საკუთარი ოთახი და დრო ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

თამთა თათარაშვილის პოდკასტი:

 

„…სადილები მზადდება; თეფშები და ჭიქები ირეცხება; ბავშვები სკოლაში იგზავნებიან, ცხოვრების გზაზე დგებიან; ამ ყველაფრიდან ძალიან ცოტა თარიღი რჩება. დღეები გამქრალია. ბიოგრაფიას და ისტორიას სიტყვაც არ მოეპოვება მათ შესახებ.“

ვირჯინია ვულფი, „საკუთარი ოთახი“

„ფემინსტრიმის“ ამ სეზონზე, ეს ჩემი ბოლო პოდკასტია, ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მოკლედ შევაჯამო ჩემი წინა ტექსტების ძირითადი სათქმელი.

პოდკასტების ამ სერიის დაწყებამდე მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ კარჩაკეტილ ცხოვრებაზე გადავიდა და ადამიანები ოჯახებში ერთგვარი „რადიკალური თანაცხოვრების“ რეჟიმში აღმოჩნდნენ. ამ პირობებმა უფრო გაამკვეთრა და გააშიშვლა ოჯახის ტრადიციული ინსტიტუტის წინააღმდეგობრივი მახასიათებლები, მაგალითად, ოჯახის შემოსაზღვრულობის, გარე სამყაროსგან გამიჯვნის კულტურული მოთხოვნის პრობლემურობა. როგორც კი კარანტინის პირობებში სახლის კარი მიიხურა, მის შიგნით ოჯახის წევრებს შორის უთანასწორობისა და ძალადობის პოტენციალი გაიზარდა, გამოაშკარავდა ადამიანებისთვის პირადი სივრცის ქონის, ოჯახის წევრების ერთმანეთისგან პერიოდული დისტანცირების საჭიროება, ოჯახის შიგნით შრომის თანასწორად გადანაწილების პრაქტიკული აუცილებლობა და ა.შ.

ჩემი წინა პოდკასტებით შევეცადე ხაზი გამესვა იმ გარემოებისთვის, რომ ოჯახის შესახებ არსებული ხისტი და უცვლელი, „ტრადიციულად“ სახელდებული შეხედულებების არსებობას და სხვადასხვა პოლიტიკური, რელიგიური, საგანამანთლებლო ინსტიტუტების მიერ მათ კუტლურულ კვლავწარმოებას, სინამდვილეში, მძიმე სოციალურ პრობლემებთან მივყავართ, როგორიცაა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა სქესებს შორის, სექსუალური თუ გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანების სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრა, ბავშვთა უფლებების მძიმე დარღვევები ოჯახების შიგნით და ა.შ. ტრადიციულ ღირებულებებზე მანიპულირებით ან მათი კვლავწარმოების ხელშეწყობით, გაბატონებული სახელმწიფო და ეკონომიკური დღის წესრიგი თავიდან ირიდებს ამ სოციალური პრობლემების არსებობაში მის წილ პასუხისმგებლობას, ოჯახებისა და მასში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობისკენ მიმართული სოციალური პოლიტიკის განხორციელებას დროში გადაავადებს ან სრულიად არაადეკვატურ პოლიტიკად წარმოაჩენს.

მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო დიდხანს ჩავაფრინდებით და შემოვინახავთ ოჯახის სიწმინდის იდეას, სადაც ყველას თავისი ტრადიციულად დადგენილი როლი და ფუნქცია აქვს; რაც უფრო ხშირად გავიმეორებთ, რომ „ოჯახი საზოგადოებრივი უჯრედია, რომლის პრობლემები საჯარო განხილვის საგანი არ უნდა იყოს და მის შიგნითვე უნდა მოგვარდეს“, მით უფრო დიდხანს დავხუჭავთ და ავარიდებთ თვალს იმ რეალურ პრობლემებს, რომლებიც კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობას, თავისუფალ განვითარებას და, ხშირად, სიცოცხლესაც ემუქრება. რაც მთავარია ძალაუფლების მქონე ინსტიტუტებს მივცემთ ამ პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, მათით მანიპულირების საშუალებას.

„საკუთარი ოთახი“

ვირჯინია ვულფის კლასიკად ქცეული ფემინისტური ტექსტი „საკუთარი ოთახი“ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მწერალი ქალების ადგილს, ზოგადად, მწერლობის პროცესსა და მასზე ყოფითი, მატერიალური, ეკონომიკური გამოცდილებების ზეგავლენებს აანალიზებს.

ქალის მიერ გაწეული საშინაო, აუნაზღაურებელი შრომა მისი ოჯახისადმი სიყვარულის გამოხატულებადაა არტიკულირებული და „საჯარო/საოჯახოს“ დაყოფაში ქალის იდენტობა უკანასკნელთანაა მიბმული. ამ პირობებში ვიღებთ იმ პარადოქსულ სიტუაციას, როცა ოჯახი/სახლი და მასთან დაკავშირებული საქმიანობა სრულიად ძარცვავს ქალს პირადი სივრცისა და დროისაგან. სახლში ჩვენ გვიჭირს „საკუთარი ოთახის“ პოვნა, ხოლო იმ დროში, რასაც სახლის სხვა ოჯახის წევრებისთვის კომფორტულ სივრცედ გადაქცევაში ვხარჯავთ, ჩვენი საკუთარი დროის გამონახვას და ჩვენი სურვილისამებრ დახარჯვას ვერ ვახერხებთ.

ვირჯინია ვულფის ტრიადა საკუთარი ფულის, გასაღებით დაკეტილი ოთახის და უწყვეტი დროისა, საკუთრების ფლობის გარდა, კონცენტრირების შესაძლებლობასაც გულისხმობს. ზრუნვის შრომაში ჩვენ გაბნეულები ვართ ჩვენი საზრუნავი სუბიექტების სურვილებსა და იდენტობებშიც კი, ყველაზე კარგად ამ სიტუაციას დიასახლისის მიერ ოჯახისათვის სადილის მზადების მაგალითი აღწერს – როცა ქალს უწევს რამდენიმე სხვადასხვა გემოვნების ადამიანის დაკმაყოფლება ერთ ან ორ კერძში, ყველა მათგანის ინტერესების გათვალისწინება, ხშირად საკუთარის უგულებელყოფის ხარჯზე. ქალისგან საკუთარის ძიება და საკუთარზე კონცენტრირება, კულტურულად წახალისებული არ არის, განსაკუთრებით ტრადიციული ოჯახის პირობებში.

თუმცა, ვირჯინია ვულფის ამ ტექსტში კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზეა ყურადღება გამახვილებული, თუ როგორაა ქალების ბედი ერთმანეთზე გადაბმული და ერთმანეთით განპირობებული მრავალი, ერთი შეხედვით, უხილავი ძაფით, მათ შორის ქალთა სხვადასხვა თაობებს შორის. თუ როგორ ცვლის ერთ თაობაში რამდენიმე ქალის მიერ გაღებული მსხვერპლი, მომავალ თაობებში ათასობით ქალის ბედს. ვულფი ამას ლიტერატურულ სივრცეში წერის ქალურ ტრადიციას, ან ქალების „საერთო სიცოცხლეს“ უწოდებს, მაგრამ აშკარაა, რომ ქალებს შორის კავშირების მნიშვნელობა ლიტერატურის გარდა ცხოვრების ყველა სხვა ასპექტზეც თავისუფლად ვრცელდება და მათ შორის, ქალების პოლიტიკურ ჩართულობაზეც.

ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრს მსჯელობდნენ გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა მონაწილეობის წახალისების გზებზე, კვოტირების მიზანშეწონილობაზე და ა.შ. ჩემი ყურადღება კი წინასაარჩევნოდ უკვე წარდგენილი ქალების განწყობებმა[1] მიიპყრო. ქალთა და გენდერული უთანასწორობის საკითხებზე საუბრისას, როგორ აღიქვამენ, ან ხედავენ თუ არა ისინი, საერთოდ, ქალებს შორის, „უხილავი ძაფების“ არსებობას, აცნობიერებენ თუ არა როგორ კავშირშია მათი, როგორც სპეციფიკურად ქალების ბედი და გადაწყვეტილებები სხვა ქალების ბედთან.

ჩემთვის სიმპტომატურ ინდიკატორად იქცა პოლიტიკოსი ქალისგან მის წინაშე მდგარი, გენდერულად სპეციფიკური დაბრკოლებების ვერდანახვა თუ მათი არსებობის არაღიარება. ხაზგასმა იმაზე, რომ „როგორც ქალს კარიერულ თუ  პარტიულ კიბეზე დაბრკოლებები არ შეხვედრია“, იმის ნიშანია, რომ ქალთა დამაკავშირებელ „უხილავ ძაფებს“ პოლიტიკოსი (1) ან ვერ ხედავს და ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ სოციალური, გენდერული ჩაგვრისა და პრივილეგიების კომპლექსურ სტრუქტურას ის ერთობ ზედაპირულად აღიქვამს, ან (2) მას ამ დაბრკოლებათა არსებობის ხმამაღლა აღიარება არ სურს, რათა პოლიტიკურ ველზე გაბატონებულ მასკულინურ წესრიგში, კაცი კოლეგების გვერდით ოდიოზურ, მოწუწუნე თუ მოწყვლად სუბიექტად არ გამოჩნდეს.

აქვე დავამატებ ერთ შენიშვნასაც, რომ მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილების ქალებს შორის, წლების შემდეგ, უკვე შეიმჩნევა მათი უკეთესი გათვითცნობიერებულობა გენდერული ბარიერებისა და ჩაგვრების არსებობაში. ერთეულ შემთხვევებში მათ ისიც გააცნობიერეს, რომ სპეციფიკურად ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევები და დაბრკოლებები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით მანიპულირება და შანტაჟი) პარტიულ და იდეოლოგიურ საზღვრებს მიღმა ქალთა სოლიდარობას გულისხმობს და მზადყოფნასაც გამოხატავენ ამისათვის. ეს, მე, როგორც ფემინისტ ამომრჩევლს, მახარებს.

სხვა დანარჩენ ქალ პოლიტიკოსებს კი შევახსენებ ქალის წინაშე მდგარი ტრადიციული ოჯახური მოვალეობები (დიასახლისობა, დედობა) ერთ-ერთი ის „უხილავი ძაფია“, რომელიც ყველა ქალს გვაკავშირებს ერთმანეთთან. თუკი, რომელიმე ჩვენთაგანმა ამ მოვალეობების შემსუბუქება, მათი ვინმეზე გადამისამართება ან მათგან სრულად გათავისუფლება მოვახერხეთ, დღევანდელ პირობებში ეს ჩვენს პრივილეგირებულობაზე მიუთითებს და არა იმაზე, რომ მსგავსი დაბრკოლება არ უდგათ ქალებს. მათ შორის, იმ ქალებსაც, რომლებსაც იქნებ საუკეთესო პოტენციალი აქვთ პოლიტიკური საქმიანობისთვის, მაგრამ მათი ორგანიზაციული, მედიატორული თუ ორატორული უნარები ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაზე, საკვების გადანაწილებასა და შვილებს შორის კონფლიქტების მოგვარებაზე იხარჯება, რადგან ტრადიციული სოციალიზაციის გამო, მათ ეს მიაჩნიათ თავის უპირველეს მოვალეობად, მათგან ასე მოითხოვს გარემო, ან შექმნილი სოციალური პირობები მეტის საშუალებას არ იძლევა.

„საკუთარი ოთახი“ არ გულისხმობს მხოლოდ ოთხი კედლით შემოსაზღვრულ სივრცეს, რომელშიც მწერალი უნდა გამოიკეტოს უკეთესი კონცენტრირებისათვის, „საკუთარი ოთახი“, შეიძლება გავიგოთ როგორც სპეციფიკურად ქალებისთვის, მათი ხმისთვის, აზრებისთვის დატოვებული სივრცე და დრო; მოქმედების არეალის, უნარებისა და პოტენციალის გამოვლენისთვის საშუალებების მიცემა. ნუ იტყვით, ფარული თუ აშკარა სიამაყის გრძნობით, რომ „დაბრკოლებები თქვენ არ შეგქმნიათ“, რადგან ამით უფრო იმას უსვამთ ხაზს, რომ მასკულინურ წესრიგს გამიზნულად ან ბრმად მოერგეთ, თქვით, რომ არსებობს სპეციფიკურად ქალების წინაშე მდგარი ბარიერები, რომლებსაც თქვენ აცნობიერებთ და თქვენი, როგორც პოლიტიკოსი ქალის მიზანი ამ პრობლემებზე მუშაობაც იქნება. რადგან ქალები ჩვენს შორის გაბმულ „უხილავ ძაფებს“ ვერსად გავქეცევით, უბრალოდ ჩვენზეა დამოკიდებული მათ ერთმანეთის შემბოჭავ და დამაბრკოლებელ მავთულებად ვაქცევთ, თუ საერთო ბრძოლისა და მზადყოფნისათვის მამოტივირებელ სოლიდარობის საფუძვლად.

მე ჩემი მხრიდან, ყველა იმ ქალს გადავუხდი მადლობას, რომლებმაც სხვადასხვა დროს გაცნობიერებული, ქალური სოლიდარობის გამო საკუთარი დრო, სივრცე, შესაძლებლობები დამითმეს ან გამინაწილეს, მადლობა მარინას, ნინოს, მაიკოს, ანას. მადლობა იმ ქალებსაც, რომელთა სია ძალიან გრძელია, ხოლო განაწილების გეოგრაფიული თუ ისტორიული არეალი ძალიან ვრცელი და რომლებმაც შექმნეს და დღესაც ქმნიან აზროვნებისა და საქმიანობის საერთო ქალურ სივრცეს, რომელსაც ხანდახან სხვანაირად ფემინიზმსაც ვუწოდებთ ხოლმე.


[1]მაგალითად „ქალების საქართველოდან“ ვებ-გვერდზე  შეიძლება მათთვის თვალის მიდევნება.

პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.