წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-18 დაჯილდოება გაიმართება. 7 ნომინაციაში ფინალისტთა ვინაობა უკვე ცნობილია. ჟიურიმ წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის კატეგორიაში 3 წიგნი გამოარჩია:
გურამ ლებანიძის „რილკეს ელეგიები“ („კავკასიური სახლი“)
რაინერ მარია რილკეს შემოქმედების შესახებ გამოცემული მორიგი ნაშრომის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი გურამ ლებანიძეა.
წიგნის წინასიტყვაობაში ფილოლოგი თამარ კოტრიკაძე აღნიშნავს: „ ჟიურიმ წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის კატეგორიაში 3 წიგნი გამოარჩია:დამიანის ეგზისტენციალურ გზაზე ამ გზის ეტაპებად თუ საფეხურებად რილკეს ისეთი ფიგურები შემოჰყავს, როგორებიცაა: გმირი, ადრე გარდაცვლილნი, მიტოვებული ქალი, ჯამბაზები… ეს გზა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე „მოთქმათა“ ქალაქსაც კი აღწევს, რაც სულეთში შთასვლის ტოლფასია და „ულმობელი ცოდნის მიწურულს“ აღტაცებული ხოტბის საგალობლით მთავრდება, თუმცა ამას ტლანქ და ერთმნიშვნელოვან გამარჯვებად ვერ მივიჩნევთ – ესაა „სიხარული, რომელიც ეცემა“… გურამ ლებანიძის ნაშრომის მთავარი გამჭოლი აზრი ეს გახლავთ: მიუხედავად იმისა, რომ რილკე კატეგორიულად უარყოფდა ქრისტიანობას, მის მთელ შემოქმედებას ბიბლიურ-ქრისტიანული პრობლემატიკა უდევს საფუძვლად.“
რამაზ ჭილაიას „პოეტიკური ჩანაწერები“ („პალიტრა L“)
„ჭრელი ფრაგმენტები“ სხვადასხვა დროს, განსხვავებული სააზროვნო აქტივობისას ჩანიშნული ნაკვეთებისგან შედგება; განსხვავებულ საკითხებს ეხმაურება. ზოგი რაღაც ოდენობით გამოქვეყნებულია, ზოგიც ახლა მოიყრის ერთად თავს. დღეს დამკვიდრებული სიტყვახმარებით, ერთგვარი „პაზლის“ ნაწილებია, რომელთა მისადაგებით, შესაძლებელია მთლიანი სურათ-ხატის შედგენა. არც ისაა გამორიცხული, რომ იგი ვერც აიწყოს…“ – წიგნის ავტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რამაზ ჭილაიაა.
ზაზა აბზიანიძის „ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ“ (ინტელექტი)
„ჩემს ახალგაზრდობაში ერთი სახლი იყო – მხოლოდღა მწერალთა ოჯახებით „დაკომპლექტებული“. ხუმრობით გამიფიქრებია ამ იდეს განვრცობაზე: სართულები ჟანრების მიხედვით რომ გადნაწილებულიყო… სწორედ მაგ სახლს ვგულისხმობ, როდესაც ვწერ „ლიტერატურულ ბობოლებზე“, რომელთაც თავისი პირველი პოეტისათვის უფრო იოლად გაიმეტეს საფლავი აკაკის გვერდით, ვიდრე ბინა თავის სამეზობლოში, სწორედ მთაწმინდის სიახლოვეს…“. ცხადია, „ბობოლების“ გარდა, იქ, უბრალოდ, კარგი მწერლებიც ცხოვრობდნენ, რომელთაც ვახსენებ კიდეც ჩემს წიგნში“, – ასე აღწერს თავის წიგნს მწერალი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძე.
პრემია „საბას“ „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, ოქტომბერში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.