წყარო: argacherde.bog.ge
წერა იმდენი ხნის წინ დავიწყე – ღრმა ბავშვობაში, რომ ფიქრი იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო ქალი, იყო ქალი, რომელიც საქართველოში დაიბადა და ცხოვრობს, და წერდე, მხოლოდ ზრდასრულ ასაკში გაჩნდა ჩემს გონებაში. ძალიან გვიან გავაცნობიერე, რომ შეიძლება, საუკეთესო ეპოქის შვილობა არ მერგო წილად, მაგრამ მაინც გამიმართლა, რომ ისეთ რეალობაში ვცხოვრობ, სადაც ქალი ავტორების ხმა სულ უფრო და უფრო მძლავრად ისმის. ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, ძალიანაც მოგვწონს ხოლმე გამონაკლისის როლში ყოფნა, მაგრამ აქ, ნიჭიერი და განსაკუთრებული ქალების მრავალხმიანობაში, პრივილეგია სწორედ ისაა, როცა ერთ-ერთი ხარ – დიდებული ამბის ნაწილი.
ალბათ 2005 წელი იქნებოდა, და ჩვენც, 18-19 წლისებს, აღმოჩენების ხანა გვედგა, მეგობარმა ანა კორძაია-სამადაშვილის „მე, მარგარიტა“ რომ მოიტანა უნივერსიტეტში. ხელიდან ხელში გადასვლით ლამის ფურცლებად დავშალეთ ანას მოყოლილი გასაგიჟებელი ამბების კრებული, რომელმაც საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რასაც მანამდეც ვფიქრობდი – სამყაროში, სადაც საუკუნეების განმავლობაში, ლიტერატურა კაცების საქმედ, ან გნებავთ, კაცურ ხელოვნებად მიიჩნეოდა, ჰაერივით გვჭირდება ქალების დაწერილი ტექსტები, ქალების მონათხრობი, მათი ნაფიქრი, მათი პერსპექტივა და თვალთახედვა.
აწმყოს ყურადღებით უნდა ვუსმინოთ და მივყვეთ, რადგან ასე წარსულის ხმებიც მოაღწევს ხოლმე ჩვენამდე, ხმები, რომელიც თავის დროზე ვერ გაიგონეს. მინდა, ოპტიმისტი ვიყო და გითხრათ, რომ ახლა სწორი დროა ამისთვის. სწორი დროა საფო მგელაძის, მარიჯანის, ნინო თარიშვილის, ქეთი ნიჟარაძის, ანა მხეიძის და სხვათა თავიდან აღმოსაჩენად, ყველა იმ ქალის ტექსტის გასაცოცხლებლად და სცენაზე და ეკრანზე გადასატანად, ვისი ცხოვრებაც ისედაც ჰგავდა კინოს, მაგრამ ძალიან ცოტა მაყურებლითა და დამფასებლით.
მე ღრმად მწამს, რომ ყველას გვაქვს ჩვენი ცხოვრების წიგნი, ოღონდ ხანდახან მისი პოვნა გვიგვიანდება. ჩემი – სილვია პლათის „ზარხუფი“, ზუსტად მაშინ ვიპოვე, როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდა. ჯერ მოვიდა „რატომ მე არ დავწერე ეს წიგნი“ იყო, მერე კი „რატომ მე არ ვთარგმნე“ (აქვე ვეტყვი ბევრ კომპლიმენტს მთარგმნელს, ლელა სამნიაშვილს), და ბოლოს, „ზარხუფის“ სხვადასხვა გამოცემის შეგროვება დავიწყე. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ენაზე დასტამბულ ჩემს საყვარელ წიგნს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ჩემს თაროზე.
იქვეა „მე, მარგარიტაც“. სწორედ ის ეგზემპლარი, რომელიც 2005 წელს გავცვითეთ კითხვით და 15 წლის მერე, როცა გამოვტყდი, რომ ძალიან, ძალიან მინდოდა, მქონოდა, მაგრამ აღარსად იშოვებოდა, თავდაპირველმა მფლობელმა, ჩემმა მეგობარმა, კეთილშობილურად დამითმო. ასეთი ამბები – გოგოების მეგობრობის – უძვირფასესია – და ის, რასაც ქალურ სოლიდარობას ვეძახით, ზოგჯერ ასე ითარგმნება, საყვარელი წიგნების გაზიარებაში.
განა ასე არ არის?
იდეათეკა საქართველოს ბანკის გამორჩეული საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონების ათეულობით სკოლაში მულტიფუნქციური სივრცეები ეწყობა და ასე იქმნება განათლების შესაძლებლობები მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – მოსწავლეებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებთან ერთად, იდეათეკა, პირველ რიგში, აღჭურვილია ლიტერატურული საკითხავის მრავალფეროვანი არჩევანით. დღეს იდეათეკა საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში ფუნქციონირებს და 10 000-ზე მეტ ბავშვს აძლევს წვდომას საგანმანათლებლო რესურსებზე. წიგნები იდეათეკიდან კი საქართველოს ბანკის ბლოგების სერიაა, სადაც ლიტერატურის ყველაზე დიდი ქომაგები ნებისმიერი ასაკის მკითხველს საყვარელი წიგნების შესახებ უყვებიან.