაბადებულმა როზალინდმა ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მეცნიერი უნდა გამხდარიყო. მის მამას არ სურდა, ამ გზას გაჰყოლოდა, რამეთუ მეცნიერება ქალისათვის შეუფერებელ დარგად მიაჩნდა. ფრანკლინის მამიდამ და დეიდამ გადაწყვიტეს, სწავლის საფასური გადაეხადათ ყმაწვილქალისათვის, რომელიც ხარბად ეწაფებოდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, მათემატიკას, ქიმიას, ფიზიკას, ბიოფიზიკას, ფიზიკურ ქიმიას, ბიოლოგიას…

როცა წარჩინებით დაასრულა სწავლა წმინდა პავლეს სახელობის გოგონათა კოლეჯში, შესთავაზეს, თავად აერჩია სასურველი ჯილდო. ქალიშვილმა ფიზიკის სახელმძღვანელო აირჩია და უარი თქვა ზიზილ-პიპილებით მორთულ საჩუქრებზე. ჯერ ნიუნჰემის ქალთა კოლეჯი დაამთავრა, მერე კი კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

როცა სახელმწიფო დაწესებულებამ («British Coal Utilisation Research Association») მიიწვია სამუშაოდ, ახალგაზრდამ პიონერული კვლევები ჩაატარა ნახშირსა და გრაფიტზე. სწორედ ეს საკითხი დაამუშავა თავის დისერტაციაში. 1945 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი. ნახშირის სხვადასხვა ტიპის კლასიფიკაციას შეუდგა და ერთმანეთისაგან გამიჯნა ნახშირის ორი სახესხვაობა: 1. ნახშირი, რომელიც გარდაიქმნება გრაფიტად; 2. ნახშირი, რომლის გრაფიტიზაციაც შეუძლებელია.

ეს წლები ძალზე ნაყოფიერი გამოდგა მეცნიერისათვის. მისი რევოლუციური აღმოჩენებისა და მიგნებების წყალობით დაამზადეს აირწინაღების სულ სხვაგვარი მოდელი მეორე მსოფლიო ომის დროს და ამგვარად იხსნეს უამრავი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე.

მისი ეს ავტორიტეტული კვლევები დღემდე გამოიყენება. დამწყებმა მეცნიერმა დეტალურად გამოიკვლია ნახშირის პოროვანი ფენები, გრაფიტიზაციის პროცესიც აღწერა და დაადგინა: ნახშირი ასრულებდა ერთგვარი „მოლეკულური საცრის“ როლს, ანუ ტემპერატურის ცვლილებისას, ზოგ მოლეკულას ატარებდა, ზოგს კი ბლოკავდა.

1947 წელს მიიწვია ფრანგულმა ლაბორატორიამ, «Laboratoire Central des Services Chimiques de l’Etat». სწორედ პარიზში დაეუფლა კრისტალოგრაფიასა და რენტგენულ დიფრაქციას. როგორც მისი ბიოგრაფები, ენ სეირი და ბრენდა მადოქსი, ასევე, თავად ფრანკლინის და, ჯენიფერ ფრანკლინ-გლინი, აღნიშნავენ, საფრანგეთში გატარებული ოთხი წელიწადი ყველაზე ბედნიერი და ნათელი მონაკვეთი იყო ფრანკლინის ხანმოკლე ცხოვრებისა. პარიზში მოღვაწეობამაც მოუტანა სახელი, დიდება და აღიარება. საერთაშორისო სამეცნიერო წრეებშიც გაითქვა სახელი და მეტად დაფასებული და აღიარებული მკვლევარი გახდა.

***

1951 წლის იანვრის დამდეგს ბრიტანეთის კინგსის კოლეჯში მიიწვიეს, რათა დნმ-ის სტრუქტურის გასაშიფრად დაეწყო მუშაობა. ლაბორატორიის დირექტორმა, ჯონ რენდალმა, დამოუკიდებელი მკვლევრის ტიტული მიანიჭა.

კვლევის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ მივიდა გარდამტეხ და რევოლუციურ აღმოჩენებამდე: დაადგინა, რომ არსებობდა დნმ-ის ორი სხვადასხვა ფორმა და მათი ტრანსფორმაცია ჰიდრატაციის პროცესსა და დონეზე იყო დამოკიდებული: როცა დნმ ხარბად იწოვდა წყალს, მოლეკულა საგრძნობლად იმატებდა ზომაში და მისი პარამეტრებიც იცვლებოდა, ხოლო როცა წყალი გამოეცლებოდა, გამოშრებოდა და ფარდობითი ჰიდრატაციის დონე ქვეითდებოდა, მოლეკულა იკუმშებოდა და ვიწროვდებოდა. მეცნიერმა ამ ორ ფორმას უწოდა „ა“ (ანუ მშრალი, კრისტალური, დეჰიდრატირებული) და „ბ“ (ანუ სველი, პარაკრისტალური, ჰიდრატირებული). წყლის დონის ოსტატურად გაკონტროლების წყალობით, სულ იოლად იღებდა დნმ-ის ორივე სახესხვაობას. რენტგენის სხივების დამიზნების შედეგად უღებდა ფოტოებს დნმ-ის ბოჭკოს, რომელსაც თმის ღერის სიგრძე და სიგანე ჰქონდა. თითო რენტგენოგრამის მიღებას სჭირდებოდა 60-დან 100 საათამდე უწყვეტი სხივთტეხა. დნმ-ის ორი „ნაირსახეობის“ აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა ერთ უმთავრეს საკითხს – რატომ იყო დნმ-ის უწინდელი დიფრაქციული გამოსახულებები ესოდენ ბუნდოვანი და გაურკვეველი (მაგალითად, უილიამ ასტბერის, ფლორენს ბელის, უილკინსისა და გოსლინგის ფოტოები): ეს მეცნიერები ჰიდრატაციისა და დეჰიდრატაციის წესების დაუცველად, ერთდროულად იღებდნენ დნმ-ის ორივე ფორმის ერთგვარ „ნაზავს“, ასე ვთქვათ, „შერეულ“ რენტგენოგრამებს.

ფორმების ერთმანეთისაგან გამიჯვნამ საშუალება მისცა ფრანკლინს, თითოეულისათვის ცალ-ცალკე გადაეღო ფოტოები და ბევრად უფრო სუფთა, ნათელი და მკაფიო გამოსახულებები მიეღო. მეტისმეტად გამწვავდა როზალინდისა და მორის უილკინსის კონფლიქტი, რადგან ეს უკანასკნელი დაჟინებით მოითხოვდა მისგან თანამშრომლობას. საქმეში ჩაერია ხელმძღვანელი და მასთან შეთანხმებით გაინაწილეს სამუშაო. რენდალმა ფრანკლინს მიანდო დნმ-ის „ა“ ფორმაზე მუშაობა, უილკინსს კი „ბ“ ფორმა გადააბარა. ყოველივე ამის შედეგად, 1953 წლის იანვრის ბოლომდე როზალინდი მუშაობდა მხოლოდ „ა“ ფორმაზე. ატარებდა მეტისმეტად რთულ მათემატიკურ ანალიზს, ასრულებდა მოლეკულურ კალკულაციებს და იყენებდა პატერსონის გარდაქმნის, ე.წ. „სუპერპოზიციის“ მეთოდს, რომლის წყალობითაც ნათელი მოჰფინა დნმ-ის ორივე ფორმის სტრუქტურას. მივიდა დასკვნამდე, რომ დნმ-ის შაქარ-ფოსფატური ხერხემალი სტრუქტურის გარეთ იყო, ხოლო ოთხი აზოტოვანი ფუძე (ადენინი, გუანინი, თიმინი და ციტოზინი) მოლეკულის შიგნით, წყლოვანი გარემოსაგან დაცულ სიღრმეში იმალებოდა (სხვა მეცნიერებს ეგონათ, ფოსფატები დნმ-ის შიგნით იყო, ფუძეები კი გარეთ). ზედმიწევნით ზუსტად გამოთვალა წყლის მასა მოლეკულაში. სრული სიცხადით დაადგინა დნმ-ის მთელი გეომეტრიული კონფიგურაცია, ჩახლართული, სამგანზომილებიანი აგებულება, ატომთა განლაგება და სრული როტაციული სიმეტრია. სკრუპულოზური სიზუსტით გამოთვალა სპირალთა დიამეტრი, კოაქსიალური (თანაღერძული) ძაფების ერთმანეთისაგან დაშორება ძაფის ღერძის გასწვრივ და სპირალის ბიჯი, ნუკლეოტიდთა რაოდენობა სპირალის ერთ ხვეულაში, დნმ-ის ღარების დიამეტრი და ა.შ. გაიაზრა, რომ დნმ-ი ემყარებოდა წახნაგ-ცენტრირებულ, მონოკლინურ კრისტალურ მესერს. დაადგინა დნმ-ის სამგანზომილებიანი „სივრცული ჯგუფი“, C 2 და ამომწურავად აღწერა პარამეტრები: a = 22.0 Å, b = 39.8 Å, c = 28.1 Å, β = 96.5°. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ არსებობს 230 კრისტალური სიმეტრია, იგივე “space group” („სივრცული ჯგუფი“). ფრანკლინმა ეს 230 სიმეტრია შეკვეცა ერთამდე და დაამტკიცა მისი სისწორე. ეს უკვე არა ქიმიკოსის, არამედ სტერეოქიმიკოსისა და კრისტალოგრაფის სამუშაოა.

1953 წლის 19 იანვარს დარწმუნდა, რომ დნმ-ის „ა“ ფორმას ჰქონდა ორი სპირალური ჯაჭვი და ეს ორი ჯაჭვი ანტიპარალელურად იყო გადახლართული, ანუ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა. ჯაჭვთა როტაციული სიმეტრიაც დაადგინა: 2-fold axis.

1953 წლის 24 თებერვალს საბოლოოდ აღმოაჩინა სწორი კავშირი დნმ-ის ორ ფორმას შორის: ორივეს ორმაგი სპირალი ჰქონდა. ფრანკლინმა ეს აღმოჩენები და დასკვნები შეაჯამა თავის წლიურ მოხსენებაში, რომელიც გაუგზავნა კვლევითი პროგრამის დამფინანსებელ კომისიას, “Medical Research Council“-ს. სწორედ ამ საბჭოს წევრმა, მაქს პერუცმა, გადასცა (1953 წლის თებერვალში) გადამწყვეტი აღმოჩენებითა და გამოთვლებით დახუნძლული ეს მოხსენება ფრანკლინის კონკურენტ მეცნიერებს, უოტსონსა და კრიკს. მათ ისე გამოიყენეს როზალინდის მასალები, არც კი უხსენებიათ მისი სახელი. მისი კალკულაციები და მიგნებები წყაროს ციტირების წესის დაცვითაც კი არაა ნახსენები მათს სტატიაში.

მთავარი ისაა, რომ ფრანკლინს არასოდეს გაუგია ეს ამბავი. მისთვის არავის გაუმხელია, მისი წლიური მოხსენება რომ გადასცეს უოტსონსა და კრიკს. ისე ჩავიდა საფლავში, ვერ შეტყო ეს საიდუმლო.

სწორედ მაშინ, 1953 წლის თებერვალში, უილკინსი დაჰპირდა უოტსონსა და კრიკს, რასაც გამოვტყუებ როზის, მალულად ჩავიწერ, ან დავიმახსოვრებ და ყველაფერს გაცნობებთო. უილკინსის დამცველნი ამტკიცებენ, რომ იგი „ძალზე კეთილსინდისიერი და მოკრძალებული“ მეცნიერი იყო. მათ საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ „ძალზე კეთილსინდისიერი და მოკრძალებული“ მეცნიერები მალულად არ იწერენ სხვა მეცნიერთა მიგნებებს.

უილკინსმა ფრანკლინის უნებართვოდ აჩვენა უოტსონს ერთი გარდამტეხი მასალა: რენტგენოგრამა. როზალინდმა და მისმა სტუდენტმა, რეიმონდ გოსლინგმა, 1952 წლის მაისის დამდეგს გადაიღეს დნმ-ის „ბ“ (სველი, პარაკრისტალური, ჰიდრატირებული) ფორმის სურათი, რომელიც ისტორიაში შევიდა სახელწოდებით „51-ე ფოტო“. „უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, გადაღება დაიწყო 1952 წლის 2 მაისს, პარასკევს, 19:30-ზე და დასრულდა 6 მაისს, სამშაბათს, 17:00-ზე. სწორედ ასეა აღნიშნული როზალინდ ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკში. ეს ფოტო ორივეს საერთო შრომის შედეგია“, – აღნიშნავს კინგსის კოლეჯის პროფესორი, ბრაიან სატონი, ჩემთან პირად მიმოწერაში. სწორედ მას მიუწვდება ხელი კოლეჯის არქივში დაცულ მასალებზე: ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკზე, მის დიფრაქციულ სურათებზე, რენტგენოგრამებზე, წლიურ მოხსენებებსა და სხვა უმნიშვნელოვანეს წყაროებზე. ბრაიან სატონი პირადად იცნობდა უილკინსსა და გოსლინგს. რაკი უილკინსთან გაჩაღებული კონფლიქტის გამო ფრანკლინმა (ლაბორატორიის დირექტორთან შეთანხმებით) საკვლევად აირჩია დნმ-ის მხოლოდ „ა“ ფორმა, გვერდზე გადადო „ბ“ ფორმის ეს ძალზე ლამაზი და მკაფიო გამოსახულება (51-ე ფოტო) და განაგრძო „ა“ ფორმის გამოსახულების მათემატიკური ანალიზი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ითქვას დნმ-ის სხვადასხვა ფორმების ამსახველ ფოტოებს შორის გამოკვეთილი უდიდესი სხვაობის თაობაზე: კრიკმა გარკვევით მისწერა უილკინსს 1953 წლის 5 ივნისს, ანუ მათი ხმაურიანი სტატიის გამოქვეყნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ: „პირველად მომეცა „ა“ ფორმის სტრუქტურის სურათის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა. ჰოდა, უნდა ვთქვა: ბედნიერი ვარ, უფრო ადრე რომ არ ვნახე ეს გამოსახულება, რადგან რომ მენახა, ძალიან ავფორიაქდებოდი და თავგზა ამერეოდა“. რატომ მისწერა ეს გახარებულმა კრიკმა? რატომ დაიბნა? რამ აურია თავგზა?

საქმე ისაა, რომ დნმ–ის „ა“ ფორმის რენტგენული გამოსახულება („ბ“ ფორმის ფოტოსაგან განსხვავებით) არ ადასტურებდა სპირალურ აგებულებას. კრიკსა და უოტსონს ხელში ჩაუვარდათ მხოლოდ „ბ“-ს კრისტალოგრაფიული სურათი, მკაფიოდ რომ აჩვენებდა სპირალურ მოყვანილობას. კრიკი უმალ მიხვდა, რატომ არ ჩქარობდა ფრანკლინი დასკვნის გამოტანას „ა“ ფორმის შესახებ; რატომ უნდოდა მოლეკულური კალკულაციების დასრულება და რატომ დასჭირდა ამდენი დრო დასკვნის გამოსატანად.

დიდი კამათია გაჩაღებული იმის თაობაზე, მოიპარეს თუ არა მათ ფრანკლინის მასალები, თუმცა, დღესავით ნათელია ერთი რამ: როცა მკვლევარი სხვის მასალას იყენებს (თანაც, ესოდენ გადამწყვეტსა და ფუძემდებლურს), მაგრამ არ ციტირებს ავტორსა და წყაროს, პლაგიატორი და ქურდია. არათუ ასეთი გარდამტეხი მასალა, არამედ ერთი წინადადებაც რომ ისესხოს სხვისგან, ისიც კი უნდა დაიმოწმოს ნაშრომში შესაბამისი წესის დაცვით. რაც არ უნდა აღიარებული და სახელოვანი მეცნიერი გახდეს, მაინც ვერ გათავისუფლდება აკადემიური შრომის ფუნდამენტური პრინციპებისაგან.

უოტსონმა და კრიკმა განაწყენებული დატოვეს ჯერი დონოჰიუც. სწორედ ამ ქიმიკოსმა უთხრა უოტსონს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ადენინი შეუწყვილა ადენინს, თიმინი – თიმინს, გუანინი – გუანინს, ციტოზინი კი – ციტოზინს; მწვავედ გააკრიტიკა აზოტოვან ფუზეთა ენოლური წყობის გამოყენების გამო და უკარნახა, ენოლურის ნაცვლად, კეტო-კონფიგურაცია უნდა სცადოო.

დნმ-ის მოდელის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დონოჰიუმ უთხრა ისტორიკოს ჰორას ჯადსონს: „მოდით, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: ბედისწერას რომ არ გადავესროლე ქევენდიშის ლაბორატორიაში, ასე რომ არ მომხდარიყო და არ ვყოფილიყავი კრიკისა და უოტსონის გვერდით 1952 წლის მიწურულსა და 53-ის დამდეგს, ისინი ახლაც უაზროდ იჩხირკედელავებდნენ და ერთსა და იმავე ფუძეებს შეაწყვილებდნენ ენოლური ფორმებით“.

მეცნიერი იმიტომ აღნიშნავს ამ ფაქტს ასე ხაზგასმით, რომ უოტსონმა ვერ მოახერხა აზოტოვანი ფუძეების შეწყვილება, სანამ დონოჰიუ არ მიეშველა, გარდამტეხი ინფორმაცია არ მიაწოდა კეტო-კონფიგურაციების, სწორი ტაუტომერული ფორმებისა და წყალბადური ბმების შესახებ და არ დაუმტკიცა, რომ ადენინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეწყვილებინა ადენინთან, გუანინი – გუანინთან და ა.შ. ერთი და იმავე ფუძეების შეწყვილება უოტსონის არაკომპეტენტურობისა და არაკვალიფიციურობის ნათელი მაგალითი აღმოჩნდა.

დონოჰიუ იმედგაცრუებული და განრისხებული დარჩა, რადგან კრიკმა და უოტსონმა არ გადაუხადეს დამსახურების შესაფერი და საკადრისი მადლობა. ამ ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფრანკლინმა დამოუკიდებლად მიაგნო დნმ-ის ოთხი აზოტოვანი ფუძიდან სამის სწორ ტაუტომერულ ფორმას, მართებულ კეტო-კონფიგურაცებსა და კრისტალურ სიმეტრიებს, ხოლო უოტსონს ჯერი დონოჰიუმ ასწავლა ოთხივე ფუძის სწორი ტაუტომერული ფორმა და კეტოკონფიგურაციები და ეს დიდი აღმოჩენა იყო მისთვის.

მისგან განსხვავებით, როზალინდი თითქმის სრულ იზოლაციაში მუშაობდა და დამოუკიდებლად მივიდა ყველა აღმოჩენამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ უოტსონმა და კრიკმა გამოიყენეს ქიმიკოს ჯუნ ბრუმჰედის ნაშრომებიც, თუმცა, არც მისი წვლილი არ აღუნიშნავთ. სწორედ ჯერი დონოჰიუმ აჩვენა უოტსონს ბრუმჰედის სადოქტორო დისერტაცია, სადაც დეტალურად იყო აღწერილი აზოტოვან ფუძეებს შორის წარმოქმნილი წყალბადური ბმების უდიდესი მნიშვნელობა, ადენინისა და გუანინის კრისტალური სტრუქტურები და სწორი ტაუტომერული ფორმები.

დონოჰიუ ბრუმჰედის სტატიებსა და ნაშრომებს შეისწავლიდა იმ პერიოდში. უოტსონს იმ თვალსაზრისითაც გაუმართლა, რომ ხელში ჩაუვარდა ბრუმჰედის დისერტაცია. ადენინისა და გუანინის კრისტალური სტრუქტურა ბრუმჰედის დიაგრამების წყალობით აღმოაჩინა. კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირის განცხადებით, კრიკი და უოტსონი დიდად იყვნენ დავალებულნი ჯუნისაგან, თუმცა, გაკვრითაც კი არ უხსენებიათ ამ მეცნიერი ქალის და არც მისი კოლეგების განუზომელი დამსახურება. არც მადლობა გადაუხდიათ ეტიკეტის დაცვით. მისი დისერტაციისა და სტატიების ციტირების წესით დამოწმებაზე კი საუბარიც ზედმეტია.

სახელმოხვეჭილი მეცნიერი, ერვინ ჩარგაფი, აღაშფოთა საკუთარი ღვაწლის უგულებელყოფამ, რამეთუ სწორედ მან დაადგინა, ე.წ. „ჩარგაფის წესი“. მისი აღმოჩენის თანახმად, დნმ-ის ოთხ აზოტოვან ფუძეს შორის განსაკუთრებული შეფარდება არსებობს: ადენინისა და თიმინის „ხვედრითი წილი“ თანაბარია და გუანინისა და ციტოზინის მასა უტოლდება ერთმანეთს. ჩარგაფმა პროტესტის ნიშნად დატოვა ლაბორატორია, პლაგიატში დასდო ბრალი უოტსონსა და კრიკს და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს მისწერა თავისი წვლილის დაკნინების შესახებ. მან დაიცვა განსვენებული ფრანკლინი, როცა 1968 წელს გამოქვეყნდა უოტსონის „ორმაგი სპირალი“. ჩარგაფმა ვრცელი სტატია დაწერა უოტსონის პლაგიატობის, მეცნიერი ქალისადმი გამოჩენილი უსამართლობისა და უპატივცემულობის შესახებ და ხაზი გაუსვა როზალინდის გადამწყვეტ როლს დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში.

ასე მოიქცა ჯერი დონოჰიუც. როცა ფრანკლინის გარდაცვალების შემდეგ გამოაშკარავდა მისი მასალების უნებართვოდ გადაცემის ფაქტი, მაქს პერუცმა უამრავი წერილი მიიღო მეცნიერთაგან. მან მხოლოდ იმით იმართლა თავი, რომ 1953 წელს გამოუცდელი და დაუდევარი იყო და ვერ ერკვეოდა ადმინისტრაციულ საკითხებში.

ჯერი დონოჰიუს შეფასებით, მეტისმეტად ბრიყვული და არადამაჯერებელი იყო მისი ახსნა-განმარტება. შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ დონოჰიუს, თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ იმართლა თავი პერუცმა. მხოლოდ ერთი რამაა მნიშვნელოვანი: ისე გამოიყენეს როზალინდის მოხსენება, არც კი ახსენეს მისი სახელი. უნდა ითქვას ისიც, რომ უილკინსმაც ინანა თავისი საქციელი. თავის მემუარებში კი დაწერა: „ძალზე უგუნური ვიყავი, ჯიმს რომ ვაჩვენე ეს („51-ე ფოტო“). გარდა ამისა, უილკინსმა აღიარა ფრანკლინის გადამწყვეტი როლი, როცა უთხრა ჯონ რენდალს: „ჩვენ მოყვარულები ვიყავით, როზალინდი – პროფესიონალი“.

1974 წელს ჩატარებული შეხვედრისას უოტსონმა ჰკითხა კრიკს: „ფრენსის, როგორ ფიქრობ, გაგვიმართლა, თუ ეს ჭეშმარიტად გონებრივი შრომის შედეგი იყო?“ კრიკმა მიუგო: „როგორც ვხვდები, უთუოდ გაგვიმართლა“. თუ გავითვალისწინებთ როზალინდის ხასიათსა და ტემპერამენტს, ნათელი გახდება ერთი რამ: საშინლად განრისხდებოდა, თუკი შეიტყობდა, რომ უოტსონმა და კრიკმა გამოიყენეს მისი მასალები.

ამ მოსაზრებას ამყარებს 1951 წლის მიწურულს კინგსის კოლეჯში მომხდარი ინციდენტი: მეცნიერი ძლიერ აღშფოთდა, როცა გაიგო, რომ სემინარზე მოწვეული ერთი სტუმარი აპირებდა (ფრანკლინის) იდეების გამოქვეყნებას მისი სახელის ხსენებისა და საკადრისი პატივის მიგების გარეშე. როზალინდმა ვერ აიტანა საკუთარი ღვაწლის დაკნინება. მისი რისხვის ობიექტი ლინ ელკინისაგან ჩაწერილ ინტერვიუში იხსენებს: „ისეთი წერილი მომწერა (ფრანკლინმა), თავზარი დამეცა. ისეთი ტონით მომთხოვა თანაავტორობა…“.

როზალინდის და, ჯენიფერ ფრანკლინ-გლინი, ამბობს: „საშინლად განრისხდებოდა და მომეტებული გამძვინვარებისაგან აფეთქდებოდა, რომ გაეგო, მის უნებართვოდ შეამოწმეს მისი მასალები. ჩემი და 37 წლისა გარდაიცვალა საკვერცხის კიბოთი. არც კი იცოდა, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღოდა ამ აღმოჩენაში. ძალზე სამართლიანი ადამიანი იყო და მძაფრად განიცდიდა უსამართლობის ყოველგვარ გამოვლინებას“.

***

როგორ გაგრძელდა ფრანკლინის სამეცნიერო კარიერა დნმ-ის რბოლის დასრულების შემდეგ? 1953 წლის მარტში, ორწლიანი შრომის, რევოლუციური აღმოჩენებისა და ფუნდამენტური კვლევების დამთავრების შემდეგ, იძულებული გახდა, დაეტოვებინა კინგსის კოლეჯი (აუტანელი სამუშაო პირობების, კოლეგებთან გამწვავებული ურთიერთობისა და აკადემიურ სივრცეში გამეფებული სექსიზმის გამო) და ბირკბექის კოლეჯში გადასულიყო.

შესანიშნავი გარემო დახვდა იმ დაწესებულებაში – კოლეგები პატივს სცემდნენ და სათანადოდ აფასებდნენ. შორს დარჩა კინგსის კოლეჯის მიზოგინიური ატმოსფერო.

ბირკბექში როზალინდი იკვლევდა რნმ-ს, ვირუსების სტრუქტურას, თამბაქოს მოზაიკურ ვირუსს, ტურნეფსის ყვითელ მოზაიკურ ვირუსს, სხვადასხვა მცენარეთა ვირუსებსა და პოლიოვირუსს. იქ მოღვაწეობამაც მიიყვანა რევოლუციურ აღმოჩენებამდე და კიდევ ერთხელ ეწვია ბრწყინვალე წარმატება.

კრისტალოგრაფიული მეთოდის მეშვეობით გაშიფრა თამბაქოს მოზაიკური ვირუსის აგებულება, გამოაქვეყნა კვლევა და თავდაყირა დააყენა დამკვიდრებული იდეები. დაამხო ცნობილი ვირუსოლოგის, ნორმან ფაირის, მოსაზრებები.

მართალი აღმოჩნდა: მისი იდეების სისწორე დამტკიცდა მისი სიკვდილის შემდეგ.

1956 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს – შეიტყო, რომ საკვერცხის კიბო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თავდაუზოგავად შრომობდა.

1957 წელს დაფინანსება მოითხოვა ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისაგან, რათა ბირკბექის კოლეჯს გაეგრძელებინა კვლევა-ძიება. მიზანს მიაღწია – 10,000 სტერლინგი გამოუყვეს. ესოდენ დიდი თანხა არასოდეს მიეღო ამ დაწესებულებას. იმავე წელს მიიწვიეს ბრიუსელში, ცნობილ სიმპოზიუმზე, სადაც უნდა წარმოედგინა ვირუსის სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც კოლეგებთან ერთად ააგო.

როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, როზალინდი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა მოახლოებულ გამოფენაზე. სიამაყით ამბობდა, მალე წარვუდგენ ხალხს ჩემს მოდელსო.

სამწუხაროდ, არ დასცალდა: ისე დასუსტებული და დაუძლურებული იყო, ვერ შეძლო გამგზავრება. 1958 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა ლონდონში. მეორე დღეს, 17 აპრილს, მისმა თანამშრომლებმა სევდანარევი სიამაყით გამოფინეს მაგიდის ჩოგბურთის ბურთებითა და ველოსიპედის სახელურებით აწყობილი მისი მოდელი.

ვერ მოესწრო იმ დღეს და ვერ იამაყა თავისი ნახელავით. დასნეულებულმა, არაერთი ოპერაცია და ქიმიოთერაპიის მტანჯველი კურსი გადაიტანა. მიუხედავად ყველაფრისა, თავგამეტებით იბრძოდა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. მისი კოლეგები იხსენებენ: „გულს გვიჩუყებდა მისი უსასოობა, თავდადება, გულმოდგინება და შეუდრეკლობა“. მათივე თქმით, ვერაგმა სენმა საბოლოოდ დარია ხელი, მაგრამ თითქმის მთლად დავრდომილი, მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს. როცა აღარ შეეძლო სიარული, გაჭირვებით მიბობღავდა ხოლმე ბირკბექის კოლეჯის კიბეებზე; მთელი ძალით ეყრდნობოდა ხელისგულებსა და მუხლებს; საცოდავად მიხოხავდა დერეფანში; ტანჯვა-წვალებით მიიწევდა ლაბორატორიის ერთი ოთახიდან მეორისაკენ.

სასიკვდილო სარეცელზე იწვა, როცა დახმარების ხელი გაუწოდა გაჭირვებულ კოლეგებს: 3000 ფუნტი და თავისი მანქანა დაუტოვა აარონ კლუგს, რომელიც უმწვავეს ფინანსურ კრიზისს ებრძოდა. 1000 ფუნტი უსახსოვრა თავის ორ მეგობარს, რათა ამ უკანასკნელთ შესძლებოდათ შვილებისთვის განათლების მიცემა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო მოწვევა ვენესუელის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან. წერილის თანახმად, ერთი წელი უნდა ემუშავა კარაკასში. ავადმყოფს სასთუმალთან ედო ეს დოკუმენტი, როცა სული დალია.

სწორედ 16 აპრილს უნდა წაეკითხა თავისი უკანასკნელი სამეცნიერო სტატია საჯაროდ. სამწუხაროდ, არც ეს არ დასცალდა – მაინცდამაინც იმ დღეს მიიცვალა, სწორედ მაშინ, როცა სხვები კითხულობდნენ მის უკანასკნელ ნაშრომს, მის მაგნუმ ოპუსს.

კოლეგები ნაღვლიანი სიამაყით იხსენებენ ამ მეცნიერის რევოლუციურ შრომას, თავდადებას, პიონერულ კვლევებს; იგონებენ მის სიკეთეს, გულუხვობას, თავაზიანობას, მეგობრულ კეთილგანწყობას, ნიჭს, საოცარ კომპეტენციას, სიძლიერეს, გამბედაობას, სიმამაცესა და სიმტკიცეს.

როცა აარონ კლუგმა ნობელის პრემია მიიღო, ხოტბა შეასხა როზალინდ ფრანკლინს, უოტსონისა და კრიკისაგან განსხვავებით, საკადრისად დააფასა მისი წვლილი და აღნიშნა, რომ ამ მეცნიერმა დაიმსახურა ნობელის პრემია: „ესოდენ ტრაგიკულად რომ არ შეწყვეტილიყო მისი სიცოცხლე, ამ ადგილას იდგებოდა“.

კლუგის, ფინჩის, დონალდ კასპარისა და სხვა თანამშრომელთა თქმით, ფრანკლინმა არა ერთი, არამედ ორი ნობელის პრემია დაიმსახურა: ერთი დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენისათვის, მეორე კი ვირუსების შესწავლაში შეტანილი განუზომელი წვლილისათვის, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაცვლილთ არ ენიჭებათ ეს პრესტიჟული ჯილდო.

***

ფრანკლინის სიცოცხლეშივე აღიარეს მისი ღვაწლი ნახშირის, გრაფიტის, ხის ნახშირისა და ვირუსების კვლევაში, მაგრამ, სამაგიეროდ, არ დაუფასეს დნმ-ის სტრუქტურის შესწავლაში შეტანილი განუზომელი წვლილი.

ისე გავიდა რამდენიმე ათეული წელი, ფრანკლინის სახელიც კი არ უხსენებია არავის ამ უდიდეს აღმოჩენაზე მსჯელობისას.

იგი ჩრდილიდან გამოვიდა 1968 წელს, როცა გამოქვეყნდა ჯეიმს უოსტონის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, „ორმაგი სპირალი“. ალბათ, სწორედ ესაა ყველაზე დიდი ირონია და პარადოქსი: მაინცდამაინც უოტსონი გახდა როზალინდის დიდების საწინდარი. ყოველნაირად ცდილობდა ფრანკლინის დაკნინებას, მისი წვლილის მიჩქმალვას და მის წარმოჩენას არაკომპეტენტურ მეცნიერად. თავის წიგნშიც და საჯარო გამოსვლებისასაც არაერთხელ უწოდა უჭკუო ლურჯწინდა, ავი, უგემოვნო, ანჩხლი, თავხედი, კონფლიქტური ადამიანი, ასპერგერის სინდრომით შეპყრობილი სოციოპათი, ჭკუათხელი, მრისხანე მატრონა და უშნო ჰარპია, თუმცა, ვერ მიაღწია დასახულ მიზანს; სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო.

მიუხედავად ყველაფრისა, ფრანკლინისადმი თვით ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი ვერ უარყოფენ მის გადამწყვეტ როლს. მისი მტრებისა და ოპონენტების განცხადებებიც კი ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადასტურებს მის რევოლუციურ აღმოჩენებს, ფასდაუდებელ ღვაწლს დნმ-ის აგებულების ამოცნობასა და ორმაგსპირალური სტრუქტურის ნათელყოფაში. შესაბამისად, ეს მწვავე დებატები ეხება არა თვით ფრანკლინის უდიდეს დამსახურებასა და პიონერულ აღმოჩენებს (ეს ისედაც უტყუარად დასტურდება ყველა სამეცნიერო წყაროთი), არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რამდენად საკადრისად დააფასეს მისი ფუძემდებლური კონტრიბუცია; რატომ არ მიუთითეს არც კრიკმა და არც უოტსონმა იგი ორიგინალური წყაროს ავტორად (ყველა სამეცნიერო ლიტერატურისა და თვით კრიკის თანახმად, სწორედ როზალინდ ფრანკლინის ნაშრომი აღმოჩნდა გადამწყვეტი); რატომ არ ახსენეს ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე ამ მეცნიერის ესოდენ მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც, როგორც თავად კრიკი აღიარებს, ერთადერთი წყაროა, სწორი სტრუქტურის აგების საწინდარი რომ გახდა და რომლის გარეშეც სრულიად შეუძლებელი იქნებოდა მიზნის მიღწევა. ამაზე ნათლად მეტყველებს ის წერილიც, კრიკმა რომ გაუგზავნა ჟაკ მონოს 1961 წლის 31 დეკემბერს, ნობელის პრემიის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე.

აი, ასეთი ხანმოკლე ცხოვრება ჰქონდა იმ მეცნიერს, საუკუნის აღმოჩენამდე რომ მივიდა, ურთულესი მათემატიკური ანალიზი ჩაატარა, ოსტატურად შეასრულა პატერსონის გარდაქმნის ფუნქცია და აღმოაჩინა დნმ-ის სტრუქტურა, მთელი მისი ნაშრომი კი უნებართვოდ და რაც მთავარია, წყაროს მიუთითებლად გამოიყენეს მისმა კონკურენტებმა, არც კი ახსენეს მისი სახელი და ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე ერთი სიტყვითაც კი არ გადაუხადეს მადლობა. ეს ფაქტი თითქმის სრულებით უცნობი იყო ფართო საზოგადოებისათვის; ფრანკლინის სახელი არც კი უკავშირდებოდა საუკუნის ამ აღმოჩენას. მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრემ და ამ სამმა ნობელიანტმა იცოდა სიმართლე. მას უკვე ეწვია ნაგვიანევი აღიარება, სახელი და დიდება.

დღეს ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა იცის ნამდვილი ისტორია, ვიდრე ორმოცდაათიან-სამოციან წლებში, თუმცა, საჭიროდ მიგვაჩნია სრული სურათის აღდგენა, რამეთუ სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ვიდეოპორტალზე, ფორუმსა და სოციალური მედიის ვებგვერდებზე მიმოფანტული კომენტატორები ამ საკითხის განხილვისას ამტკიცებენ, რომ „ფრანკლინს არაფერი აღმოუჩენია“; რომ „ორმაგი სპირალი თავიდან ბოლომდე უოტსონისა და კრიკის მიგნებაა“; რომ „ეს ყველაფერი ფემინისტური პროპაგანდა, შეთქმულება და ისტორიული რევიზიონიზმია“; რომ „კონსპირაციის თეორიების მოყვარული“ ფემინისტები განგებ „იხვევენ თითზე“ ამ ამბავს, „აბუქებენ“, „აზვიადებენ“ როზალინდის როლს (რაკი ქალი იყო) და „პარალელურ ისტორიას“ წერენ; რომ „ფრანკლინი უარყოფდა დნმ-ის სპირალურ სტრუქტურას და არ ეთანხმებოდა მათ“; რომ „კრიკ-უოტსონის ტანდემმა დაასწრო ფრანკლინს“; რომ „როზალინდმა მათზე ბევრად გვიან გადაკვეთა ფინიშის ხაზი“; რომ „ფრანკლინს მთელი ერთი წელი ჰქონდა ის ფოტო თაროზე შემოდებული“; რომ „თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაგიდის უჯრაში ედო ის რენტგენოგრამა, თუმცა, ვერაფერი აღმოაჩინა“ და ა.შ.

რა ასაზრდოებს ამ მითებს? რა არის ამ ცრუ ინფორმაციების, შეგნებული თუ შეუგნებელი სიცრუისა და ზღაპრების წყარო?

ცხადია, ინფორმაციის ნაკლებობა, ან სრული არარსებობა. მეცნიერებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანის მიზანი უნდა იყოს მითების, ლეგენდების, თქმულებებისა და შეთქმულებების გაქარწყლება სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის, ფაქტების სკრუპულოზურად ასახვის, მოვლენათა თანმიმდევრობის ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერის წყალობით.

დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სტრუქტურის ამოცნობა უდიდეს მიღწევად ჩაიწერა მეცნიერების ისტორიაში. ოდენ უოტსონის, კრიკისა და უილკინსის დამსახურებად „გაფორმდა“ ეს რევოლუციური აღმოჩენა. ამგვარად დაილექა საზოგადოების მეხსიერებაშიც, კულტურაშიც, სასკოლო სახელმძღვანელოებშიც და პოპულარულ ლიტერატურაშიც. ცოტამ თუ იცოდა, რაოდენ გარდამტეხი აღმოჩნდა როზალინდ ფრანკლინის მრავალწლიანი, ფუნდამენტური და პიონერული შრომა.

ნობელის პრემიის გადაცემისას მხოლოდ უილკინსმა მოიხსენია ეს მეცნიერი, მაგრამ მისი დამსახურებისა და ღვაწლისათვის შეუფერებლად.

ასეთი ტრაგიკული ხვედრი ერგო როზალინდ ფრანკლინს, რომელმაც ოცდაჩვიდმეტიოდე წელი იცოცხლა, თუმცა, წარუხოცელი მემკვიდრეობის დატოვება მოასწრო, სხვა გეზი მისცა მეცნიერებას და ახალი სიტყვა თქვა თავისი პიონერული კვლევებით.

აი, ესაა ნამდვილი როზალინდ ფრანკლინი – „მატილდას ეფექტის“ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ნამდვილი ფრანკლინი – სექსისტურ გარემოში მებრძოლი მეცნიერი ქალის სიმბოლო და სახე-ხატი; დავიწყებული გენია, ძალზე გვიან რომ ეწვია დიდება. ნამდვილი როზალინდი – სტრუქტურული, ინსტიტუციონალიზებული პატრიარქატის, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობისა და სამეცნიერო-აკადემიური მიზოგინიის წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანი.

აი, ასეთია ნამდვილი როზალინდ ფრანკლინი – „თითზე დახვევის“, „გაბერვის“, „გაბუქების“, „გაზვიადების“, „კონსპირაციული თეორიების“, „სეირის ყურების მოყვარულთა ჭორების“, „ფემინისტური რევიზიონიზმის“, ზღაპრების, იგავ-არაკების, ოდების, მითების, ლეგენდების, თქმულებებისა და შეთქმულებების გარეშე. ის როზალინდ ფრანკლინი, რომლის ხსოვნისა და ნაშრომ-ნაღვაწის პატივსაცემადაც, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მარსმავალს მისი სახელი დაარქვეს. „ეს მოწინავე მეცნიერი დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში მარსზეც დატოვებს სიმბოლურ კვალს“ – აღნიშნავენ სააგენტოს წარმომადგენელნი. „როზალინდ ფრანკლინი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია მეცნიერების ისტორიაში. მართლაც რომ გასაოცარი წვლილი შეიტანა დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში. სიმბოლური იქნება, მისი სახელის მატარებელი რობოტი სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებს რომ მოძებნის მარსზე, ანუ კოსმოსში გააკეთებს იმას, რაც ფრანკლინმა დედამიწაზე გააკეთა!“ – აცხადებს კოსმოსური სააგენტოს დირექტორი. ფრანკლინის სახელობისაა ჩიკაგოს მედიცინისა და მეცნიერების უნივერსიტეტი (რომლის ეზოშიც მისი ძეგლი დგას) და მრავალი სხვა დაწესებულება.

ნამდვილად დასანანია, რომ მისი საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ეპიტაფია მხოლოდ ვირუსების კვლევაში შეტანილ უდიდეს წვლილს უსვამს ხაზს. იქ ერთი სიტყვითაც კი არაა ნახსენები ნახშირი, გრაფიტი და დნმ-ი. მისი ეს კვლევებიც სამარადისო სიკეთედ დარჩება კაცობრიობას.

აი, ესაა ის როზალინდი, რომლის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა საგანგებოდ დაამზადებს ორმოცდაათპენსიან მონეტებს. ცხადია, სწორედ ფრანკლინი იქნება გამოსახული მათზე. როზალინდი, მისი საუკუნის იუბილე და მისი წარუხოცელი, საუკუნო მემკვიდრეობა.