რა გზით შეძლო ძებნილმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება – ესაა საკითხი, რის შესახებაც საზოგადოებასთან ამ ეტაპზე თავად არც სააკაშვილი საუბრობს, არც საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია და არც საგამოძიებო უწყებები. „პუბლიკა“ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებსა და საქმის სხვა მასალებს გაეცნო. გამოცემას წვდომა დოკუმენტების მხოლოდ ნაწილზე ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მოწმეთა ჩვენებები გარკვეული ეპიზოდების ქრონოლოგიურად აღდგენის საშუალებას იძლევა [მასალა აგებულია მოწმეთა განცხადებებზე და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც უტყუარად დადასტურებული ფაქტი].
რა ფორმით შემოვიდა საქართველოში სააკაშვილი?
28 სექტემბერი, დღის მეორე ნახევარი, ფოთი – უკრაინიდან, კერძოდ „ჩერნომორსკის“ პორტიდან ფოთის პორტში ბორანი სახელწოდებით „ვილნიუსი“ შემოდის. ბორანზე ელგუჯა ცომაიას სატვირთო ავტომობილიცაა, სამი კომპანიის რძის პროდუქტებით დატვირთული (სატვირთო და მისაბმელი). საქმის მასალებით, ცომაიას ოჯახის ბიზნესი – გადამზიდი კომპანია „Ika Trans“ აქვს. ამჟამად ელგუჯა ცომაია ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილისთვის თბილისში ბინის გადაცემის ეპიზოდზე.
ჩვენთვის ცნობილია მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიების გამოკითხვის ოქმები. ისინი ფოთიდან აბაშის სოფელ ტყვირში მიხეილ სააკაშვილის ჩაყვანისთვის არიან ბრალდებულები. ტყვირში არსებული სახლი და მიწის ნაკვეთი ელგუჯა ცომაიას შვილის სახელზეა რეგისტრირებული. მათი ჩვენებით, წოწორიები და ცომაია ახლობლები არიან და ერთმანეთთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვთ.
სწორედ ზურაბ წოწორიას ჩვენებაშია საუბარი, როდის და სად ჩაუჯდა მას და მის შვილს მანქანაში მიხეილ სააკაშვილი, სად წაიყვანეს ის და როდის მიხვდნენ, რომ მათი მგზავრი მესამე პრეზიდენტი იყო.
ფოთიდან სოფელ ტყვირამდე – რას ჰყვება ზურაბ წოწორია
ზურაბ წოწორიას ჩვენებით, 28 სექტემბერს, საღამოს საათებში, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ელგუჯა ცომაია, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა ფოთის პორტში უკრაინიდან შემოსულ ბორანზე და სთხოვა, მისულიყო მასთან სალაპარაკოდ. ზ. წოწორია ამბობს, რომ მან ამის შემდეგ გააღვიძა შვილი, შალვა წოწორია, შვილის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქედან წოწორია თავად დაუკავშირდა ცომაიას, შეატყობინა, რომ მივიდა და ჰკითხა, სად იყო. ცომაიამ უპასუხა, რომ მისი სატვირთო ავტომანქანა მოხვდა ე.წ. „წითელ დერეფანში“, რის გამოც შეყოვნდა და სთხოვა, დალოდებოდა.
„დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ელგუჯა ცომაია თავისი მართვის ქვეშ არსებული, როგორც მახსოვს, „SCANIA-ს“ მარკის სატვირთო ავტომობილით გადმოვიდა პორტიდან და გააჩერა ჯავახიშვილის ქუჩაზე… ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე ცომაიამ თავისი ავტომანქანის სალონიდან გადმომაწოდა პოლიეთილენის პარკის ფუთები და თან მითხრა, რომ სიურპრიზი ჰქონდა და შენს ავტომანქანაში მიშა ჩაჯდებაო, რაც მისგან ხუმრობად მივიღე“, – იხსენებს წოწორია ჩვენებაში.
წოწორია ამბობს, რომ ცომაიას მიწოდებული ფუთები შვილის ავტომანქანის საბარგულში ჩადო და მძღოლის გვერდით სავარძელში ჩაჯდა.
„ავტომანქანაში ჩაჯდომისთანავე მძღოლის უკან, სავარძელზე, უცებ დაჯდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც სახე „კეპითა” და პირბადით ჰქონდა დაფარული. აღნიშნული მამაკაცი მე მივიჩნიე მძღოლად, ვინაიდან ცომაიას საზღვარგარეთიდან ხშირად დაჰყვებიან მძღოლები. უცნობი მამაკაცი ჩაჯდომისას არ მოგვსალმებია და იმ დროს არც გამოგვლაპარაკებია. ამასობაში ელგუჯა ცომაიამ თავისი სატვირთო ავტომანქანა წაიყვანა და დააყენა იქვე, ახლომდებარე „გეზ-ის” [გაფორმების ეკონომიკური ზონა] ტერიტორიაზე, ხოლო ჩემმა შვილმა მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანა დაძრა და გააჩერა „გეზ-ის” ტერიტორიაზე, სადაც ველოდებოდით ელგუჯა ცომაიას.
დაახლოებით 40 წუთის ლოდინის შემდეგ ელგუჯა ცომაია გადმოვიდა „გეზ-ის” ტერიტორიიდან და ჩაჯდა ჩვენს ავტომანქანაში… სანამ ელგუჯა ცომაიას ველოდებოდით, ზემოხსენებულმა ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა ქართულად გვკითხა, თუ როგორ იყო საქართველოში საქმე. რა დროსაც მისი ხმა მეცნო და მივხვდი, რომ ხსენებული პირი იყო ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მას ვკითხე, თქვენ ბრძანდებით ბატონო პრეზიდენტო-მეთქი, რაზეც ხსენებულმა მამაკაცმა დადებითად მიპასუხა. ავტომანქანაში ჩაჯდომისას ელგუჯა ცომაიამ მითხრა, რომ წამეყვანა აბაშაში, რაზედაც დავთანხმდი და ოთხივე ჩვენგანი, ჩემი შვილის ავტომანქანით წავედით აბაშის მიმართულებით“, – ამბობს წოწორია.
მისივე თქმით, აბაშაში ჩასვლისას ელგუჯა ცომაიას თხოვნით მივიდნენ სოფელ ტყვირში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, სადაც „საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ელგუჯა ცომაიას გააჩნია სათბურები“.
„გზად მიხეილ სააკაშვილი თავის ტელეფონს ათვალიერებდა და ჩვენთან არ უსაუბრია. ერთადერთი, აბაშის გზებზე მგზავრობისას დაილაპარაკა, რომ ცუდი გზებიაო.
ელგუჯა ცომაიას სახლში მისვლისას, მე და ჩემი შვილი მას დავეხმარეთ ფუთების სახლში ატანაში, სადაც ელგუჯა ცომაიამ გაგვაფრთხილა – მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ იმყოფებოდა, არავისთან გვეთქვა. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გვითხრა, რომ ამის შესახებ ტელეფონზე არ გველაპარაკა. ელგუჯა ცომაიას სახლში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა „კეპი” ზემოთ აიწია და ოთახის შუქის განათებაზე იგი დადასტურებით ვიცანი სახეზე. ამის შემდეგ მე და ჩემი შვილი, შალვა წოწორია, ჩვენივე ავტომანქანით წამოვედით ფოთში, ხოლო ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი ელგუჯა ცომაიას სახლში დარჩნენ“, – იხსენებს წოწორია.
მისივე თქმით, ცომაიას სახლში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ის ასევე დასძენს, რომ როდესაც ცომაია და მიხეილ სააკაშვილი ტყვირში მიიყვანეს, უკვე 29 სექტემბერი იყო.
წოწორია ამბობს, რომ მას შემდეგ ცომაიასა და მიხეილ სააკაშვილს პირადად აღარ შეხვედრია, თუმცა 30 სექტემბერს ტელეფონზე დაურეკა ელგუჯა ცომაიამ და უთხრა, რომ მომდევნო დღეს ე.ი. პირველ ოქტომბერს ტელევიზორისთვის ეყურებინა. მას შემდეგ ელგუჯა ცომაიასთან არც სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონია.
სოფელ ტყვირში ჩაყვანის შემდეგ (29 სექტემბერს) ჩვენს ხელთ არსებული მოწმეთა ჩვენებებით აღარ ჩანს სააკაშვილის შემდგომი მარშრუტი და გადაადგილების თარიღები.
სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკ ვლადიმერ ბუნტურიძის სახელზე დაწერილ პატაკში (3 ოქტომბერს) აღნიშნულია, რომ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ სააკაშვილის ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება უზრუნველყო ელგუჯა ცომაიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი FORD-ის მარკის მიკროავტობუსით, რომელიც უკვე იმ დროისთვის გაჩერებული იყო სოფელ ტყვირში, ცომაიების სახლში.
1 ოქტომბერს, დილით, მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე ბათუმში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. „TV პირველის“ ინფორმაციით, მან ბათუმიდან თბილისისკენ გზად ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთანაც გაიარა. 9 ოქტომბერს „მთავარმა არხმა“ ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სააკაშვილი ამბობს, რომ ვიდეო დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ტყეში ჩაწერა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ სააკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ახლოსაც იმყოფებოდა. დღეს, 13 ოქტომბერს, სოცქსელში ასევე გავრცელდა ფოტო – სააკაშვილს თბილისში, პარლამენტის ფონზე „სელფი“აქვს გადაღებული. ის პოლიციამ 1 ოქტომბერს, სანზონაში, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავა. მისი facebook-ისა თუ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით პერიოდულად ვრცელდება დაკავებამდე მის გადაადგილებასთან დაკავშირებული შესაძლო ფაქტები.
13 ოქტომბერს „მთავარი არხმა” მაყურებელს სააკაშვილის წერილობითი ინტერვიუ შესთავაზა. შეკითხვაზე – „3 თუ 4 დღეში რისი ნახვა მოასწარით, სად იყავით?”, ექსპრეზიდენტი პასუხობს: „ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი”.
შეკითხვაზე, როგორ აღმოჩნდით საქართველოში, ის პასუხობს, რომ დიდი ხანი ემზადებოდა და ეს არ იყო მისი ჩამოსვლის პირველი მცდელობა. „ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში, ეს არ იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი. არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ”, – ამბობს სააკაშვილი.
რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, ამ დრომდე მისი დაცვის მხარე კომენტარებს უშუალოდ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით აკეთებს. ცომაიას საქმეში ასევე არის მისი ჩვენება, თუმცა ის საჯაროდ არ გავრცელებულა. რაც შეეხება შეკითხვებს ფოთის პორტში შემოსულ ბორანსა და სატვირთო ავტომობილზე, ცომაია და მისი ადვოკატები ამ მიმართულებით არ საუბრობენ. დაცვის მხარის პოზიცია ვიცით მხოლოდ შეკითხვაზე, როგორც მოხვდა სააკაშვილი ცომაიას ბინაში. ადვოკატის თქმით, ცომაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მასთან სახლში მიიყვანა პირმა, რომელმაც თავი წარუდგინა გარდაცვლილი ძმის მეგობრად და სააკაშვილის შეფარება სთხოვა.
რა პროცედურები გაიარა სატვირთომ ფოთის პორტში – მოწმეთა ჩვენებები
„პუბლიკა“ ფოთის პორტის მესაზღვრე კონტროლიორისა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვეტერინარის გამოკითხვის ოქმებსაც გაეცნო. ირკვევა, რომ სატვირთო ავტომანქანამ, პროცედურის მიხედვით, ვიზუალური შემოწმება ჯერ ბორნიდან გადმოსვლის შემდეგ გაიარა; მოგვიანებით ასევე შემოწმდა საბარგო განყოფილების ლუქი და პროდუქციამ გაიარა ვეტერინარული კონტროლიც. საქმის მასალებით არ ირკვევა, იმყოფებოდა თუ არა სააკაშვილი აღნიშნულ სატვირთო მანქანაში, ასევე, მის კაბინაში თუ საბარგო განყოფილებაში [კონტეინერში].
გამოკითხული მესაზღვრე კონტროლიორი, გელა ჩაჩუა, ჩვენებაში ამბობს, რომ მის სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობაში შედის ბორნიდან გადმოსული მანქანის შემოწმება – ამოწმებენ სატვირთო ავტომანქანების ე.წ. კაბინებს და გარეგანი დათვალიერებით ნახულობენ, ხომ არაა მანქანაზე დამონტაჟებული ან მოწყობილი რაიმე სახის სამალავი.
ჩაჩუა ჰყვება, რომ 28 სექტემბერს განაწილებული იყო N2 ნავსადგომთან, თანამშრომელ რეზო ჟვანიასთან ერთად, დღის მეორე ნახევარში კი ბორანი სახელწოდებით, „ვილნიუსი“ფოთის პორტში შევიდა.
„აღნიშნული ბორნიდან გადმოსული მანქანები შემოწმებულ იქნა ჩემი და რეზო ჟვანიას მიერ, ხოლო ჩვენგან შემოწმებული ავტომანქანები შემდგომ გადაეცა მებაჟეებს. კითხვაზე, ბორნიდან გადმოსულ მანქანების მძღოლებს შორის იყო თუ არა მძღოლი სახელით და გვარით „ელგუჯა ცომაია“, გპასუხობთ, რომ აღნიშნულ დღეს მე მხოლოდ ვადარებდი ბორნიდან გადმოსული ავტომანქანების ნომრებს კომისიის მიერ აღრიცხული მანქანების ნომრების მიხედვით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დარღვევა, დანაკლისი ან მეტობა არ დაფიქსირებულა“, – ამბობს ჩაჩუა.
მისივე თქმით, ბორნიდან გადმოსული ავტომანქანების (დაახლოებით 40-45 მანქანის) კაბინების შემოწმება, გარეგანი ვიზუალური დათვალიერება, ხომ არ აქვს რაიმე სახის სამალავი, ასევე, მძღოლების მონაცემების შედარება და შემოწმება ხდებოდა რეზო ჟვანიას მიერ, ხოლო თავად ბორნიდან გადმოსული მანქანების რაოდენობასა და სანომრე ნიშნებს ამოწმებდა.
მისი თქმით, რეზო ჟვანიას რაიმე სახის დარღვევა რომ დაეფიქსირებინა, აუცილებლად აცნობებდა მას აღნიშნულის შესახებ, რასაც მათი მხრიდან მოჰყვებოდა კანონშესაბამისი შემდგომი რეაგირება, ეცნობებოდა ხელმძღვანელობას და ა.შ.
შეკითხვაზე, ავტომანქანის სატვირთო განყოფილების დათვალიერება ევალებოდათ თუ არა, აცხადებს, რომ ვიზუალური დათვალიერებისას თუ სატვირთო განყოფილება არის დალუქულ მდგომარეობაში, ისინი მას არ ეხებიან, ხოლო თუ სატვირთო განყოფილებას კარებზე ლუქები არ გააჩნია, მათი ვალდებულებაა, გააღონ სატვირთო განყოფილება და დაათვალიერონ.
„ბორნიდან გადმოსულ სატვირთო მანქანებზე რომელიმე იყო თუ არა ლუქის გარეშე, ჩემთვის უცნობია, რადგან გადმოსულ მანქანებს ვიზუალურად ათვალიერებდა ჩემი თანამშრომელი, რეზო ჟვანია. 28 სექტემბერს ჩემთან და რეზო ჟვანიასთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ჩვენი თანამშრომლები – ცვლის უფროსი ლევან გვასალია, კონტროლიორი გელა ჭეჟია და სერგი ახალაია, რომლებიც ასულები იყვნენ ბორანზე და იყვნენ კომისიის წევრები. კომისიის წევრებს ევალებათ ბორანზე მყოფი ავტომანქანებისა და მძღოლის აღრიცხვა, ხოლო ბორნიდან გამოსვლის შემდგომ აღნიშნულ ავტომანქანებს და მძღოლებს ვამოწმებდით მე და რეზო ჟვანია“, – განაცხადა გელა ჩაჩუამ.
„პუბლიკის“ მიერ მოპოვებულ ოქმებში რეზო ჟვანიას გამოკითხვის ოქმი არ არის. რეზო ჟვანიას კომენტარისთვის „TV პირველი“ დაუკავშირდა – შეამოწმა თუ არა მან აღნიშნული სატვირთო ავტომანქანა, მან ჟურნალისტის შეკითხვას არ უპასუხა. „TV პირველი“ ასევე ავრცელებს რეზო ჟვანიას გამოკითხვის ოქმიდან ამონარიდს, რომელშიც ის ამბობს, რომ ბორნიდან გადმოსული არცერთი სატვირთოს მისაბმელი (კონტეინერი) არ შეუმოწმებია, ვინაიდან, მისი განცხადებით, ყველა დალუქული იყო.
კონტეინერის შემოწმება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქმესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარი მიხეილ ჯანელიძე მოწმის სახით გამოჰკითხა.
ჯანელიძე აცხადებს, რომ მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობაში შედის ვეტკონტროლქვემდებარე ტვირთის დათვალიერება, მათი ხარისხის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის აღება და შესაბამისი აქტების გამოცემა.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სატვირთო მანქანა დატვირთული იყო სამი კომპანიის [შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“, შპს „ლაქტალის ჯორჯია“ და შპს „ლაქტალის კასპი“] კუთვნილი რძის პროდუქტით. როგორც ჯანელიძე ამბობს, აღრიცხვის მოწმობის თანახმად, ავტომობილის მძღოლი ელგუჯა ცომაია იყო. ჯანელიძე აცხადებს იმასაც, რომ, ვინაიდან სამივე კომპანიას გადაჰქონდა რძის პროდუქტი, რომელიც მალფუჭებადია, ის ექვემდებარებოდა ვეტერინარულ კონტროლს.
„კონკრეტულ შემთხვევაში მოგახსენებთ, რომ შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტებისა“ და შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ ელექტრონული პროგრამის – Oracle-ის მეშვეობით, განესაზღვრა ლაბორატორიული ნიმუშის აღებისა და შემოწმების საჭიროება. აღნიშნული დამატებითი საბაჟო პროცედურები განვახორციელე პირადად მე. ავტომობილი და მასში განთავსებული საქონელი „გეზ-ის” [ანუ ეკონომიკური გაფორმების ზონაში] ტერიტორიაზე შემოვიდა 29 სექტემბრის ღამის 03:00 საათზე. ცვლის უფროსისგან და ასევე, სხვა თანამშრომლებისგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მძღოლს ელგუჯა ცომაიას ჰქონდა გარკვეული ოჯახური პრობლემები და სასურველი იყო, საბაჟო, კერძოდ ვეტერინარული პროცედურები მაქსიმალურად სწრაფად განხორციელებულიყო. ელგუჯა ცომაიასთან კომუნიკაციის შედეგად მან მითხრა, რომ დიდი ხნით ვერ გაჩერდებოდა ფოთის „გეზ-ში“და ავტომობილს შესამოწმებლად ე.წ. რამპაზე მოყვანას განახორციელებდა სხვა მძღოლი, სახელად გიორგი, რომლის გვარიც ჩემთვის უცნობია“, – ამბობს ჯანელიძე.
მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ [გიორგი ნარიმანიძემ, რომელიც ცომაიების კომპანიის თანამშრომელია] 29 სექტემბერს, დღისით, დაახლოებით 13:15 საათზე დაიწყო სატვირთოს ე.წ. რამპასთან მიყენება [ზურაბ წოწორიას ჩვენების მიხედვით, ამ დროს სააკაშვილი და ცომაია უკვე სოფელ ტყვირში ჰყავდათ ჩაყვანილი].
ჯანელიძე ამბობს, რომ ნარიმანიძემ უკარნახა ავტომობილზე განთავსებული ლუქის ნომრები, რომელიც გადაამოწმა მის ხელთ არსებულ დოკუმენტებთან და როდესაც ნახა, რომ ნომრები სწორად იყო ნაკარნახევი, მისცა მითითება, აეხსნა ავტომობილის მისაბმელის უკანა კარებზე არსებული ლუქები და ავტომობილი მიეყენებინა რამპასთან, რათა საქონელი ფიზიკურად დაეთვალიერებინა.
„კონკრეტული ლუქის ნომრები მე არ მახსოვს, თუმცა ერთი მინდა დაზუსტებით ვთქვა, რომ მის მიერ ნაკარნახები ლუქის ნომრები ემთხვეოდა დოკუმენტში არსებულ ლუქის ნომრებს. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ უშუალოდ, პირადად მე ლუქი არ შემიმოწმებია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სატვირთო განყოფილება დალუქული იყო საბაჟო დეპარტამენტის ლუქით.
ასევე, აღნიშნული ლუქის შემოწმება, როგორც ვიცი, ხდება ჯერ ფოთის პორტის ტერიტორიის დატოვების დროს ე.წ. გასასვლელ ჯიხურთან, სადაც იმყოფება დაცვის თანამშრომელი და ასევე საბაჟოს თანამშრომელი, რის შემდგომაც ავტომობილი გადის დაახლოებით 2 კილომეტრს, უახლოვდება „გეზი ფოთის“ შესასვლელში არსებულ დაცვის ჯიხურს, სადაც კიდევ ერთხელ მოწმდება დაცვის თანამშრომლის მიერ ლუქის მთლიანობა და ასევე მისი ნომერი. მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ჩემ მიერ შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელება“, – განმარტავს ჯანელიძე.
ის აღნიშნავს, რომ 29 სექტემბერს, დაახლოებით შუადღისას, მან დაიწყო საქონლის ფიზიკური დათვალიერება, აიღო შესაბამისი ნიმუშები და სამუშაოს შესრულების შემდეგ ავტომობილი დაილუქა საბაჟო დეპარტამენტის ლუქით.
რაც შეეხება მძღოლის, გიორგი ნარიმანიძის გამოკითხვას, ის ამბობს, რომ ელგუჯა ცომაია მას 29 სექტემბერს, დილის საათებში დაუკავშირდა და უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, ასევე ის, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ სატვირთოს ე.წ. მაცივარი დაზიანებული ჰქონდა და სთხოვა, რომ ის ჩაენაცვლებინა. ნარიმანიძე ამბობს, რომ კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ხშირად ხდება ერთმანეთის დახმარება, ცომაიას უარი ვერ უთხრა და სამარშრუტო ტაქსით გაემართა „გეზ-ის“ მიმართულებით, რათა შეეცვალა ის და მის ნაცვლად დაესრულებინა ე.წ. რეისი.
მისივე თქმით, 29 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ელგუჯა ცომაია „გეზ-ის” მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა, გამოართვა მანქანის გასაღები და საჭირო დოკუმენტები.
იმ შემთხვევაში, თუ მოწმეთა გამოკითხვისას დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ ელგუჯა ცომაია, სააკაშვილთან ერთად, წოწორიების დახმარებით, სოფელ ტყვირში 29 სექტემბერს, შუაღამისას ჩავიდა, შემდეგ კი დღის პირველი საათისთვის ცომაია ისევ ფოთში დაბრუნდა, რათა ნარიმანიძეს შეხვედროდა და საბაჟო პროცედურების მოსაგვარებლად დოკუმენტები გადაეცა.
მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და საქმის სხვა მასალები „პუბლიკას“ „მთავარმა არხმა“ მიაწოდა.