წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-18 დაჯილდოება გაიმართება. 7 ნომინაციაში ფინალისტთა ვინაობა უკვე ცნობილია. ჟიურიმ საუკეთესო რომანის კატეგორიაში ის 5 ნაწარმოები გამოარჩია, რომელთა ავტორებსაც ქართველი მკითხველი წლებია იცნობს:
ანა კორძაია-სამადაშვილის „ზინკა ადამიანი“ („სულაკაურის გამომცემლობა“)
ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი ხეიბარი მუსიკოსის – ალექსი ადამიანის, მისი უახლოესი მეგობრების – კოტიკოსა და დათას, მასზე ფარულად შეყვარებული თამრიკოსა და შვილიშვილ ზინკას ცრემლიან-ღიმილიან ამბავს მოგვითხრობს. ერთ ზღაპრად აკინძულ, ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბებში არავინ იცის, რა არის გამოგონილი და რა – მართალი. ამ ისტორიებში მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის ნამდვილი ამბები ირეკლება.
2003 წელს ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობების კრებულმა „ბერიკაობა“, რომელიც სოფიო კირვალიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა, საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ლიტერატურული პრემია „საბა“ დაიმსახურა. 2011 წელს გამოაქვეყნდა მისი პირველი რომანი „შუშანიკის შვილები“; 2013 წელს – „ვინ მოკლა ჩაიკა“, რომლისთვისაც, როგორც წლის საუკეთესო ქართულენოვანი რომანის ავტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია მოიპოვა. მისი მოთხრობები სხვადასხვა ანთოლოგიაშია შესული. ქართულად ნათარგმნი აქვს ინგებორგ ბახმანის, ერიხ მარია რემარკის, ელფრიდე იელინეკის, რაინალდ გეცისა და სხვათა ნაწარმოებები. წელს ის „საბას“ ნომინანტი მესამედ გახდა.
ლაშა ბუღაძის „აუდიტორია“ („სულაკაურის გამომცემლობა“)
როდის არის ადამიანი ნამდვილი? როცა მარტოა, გარეშე თვალის დაკვირვებისგან თავისუფალი, თუ ყურადღების ცენტრში ყოფნისას? რატომ სურს მას, ჰყავდეს მუდმივი აუდიტორია, რომლის წინაშეც საკუთარი ცხოვრების ცენზურაგავლილ ვერსიას წარადგენს და შესაბამის ავანსსაც მიიღებს „გულებისა“ და „მოწონებების“ სახით? სწორედ ამ საკითხებზე გვაფიქრებს ლაშა ბუღაძის ახალი რომანი „აუდიტორია“, რომელშიც სრულიად განსხვავებული, ერთმანეთთან მხოლოდ ინტერნეტნაცნობით დაკავშირებული რამდენიმე პერსონაჟი სხვადასხვაგვარად ცდილობს სოციალურ და პირად ცხოვრებას შორის არსებული უფსკრულის მიჩქმალვას და თავისი მცირე, წარმოსახვითი აუდიტორიის წინაშე პირნათლად წარდგომას.
ლაშა ბუღაძის სახელი ცნობილი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც მისი მოთხრობა „პატარა ქვეყანა“ საქართველოს პარლამენტში საჯაროდ წაიკითხეს და მასზე დაყრდნობით ცენზურის ამოქმედება მოითხოვეს. სხვადასხვა წელს „საბას“ ჟიურიმ საუკეთესოდ დაასახელა მისი რომანები – „ოქროს ხანა“ და „პატარა ქვეყანა“, ასევე პიესები – „ნუგზარი და მეფისტოფელი“, „ნაფტალინი“ და „ნავიგატორი“. პიესები „ნავიგატორი“ და „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ დაიდგა ლონდონის სამეფო თეატრსა და Teatro Circulo-ში, ბროდვეიზე, ნიუ-იორკში. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია არაბულ, შვედურ, აზერბაიჯანულ, გერმანულ, ალბანურ, ინგლისურ და მაკედონიურ ენებზე.
ალეკო შუღლაძის „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ („პალიტრა L“)
„ადამიანები ოდითგანვე ეძებენ სულიერ სამყაროში გამავალ კარს“. საქართველოდან – შორეულ ციმბირში, სამეცნიერო ექსპედიციიდან – ირეალურ კრიმინალურ დრამაში აღმოჩენილი მთავარი გმირი დგება დილემის წინაშე: მეგობარს დაეხმაროს თუ თავი გადაირჩინოს. მთავარი – პასუხის პოვნაა კითხვაზე: რამდენად შესაძლებელია, შეიყვარო მტერი შენი?… ალეკო შუღლაძე თავის ახალ რომანში მაგიური რეალიზმის სამყაროში გვეპატიჟება.
ალეკო შუღლაძემ წერა 1989 წელს დაიწყო. 2001 წელს მისმა მოთხრობამ „პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის“ მერიის სპეციალური პრიზი აიღო. გამოცემული აქვს რომანი „სამსარა“ (2002), მოთხრობების კრებულები: „გაქცევის მცდელობა“ (2001) და „წიგნების კაცი“ (2015). 2017 წელს კი ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ „საბას“ ჟიურიმ წლის საუკეთესო რომანად დაასახელა. წიგნი მალევე ითარგმნა ინგლისურ ენაზე და დიდ ბრიტანეთში გამომცემლობა Francis Boutle Publishers-მა გამოსცა.
აკა მორჩილაძის „ფარშავანგი“ („სულაკაურის გამომცემლობა“)
„ფარშავანგი“ საქართველოში სტამბის შემოტანისა და წიგნის ბეჭდვის შემოღების ალტერნატიული, „ვითომ ისტორიული“ ამბავია. აქ „მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბებია“ გადაკეთებული: „საქართველოებში“ შემოაქვთ სტამბა, რომლის კვალიც შემდეგ იკარგება. ავტორი ცდილობს, გამოიძიოს, რა ბედი ეწია მას, გვთავაზობს დამაინტრიგებელ ვერსიებს… ვის აღარ შეხვდებით აქ: „ნამდვილ“ მეფეებს, დედოფლებს, ეპისკოპოსებს, გამოგონილ თავადებს, პოეტებსა და მოგზაურებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებს. მოკლედ, მთელი ფანტასმაგორიაა…
აკა მორჩილაძე გიორგი ახვლედიანის ფსევდონიმია. სხვადასხვა დროს იგი იყო ლიტერატურის კრიტიკოსი, სპორტული ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა. პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით „მოგზაურობა ყარაბაღში“ და „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“. ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები. „სულაკაურის გამომცემლობამ“ მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული გამოსცა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე. აკა მორჩილაძე ყველაზე მეტჯერ დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „საბა“ , მათ შორის მას პრემია მიღებული აქვს წლის საუკეთესო რომანისთვის: „შენი თავგადასავალი“ (2003), „სანტა–ესპერანსა“ (2005), „ვენერას სიზმარი“ (2006), Maid in Tiflis (2008), „ობოლე“ (2012), „კუპიდონი კრემლის კედელთან “(2019) და, ასევე, ილიაუნის ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მამლუქი“ (2010).
ბესო სოლომანაშვილის „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ („სულაკაურის გამომცემლობა“)
ბესო სოლომონაშვილი თავის ახალ რომანს „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს. რომანის პერსონაჟები ძალაუფლების მოპოვებისთვის მებრძოლი, დაუნდობელი ადამიანები არიან. რევოლუციისა და მისი თანმხლები ძალადობის ფონზე უცნაური გოგოსა და ჯალათად ქცეული ბიჭის სევდიანი სიყვარულის ამბავი ვითარდება. როგორ იქცევა ადამიანი ჯალათად? ვინ არის ის, მსხვერპლი თუ მოძალადე?! ეს წიგნი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ადამიანის ბედის გაუკუღმართების ტრაგიკული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.
ბესო სოლომანაშვილი კინო და ტელერეჟისორია. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „ვერნისაჟი“, „სისხლიანი სცენარი“, „დეტონატორი“ და სრულმეტრაჟიანი ფილმი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, ასევე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და ბიოგრაფიული ფილმების ციკლი პირველი რესპუბლიკის შესახებ. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა ტელეკომპანიაში გადაცემებისა და მხატვრული სერიალების დამდგმელ რეჟისორად. გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული. „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ მისი პირველი რომანია.
—————–
პრემია „საბას“ „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, ოქტომბერში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.