„საბა“ | 4 წიგნი საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციიდან

რეკლამა

წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-18 დაჯილდოება გაიმართება. 7 ნომინაციაში ფინალისტთა ვინაობა უკვე ცნობილია. ჟიურიმ საუკეთესო პროზაული კრებულის კატეგორიაში 4 წიგნი გამოარჩია:

მამუკა დოლიძის, „გასეირნება დროთა სივრცეში“ („ინტელექტი“)

კრებული მოიცავს მწერლის ლიტერატურული შემოქმედების ვრცელ პერიოდს, დაწყებულს გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დღემდე. ეს არის დიდი გარდატეხისა და მძიმე განსაცდელის ხანა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. თანამედროვე მსოფლიო, თავისი კატაკლიზმებით, მძაფრად შემოიჭრა ძველ სამყაროში. მწერლის ლიტერატურული ტექსტი არათუ ასახავს ამ ისტორიულ მოვლენებს გარდატეხის ინდივიდუალური ცნობიერების პრიზმაში, თავისი ალეგორიული ფორმით წინასწარ ხედავს კიდევაც მათ.

მამუკა დოლიძე ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორია. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება ფიზიკის (კვანტური მექანიკის) ფილოსოფიური პრობლემები, ფენომენოლოგია, ლიტერატურისა და ხელოვნების ფილოსოფია, შემოქმედების ფსიქოლოგია, ფილოსოფიური აზროვნება პოლიტიკასა და ეკონომიკაში, თეოლოგია. იგი არაერთი მონოგრაფიის ავტორია. მამუკა დოლიძის მხატვრული ნაწარმოებები არაერთ ქართულ ლიტერატურულ გამოცემაში დაბეჭდილა. გამოცემული აქვს მოთხობების არაერთი კრებული. 2013 წელს პარიზში, დრამატურგიულ კონკურსზე – „ევროდრამა“ მისი „მდგმურები“ წლის საუკეთესო პიესად დაასახელეს.

ვახტანგ კომახიძის, „გაქცევის ტყვეობა“ („საარი“)

კრებულში მოთხრობილი ისტორიები მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მოვლენათა ლიტერატურული რემინისცენციებია. მოთხრობებში პოლიტიკური და სოციალური მოვლენები ხან რეალურს ჰგავს, ხანაც მხოლოდ მხატვრული რეალობაა. ადამიანებიც ხან ისე მოქმედებენ, როგორც ცხოვრებაში, ხან კი – მხოლოდ მათი მხატვრული რეალობის შესაბამისად.

ვახტანგ კომახიძე სტუდია რეპორტიორის ჟურნალისტი იყო. ავტორია არაერთი დოკუმენტური ფილმისა, („ესაც ჩვენი მოგებული ომი“, „მედიაკონტროლი ვარდისფრად“ და ა.შ.)

ლექსო პაიკიძის „გიდი“ („ბენდესი“)

„ნებისმიერი ადამიანი გიდია. გიდი არის იმ ხალხის კრებითი სახელი, ვინც საქართველოში ხვდება სტუმარს“, – ამბობს ავტორი. მისივე თქმით, თავადაც წლებია, ამ სფეროშია და წიგნის წერისას მისი მიზანი სწორად შერჩეული სიტყვებით მკითხველის ემოციებზე თამაში იყო, სწორედ ისე, როგორც გიდი ეთამაშება სტუმართა ემოციებს.

ლექსო პაიკიძის პირველი წიგნი – „სტრანიერი“, რომელშიც 25 დიდი და პატარა ნოველაა თავმოყრილი 2017 წელს გამოიცა. მოგვიანებით გამოიცა ნოველების კრებული „ევკალიპტის ფოთოლზე კოღო არ ჯდება“. გასულ წელს კი გამომცემლობა „ბენდესმა“ ერთდროულად გამოსცა მისი რომანი „ეძღვნება გაბოს“ და პროზაული კრებული „გიდი“.

ეკა ქევანიშვილის „არაფერი დედაჩემის შესახებ“ („წიგნები ბათუმში“)

ეკა ქევანიშვილს გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: „ჭორია“ (გამომცემლობა „დიოგენე“, 2006 წელი), „აქ ნუ დადგებით“ (გამომცემლობა „დიოგენე“, 2010 წელი), „სახლის გაყიდვა“ (გამომცემლობა „საუნჯე“, 2013 წელი) და „ევაკუაციის გეგმა“ („წიგნები ბათუმში“, 2016 წელი). ოთხივე კრებული იყო ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი, კრებული – „სახლის გაყიდვა“ კი „საბას“ ჟიურიმ წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად დაასახელა. იგი, ასევე, ავტორია ინტერვიუებისა და ესეების კრებულისა – „ლიტერატურული ProFile“. მისი პირველი პროზაული კრებული – „არაფერი დედაჩემის შესახებ“ კი წლევანდელი „საბას“ და „ლიტერას“ ნომინანტია. არსებობისთვის ბრძოლა, ოჯახური ურთიერთობები, დისკრიმინაცია, სიყვარული და უსიყვარულობა კრებულის მთავარი თემებია.

პრემია „საბას“ „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, ოქტომბერში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“  – გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.