„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ვიდეობლოგების სერიას ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტს ქალთა ფონდი საქართველოში ფონდ „ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ამზადებს.
ავტორი: ლელა გვიშიანი
შრომა სამყაროს მამოძრავებელი ძალაა. მის გარეშე საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია. საკუთარი ძალებით საარსებო წყაროს მოპოვებიდან შრომამ შეიძინა ადამიანის განვითარებისა და თვითრეალიზების შინაარსი, თუმცა ეს ჩვენს რეალობაში იშვიათი გამონაკლისია. რთული სოციალური მდგომარეობისა და სიღარიბის გამო შრომის აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ არის მძიმე, დაუცველი და გადარჩენისათვის ბრძოლის აუცილებელი ნაწილი, რომელიც დაცლილია პიროვნული განვითარების შესაძლებლობისგან.
ამ ვიდეობლოგში მსურს ვისაუბრო ერთერთ ყველაზე მძიმე და მარგინალიზებულ შრომაზე – გარეგაჭრობაზე, ამ შრომაში ჩაბმულ ქალებზე და იმაზე, თუ როგორ დევნის მათ სახელმწიფო ერთი ხელით, ხოლო მეორეს ხელით როგორ იღებს სარგებელს მათი დაუცველი და აუნაზღაურებელი სამუშაოდან.
***
გარემოვაჭრეები არაფორმალური მშრომელების ყველაზე ხილული ნაწილია. ფართო გაგებით, გარემოვაჭრე, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც საჯარო შეთავაზების გზით გასაყიდად გამოაქვს რაიმე ნივთი, პროდუქტი ან მომსახურება და ამისათვის მას არ გააჩნია მუდმივი და დაცული ადგილი. გარემოვაჭრეები შესაძლოა გადაადგილდებოდნენ პროდუქტის გასაყიდად ერთი ადგილიდან მეორეზე, ან ყიდდნენ პროდუქტს დახლებიდან. თუმცა ამგვარი განმარტების მიღმაც ყველასთვის ცხადია, თუ ვის ვგულისხმობთ გარემოვაჭრეებზე საუბრისას. ჩვენ ყველას შეგვიძლია ამოვიცნოთ გარემოვაჭრე საერთო მახასიათებლით – სიღარიბით.
გარევაჭრობის პრობლემებსა და მიზეზებზე საუბრამდე, უნდა ითქვას, რომ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას გარემოვაჭრეთა საჭიროებების შეესწავლის სურვილი არ გამოუჩენია. მეტიც, ეს საკითხი საზოგადოებასაც ნაკლებად აინტერესებს. რაც განპირობებულია სახელმწიფო აპარატის მიდგომით, რომ გარევაჭრობა წარმოაჩინოს როგორც “ურბანული პრობლემა” და გარემოვაჭრეები – ქაოსის, ანტისანიტარიის, არაესთეტიურობისა და არეულობის შემქმნელები.
რატომ ხდება ასე? რატომ სჭირდება სახელმწიფოს გარემოვაჭრეთა სახელით შექმნას წესრიგისა და საჯარო სივრცის მტრის ხატი და გარემოვაჭრეები დაგვანახოს ანტისოციალურ, საზოგადოებრივი ინტერესის წინააღმდეგ მოქმედ სუბიექტებად?
გარევაჭრობა, როგორც არაფორმალური და ნაწილობრივ „აკრძალული შრომა“, საზოგადოებაში არსებული სტრუქტურული უთანასწორობის შედეგად ჩნდება, რომელიც აუცილებლად თან ახლავს კაპიტალისტური წარმოების წესს. ამ პერსპექტივიდან, გარევაჭრობა ხდება ყველაზე ღარიბი ფენის გადარჩენის სტრატეგია და სოციო-ეკონომიკური უსაფრთხოების ქსელი მათთვის, ვინც ვერ ჩაერთო ფორმალური დასაქმების ბაზარზე და არაფორმალური საქმიანობის გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.
როგორც წესი, გარემოვაჭრეთა რაოდენობის ზრდა კომპლექსური მიზეზებითაა განპირობებული და ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად სოციალური პოლიტიკის სისუსტეს, ეკონომიკურ კრიზისებსა და უმუშევრობის ზრდას უკავშირდება. ზოგჯერ, ცოდნისა და უნარების ნაკლებობის გამო, ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ მომგებიან, უსაფრთხო სფეროებში დასაქმებაზე. ზოგჯერ კი, ასეთი სფეროები, მათ ირგვლივ განვითარებული არ არის. ამიტომ ისინი ცდილობენ, არაფორმალურად იშრომონ. გარევაჭრობაში ერთვებიან ისინიც, ვინც სამუშაო დაკარგა, შემცირებაში მოყვა, ვისი კომპანიაც დაიხურა ან სხვა საარსებო სახსრების შეწყვეტის გამო უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა არაფორმალურ სექტორში, დაბალანაზღაურებად სამუშაოზე. ერთი სიტყვით, არაფორმალური დასაქმების ბაზარი ისრუტავს იმ ხალხს, ვისაც ღირსეული სოციალური დაცვის – უმუშევრობის დაზღვევის, უმუშევრობის შემწეობის, სოციალური მხარდაჭერის სერვისების არსებობის პირობებში ამგვარი შრომა არ უნდა უწევდეს.
ამის საპირისპიროდ, ხელისუფლებები და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები იშვიათად ანიჭებენ პრიორიტეტს საარსებო წყაროების უსაფრთხოებას არაფორმალური მუშაკებისთვის. მთავრობები ურბანული განახლების პროექტების, ინფრასტრუქტურული მოდერნიზებების და სხვა მეგა ღონისძიებების სახელით გარემოვაჭრეებს აძევებენ თავიანთი ბუნებრივი სივრცეებიდან, რის გამოც შრომაში ყველაზე დაუცველები სამუშაო ადგილების გარეშე რჩებიან. ქალაქების და კერძო საკუთრებაზე ფასების ზრდასთან ერთად საჯარო სივრცე უფრო სადავო და პრივატიზებული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმება წარმოადგენს სიღარიბის დაძლევის მთავარ გზას, გარემოვაჭრეები – როგორც მშრომელები კარგავენ საარსებო წყაროს და ამ პროცესში ქალაქები უფრო ექსკლუზიური ხდება, პრივილეგირებული ფენებისთვის.
გარემოვაჭრეთა საჯარო სივრცეებიდან გაძევების, მათი დევნის პოლიტიკას ვხვდებით საქართველოშიც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებები საჯარო სივრცის ჰიგიენის, წესრიგისა და სისუფთავის არგუმენტებს გარემოვაჭრეებთან დასაპირისპირებლად აქტიურად იყენებენ. გარემოვაჭრეები მუდმივ შიშში არიან. მათ ეშინიათ, რომ პოლიცია დახლებს დაურბევს და ქონებას ჩამოართმევს. ეს მოლოდინი არცთუ უსაფუძვლოა: მოქმედი კანონმდებლობით უნებართვო გარევაჭრობა დასჯადია და ჯარიმას, ქონების კონფისკაციას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პატიმრობასაც კი ითვალისწინებს, 7 დღის ვადით.
***
გარევაჭრობაზე საუბრისას ჩვენ ქალთა შრომაზე ვსაუბრობთ, რამდენადაც, გლობალურად გარემოვაჭრეთა 90% ქალია. საქართველოში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია, თუმცა, ამ საკითხის ირგვლივ არსებული კვლევები და ზოგადი დაკვირვებაც მიანიშნებს, რომ გარემოვაჭრეთა უმრავლესობა საპენსიო ასაკს მიღწეული მოხუცი ქალები, მარტოხელა დედები, დევნილი თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არიან. ამ ქალების ჯანმრთელობაზე სპეციფიკურად აისახება გარევაჭრობის სიმძიმე. მათი ყოველდღიური შრომა დაკავშირებულია ბაზისური ინფრასტრუქტურის არქონასთან, სუფთა წყალსა და საპირფარეშოებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობასთან, უსაფრთხოების მინიმალური ზომების არარსებობასა და მუდივად მძიმე ტვირთის გადაადგილებით ტარებით გამოწვეულ დაღლასთან. ჰაერის დაბინძურება, ექსტრემალური სიცხე ან სიცივე გარემოვაჭრე ქალთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხზე განსაკუთრებულად უარყოფით გავლენას ახდენს.
მძიმე სამუშაო პირობების მიუხედავად, გარემოვაჭრე ქალებს ამ სამუშაოსთვისაც მუდმივად უწევთ ბრძოლა. სახელმწიფო მათ ხშირად ექცევა როგორც „კრიმინალებს“, რომლებიც ქალაქების განვითარებას აფერხებენ. მათ მუდმივად უწევთ დაპირისპირება ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიციასთან, დამალვა და გაქცევა, ქონების ჩამორთმევისა და დახლების განადგურების შიშით.
რესურსების სიმცირე, არარეგულარული შემოსავალი, ჯანმრთელობის პრობლემები, ცუდი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები – ამ ქალებს აღარიბებს და რიყავს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან. მხარდაჭერის არარსებობის გამო მათ არ აქვთ წვდომა შესაძლებლობებზე – მაღალანაზღაურებად სამსახურსა და სოციალური დაცვის სისტემაზე, რაც მათ შეუქმნიდა ღირსეული ცხოვრების პირობებს. ქალ გარემოვაჭრეებს უწევთ დაპირისპირება მძიმე სამუშაო გარემოსა და სოციალური დაცვის სისტემის არარსებობის რეალობასთან, და ამასთან, მათ უწევთ ერთდროულად ატარონ მინიმუმ სამი როლი – ოჯახის დისასახლისის, დედისა და მშრომელის როლი, ეს უკანასკნელი კი არსებობისათვის ყოველდღიური თავგანწირვის პრაქტიკადაა ქცეული.
პანდემიამ გარემოვაჭრე ქალების ყოფა განსაკუთრებით დაამძიმა. გარდა იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად აღმოჩნდნენ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მინიმალური მხარდაჭერის გარეშე, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური საქმიანობებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, ტრანსპორტის შეზღუდვამ და კომენდანტის საათმა თითქმის შეუძლებელი გახადა მათი საქმიანობა. ამას დაემატა ადგილობრივი ხელისუფლებების რეპრესიული ნაბიჯები და მათი საქმიანობის აკრძალვისათვის საპოლიციო ძალების გამოყენების პრაქტიკა. (მაგ. თბილისში გარემოვაჭრეებს მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს დაშლისკენ მოუწოდა,[1] რუსთავში გარემოვაჭრეებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს,[2] გორში პოლიციამ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კომენდანტის საათის დროს გარემოვაჭრეთა დახლები აიღო[3], ბათუმში გარემოვაჭრეების აბსოლუტური უმეტესობა დაჯარიმდა 500 ლარით, გარემოვაჭრეები პოლიციის გამოჩენისას მძიმე ურიკებით გაქცევა და დამალვა უწევდათ[4]).
***
თუმცა, გარევაჭრობა არსებობდა სულ და იარსებებს მომავალშიც, მიუხედავად გარემოვაჭრეთა რეპრესიებისა და საჯარო სივრცეებიდან განდევნის ხშირი მცდელობისა. არსებობდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გარემოვაჭრეთათვის და მათი ოჯახებისათვის შემოსავლისა და არსებობის მნიშნელოვანი წყაროა, არამედ იმ მომსახურების გამოც, რასაც იგი ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ღარიბ ან საშუალო ფენას სთავაზობს.
მაშინ, როცა დიდი სუპერმარკეტების მფლობელები არასოდეს ფიქრობენ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის სურსათზე ხელმისწვდომობის პრობლემაზე და შეუძლიათ პროდუქტის ფასის ზრდის ტვირთი მომხმარებლებზე პროპორციულად გადაიტანონ, გარემოვაჭრეებს ხშირად თავიანთი მოგების შემცირების ხარჯზე უწევთ პროდუქტზე ფასების მინიმალური ზრდა. ეს განპირობებულია მოლოდინითაც, რომ გარემოვაჭრეთა პროდუქტის დაკლებულ ფასზე შეთანხმებაცაა შესაძლებელი. ასეთ პირობებში, იქ სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია, ხშირად გარემოვაჭრეები უზრუნველყოფენ საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის ხელმისაწვდომ ფასში საკვებად აუცილებელ სურსათსა და პროდუქტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ცხოვრებისათვის აუცილებელ რესურსებზე ხელმისაწვდომობა სწორედ გარემოვაჭრეთა არსებობითა და შრომით არის უზრუნველყოფილი.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის, უმუშევრობისა და პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, გარემოვაჭრეები აღმოჩნდნენ მშრომელები, რომელთაც არათუ დარჩნენ აუცილებელი მხარდაჭერის გარეშე, არამედ სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი რეპრესიის მსხვერპლიც გახდნენ. ნაცვლად სოციალური პოლიტიკის სისუსტეების აღიარებისა და მისი შეცვლის მცდელობებისა, გარემოვაჭრე ქალების უმეტესობა სახელმწიფოსგან უგულებელყოფილი და მიტოვებული აღმოჩნდა. ამ რეალობის შესაცვლელად საჭიროა, ძლიერი სოციალური დაცვის სისტემის მოთხოვნასთან ერთად, გარემოვაჭრე ქალების მდგომარეობისა და მათი როლის გადააზრება და დაფასება, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან.
[1] https://www.facebook.com/tvpirveli/posts/1946770752148889 – „ვარკეთილის მეტროსთან
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გარე მოვაჭრეებს მუშაობის უფლებას არ აძლევენ და საქონლის წართმევით ემუქრებიან.“
[2] https://bit.ly/3b3s2px – “რუსთავში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ.”
[3] https://www.radiotavisupleba.ge/a/30558800.html „აღნიშნული ობიექტები, გარდა იმისა, რომ აუშნოებდა ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
[4] https://www.facebook.com/watch/live/?v=253808089735617&ref=watch_permalink – ბათუმელების პირდაპირი ეთერი, სადაც სასამართლომ გარემოვაჭეები 500 ლარით დააჯარიმა.