პაატა ციკოლიას „მედეას“ ბერლინში, RADAR OST-ის ფესტივალის ფარგლებში უჩვენებენ.
დაახლოებით ხუთი წლის წინ, 2018 წლის ივნისში ბერლინის სახელოვანი „დოიჩე თეატრის“ სცენაზე ქართული თეატრისთვის მართლაც ისტორიული ამბავი დაიწერა თუ გათამაშდა.
სამეფო უბნის თეატრმა ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალის, RADAR OST-ის („აღმოსავლეთის რადარი“) ფარგლებში ორი სპექტაკლი წარმოადგინა: „ტროელი ქალები“ და „პრომეთე/დამოუკიდებლობის 25 წელი“. ეს ფაქტი თუნდაც იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ქართული თეატრი აღმოსავლეთ ევროპის სხვა დასებთან ერთად პირველად მონაწილეობდა ამ ფესტივალში. შესაბამისად, „დოიჩე თეატრის“ ცნობილ Kammerspiele-ის სცენაზე ქართველი მსახიობები პირველად იდგნენ!
და აი, 2023 წელს ქართული თეატრი ისევ მიიღებს ამავე ფესტივალში მონაწილეობას. ამჯერად სამეფო უბნის თეატრი ბერლინის „დოიჩე თეატრის“ კამერულ სცენაზე პაატა ციკოლიას პიესას – „მედეა s01e06“-ს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ პაატა ციკოლიამ თავადვე დადგა პიესა ჯერ ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალზე, ღია სივრცეში, ხოლო ერთი წლის შემდეგ, სამეფო უბნის თეატრში გარკვეული ცვლილებებით გადაიტანა. ეს იყო სამეფო უბნისა და საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის კოპროდუქცია. გერმანელი მაყურებელი და ფესტივალის სტუმრები „მედეას“ 11 და 12 მარტს ნახავენ.
2022 წლის 24 თებერვლიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველთვის აქტუალური და პოლიტიკური თემებით გამორჩეული ფესტივალი RADAR OST, ცხადია, ეხმაურება რუსეთ–უკრაინის ომს, რომელიც უკვე აღიქმება ომად შუაგულ ევროპაში და რომელიც ასევე, კულტურული ომიცაა. ამდენად, კოპროდუქციები და პრემიერები უკრაინიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან და სლოვენიიდან ომის უშუალო განცდებსა და პულსაციაზე გვიამბობს. ზოგიერთის პრემიერა ომის დაწყების შემდეგ შედგა საერთაშორისო ფესტივალებზე, კიევის თავშესაფრებში თუ ემიგრაციაში გადახვეწილ მსახიობთა წრეში – ლონდონში, პარიზსა და ბერლინში.
ბირგიტ ლენგერსი, ფესტივალის კურატორი და ქართული თეატრის დიდი გულშემატკივარი აღნიშნავს:
„რა შეუძლია ხელოვნებას ომის შესახებ თქვას? პოლიტიკოსები საუბრობენ „ეპოქალური წესრიგის რღვევაზე“ და „დროის შემობრუნების მომენტზე“. ჩვენ უკვე გავაცნობიერეთ, რომ უსაფრთხოება და ჩვენი ღირებულებები ასევე დიდ საფრთხეშია. რამდენად წინასწარმეტყველური, რადიკალური და აპოკალიფსურია თეატრი ომის დროს? ან რამდენად დიფერენცირებულია, დაშორებულია ერთმანეთისგან ტრაგიკული და მხიარული მოვლენები ომის დროს?“
ამგვარ ეგზისტენციალურ შეკითხვებს ფესტივალი RADAR OST აქტუალურად ჯერ კიდევ დაარსებიდან, 2018 წლიდან მიიჩნევს, რადგან ის თავიდანვე პოზიციონირებს, როგორც „პოლიტიკური და ესთეტიკური მოვლენების ერთდროული სარკე“. ფესტივალის დაარსების ერთ–ერთ მიზეზად იქცა 1989-90 წლების მოვლენები აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც დიდი სოციალური და პოლიტიკური რყევები გამოიწვია. სწორედ ეს მოვლენები პოვებს მხატვრულ ასახვას წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებშიც.
ამ დროის განმავლობაში დამყარდა და გაღრმავდა სამუშაო ურთიერთობები უკრაინის, უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, საქართველოს, ლიტვის, ბელორუსის სხვადასხვა თეატრებთან და ასევე რეჟისორებთან. თანამშრომლობამ შეცვალა და გააფართოვა შეხედულებები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი თუ გამყოფი ხაზების შესახებ.
„მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო DT-მა („დოიჩე თეატრმა“) სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ არტისტებს და აქტიურად თანამშრომლობდა მათთან. წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში, ცხადია, პირველ რიგში უკრაინა მოექცა. გაურკვეველია, როგორ და როდის დასრულდება ომი, ამიტომ კონტაქტს თეატრებთან და მსახიობებთან არ გავწყვეტთ. არსებობს იმედი, რომ თეატრალურ ხელოვნებას შეუძლია არსებული შავ–თეთრი და სასტიკი გარემო როგორმე შეცვალოს, ან გვასწავლის წინააღმდეგობების დაძლევა. ხელოვნება არ განსჯის, ის ქმნის სიახლოვესაც და მანძილსაც. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ თეატრს შეუძლია შექმას უტოპიური, მაგრამ ხელშესახები სივრცე, რომელშიც განსხვავების, წინააღმდეგობისა და თანაგრძნობის აღიარება შესაძლებელი იქნება. ეს არის ის, რის გაკეთებაც საზოგადოებას ჩვენს დროში შეუძლია“, – აღნიშნულია ფესტივალის კურატორის მიმართვაში.
ფესტივალი გაიმართება 8-12 მარტს, Deutsches Theatre Berlin-ის დიდ და კამერულ სცენაზე.