ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“, რომელსაც 2021 წელს, ლიტერატურული პრემია „საბას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სპეციალური ჯილდო გადაეცა, ძალზე მნიშვნელოვანი კუთხით გამოარჩიეს: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.
ეს არის საბჭოთა წარსულის კრიტიკული გააზრება, წარსულისა, რომელიც, როგორც ამ დღეებში, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი ომისას, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, თავს ასე მარტივად სულაც არ გვანებებს, აჩრდილად სულაც არ ქცეულა, უბრალოდ, ფერი იცვალა და ახალი, შეიძლება კიდევ უფრო სასტიკი ბოროტების სახით მოგვევლინა.
თან ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ ჯერ ამ ურჩხულის წინამორბედის – საბჭოეთის – ყველა სისაძაგლე მთელი სიგრძე-სიგანით არ გაგვიაზრებია, სისაძაგლე კი არა, დრომ ლამის თავისებურ რომანტიკულ ბურუსში გაახვია და 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენასა და იქ ვნებიანი ღამეების გატარებაზე მეოცნებე ბერიკაცები და ამ ზღაპრებზე გაზრდილი მათი იდეური მემკვიდრეები ალაგ-ალაგ ისევ აქტიურად წამოჰყოფენ ხოლმე თავებს მიტინგებზე და ბელადებისა და მათი აშენებული „რა ქვეყანა დაანგრიეს“ სადღეგრძელოებს გაჰკივიან.
ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხატვრული ტექსტი, რომელიც საბჭოთა კავშირის რეალური ყოფის კრიტიკულად გააზრების მეტ-ნაკლებად წარმატებულ მცდელობას წარმოგვიდგენს. მითუმეტეს, თუკი ეს ტექსტი ისეთი კრიტიკულობითა და რეალისტურობით ხასიათდება, რასაც ვხედავთ ივა ფეზუაშვილის „ბუნკერში“. „ბუნკერი“ ერთგვარი პაროდიაა ოჯახური საგის ძალზე გავრცელებულ ლიტერატურულ ჟანრზე, ამ ჟანრის საუკეთესო ტრადიციებიდან ამოზრდილი, ოღონდ, ცხადია, პაროდიისათვის დამახასიათებელი კარიკატურის ელემენტებით და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ოჯახური საგა“, როგორც ჟანრი აქვს ამოღებული მიზანში, არამედ, უპირველესად იმის გამო, რომ მისი მთავარი სამიზნე, სწორედ საბჭოთა კავშირია დროით პერსპექტივაში – მისი გაგრძელება ნანგრევებში, ბუნკერში, რომელიც ყველაზე მარჯვედ შერჩეული მეტაფორაა და მხოლოდ ამ სათაურისათვის უკვე ეკუთვნოდა ყველა პრემია ივა ფეზუაშვილს.
სათაურის გარდა, ეს არის პროფესიულად ძალზე აკურატულად შესრულებული „დავალება“, რომლის შეფასებისას ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ის მთავარი კომპონენტი, რაც ბოლო ხანს ასე უცნაურად გაქრა ჩვენი ლიტერატურიდან – მწერლის ინდივიდუალური სტილი, მისი გამოკვეთილი ხმა, რომელიც, ძირითადად, რაღაც ერთიანმა, საშუალო ტონალობამ ჩაანაცვლა, „საყოველთაო სტილმა“, როცა ადამიანი კითხულობ და ვეღარ იგებ, რომელი მწერალი წერს, რადგან ყველა თითქმის ერთნაირად „ღნავის“ – იაფფასიანი ბულვარული ჟურნალების ბოლო გვერდებზე გამოქვეყნებული, ე. წ. „ცხოვრებისეული“ რომანების მჯღაბნელებივით.
ამ ფონზე ივა ფეზუაშვილის მწერლური ფრაზა, დიდი ლიტერატურისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმი და აკადემიზმი სასიამოვნო პერსპექტივის განცდას გვიჩენს და არა მხოლოდ ამ ავტორის შემდგომი შემოქმედებითი წარმატებების, არამედ მთლიანად ჩვენი ლიტერატურის განვითარების თვალსაზრისით.
ყოველ შემთხვევაში ივა ფეზუაშვილი ცდილობს ამ საყოველთაო ფონიდან სტილისტურად ამოვარდეს, ახალი ენობრივი კალაპოტი გაჭრას თავისი სათქმელისთვის და თავისი მონეტა მოჭრას უაღრესად მრავალხმიან და მრავალფეროვან ქართულ მწერლობაში. მერე რა მოხდა, თუ ამ მონეტაზე ხანდახან გურამ დოჩანაშვილის სტილური სილუეტი გაიელვებს, ხან კი აკა მორჩილაძის პათოსი და შინაარსი ილანდება. მთავარი არის ძიება და ფიქრი ფრაზაზე, რაც ახალგაზრდა ავტორს ახასიათებს და, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ძიება სამომავლოდ უთუოდ ახალ, სრულიად განსხვავებულ შედეგებამდე მიგვიყვანს.
თხრობისას გამოვლენილი შინაგანი არტისტიზმი ივა ფეზუაშვილის პროზას დაუვიწყარს ხდის და ამის მაგალითად მისი „ბუნკერიდან“ არაერთი პასაჟის მოხმობაც შეგვიძლია. მას აქვს იშვიათი ნიჭი – ხშირად ერთი ფრაზით, ერთადერთი მონასმით გადმოსცეს დროისა თუ კოლიზიის არსებითი ნიშანი და ზუსტად შეაფასოს პერსონაჟი თუ მის ირგვლივ შექმნილი ვითარება.
ამისათვის არც თუ იშვიათად მიმართავს ირონიულ-პაროდიულ მეთოდს, ოღონდ მისი პაროდია ხშირად გარკვეული სტილია (მაგალითად: სენტიმენტალიზმი) და თანაც ისე ოსტატურად შეფუთული, რომ შესაძლოა, უცებ ვერც გაიგო, დასცინის, ემიჯნება თუ პირიქით, ამ სტილისტიკას ნამდვილად თავისი განცდებისა და დამოკიდებულებების გამოსახატავად და სერიოზულად იყენებს.
მაგალითად, „ბუნკერის“ ერთი ფრაგმენტი, ჩემი აზრით, უფრო ზუსტად აგვიხსნის იმას, თუ რას ვგულისხმობ.
ერთგან ივა ფეზუაშვილი წერს:
„და კობა დიდი სიმშრალით გაშრა და დაშრა ენთუზიაზმი და სიბრტყე სიცრუისა მის შიგნით. ასე ზოგადად და სხვებზე სჯა-ბაასი ადვილი იყო, მაგრამ, როდესაც საკუთარი მეგობრის ქართველობის, მიწათმესაკუთრეობის უფლების და პიროვნული რაობის აწონ-დაწონვა მოუწია, ფიქრის მძივი ისე გაუწყდა, რომ აქამდე ნათქვამი მარგალიტები ყველა კუთხე-კუნჭულში მიმოეფანტა და კიდევ კარგი, ერთ-ერთი მაღაზიასთანაც მიგორდა და დაედევნა კობა ამ უკანასკნელს და:
-ორ ლიტრიანი ლუდიო, –
ასე უთხრა დახლიდარს და ლუდი ხომ ის სითხეა, ყველაფერ გამშრალს რომ თავიდან მოალბობს და:
-ერთჯერადი ჭიქებიო?
იკითხა გენამ და კობამ კი:
-უბანში არ გვინდა, ან შენთან ან ჩემთან თორე ჩამოივლის ის ჩემისა და მერე მთელი ღამე მაგასთან სმა მომიწევს. გუშინაც ღამის სამ საათამდე არ გამომიშვა და ხო ხვდებიო“.
ამ პატარა ფრაგმენტიდან შეგვიძლია ივა ფეზუაშვილის მწერლური ნიჭიერება მკაფიოდ დავინახოთ. მისი არაჩვეულებრივი არტისტიზმი, რომელსაც შეუძლია მკითხველის წარმოსახვა აათამაშოს ნახევარტონებით, ყოველგვარი ზედმეტი ახსნა-განმარტებისა თუ ფილოსოფიური მსჯელობის გარეშე. ფიქრთა მარგალიტის კრიალოსანი ხუმრობა-ხუმრობით ჩამოიგლიჯოს ხელიდან და მერე სრულიად სერიოზულად გაგვაყოლოს ამ კრიალოსანის ერთ-ერთი მარგალიტს ავტორისეული რემარკებისა და პერსონაჟთა დიალოგის მარჯვე, ლაღი, ერთი შეხედვით სრულიად უქვეტექსტო და ამ დროს ძალიან ღრმა ქვეტექსტებით დატვირთული მონაცვლეობით და…
მერე, რა თუკი, როგორც ზემო ვთქვით, ამ ერთიანი სტილისტური ფოიერვერკის მიღმა გამოცდილი მკითხველის თვალისათვის დიდი გურამ დოჩანაშვილის სილუეტი მკაფიოდ ილანდება და ყურშიც მისი პროზის ტონალობა ჩაგვესმის.
რაც შეეხება საბჭოთა წარსულის კრიტიკულ გააზრებას, რისთვისაც ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ ივა ფეზუაშვილის წიგნი გამოარჩია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მცირე რომანში საბჭოთა წარსული დღევანდელ გაგრძელებაშია დანახული და დროის ხაზი, რომელიც კრავს წიგნში დატრიალებულ მოვლენებსა და პერსონაჟებს, საბჭოთა კავშირის დროინდელი ტიპური საცხოვრებელი კორპუსების ბუნკერებიდან ამოვარდნილი სიმყრალის სუნივით შეიგრძნობა.
სწორედ ამ სუნის ასე ოსტატურად, ხელშესახებად გადმოცემისათვის არის ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ ძალზე მნიშვნელოვანი ტექსტი.