დათო გორგილაძე თავდაპირველად ფეისბუქის სტატუსებით გავიცანი. ფეისბუქის ნაწერების სერიოზულად აღქმა რომ ძალიან სარისკოა, რასაკვირველია, ვიცი, მაგრამ იმ სტატუსებში მაინც იგრძნობოდა ძალიან კარგი მწერალი, რომელიც, ძირითადად, ტაქსიში და ტაქსის მძღოლებთან თავგადასავლებზე გვიყვებოდა და ამ, ერთი შეხედვით, მხიარული ამბებით ახერხებდა, თავისი ფრენდები, არამხოლოდ მწვავე სოციალურ პრობლემებზე, არამედ ღრმა ფილოსოფიურ და ონტოლოგიურ საკითხებზეც დაეფიქრებინა. ამასობაში მისი უკვე სერიოზული მოთხრობების პირველი წიგნიც გამოიცა და დათომ ამ წიგნით ძალზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული განაცხადიც გააკეთა.
კრებული, რომელიც 2018 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა და რომელმაც, ამასობაში, ვიდრე მე მის შესახებ ჩაფიქრებულ რეცენზიას დავწერდი და გამოვაქვეყნებდი, უკვე „მოასწრო“, ლიტერატურულ კონკურს „ ლიტერაზე“ გამარჯვება, ოთხ მოთხრობას აერთიანებს.
პირველი მოთხრობის სათაური „ხანშიშესულ მეძავთა კლუბი“ ძალაუნებურად გაგახსენებთ გაბრიელ გარსია მარკესის „ ჩემი მწუხარე მეძავების გახსენებას“.
დათო გორგილაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მარკესი მისი უსაყვარლესი მწერალია. ის კი არა, „მარტოობის ასი წელიწადის“ მშვენიერი გმირის საპატივსაცემოდ, თავის გოგონასაც, რომელიც სულ ახლახან შეეძინა, სახელად რემედიოსი დაარქვა და რა გასაკვირია, რომ მის წიგნშიც დიდი კოლუმბიელის სუნთქვა ასე გამოკვეთილად იგრძნობოდეს.
მარკესის მოწაფეობაზე თუ ვილაპარაკებთ, ეს საგრძნობია არა იმდენად დათო გორგილაძის მაგიური რეალიზმით გატაცებაში, რამდენადაც მის არაჩვეულებრივად ცოცხალ, ჩამთრევ, გადამდებ თხრობის მანერაში. ასეთი მთხრობელი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში სულ რამდენიმე კაცი მეგულება. გორგილაძესთან მთავარია ამბის მდინარება და არა თვით ამბავი. თვითონ ეს ამბავი კი რაღაცით აღმოსავლელი მთხრობელების, ზეპირად მთხზველების გზნებას მომაგონებს, რომლის ძალითაც აალებული ფანტაზია ყველაზე დაუჯერებელ სურათ-ხატებსაც კი რეალურივით აციმციმებს გონების პროექტორზე.
ამ მხრივ, დათო გორგილაძე ფოკუსების დიდოსტატივით ისე გაწაფულად ატყუებს ჩვენს გაფაციცებულ მზერას, რომ ყველაზე ირეალურ, ყოვლად დაუჯერებელ რამესაც კი ნამდვილად გვაჩვენებს. მაგალითად, ქართულის მასწავლებელს მოთხრობიდან „ როზას სახელი“, რომელიც, თავის მხრივ, უმბერტო ეკოს გახმაურებული რომანის „ ვარდის სახელის“ ფსევდოინტელექტუალურ პაროდიას წარმოადგენს.
მოთხრობის გმირი, რომელიც მილანის აეროპორტში მივა და შეიტყობს, რომ მისი თვითმფრინავი ზუსტად 33 საათით იგვიანებს, იქ შემთხვევით გადაეყრება თავის ყოფილ ქართულის მასწავლებელს, რომელსაც სკოლაში სამუშაო მიუტოვებია და იტალიაში მოხუცებულის მომვლელად არის წამოსული.
ამაზე დიდი მაგიური რეალიზმი რაღა გინდათ! ამბავი, რომელიც თან ძალიან უჩვეულო და მოულოდნელია და თან სავსებით შესაძლებელი და დამაჯერებელი. კოლიზია, რომელშიც საქართველოს ტრაგიკომიკური ვითარება, საფუძველშივე, თავისთავად და ძალდაუტანებლად იხატება. ამ კოლიზიის ისე განვითარებას, როგორც დათო გორგილაძის მოთხრობაში ვხედავთ, ძალიან დიდი მწერლური ოსტატობა სჭირდებოდა. სხვა შემთხვევაში, ამბავი იაფფასიანი მელოდრამისა თუ ჩვეულებრივი ტყუილის მხარეს გადაქანდებოდა და ყოველგვარი შინაარსი გამოეცლებოდა. ჩემთვის, დათო გორგილაძემ კი ეს კოლიზია ზუსტად ზღვარზე, სიცრუისა და სინამდვილის, გნებავთ, გემოვნებისა და უგემოვნობის ზღვარზე შეაჩერა და ამით მწერლობაში დაახლოებით იგივენაირი ტრიუკი გვიჩვენა, რაც პელეს შეეძლო ხოლმე საფეხბურთო მოედანზე, ანდა ბიძინა ივანიშვილს – თავისი შეუმდგარი „მხსნელის მისიის“ დასაწყისში.
უცნაურია, რომ ამ საზღვართან შეჩერება დათო გორგილაძემ სიტუაციის არარეალურთან კიდევ უფრო მიმსგავსებით, კოლიზიის კიდევ უფრო მიუნჰაუზენული ჩახლართვით მიაღწია, როცა ჯერ ქართულის მასწავლებლის ციხის ეპიზოდებზე მოგვიყვა და მერე საერთოდ წარმოუდგენელი რამე „დაახეთქა“ უმბერტო ეკოს ფერფლზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ისეთი დამაჯერებლობით მოჰყვა, რომ მეც კი – სიფრთხილეს თავი არ სტკივა-მეთქი, „გუგლით“ გადავამოწმე, როდის გარდაიცვალა დიდი იტალიელი მწერალი და სად არის დაკრძალული, თითქოს, იმაში დარწმუნება მსურდა, რომ იგი მშვიდად განისვენებს მშობლიურ მილანში.
ისე, ეკოზე კი „ ახია“, რადგან, აბა, ის იყო, თუ იყო, კოლიზიების ჩახლართვის დიდოსტატი! მაგრამ გორგილაძე რაღას გვერჩოდა ამ თავისი უცნაური მოთხრობით, რომელიც სასწაულებრივად ქანაობს თავად უმბერტო ეკოსა და რევაზ მიშველაძის სტილისტიკას შორის! ვფიქრობ, ამითი – როგორც ქართულად გახმოვანებულ სერიალებში უყვართ ხოლმე თქმა – „იმის მიღწევა სურდა“, რომ თანამედროვე ქართული აბსურდი, ჩვენი ყოფის მთელი აბსურდულობა, რაც შეიძლება, მძაფრად და სინამდვილესთან მიახლოებულად დაეხატა! სინამდვილესთან მიახლოებულად სინამდვილესთან მაქსიმალურად დაშორებით.
სხვათა შორის, ვისაც ამ კონტექსტში რეზო მიშველაძის სახელის ხსენებამ მოსჭრა ყური, უნდა დავამშვიდო: მიშველაძე არც თუ ისეთი ხელწამოსაკრავი კაცია ქართულ პროზაში, უბრალოდ, ხანდახან, ორ ისე შეუსაბამო ფრაზას დაწერს ერთმანეთის გვერდიგვერდ, რომ ცუდის ფონზე კარგსაც ფასს უკარგავს. შეუსაბამობაში სტილისტურ შეუსაბამობას ვგულისხმობ. როცა მწერალი, ძირითადად, დახვეწილი სტილისტი, რაფინირებული სამწერლობო ენაში წყალწყალა ჟურნალისტურ ფრაზებს გამოურევს და ისეთ აჯაფსანდალს გააკეთებს, გემოვნების თითებს ჩაგაკვნეტინებს! გეუცნაურათ ასეთი მეტაფორა? დიახ, ზუსტად ამას ვგულისხმობდი: ეს ფრაზა რომ თავის ადგილას, რომელიმე შუა საუკუნეების აღმოსავლურ რომანში ყოფილიყო, მაშინ სავსებით ბუნებრივად გაისმებოდა, მაგრამ აქ, თანამედროვე ქართველ მწერალზე შექმნილ საგაზეთო რეცენზიაში, ძალზე შეუსაბამოდ გაიჟღერა. სწორედ ასევე ხდება ხოლმე ენის შრეების სტილისტური აღრევისას, მათი არასათანადო გაჟღერებისას მხატვრულ ლიტერატურაში და გორგილაძესაც აქვს ერთი-ორი ასეთი იაღლიში, რაც ჯერჯერობით მის პელეობასა და მარკესობას სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს, მაგრამ მოდით, ეს ეჭვი ამ ეტაპზე ავტორის ახალგაზრდობით გავამართლოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ სამომავლოდ იგი უფრო მეტს იმუშავებს სტილისტიკაზე და ფონს გასვლას მხოლოდ საკუთარი ველურად აღვირახსნილი ფანტაზიებით აღარ შეეცდება.
მთელი ეს მსჯელობა ჰაერზე ნათქვამად, შარის მოდებად რომ არ დამირჩეს და უფრო კარგად გაგაგებინოთ, რას ვერჩი ამ – საერთო ჯამში – მშვენიერ გორგილაძეს, მაგალითად ასეთ რამეს მოვიყვან:
იმავე მოთხრობაში, როცა ქართულის მასწავლებელს ახასიათებს, სხვათა შორის, ასეთი ფრაზაც გაკრთება: „ სიმართლე ითქვას, ის ნაკლებად საძულველი მასწავლებელი იყო ჩემთვის“ და ეს ფრაზა უხეირო ევროპული თუ ამერიკული რომანებიდან, უფრო სწორად, მათი უხეირო ქართული თარგმანებიდან გადმომხტარი გეგონებათ გორგილაძის, დიახაც რომ, დახვეწილი ქართულით გალიცლიცებულ მოთხრობებში.
ასეთი იაღლიშები მით უფრო „ყვირის“ და თვალშისაცემია, რაც ( და, ძირითადად, ასეა!) უფრო ნიუანსებამდეა დახვეწილი მხატვრული ხერხები, ტექსტის ერთიანი ქსოვილი და თხრობის მდინარება.
დათო გორგილაძე ამ თვალსაზრისით ტონალობებისა და ნახევარტონების ურთიერთშეფარდების დიდოსტატად წარმოგვიდგება. ნოდარ დუმბაძის გარდა, პრინციპში, არ მახსენდება ქართულ ლიტერატურაში მწერალი, რომელსაც ასე დიდებულად შეეძლოს ტრაგიკულიდან სახალისო ამბავზე გადასვლა, ან სახალისო ამბიდან ირონიულ პასაჟებზე ისე გადანაცვლება, რომ ერთი წამითაც არ შეგიქმნას სიყალბის განცდა და პირიქით, აგიყოლიოს, ერთდროულად გაცინოს და გატიროს, სიცოცხლის ძალიან დიდი მნიშვნელობაც შეგაგრძნობინოს და ამქვეყნის წარმავალობაზეც სერიოზულად დაგაფიქროს. ერთ სიტყვით, კიდევ ერთხელ განგაცდევინოს ის სასწაული, რომლის აღსრულებაც მხოლოდ ლიტერატურას და მარტო ნამდვილ მწერლობას შეუძლია!
კიდევ ერთი რამ, რაც განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებს ამ პატარა წიგნში, პერსონაჟების ხატვის დაუვიწყარი მანერაა. ამ მხრივ, დათო გორგილაძის მოთხრობები თანამედროვე ქართული პროზის საერთო ფონზე ნამდვილად გამორჩეულია. რადგან აქ (ძალიან ბევრი თანამედროვე მწერლის შემოქმედებისაგან განსხვავებით), არსებითად, ერთი პერსონაჟი კი რ არის, რომელიც ამბავს ჰყვება, არამედ ხასიათების, გმირების მთელი გალერეაა, როცა ყველა – თუნდაც ეპიზოდურად გამკრთალი პერსონაჟისათვის – მისი დამახასიათებელი შტრიხია მოძებნილი და ამ პატარა შტრიხით არცერთი პერსონაჟი მკითხველს იოლად აღარ ავიწყდება.
კრებულის პირველ მოთხრობაში – „ხანშიშესულ მეძავთა კლუბი“ – ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობაზე, ამ წყვილის სასიყვარულო კრიზისზე ბიჭის ენით, პირველი პირით არის მოთხრობილი. სიტუაცია ძალიან ნაცნობია: რომელიღაც თბილისურ არასამთავრობო ორგანიზაციაში (როგორც ჩანს, სრულიად შემთხვევით და არა – მოწოდებით) მოხვედრილი ახალგაზრდა კაცი ევროპაში (ათენში) კონფერენციაზე მიემგზავრება, სადაც ინგლისურად უნდა წაიკითხოს მოხსენება გლობალური დათბობის შედეგებზე. ინგლისური კი საერთოდაც არ იცის. ზღვრულ სიტუაციაში ეჭვქვეშ დგება ყველაფერი, მათ შორის, ყველაზე შეჩვეული და თითქოს ყველაზე მყარი ურთიერთობები და ამ დაძაბულობაში იკვეთება ძალიან კეთილშობილი ახალგაზრდა კაცის სახე, რომელიც სამყაროსთან ირონიული დამოკიდებულებით აღმოაჩენს მთავარ საყრდენებს, რაც სამყაროში ადამიანის არსებობისათვის არის აუცილებელი.
კრებულის ბოლო ორი მოთხრობა „ შეგვიკვეთეთ ჭორები“ და „ ღმერთი სამსახურშია“ თითქოს ერთი ვრცელი მოთხრობის ორი დამოუკიდებელი ნაწილია. ამ ორ მოთხრობაში დათო გორგილაძის ფეისბუქური აღტყინება სხვაგვარად შლის ფრთებს და ტაქსით მგზავრობაზე ან სხვადასხვაგვარ ტაქსის მძღოლებზე გვიყვება. ტაქსი თითქოს ქარონის ნავია, რომელსაც მისი პერსონაჟების სულები არსებობის მეორე ნაპირზე გადაჰყავს. პრინციპულად, თუ რამეს შეიძლება მასთან მარკესის სიყვარული და მაგიური რეალიზმი ვუწოდოთ, სწორედ ამ ორ მოთხრობაში მოყოლილი ამბებია, სწორედ მარკესულად. სად დაიკარგა ვატო და როგორ დაბრუნდა ოთხი წლის შემდეგ მშობლიურ უბანში. – ამას „შეგვიკვეთეთ ჭორებში“ წაიკითხავთ, ხოლო ვინ იყო სინამდვილეში ტაქსის მძღოლი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი მუხათწყაროში წაიყვანა, ამას „ღმერთი სამსახურშია“ გაგაგებინებთ.
წიგნის სათაურად გამოტანილი „ ღმერთი სამსახურშია“ სინამდვილეში პაროდიაა ღვთიური შესაქმის რელიგიურ წარმოდგენაზე. ამ წარმოდგენის მიხედვით, შესაქმე ერთხელ დასრულებული აქტი კი არ არის, ის დაუსაბამოდ გრძელდება ყველგან, სადაც ღვთის სუფევა შეიგრძნობა. დათო გორგილაძისათვის კი ეს ღვთის სუფევა იგრძნობა ყველაზე ადამიანურ, ყველაზე უბრალო სიტუაციებში და ამიტომაც აღწერს ამ სიტუაციებს ასეთი სიყვარულით, ჩვენ კი შეგიძლია ვთქვათ, რომ მის პირველ კრებულში სწორედაც რომ „ღმერთი მუშაობს“, რომელიც ავტორის ენით სიყვარულის მუდმივობაზე, მის მარადიულად განახლების სასწაულებრივ უნარზე გველაპარაკება.